Saturday, July 4, 2015

რუსეთის იმპერიის საიდუმლო (პოლიტიკური) პოლიცია და აგენტურა(თავები წიგნიდან - თ. სიმაშვილი ,,სოციალ-დემოკრატი (ბოლშევიკი) ტერორისტები ილია ჭავჭავაძის მკვლელები”, 2011, თბილისი)

რუსეთის იმპერიის საიდუმლო (პოლიტიკური) პოლიცია
და აგენტურა
(თავები წიგნიდან - თ. სიმაშვილი ,,სოციალ-დემოკრატი (ბოლშევიკი) ტერორისტები ილია ჭავჭავაძის მკვლელები”, 2011, თბილისი)
            გამომდინარე საკითხის სირთულიდან, იმისათვის, რომ ჩვეულებრივი მკითხველიც, ვგულისხმობ არასპეციალისტებს, გაერკვეს თუ რა საქმიანობას ეწეოდა დიმიტრი ჯაში, როგორც თბილისის ,,ოხრანკის~ განყოფილების აგენტი, ორიოდე სიტყვით მინდა შევეხო საიდუმლო (პოლიტიკური) პოლიციის მიერ 1905-1907 წლების რევოლუციის  დროს აგენტების - საიდუმლო თანამშრომლების გამოყენების ტაქტიკას, მეთოდებს და ხერხებს. შესაბამისად ქვემოთ მოყვანილი მასალის ნაწილი ჩემი ადრინდელი შრომებიდან არის ამოღებული. [148]
       ამ წლებში რევოლუციური ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის მოპოვება მათში შეგზავნილი, ან ,,შეძენილი“ საიდუმლო აგენტების მეშვეობით, საიდუმლო (პოლიტიკური) პოლიციის საქმიანობის მთავარ, თითქმის ერთადერთ საფუძვლად ითვლებოდა. [149] ასეთ საქმიანობას ეწეოდნენ, 1902-1903 წლებში რუსეთის იმპერიის ყველა დიდ ქალაქში, მათ შორის თბილისში დაარსებული ,,ოხრანკის~ განყოფილებები. ,,ოხრანკის~ განყოფილებების საქმიანობის დამარეგულირებელი იყო სპეციალური #120 ინსტრუქცია `საიდუმლო აგენტურის მართვაზე და ორგანიზებაზე.~ [150] იგი 5 თავისაგან შედგებოდა:
1.         აგენტურის შემადგენლობა;
2.         აგენტურის შეძენა;
3.         აგენტურის ხელმძღვანელობა;
4.         კონსპირაციული ბინების გამოყენება;
5.         ზრუნვა საიდუმლო თანამშრომელზე.
       ამ ინსტრუქციაში დაწვრილებით არის დამუშავებული აგენტურის გამოყენების ხერხები. ინსტრუქციით აგენტის ამოცანა მდგომარეობდა რევოლუციური საზოგადოების ,,გამოკვლევაში” სამხილების მოსაპოვებლად, რათა მისი წევრები დაედანაშაულებინათ და გაესამართლებინათ. იმ დროს `ოხრანკის~ განყოფილების ინტრუქციებში აგენტებს ,,საიდუმლო თანამშრომლებს” უწოდებდნენ, რადგან გაწეული სამსახურისათვის აგენტები ყოველთვიურ ხელფასს, ან ერთჯერად დახმარებას, ან ფულად ჯილდოს იღებდნენ `წახალისების~ მიზნით.
            პოლიციის დეპარტამენტის მესვეურები ადგილობრივი `ოხრანკის~ განყოფილებების ოფიცრებს სთხოვდნენ რევოლუციური ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების აქტიური, გავლენიანი პარტიული მუშაკების გადმობირება-,,დააგენტურებას”. ყველაზე მეტად ფასობდნენ საიდუმლო აგენტები  ,,გამოსაკვლევი გარემოდან~, ე. ი. პოლიტიკური პარტიების, რევოლუციური ორგანიზაციების, აკრძალული საზოგადოებების წევრები. თუმცა, თვლიდნენ, რომ, `გამოსაკვლევ გარემოში მომუშავე სუსტი აგენტი იძლეოდა უფრო მეტს, ვიდრე ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებები~. [151] აგენტი შესაძლოა ყოფილიყო არა მარტო რომელიმე კონკრეტული პარტიის, რევოლუციური თუ ტერორისტული ორგანიზაციის წევრი, არამედ მათ წევრებთან დაახლოებული პიროვნება. ,,ოხრანკის~ განყოფილების კარტოთეკაშიც აგენტები შესაბამისი პარტიის შესახებ შექმნილ მასალებში ფიგურირებდნენ.
