ჯაში-სლუჩაინის აგენტურული საქმიანობა და სოციალ-დემოკრატები
(თავები წიგნიდან - თ. სიმაშვილი ,,სოციალ-დემოკრატი (ბოლშევიკი) ტერორისტები ილია ჭავჭავაძის მკვლელები”, 2011, თბილისი)
მართალია, დიმიტრი ჯაში სლუჩაინის მეტსახელით თბილისის ,,ოხრანკის“ განყოფილების აგენტად სოციალისტ-ფედერალისტების პარტიაში ,,მუშაობდა”, მაგრამ სხვა აგენტების მსგავსად ის ინფორმაციებს არა მარტო სოციალისტ-ფედერალისტების პარტიაზე და ავტოკეფალურ მოძრაობაზე, არამედ სოციალ-დემოკრატებზეც იძლეოდა.
საქართველოს საისტორიო ცენტრალურ არქივში, თბილისის ,,ოხრანკის” განყოფილების მასალებში არის ,,თბილისის ტრამვაის მოსამსახურეებში სოციალ-დემოკრატიული პარტიის ფრაქციის საქმე”. მასში თავმოყრილია აგენტების, მათ შორის ჯაში-სლუჩაინის და კარბელაშვილი-დვარიანინის მიერ მიწვდილი ინფორმაციები. [189] თბილისის ,,ოხრანკის” განყოფილების აგენტების საქმიანობის ანალიზიდან ჩანს, რომ სხვადასხვა პარტიებზე ინფორმაციის მიწვდა გამონაკლისი შემთხვევა არ იყო. მაგალითად, ამ წლებში თბილისის `ოხრანკის” განყოფილებას აგენტი `გეორგიევი” სოციალ-დემოკრატებზე და სომხური ნაციონალისტური პარტიის ,,დაშნაკცუტუნის” შესახებ ერთდროულად აძლევდა ცნობებს. [190]
ზემოაღნიშნულ ,,თბილისის ტრამვაის მოსამსახურეებში სოციალ-დემოკრატიული პარტიის ფრაქციის საქმეში” მოთავსებულია ჯაში-სლუჩაინის აგენტურული ინფორმაციები, დაწყებული 1909 წლის 23 მარტიდან იმავე წლის დეკემბრის ჩათვლით. [191] ანუ, როგორც უკვე აღვნიშნე, ფაქტობრივად იგი ,,ოხრანკისათვის” სოციალ-დემოკრატებზე შეტყობინებების მიწვდას ერთი თვით ადრე იწყებს, ვიდრე სოციალისტ-ფედერალისტებზე. მის პირველ ინფორმაციას მიწერილი აქვს ,,სლუჩაინი ზაიავიტელ”, ხოლო შემდეგ აგენტის ვინაობის აღსანიშნავად ინფორმაციებს აწერია პირდაპირ ,,სლუჩაინი”. ცნობისათვის, ,,სლუჩაინი ზაიავიტელ” საიდუმლო (პოლიტიკური) პოლიციისათვის ერთჯერადი ინფორმაციების მიმცემი პირების განსაკუთრებული კატეგორია იყო, რომლებიც საიდუმლო თანამშრომლების - აგენტების მსგავსად ცნობებს სისტემატურად არ იძლეოდნენ. როგორც ჩანს, დიმიტრი ჯაშის მეტსახელი აქედან იქნა შერჩეული და შემდეგ, ყოველდღიური გამოყენებისას მისი სიმარტივის გამო ამგვარად შეამოკლეს.