       ასე რომ, დღეს ხშირად ხმარებული - დიმიტრი ჯაში იყო პოლიციის აგენტი, ან ,,ოხრანკის~ თუ ჟანდარმერიის აგენტი, საჭიროებს დაკონკრეტებას. კერძოდ ის, რომ როგორც ზემოთ აღვნიშნე იგი თბილისის ,,ოხრანკის~ განყოფილების საქმეებში ფიგურირებს, როგორც სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის შესახებ ინფორმაციის მიმწოდებელი აგენტი. სწორედ ამ პარტიაზე აძლევდა ჯაში-სლუჩაინი სრულყოფილ, საფუძვლიან ინფორმაციას თბილისის ,,ოხრანკის~ განყოფილებას. მიუხედავად იმისა, რომ 1909-1911 წლებში სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის წევრი არ იყო, მას შეეძლო სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის საქმიანობის შესახებ საიდუმლო პოლიციისათვის საჭირო ცნობების მოპოვება, ანალიზი და ყოვლისმომცველი ინფორმაციის მიწოდება. (თუ როგორ, ამაზე ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ.)
            აგენტების, იგივე ,,საიდუმლო თანამშრომლების” ნაწილს ,,ზრდიდა~ საიდუმლო პოლიციის ადგილობრივი განყოფილების ოფიცერი, ასწავლიდა პოლიტიკური ძებნის ხერხებს და ,,გაჰყავდა~ კონკრეტულ პარტიაში. ასეთი ადამიანების აგენტებად მომზადება და რევოლუციურ ორგანიზაციაში შეგზავნა ძალიან რთული იყო. ამიტომ `ოხრანკის~ განყოფილების საიდუმლო თანამშრომლებად, აგენტებად, ძირითადად ,,მუშაობდნენ” რევოლუციონერების წრიდან შეძენილი, გადაბირებული პირები. ამდაგვარი `თანამშრომლების~ შეძენის პროცესს `დააგენტურება~ ეწოდებოდა. პოლიტიკური პოლიციის აზრით, ,,დააგენტურებას~ ყველაზე მეტად შეესაბამებოდნენ ძიების ქვეშ მყოფი სუსტი ნებისყოფის ადამიანები, ან ისინი, ვისაც დაპატიმრებისას აღმოუჩინეს ნივთმტკიცებები, გააჩნდათ მისი დანაშაულის დამადასტურებელი ფაქტები, ვისაც უჭირდა მატერიალურად, გამოქცეული იყო გადასახლებიდან და სხვა.
            ,,დააგენტურება” ტექნიკურად ხშირად ასე ხდებოდა: დანაშაულში ეჭვმიტანილის დაკითხვისას პროკურატურის წარმომადგენლები, პროკურორის თანაშემწე ან სასამართლოს გამომძიებლები ხედავდნენ, რომ ერთის მხრივ, ხელთ ჰქონდათ ბრალდების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, მეორეს მხრივ კი, ბრალდებული ფსიქოლოგიურად იყო დათრგუნული, აძლიერებდნენ მის ,,დამუშავებას”. მიჰყავდათ იმ ზომამდე, რომ მისგან შესაძლებელი ხდებოდა გულწრფელი აღიარებითი ჩვენების მიღება. ამის შემდეგ ატყობინებდნენ საიდუმლო (პოლიტიკური) პოლიციის, ანუ ,,ოხრანკის” შესაბამის წარმომადგენელს. ეს უკანასკნელი შედიოდა კონტაქტში ბრალდებულთან და საჭიროების შემთხვევაში, თავის მხრივ, დამატებითი ფსიქოლოგიური, თუ ფიზიკური ზეწოლის გამოყენებით `ამუშავებდა~ ამ ადამიანს. სთავაზობდა არჩევანს - ან ციხე, კატორღა, გადასახლება, ჩამოხრჩობა, ანდა თავისუფლებაზე ყოფნა, აგენტად მუშაობის პერსპექტივა და ყოველთვიური სტაბილური ხელფასი.
       ხდებოდა პირიქითაც: ,,ოხრანკის” ოფიცრები, რომლებსაც გააჩნდათ შესაბამისი ინფორმაცია მათთვის საინტერესო პიროვნების რევოლუციურ, ან სხვა კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში დადანაშაულების შესახებ, წინასწარ ჰქონდათ მაკომპრომიტირებელი დოკუმენტები შეგროვებული, მას ფარულად აპატიმრებდნენ. ამის შემდეგ უშუალო კონტაქტში შედიოდნენ და ზემოაღნიშნული მეთოდებით მის ,,დააგენტურებას” ცდილობდნენ.