ჯაში-სლუჩაინი თბილისის ,,ოხრანკის” განყოფილებას სოციალ-დემოკრატების შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაციას აწვდიდა. მაგალითად, 1909 წლის აპრილში ის აცნობებდა, რომ ადგილობრივი სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკები ამზადებდნენ ძარცვას მომავალი თვის 17-18 რიცხვში. [192] ეს ინფორმაცია თავისთავად საინტერესოა, რადგან, როგორც ვიცით, დიმიტრი ჯაში სწორედ ბოლშევიკების ტერორისტული და ექსპროპრიაციული აქტების ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორთან ილიკო იმერლიშვილთან მეგობრობდა. ძალიან საეჭვოდ ემთხვევა ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გამო დაპატიმრებული დიმიტრი ჯაშის 1907 წლის 16 დეკემბერს განთავისუფლება და 1907 წლის 21-22 დეკემბერს კი, ილიკო იმერლიშვილის ხელმძღვანელობით და მონაწილეობით მომზადებული, ყარაიაზის სადგურთან საფოსტო მატარებლის ექსპროპრიაციის ჩაშლა, თავდასხმის მონაწილეების დაპატიმრება. ანუ, ვგულისხმობ იმას, რომ დიმიტრი ჯაშს საკმაოდ კარგი და სანდო კავშირები გააჩნდა სწორედ ბოლშევიკების პარტიის წევრებთან და როგორც ჩანს, ამიტომ შეეძლო ასეთი ღირებული ინფორმაციების მიწვდა ,,ოხრანკისათვის”.
ვრცლად ამ თემას ქვემოთ შევეხები, ახლა კი აღვნიშნავ, რომ სოციალ-დემოკრატებზე სხვადასხვა დროს მიწვდილ ინფორმაციებში, ჯაში-სლუჩაინი მოიხსენიებს სევერიან ჯუღელს, ალისტ ვადაჭკორიას და სხვა სოციალ-დემოკრატებს. შეგახსენებთ, რომ ა. ვადაჭკორია ხ. ლომთათიძის მოგონებებში საიდუმლო სტამბების მომწყობ სოციალ-დემოკრატ მუშებს შორისაა დასახელებული. [193] (დოკ.- 4.2; 4.3; 4.7) ა. ვადაჭკორია ასევე იხსენიება სტამბის იმ მუშებთან კავშირში, ვინც ბოლშევიკების გავლენის ქვეშ იყვნენ მოქცეული. [194]
ამ პერიოდში ჯაში-სლუჩაინის სოციალ-დემოკრატებთან კარგ დამოკიდებულებაზე მეტყველებს მის მიერ მიწვდილი ინფორმაცია (9 ნოემბერი, 1909 წელი), რომ ,,თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოში მუშაობს ვიღაც ,,კოსოროგი”. იგი სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციას აძლევს ცნობებს ჟანდარმთა სამმართველოს საქმიანობის შესახებ.” ჯაში-სლუჩაინი ასევე უთითებს, რომ ამ პირს და რევოლუციონერებს შორის შუამავალი ვიღაც ვაშაკიძეა. [195] ცხადია, ჯაში-სლუჩაინი ტრიალებდა სოციალ-დემოკრატების წრეშიც, რადგან მის მიწვდილ ცნობაში ვაშაკიძის გარეგნული აღწერილობაცაა მოცემული. სოციალ-დემოკრატების წრეში ჯაში-სლუჩაინის ყოფნას ადასტურებს მისი შემდეგი შეტყობინება (11 ნოემბერი, 1909 წელი), რომ, ,,კონსტანტინე საღირაშვილს ჩამოართვეს ახალგაზრდა შაშხანიანი კაცის ფოტოსურათი, რომელიც არის სოციალ-დემოკრატი გედია.” [196]
1909 წლის 5 დეკემბერის შეტყობინებაში კი, ჯაში-სლუჩაინი ქართული საგამომცემლო ამხანაგობის სტამბის ასოთამწყობ კონსტანტინე ქარცივაძეს ახასიათებს, როგორც ადგილობრივი რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის გამოჩენილ მოღვაწედ. მის ამხანაგებად ჯაში-სლუჩაინი მოიხსენიებს ნოე ლეჟავას და მანასე გოგუაძეს, რომლებიც ქართული საგამომცემლო ამხანაგობის სტამბის მუშები იყვნენ. [197]
ცნობილია, რომ დიმიტრი ჯაში ილიას მკვლელობის შემდეგ კვლავ სხვადასხვა სტამბებში და გაზეთების რედაქციებში მუშაობდა ასოთამწყობად და კორექტორად. ამ ფაქტს ადასტურებს ჯაში-სლუჩაინის, 1909 წლის 19 დეკემბრის ინფორმაცია: ,,19 დეკემბერს, (ე.ი. იმავე დღეს აწვდის ინფორმაციას ,,ოხრანკას”), ქართული გაზეთის ,,მომავალი”-ს რედაქციაში უცნობმა მოხუცმა მოიტანა პროკლამაციები გასავრცელებლად და გადასცა გრიგოლ უროტაძეს და რაფაელ ჩიხლაძეს.” [198] (დოკ.- 4.6) გრ. უროტაძე, როგორც ცნობილია სოციალ-დემოკრატიული პარტიის (მენშევიკების) გამოცდილი წევრი იყო. ის 1905 წელს გურიაში მიმდინარე რევოლუციურ პროცესებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა და შემდეგ კი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ცხოვრებაში. [199] კარგად იცნობდა ბევრ ბოლშევიკს და მათ შორის კობა-სტალინს, რომელთან ერთად ციხეშიც მოუწია საკმაო ხანს ყოფნა.