       პროკურატურის წარმომადგენლების მიერ რევოლუციონერების  ,,დააგენტურებაში” საიდუმლო პოლიციისათვის ხელისშეწყობა დასტურდება რევოლუციონერ გ. ჩხეიძის მოგონებიდან: `1908 წლის ნოემბერში დამაპატიმრეს, როცა ვერაფერი გაიგეს ჩემგან, მომმართეს ძველებურად: `თქვი სიმართლე და ახლავე წახვალ სამუშაოდ. ჯამაგირს აიღებ ერთი სამად. იცხოვრე შენთვის და ვერც ვერავინ ვერაფერს გაიგებს. ამ წინადადების დროს პროკურორიც იქ იყო.~ [152] იმ პერიოდში პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ბელეცკის სიტყვებით: `ასეთი მოქმედება სისტემად იყო გადაქცეული თვით შინაგან საქმეთა მინისტრების ნებართვით.~ [153]
            გადაბირებულ პირს ,,ოხრანკის” ოფიცრები აწერინებდნენ ჩვენებას, რომელშიც იგი გულახდილად ჰყვებოდა ყველაფერს, რაც აინტერესებდა `ოხრანკას~. აბიზღებდა თანაპარტიელებს, აღწერდა მათ მიერ ჩადენილ ანტისახელმწიფოებრივ თუ სხვა სახის დანაშაულებებს და აღნიშნავდა, რომ ინანიებდა თავის დანაშაულს. ამდაგვარი ,,მონანიების~ შემდეგ მას ეხსნებოდა ბრალი დანაშაულზე და ამასთან, მისი წერილობითი ჩვენება რჩებოდა გარანტად `ოხრანკაში~ საჭიროების შემთხვევაში აგენტზე ზემოქმედებისათვის.
       თავის მხრივ, ,,ოხრანკის~ განყოფილების ოფიცრები იღებდნენ ზომებს, რომ პროკურატურის წარმომადგენელთან, სასამართლოს გამომძიებელთან შეთანხმებით, საქმის მოკვლევის მასალებიდან ამოეღოთ დაკითხვის ოქმები თუ სხვა დოკუმენტური მასალა, რომელსაც შეიძლება აგენტის სასამართლოში დადანაშაულება, ციხეში გაგზავნა, ან ,,დააგენტურების~ შესახებ ინფორმაციის გაჟონვა მოჰყოლოდა. ამ მიზნით ხშირად თავიდან იშორებდნენ აგენტად გადაბირებული პირებზე გარკვეული მაკომპრომიტირებელი ინფორმაციის მქონე, ან პოლიტიკური დანაშაულის ჩადენაში მის თანამონაწილე ადამიანებს დაპატიმრებით, კატორღაში გაგზავნით. ანდა პირიქით, მათ საპატიმროებიდან უწყობდნენ გაქცევას. ასევე, შეიძლებოდა აგენტთან ერთად რამოდენიმე სხვა დამნაშავეც გაენთავისუფლებინათ, რათა მხოლოდ მისი პატიმრობიდან განთავისუფლებით რევოლუციონერებს ეჭვი არ აეღოთ. 
       გარკვეული ხნის შემდეგ, როდესაც დარწმუნდებოდნენ, რომ ამ პირის ,,დააგენტურებაზე” ინფორმაცია არ იყო ,,გაჟონილი” და რევოლუციურ წრეებში მასზე ყოველგვარი ეჭვი იყო გაფანტული, მას რიცხავდნენ ,,ოხრანკის~ განყოფილების სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული, კონკრეტული პარტიის აგენტურის სიაში. აგენტიც ნელ-ნელა, ისე, რომ თავისი აქტიური ქმედებებით თავი არ გაეცა, იწყებდა ინფორმაციების მიწვდას ,,ოხრანკისათვის”. 
            აგენტი მიმაგრებული იყო ერთ ხელმძღვანელ ოფიცერზე, რომელიც აძლევდა მას აგენტურულ მეტსახელს - ,,კლიჩკას~. მას მსგავსება არ უნდა ჰქონოდა აგენტის სახელთან ან მამის სახელთან. 1908 წელს საიდუმლო პოლიციის ადგილობრივ ორგანოებს გაფრთხილება მისცეს, რომ მეტსახელით არ უნდა გარკვეულიყო, იგი ქალს ეკუთვნოდა თუ მამაკაცს. მეტსახელად შეიძლებოდა გამოეყენებინათ ნებისმიერი სიტყვა, ციფრი - `ივან-პრიეზჟი~, `სლუჩაინი~, ,,ულიჩნი”, ,,დვარიანინი”, `ვაჟნი~, `225~ და სხვა. აგენტებს ,,ოხრანკის~ ოფიცრები მიმოწერაში მხოლოდ მეტსახელით იხსენიებდნენ. როგორც წესი, აგენტებს ძირითადად ,,ოხრანკის” განყოფილების უფროსები ან მათი მოადგილეები ხელმძღვანელობდნენ.
       1906-1907 წლებში თბილისის `ოხრანკის~ განყოფილების უფროსს ა. ი. ანგილევს, რევოლუციური პარტიების ადგილობრივ ორგანიზაციებში საიდუმლო პოლიციის ტერმინოლოგიით `მიჰყავდა~ თვეში საშუალოდ ათი-თხუთმეტი აგენტი. დაახლოებით ამდენივე აგენტს ხელმძღვანელობდა ა. ანგილევის შემცვლელი, ჯაში-სლუჩაინის ხელმძღვანელი ოფიცერი, ა. ვ. კარაულოვი, 1909-1910 წლებში თბილისის ,,ოხრანკის” განყოფილების უფროსად ყოფნის დროს. (ცნობისათვის ა. კარაულოვი 1908 წლის დასაწყისში დაინიშნა თბილისის ,,ოხრანკის” უფროსად და 1908 წლის მაისის ბოლოს დაჭრეს. იგი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 1909 წლის მარტამდე თბილისის ,,ოხრანკის” განყოფილებას აღარ ხელმძღვანელობდა.)
       აგენტები საიდუმლო ცნობებს მხოლოდ ხელმძღვანელ ოფიცერს აწვდიდნენ. ინსტრუქციის მოთხოვნა იყო, თითოეული რევოლუციური პარტიის ცენტრალურ თუ ადგილობრივ ორგანიზაციებში, ტერორისტულ ჯგუფებში ჰყოლოდათ ორი ან მეტი აგენტი, რათა გადაემოწმებინათ მოპოვებული ინფორმაცია. ცხადია, აგენტებს ერთმანეთის ,,ოხრანკასთან” თანამშრომლობის შესახებ არაფერი არ უნდა სცოდნოდათ.
      აგენტთან პირადი შეხვედრები კონსპირაციულ ბინებში იმართებოდა. ამ ბინებს `ოხრანკის~ განყოფილების მწერლები ან უნტერ-ოფიცრები ქირაობდნენ ისე, რომ ეჭვი არავის აეღო. [154] საიდუმლო აგენტისგან მიღებულ ინფორმაციას ხელმძღვანელი ოფიცერი პირადად იწერდა და სპეციალურ ჟურნალში აფორმებდა მას, ე.წ. ,,აგენტურული ცნობებიდან მიღებული ამონაწერების“ სახით. ამ ჟურნალში ასევე შეჰქონდა ,,დამხმარე აგენტურის”-გან მიწვდილი ცნობები. აგენტების მიერ მიწვდილ ინფორმაციას ჟურნალში წერდნენ მესამე პირში. ანუ, ჩაწერილ ინფორმაციაში აგენტი იხსენიებოდა ნამდვილი სახელით და გვარით, როგორც სხვა პირებთან ერთად რომელიმე არალეგალური კრების, თუ ტერორისტული აქტის მონაწილე. მაგალითად, თბილისის ,,ოხრანკის” განყოფილების აგენტი ,,დვარიანინი” საიდუმლო პოლიციისათვის მიწვდილ თავისავე ცნობებში მოხსენიებულია სრული სახელით და გვარით - ივანე კარბელაშვილი, როგორც თბილისის გიმნაზიის მოსწავლეთა შეკრების ერთ-ერთი მონაწილე. [155] `აგენტურულ ამონაწერებში” ასევე იწერებოდა ინფორმაციის მიღების დრო, აგენტის მეტსახელი, მიწვდილი ინფორმაცია, ამ ინფორმაციის დასამუშავებლად გამიზნული ზომები. [156]
            საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივის ფონდებში არსებულ `აგენტურულ ამონაწერებში” უამრავი მინაწერია. მათი შინაარსიდან ჩანს, რომ `ოხრანკის” ოფიცრები მიღებულ ინფორმაციას ამუშავებდნენ, კრებდნენ სხვადასხვა სახის ცნობებს, ერთმანეთთან აჯერებდნენ ფაქტებს და ამოწმებდნენ მეთვალყურე აგენტების - ფილერების  მეშვეობით. `აგენტურულ ამონაწერებში” მოხსენიებულ პირებზე მითითებულია: დააპატიმრეს თუ არა, ვისზე რა მონაცემები ჰქონდათ და სხვა. მათი მიხედვით კეთდებოდა მოხსენებები რამოდენიმე ასლად. ერთი მიდიოდა პოლიციის დეპარტამენტში, მეორე - ხელახლა დასამუშავებლად `ოხრანკის~ აგენტურულ განყოფილებაში, მესამე - თანამშრომლის პირად საქმეში, მეოთხე კი `აგენტურული ამონაწერის” სახით იდებოდა შესაბამისი რევოლუციური პარტიის ან ორგანიზაციის საქმეში. [157]