სოციალ-დემოკრატიული პარტიის მოღვაწეების შესახებ, თბილისის ,,ოხრანკის” განყოფილებას ცნობებს აწვდიდა ასევე კარბელაშვილი-დვარიანინი. თუმცა ჯაში-სლუჩაინთან შედარებით მისი ინფორმაციები მწირი და ნაკლებად ღირებული იყო.
ჯაში-სლუჩაინის მიერ სოციალისტ-ფედერალისტებზე და სოციალ-დემოკრატებზე ,,ოხრანკისათვის” შედარებით მეტი და სრულყოფილი ინფორმაციების მიწვდა ასახულია აგენტების ხელფასების მიღების უწყისებში. ჯაში-სლუჩაინის თვეში კარბელაშვილ-დვარიანინზე 3-10 მანეთით მეტი ხელფასი აქვს გამოწერილი. იგი კარგი ,,მუშაობის” გამო ასევე იღებდა ფულად ჯილდოებს. მაგალითად, 1910 წლის ივლისში ჯაში-სლუჩაინის, კუთვნილი 70 მანეთის ნაცვლად აუღია 95 მანეთი. Aხელფასის გაცემის ამ უწყისს ქვეშ მიწერილი აქვს, რომ ,,95 მანეთიდან 25 მანეთი ,,სლუჩაინის” მიეცა ჯილდოდ იმ ცნობებისათვის, რომლებმაც ხელი შეუწყო 1910 წლის ივლისში სოციალ-დემოკრატების საიდუმლო სტამბის აღმოჩენას.” [200] (დოკ.- 5.2)
ჩვენ ხელთ გვაქვს სხვადასხვა სახის დოკუმენტები, მათ შორის იმ ადამიანთა მოგონებები, ვინც ამ საიდუმლო სტამბასთან იყვნენ კავშირში. პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ეს იყო სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკების სტამბა. ერთ-ერთი ბოლშევიკი, ასოთამწყობი პარმენ საბაშვილი იგონებს: ,,1909 წლის გაზაფხულზე ბოლშევიკურ თბილისის კომიტეტს უნდოდა ლიტერატურის გამოცემა, ანუ პროკლამაციების და სხვა ლიტერატურის დაბეჭდვა. საოლქო კომიტეტმა ,,ნოე ჟორდანიას პირით”, სადაც უმრავლესობას შეადგენდნენ მენშევიკები, განუცხადა ბოლშევიკებს, რომ თუ სურდათ ესარგებლათ სტამბით, მათ უნდა გადაეხადათ თანხა წლიურად 6000 მანეთი.” ბოლშევიკებმაც, რადგან არ გააჩნდათ აღნიშნული თანხა, გამონახეს საშუალება საკუთარი სტამბის შესაძენად. [201] (დოკ.- 34.7)