            ჩემს მიერ მოძიებული აგენტების მოხსენებების ანალიზიდან ჩანს, რომ მათი ნაწილი ფლობდა ოპერატიული ძებნის გარკვეულ ხერხებს ინფორმაციის შეგროვების მიზნით. მაგალითად, თბილისის `ოხრანკის” განყოფილების აგენტი `რიჟი” ანარქისტების - `ჯგუფისტების” (როგორც მის ინფორმაციაშია მოხსენიებული) შესახებ წერს: მოძიებული ცნობებით შევძელი გამეგო `ჯგუფისტების” ნამდვილი მონაცემები, ასახელებს ინფორმაციის მიღების წყაროებს და იძლევა ინფორმაციის ანალიზს. [158]
      ინსტრუქციის მიხედვით, ხელმძღვანელ ოფიცერს აგენტისათვის უნდა ესწავლებინა კონსპირაციის დაცვის და ინფორმაციის მოპოვების ხერხები. აგენტს არ უნდა არ გამოეჩინა ზედმეტი ინტერესი, რომ არ დაეეჭვებინა თანაპარტიელები.
            თბილისის `ოხრანკის~ განყოფილების აგენტები სხვადასხვა რაოდენობის ხელფასს იღებდნენ. თანხის გაცემის უწყისში იწერებოდა მეტსახელი, იმ პარტიის დასახელება, რომელზეც იძლეოდა ინფორმაციებს, ,,ოხრანკის” განყოფილებაში აგენტად რომელი წლიდან დაიწყო ,,მუშაობა”, თვეში რა რაოდენობის ხელფასი ჰქონდა გამოწერილი, რა თანხა მიიღო. ხელფასის თანხა მერყეობდა 30-დან 100 მანეთამდე. ამ პერიოდში ყველაზე მეტი ხელფასი გამოწერილია სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში `ოხრანკის~ განყოფილების აგენტზე, მეტსახელით `ულიჩნი~ (ივანეშეცდომაა უნდა იყოს ვლადიმერ ბერიძე). 1908 წელს, იგი თვეში 105 მანეთს იღებდა. აგენტები შიგადაშიგ ითხოვდნენ დამატებით თანხებს, რომელიც თითქოსდა სჭირდებოდათ რაიმე სერიოზული საქმის გასახსნელად, საიდუმლო სტამბის აღმოსაჩენად. აღსანიშნავია, რომ ინსტრუქციით მათ აკრძალული ჰქონდათ `ოხრანკიდან~ მიღებული ხელფასით შეეძინათ ძვირფასი ნივთები. მეტიც, ინსტრუქციის მიხედვით: `აგენტებს მკაცრად ეკრძალებათ ამხანაგების გამასპინძლება მიღებული ხელფასით, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. სასურველია, რომ გამონაკლისი შემთხვევების გარდა, საიდუმლო აგენტმა თავისი თავი ჩააყენოს მატერიალურად გაჭირვებული ადამიანის მდგომარეობაში~. [159]
            1905-1907 წლის რევოლუციის პერიოდში რევოლუციური აგიტაციის უმთავრეს ფორმას პროკლამაციები, გაზეთები და საერთოდ, ნაბეჭდი სახის პროდუქცია წარმოადგენდა. ამიტომ,  პოლიციის დეპარტამენტი თითოეულ აღმოჩენილ საიდუმლო სტამბაზე დამატებით თანხებს უხდიდა მათ გამცემებს. ხელფასის გარდა, ფულად ჯილდოს აძლევდნენ ასევე მოსალოდნელი ტერორისტული აქტის, ექსპროპრიაციის მომზადების გახსნის ან გამოჩენილი რევოლუციონერის დაპატიმრების შემთხვევაშიც.