პარმენ საბაშვილი ასახელებს რამოდენიმე ადამიანს, მათ შორის მანასე გოგუაძეს, ილარიონ მგელაძეს (ამხანაგი ვარდინი) და სხვებს, რომლებმაც 1909 წლის ივლისში შეიძინეს პატარა საბეჭდი მანქანა და მალევე აამუშავეს. როგორც ჩანს, ამ საბეჭდ მანქანაზე უშუალოდ უმუშავიათ პ. საბაშვილს, მ. გოგუაძეს და ი. მგელაძეს. [202] მინდა შეგახსენოთ, რომ, როგორც უკვე აღვნიშნე, 1909 წლის დეკემბერში, თბილისის ,,ოხრანკის” განყოფილებისათვის მიწვდილ ინფორმაციაში, ჯაში-სლუჩაინი ახსენებს სტამბის მუშა მანასე გოგუაძეს. [203]
ბოლშევიკ გერმანე ნაფეტვარიძის მოგონებაში აღნიშნულია, რომ ამ საიდუმლო სტამბის დადგმის იდეა, 1909 წლის აგვისტოში თბილისის ბოლშევიკური კომიტეტის ერთ-ერთი სხდომის დროს დადგა დღის წესრიგში. (ამ ინფორმაციაში განსხვავებაა სტამბის ამუშავების ზუსტ თარიღთან დაკავშირებით, მაგრამ ის ნამდვილად ერთსა და იმავე სტამბას ეხება.) სხდომას დასწრებიან: პეტრე არველაძე, ვალოდია კოპალეიშვილი, პარმენ საბაშვილი, ილარიონ მგელაძე და გერმანე ნაფეტვარიძე. მათ მოუძებნიათ ასოთამწყობი, რომელიც სათანადო დახმარებას გაუწევდა და გამოუნახავთ ბოლშევიკი მანასე გოგვაძე (გოგუაძე). სტამბა ოფიციალურად შეუძენიათ და მის შეძენაში დახმარება გაუწევია ზემოთ რამოდენიმეჯერ ნახსენებ ასოთამწყობ, მენშევიკ ვალერი ბილანიშვილს. [204] 1909 წლის ოქტომბერში შეძენილი სტამბის მანქანა აუწყიათ და თბილისში შემდეგ მისამართზე მდებარე, დაქირავებულ სახლში განუთავსებიათ: ეკლესიის აღმართი # 8. საიდუმლო სტამბას თითქმის ერთი წელი დაუბრკოლებლად უმუშავია. 1910 წლის ივნისში სტამბის ხელმძღვანელობა დაუვალებიათ ვალოდია კოპალეიშვილისათვის.
სტამბა ბეჭდიდა ბოლშევიკურ პროკლამაციებს და გამოსცემდა ქართულ და რუსულ ენებზე გაზეთ ,,ტიფლისკი პროლეტარს”. საინტერესოა, რომ ,,ამ გაზეთისათვის მეთაური წერილი დაწერა ამხ. სტალინმა. მანვე შეუკვეთა 2000 პროკლამაცია ბაქოს ორგანიზაციისათვის.” [205] აღნიშნული საიდუმლო სტამბის ერთ-ერთი ორგანიზატორის და ასოთამწყობის ილარიონ მგელაძის (ამხანაგი ვარდინი) მოგონებებში მითითებულია, რომ - ჩემი საცხოვრებელი ბინა, მხოლოდ სამმა-ოთხმა ამხანაგმა იცოდა (იგულისხმება პარტიული ამხანაგი) და სტალინსაც კი გავათევინე მასში ღამე.