       ამავე წლებში გამოიკვეთა საიდუმლო აგენტების სამსახურით სარგებლობისათვის დამახასიათებელი ნაკლი. აგენტების მართვა მხოლოდ ერთი ხელმძღვანელი ოფიცრის მეშვეობით იწვევდა მათ დაუკონტროლირებლობას. 1907 წლის 10 მარტს, პოლიციის დეპარტამენტის ახლადდანიშნულიმა დირექტორმა ტრუსევიჩმა `ოხრანკის~ განყოფილებებს გაუგზავნა წერილი, რომელშიც აღნიშნული იყო: `პოლიციის დეპარტამენტში შემოვიდა ცნობები საიდუმლო თანამშრომლების აქტიურ მონაწილეობაზე ისეთი სახის რევოლუციურ საქმიანობაში, როგორიცაა ექსპროპრიაციები... თანამშრომლები ასევე არ უნდა ეწეოდნენ ე.წ. `პროვოკატორობას~, ანუ თვითონ არ უნდა ჰქმნიდნენ რევოლუციურ ორგანიზაციებს და მათი ორგანიზებისათვის, ამ საქმიანობაში მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებლებს პასუხისმგებლობას არ უნდა აკისრებდნენ.~ [160]
            მართალია, ტრუსევიჩმა მოინდომა საიდუმლო პოლიციის საქმიანობაში, მისი აზრით, წესრიგის შეტანა, მაგრამ იმ ხერხებით, რომლის აკრძალვასაც იგი ცდილობდა, საიდუმლო პოლიცია თავის ოპერატიულ საქმიანობას ანხორციელებდა. მაგალითად ის, რომ იმ რევოლუციონერს, რომელსაც სამხილის უქონლობის გამო ვერ აპატიმრებდნენ, აგენტები ხელმძღვანელის დავალებით აძლევდნენ ან `მიუყრიდნენ~ პროკლამაციებს, არალეგალურ ლიტერატურას, იარაღს. ასეთ ნივთმტკიცებებს `ოხრანკის~ ოფიცრები აღურიცხავად ინახავდნენ და საჭიროების შემთხვევაში აძლევდნენ აგენტს; მეორე, აგენტს მხოლოდ მისდამი ნდობის შემთხვევაში შეეძლო ,,კარგი” ინფორმაციის მიწვდა საიდუმლო პოლიციისათვის. აგენტს არ ენდობოდნენ, თუ იგი არ შექმნიდა რევოლუციურ წრეებს, ან თუ არ მიიღებდა მონაწილეობას რევოლუციური ხასიათის ღონისძიებებში, ან ტერორისტულ აქტებში.; მესამეც, აგენტისგან ხელოვნურად შექმნილი ორგანიზაციის, თუ `მიყრილი~ ნივთმტკიცებების აღმოჩენის დროს, საიდუმლო პოლიციის  ოფიცრები ხშირად შეძლებულ პატიმრებს ართმევდნენ ფულს და უშვებდნენ.
ამიტომ, ბუნებრივია, არც თუ იშვიათად აგენტები თვითნებურად, ფულადი ჯილდოს მიღების მიზნით ქმნიდნენ რევოლუციურ წრეებს, გარშემო იკრეფდნენ რევოლუციურად განწყობილ პირებს, იძენდნენ იარაღს, დგამდნენ საიდუმლო სტამბებს, შემდეგ კი `ოხრანკის~ ხელში აგდებდნენ. [161] მაგალითად, 1908 წლის ივლისში პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებული განყოფილება აცნობებდა თბილისის `ოხრანკის~ განყოფილებას, რომ `ნავთის საწყობის გამგეს ალტიევს აგენტ-თანამშრომელმა, რომელიც მასთან მუშაობდა საქმეთა მმართველად, მიუყარა ბომბები, რათა მიეღო ფულადი ჯილდო მისი აღმოჩენისათვის~. [162] მაღალი რანგის საიდუმლო პოლიციის ოფიცრის სიტყვებით, 1905-1906 წლებში ჯილდოებს აღმოჩენილი არალეგალური სტამბების რიცხვის მიხედვით აძლევდნენ და ამიტომ, ერთ პატარა ქალაქში წლის განმავლობაში, ცხრა საიდუმლო სტამბა `გაუხსნიათ~ და ,,აღმოუჩენიათ” - `კონკურენტების~ გულის გასახეთქად. [163]
       აქვე მინდა აღვნიშნო, რომ აგენტების მართვა და მათი გამოყენების მეთოდიკა 1905-1907 წლების რევოლუციის პერიოდში რუსეთის საიდუმლო პოლიციას საკმაოდ კარგად ჰქონდა დამუშავებული. ამის მაგალითად, როგორც ქვემოთ ვნახავთ, ჯაში-სლუჩაინის საქმიანობაც გამოდგება. სწორედ მისი მეშვეობით მოახდინა თბილისის ,,ოხრანკის” განყოფილების უფროსმა ა. კარაულოვმა სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის ხელმძღვანელების დაპატიმრება და საერთოდ, ამ პარტიის ეფექტური ფუნქციონირების კარგა ხნით შეჩერება.