ამრიგად, ეს ადამიანები სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბოლშევიკების წევრები იყვნენ. სტამბის გამცემიც მათთან ახლოს მდგომი ადამიანი უნდა ყოფილიყო, რადგან ამ სტამბის აღმოჩენის ფაქტს, ერთი საინტერესო ნიუანსი ახასიათებს. საქმე იმაშია, რომ 1910 წლის ივნისის შუა რიცხვებში, ბოლშევიკების ამ საიდუმლო სტამბის მესვეურებმა, სტამბის საბეჭდი მანქანა დაშალეს. შემდეგ დაქირავებული ოთახის კედლებში ისე ჩააწყეს, რომ მათი აზრით იქ ვერავინ იპოვიდა. უნდოდათ მოგვიანებით საბეჭდი მანქანა სხვაგან გადაეტანათ, მაგრამ 1910 წლის 6 ივლისს, ღამის პირველ საათზე, პ. საბაშვილის სიტყვებით: ,,მოულოდნელად მეფის ,,ოხრანიკები” გარს შემოერტყნენ იმ სახლს, სადაც სტამბა იყო. ეტყობოდა, მათ ყველაფერი კარგად იცოდნენ, სად რა იყო შენახული. მოსვლისთანავე კედელს ეცნენ, შეანგრიეს ის და გამოიტანეს სტამბა. ეჭვს გარეშე იყო, რომ ჩვენ გაცემული ვიყავით, მაგრამ ეჭვის მიტანა არავისზე შეგვეძლო.” [206] (დოკ.- 34.8) იგივეს იმეორებს, 1926 წლის ჟურნალ ,,რევოლუციის მატეანე”-ს პირველ ნომერში დაბეჭდილ მოგონებაში მანასე გოგუაძე. იგი წერს, რომ: ,,ჟანდარმები პირდაპირ იმ კედელს მიადგნენ სადაც სტამბა იყო.”
1910 წლის ივლისში პ. საბაშვილიც და მ. გოგუაძეც დააპატიმრეს. ჩხრეკისას პ. საბაშვილის საცხოვრებელ ბინაზე აღმოაჩინეს თბილისის ბოლშევიკური კომიტეტის არქივი და პასპორტების ბიურო. ორივე გაასამართლეს და მიუსაჯეს 4-4 წელი კატორღა და შემდეგ სამუდამო გადასახლება. პ. საბაშვილი საქართველოში დაბრუნდა მხოლოდ თებერვლის რევოლუციის შემდეგ.
Aაქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ,,ოხრანკამ” საიდუმლო სტამბისა და ნივთმტკიცებების აღმოჩენის გარდა, მოსალოდნელი კატორღის და გადასახლების შიშის ფაქტორის გამოყენებით შეძლო ბოლშევიკ ვალოდია კოპალეიშვილის ფსიქოლოგიურად გატეხვა და ,,დააგენტურება”. სწორედ მასზე მიუთითებდა თბილისის საგუბერნიო ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს ყოფილი უფროსი ივანე პასტრულინი 1917 წელს საგამოძიებო კომისიას, რომ ,,აგენტად მეტსახელით ,,ჟორდანია” 1911 წლიდან მუშაობდა კოპალეიშვილი, რომელიც ეკუთვნოდა ბოლშევიკების ფრაქციას და ბოლშევიკების ბოლო ჯგუფიც სწორედ კოპალეიშვილმა გასცა”. [207] (დოკ.- 10.1)
ამრიგად, სახლის კედელში საიმედოდ შენახული საბეჭდი მანქანის მიგნება სახლში შეჭრისთანავე, მეტყველებს, რომ გამცემი ან თვითონ იღებდა მონაწილეობას მის შენახვაში, ანდა მისი შემნახავის ძალიან ახლობელი იყო. საბეჭდ მანქანაზე უშუალოდ მომუშავეები და ცხადია შემდეგ მისი კედელში ჩამწყობებიც, როგორც ზემოთ ავღნიშნე, მხოლოდ სამნი იყვნენ პ. საბაშვილი, მ. გოგუაძე და ი. მგელაძე. [208] ეს დასტურდება თვითონ პ. საბაშვილის სიტყვებითაც: ,,მართალია სტამბასთან კავშირში ბევრი ამხანაგი დააპატიმრეს, მაგრამ სტამბის მუშაობაში და საერთოდ არალეგალურად მომუშავე 2-3 იყო.” [209]
ჯაში-სლუჩაინის მიერ სოციალ-დემოკრატებზე მიწვდილი ინფორმაციების ანალიზიდან ჩანს, რომ ის ამ სტამბის ერთ-ერთ ასოთამწყობს, ბოლშევიკ მანასე გოგუაძეს კარგად იცნობდა. ჩემი აზრით, უდავოდ მ. გოგუაძე უნდა ყოფილიყო ჯაში-სლუჩაინის ინფორმაციის წყარო, სტამბის საბეჭდი მანქანის ადგისამყოფელის შესახებ. ვფიქრობ ნათელია, რომ დიმიტრი ჯაში 1910 წელს ბოლშევიკებთანაც ძალიან დაახლოებული იყო. ისინი მას ენდობოდნენ და თავისიანად თვლიდნენ. დ. ჯაში კი ამ სახის ურთიერთობას ,,ოხრანკის” დავალებების შესასრულებლად იყენებდა.