      შესაბამისად, ვნახოთ აგენტურის გამოყენების რა ტაქტიკას იყენებდა ამ დროს თბილისის ,,ოხრანკის” განყოფილების ხელმძღვანელი. პოლიციის დეპარტამენტი 1906 წლიდან აგენტების გამოყენების შემდეგ ტაქტიკურ ხაზს ატარებდა - იმ რევოლუციურ ორგანიზაციებს, რომლებშიც აგენტები ჰყავდათ, გარკვეული ხანი არ ანადგურებდნენ, არ აპატიმრებდნენ მათ წევრებს, პირიქით იცავდნენ ჩავარდნებისგან. როგორც ზემოთ აღვნიშნე, საერთო პოლიციის და ჟანდარმერიის საგუბერნიო სამმართველოებს მიეცათ მითითება, `ოხრანკის~ განყოფილებებისათვის შეტყობინების გარეშე არ დაეპატიმრებინათ რევოლუციურ საქმანობაში ეჭვმიტანილი პირები და მათ საცხოვრებელ სახლებში, თუ სამუშო ადგილებზე არ მოეწყოთ არავითარი ჩხრეკა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ არ მომხდარიყო `ოხრანკის~ განყოფილების ოპერატიული საქმიანობის ჩაშლა, საიდუმლო აგენტის, ან მასთან დაკავშირებული პირების დაპატიმრებით. ამ დროს დაინერგა, უფრო სწორედ დღის სინათლეზე გამოტანილ იქნა, ჯერ კიდევ 1900-იანი წლების დასაწყისში მოსკოვის ,,ოხრანკის” უფროსის ი. ზუბატოვისგან შემუშავებული, მისი სამსახურიდან განთავისუფლების შემდეგ კი მივიწყებული იდეა, აგენტების მეშვეობით ეკონტროლებინათ რევოლუციური ორგანიზაციები.
      1906 წლიდან `ოხრანკის~ განყოფილებები მხოლოდ მაშინ ახდენდნენ იმ რევოლუციური ორგანიზაციების წევრების დაპატიმრებას, რომელშიც `კარგი~ აგენტი  ჰყავდათ, როცა გარდაუვალი იყო ისეთი ტერორისტული აქტის, ან სხვა სახის დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, რომელიც მოცემულ მომენტში `ოხრანკის~ ოფიცრების აზრით, არასასურველს წარმოადგენდა. ამასთან, აგენტებს სთხოვდნენ წინასწარ მიეწოდებინათ ინფორმაცია, თუ რა სახის ნივთიერი მტკიცებულებები შეიძლება აღმოეჩინათ რევოლუციური ორგანიზაციის დასაპატიმრებლად გამიზნული წევრებისათვის. საქმე იმაშია, რომ 1905-1906 წლებში, ხშირ შემთხვევაში გადაუმოწმებელი ცნობების საფუძველზე, ტერორისტების და საერთოდ რევოლუციონერების ნაჩქარევმა დაპატიმრებებმა უარყოფითი როლი ითამაშა `ოხრანკის~ მუშაობის შედეგიანობაზე. კანონიერი სამხილის გარეშე დაპატიმრებული რევოლუციონერები მალევე გამოდიოდნენ საპატიმრო ადგილებიდან და ძველ საქმიანობას აგრძელებდნენ.