ირიბად ამ დასკვნას ადასტურებს ცნობილი ბოლშევიკის კოტე ცინცაძის მოგონებიდან ერთი მონათხრობი: `თბილისში 1907 წლიდან ჩვენი ორგანიზაცია სისტემატურად `ვარდებოდა~, დაიწყებოდა მუშაობა, მოეწყობოდა კავშირები მუშებთან და პროვინციასთან, ერთი წლის ან წელიწადნახევრის შემდეგ მთავარი მუშაკები, ხელმძღვანელები ციხეში ამოყოფდნენ თავს. ცხადი იყო, რომ ვიღაცის ხელი მუშაობდა და ვიღაც მოღალატე-პროვოკატორი ძლიერ ეშმაკურად ძირს უთხრიდა ჩვენს მუშაობას. აღსანიშნავია ისიც, რომ იჭერდნენ მხოლოდ ინტელიგენტებს, იშვიათად მოწინავე ერთ ან ორ მუშას. დანარჩენები ხულუხლებელი რჩებოდნენ. ისეთი ვიწრო ჯგუფი მუშაობდა, რომ ძლიერ ძნელი იყო ვინმეზე ეჭვის მიტანა. უკანასკნელი ჩავარდნის შემდეგ ეჭვი თავდიშვილზე მივიტანეთ, მხოლოდ არავითარი საბუთები და დამტკიცება არ ყოფილა გარდა იმისა, რომ მასზე ასეთი ხმები 1912 წელსაც ყოფილა გავრცელებული. როგორც შემდეგ გაირკვა პროვოკატორი (ე .ი. აგენტი) ვალოდია კოპალეიშვილი ყოფილა, რომელსაც ძალიან ენდობოდა თავდიშვილი. ამ უკანასკნელისაგან ვ. კოპალეიშვილი გებულობდა ყველაფერს და ჟანდარმერიას აგებინებდა”. [210]
ამრიგად, შეგვიძლია დასკვნათ, რომ დიმიტრი ჯაშის კითხვა და მოთხოვნა, რომელსაც ის აყენებდა 1917 წლის განცხადებაში (საუბარია მის განცხადებაზე საგამოძიებო კომისიის მიმართ) დაესახელებინათ მისთვის თუ ვინ გასცა, რომელი პარტიული მუშაკი მაშინ, როდესაც არ ჰქონდა კავშირები რევოლუციურ პარტიებთან, ორგანიზაციებთან, ანდა რევოლუციური პარტიების წევრებთან, თითქმის ასი წლის შემდეგ პასუხგაცემულია:
სწორედ მან გასცა 1909-1911 წლებში სოციალისტ-ფედერალისტების და ქართველი ,,ავტოკეფალისტების” ბევრი საიდუმლო, დააჭერინა მათი მთავარი მოღვაწეები. ასევე გასცა და დააპატიმრებინა სოციალ-დემოკრატების ორივე ფრთის წარმომადგენლები. მის გამო მოხვდნენ კატორღაში ბოლშევიკების საიდუმლო სტამბის აღმოჩენის შემდეგ, ზემოთ დასახელებული პირები.
No comments:
Post a Comment
Note: Only a member of this blog may post a comment.