       1907 წლიდან კი, რევოლუციური მოძრაობის შენელებასთან ერთად საიდუმლო პოლიციამ შეცვალა აგენტურის გამოყენების ტაქტიკური ხაზი. ამ დროიდან პოლიციის დეპარტამენტი შეეცადა რევოლუციური ორგანიზაციები აგენტურის მეშვეობით ემართა. ადრინდელი ინსტრუქციების თანახმად, აგენტები რევოლუციური ორგანიზაციის, თუ ტერორისტული ჯგუფის საქმიანობაში პასიური როლით უნდა დაკმაყოფილებულიყვნენ, 1907 წლის ოქტომბერში დაგზავნილი პოლიციის დეპარტამენტის სპეციალური ცირკულარი მთლიანად ცვლიდა არსებულ ვითარებას. ამიერიდან `ოხრანკის~ განყოფილების უფროსები მოვალენი იყვნენ:  `ესარგებლათ გარდამავალი მდგომარეობით და წინ წაეწიათ თანამშრომლები ორგანიზაციის ცენტრისკენ.~ [164]
      აგენტებს ნება დართეს ნდობის მოპოვების მიზნით მიეღოთ მონაწილეობა რევოლუციური ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ ტერორისტულ აქტებშიც. ცირკულარში მითითებული იყო რევოლუციური ორგანიზაციების იმ წევრების დაპატიმრების (`მიმოქცევიდან ამოღების~) აუცილებლობა, ვინც აგენტებს ხელს უშლიდნენ იერარქიულ წინსვლაში, ან გააჩნდათ მასთან ცუდი დამოკიდებულება. სამაგიეროდ, აგენტის მეგობრები, ახლობლები პარტიულ გარემოში ხელუხლებლად უნდა დაეტოვებინათ, დაეცვათ შემთხვევითი დაპატიმრებებისაგან. როგორც კი ისინი დაიკავებდნენ ორგანიზაციაში მაღალ თანამდებობებს, მათ უნდა `ბუნებრივად~ შეეცვალათ პოზიცია. კერძოდ, იერარქიულად დაწინაურებულ აგენტებს, როდესაც მონაწილეობას მიიღებდნენ თათბირებში, სხდომებში, სადაც იხილებოდა პარტიის მოქმედების სტრატეგია და ტაქტიკა, განსხვავებით ადრინდელი მითითებებისა, ევალებოდათ: `დაეცვათ რევოლუციური მოძრაობის ყველაზე შემამსუბუქებელი მიმართულებები~. ეს იდეები მათ უნდა გაევრცელებინათ ასევე `იმ გარემოში, რომელშიც ტრიალებდნენ.~ [165]
            საიდუმლო პოლიციის ადგილობრივ ორგანოებს დაევალათ, გაემახვილებინათ განსაკუთრებული ყურადღება, რომ არ მომხდარიყო ორგანიზაციების გაერთიანება მსხვილ ჯგუფებად, კავშირთა-კავშირებად. არ დაახლოებულიყო რევოლუციური პარტიების სხვადასხვა ფრაქციები, მაგალითად, მენშევიკების და ბოლშევიკების. ამ მიზნით აგენტურას უნდა ეთამაშა გამთიშველი როლი, შესაბამისი არგუმენტაციის მოშველიებით გაეწია წინააღმდეგობა გაერთიანების მომხრეებისათვის, ან ეცნობებინა მათზე და ისინიც ამოეღოთ `მიმოქცევიდან~ - დაეპატიმრებინათ. [166] ასე რომ, მენშევიკების და ბოლშევიკების მცდელობებს გაერთიანებულიყვნენ, ამ პერიოდიდან საიდუმლო პოლიციის აგენტებიც უშლიდნენ ხელს. მაგალითად, 1914 წელს მენშევიკების და ბოლშევიკების წარმომადგენლების ერთ-ერთ ასეთ საკონსულტაციო შეხვედრაზე, როცა იხილებოდა საკითხი მათი პარტიების ხელახლა შესაძლო გაერთიანების შესახებ, ორივე წარმომადგენელი სიტყვიერად თანახმა იყო გაერთიანებულიყვნენ, მაგრამ ორივე აყენებდა ისეთ პირობებს, რომ ოპონენტს პირველს ეთქვა უარი გაერთიანებაზე. თუ რატომ, ეს გაირკვა მხოლოდ 1917 წლის შემდეგ - ისინი `ოხრანკის~ აგენტები აღმოჩნდნენ. [167]                                                                                                                                                                      

      ამრიგად, პოლიციის დეპარტამენტის ახალ ტაქტიკურ ხაზად 1907-1908 წლებიდან იქცა რევოლუციური ორგანიზაციების მართვა პარტიულ იერარქიაში ყველა შესაძლო საშუალებით დაწინაურებული აგენტურის მეშვეობით. [168] სწორედ მათი დახმარებითაც შეძლო ხელისუფლებამ რევოლუციური მოძრაობის ლოკალიზება და შემდეგ ჩაქრობა. ამიტომ 1908-1916 წლებში რევოლუციური პარტიების ხელმძღვანელობაში, 1907 წლის ინსტრუქციის მოთხოვნის შესაბამისად, კვლავ ცდილობდნენ თავისი აგენტურის `გაყვანას~ - `რამოდენიმესი თვითოეულში~.

No comments:

Post a Comment

Note: Only a member of this blog may post a comment.