ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მეოთხე მონაწილის დაფარვის
მიზეზები საბჭოთა პერიოდში
(ილიკო იორდანეს ძე იმერლიშვილის და იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილის კავშირები)
თენგიზ სიმაშვილი
სტატია დაიბეჭდა ჟურნალ ,,ცისკრის“ 2012 წლის მე-11-12 ნომერში. დოკუმენტების ასლების ნაწილს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ახლად მოპოვებული საარქივო მასალების მიხედვით, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მონაწილე სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკი ტერორისტი ილიკო იმერლიშვილი დაკავშირებული იყო არა მარტო გიგლა ბერბიჭაშვილთან, პავლე ფშავლიშვილთან, ივანე ინაშვილთან და დიმიტრი ჯაშთან, არამედ სოციალ-დემოკრატიული პარტიის ორივე ფრთის წარმომადგენლებთან. [1]
მაგალითად, ამ მცირე ხნის წინ ჩემს მიერ მოძიებულ იქნა დოკუმენტი, რომლითაც გარკვეულწილად დასტურდება, რომ 1906 წელს, ილია ჭავჭავაძის მკვლელობამდე ერთი წლით ადრე, ილიკო იმერლიშვილი უშუალოდ იყო დაკავშირებული სოციალ-დემოკრატიული პარტიის თბილისის კომიტეტთან. იმ დროს დუშეთის მაზრაში და თბილისში მოღვაწე, ერთ-ერთი ცნობილი სოციალ-დემოკრატი ტერორისტის, რომანოზ(რამანა) თარაშვილის მეგობრების და ,,ამხანაგების“ მიერ დაწერილ, დღემდე გამოუქვეყნებელ ბიოგრაფიაში ვკითხულობთ: ,,1906 წელს ... დიდმა ღორმა(გვარი უცნობია. თ.ს.) და რამანა თარაშვილმა თბილისის კომიტეტის დავალებით თბილისში მოკლეს ჯაშუში ღვინიაშვილი ... ამავე წელს საგურამოს რაიონში თავადაზნაურობას ჩამოართვეს იარაღი თარაშვილმა, ილიკო იმერლიშვილმა და დიდმა ღორმა და გადასცეს თბილისის კომიტეტს“. [2]
დღეისათვის გამომზეურებულ უამრავ დოკუმენტში ილიკო იმერლიშვილი 1907-1914 წლებში დუშეთის მაზრაში, კერძოდ მცხეთის და საგურამოს ტერიტორიაზე მოქმედი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ,,წითელი რაზმის“ ხელმძღვანელადაა დასახელებული. საარქივო მასალების მიხედვით, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ორგანიზაციული დაყოფის პრინციპიდან გამომდინარე, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ადგილობრივი ორგანოების გადაწყვეტილებების შესაბამისად, მცხეთის და საგურამოს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების ჩადენა სწორედ ილიკო იმერლიშვილს ევალებოდა. აღნიშნული ფაქტი დასტურდება 1905-1921 წლებში სოციალ-დემოკრატიული პარტიის აქტიური წევრის, 1908-1914 წლებში დუშეთის მაზრის სოციალ-დემოკრატიული პარტიის სამაზრო კომიტეტის ხელმძღვანელის გიორგი ტატიშვილის მოგონებებით. მისი სიტყვებით - ,,დუშეთის მაზრის კომიტეტის კრებაზე გადავწყვიტეთ ბოქაულ ქუმსიაშვილის და დუშეთის მაზრის სტრაჟნიკების უფროსის საშა ნათიშვილის სიკვდილი. ერთად ეს დავალება მივეცით მცხეთის რაიონის წითელი რაზმის უფროსს ამხ. იმერლიშვილს, რადგან ეს სკოლა და მოხდენილი ონიკაშვილის დაპატიმრება, დაღუპვა იმის რაიონში საგურამოში მოხდა. წითელი რაზმის უფროსმა იმერლიშვილმა დავალება კარგად შეასრულა. ბოქაული ქუმსიაშვილი დაიჭირა. ბაზალეთის ტყეში მოკლეს და მკვდარი ცეცხლში დაწვეს, ეს მთელი დუშეთის მაზრის ხალხმა იცის.” [3]
1905-1907 წლებში სოციალ-დემოკრატიული პარტიის აღმოსავლეთ საქართველოში მოქმედი ,,წითელი რაზმების“ გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის ვანო ალიხანაშვილის მონაწილეობით, 1930-იანი წლების დასაწყისში ,,ძველი“ რევოლუციონერების სიების შედგენა დაიწყო. დუშეთის ტერიტორიაზე მოქმედ რევოლუციონერთა სიებში, არა მარტო ილიკო იმერლიშვილი, გიგლა ბერბიჭაშვილი, პავლე ფშავლიშვილი და ივანე ინაშვილი, არამედ თედო ლაბაური - ილიას მეეტლეც, რევოლუციონერთა ჩამონათვალში ფიგურირებენ. დუშეთის რაიონში ძველი რევოლუციონერების მიერ, 1933 წლის 6 იანვარს შედგენილი სიის მიხედვით, დუშეთის მაზრაში მოქმედი რევოლუციონერების ჩამონათვალში ილიკო იმერლიშვილი ,,ცენტრიდან“ მივლინებულ სამხედრო ხელმძღვანელებს შორისაა დასახელებული. [4] ხოლო, 1933 წლის 7 იანვარს შედგენილ საგურამოს ტერიტორიაზე მოქმედი რევოლუციონერების სიაში აღნიშნულია, რომ ილიკო იმერლიშვილი იყო ,,წითელი რაზმის“ ხელმძღვანელი. [5] მომდევნო დოკუმენტში კი ნათქვამია, რომ საგურამოს რაიონში ილიკო იმერლიშვილი მეთაურობდა მე-3 რაზმს და მისი მოადგილე იყო ვასო ფარეშიშვილი. [6]
ამ და სხვა საარქივო მასალებიდან ნათლად ჩანს ისიც, რომ ილიკო იმერლიშვილი, გიგლა ბერბიჭაშვილი, პავლე ფშავლიშვილი და ივანე ინაშვილი იყვნენ დუშეთის მაზრაში მოქმედი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ,,წითელი რაზმის“ წევრები. მაგალითად, 1908 წლის 25 დეკემბრით დათარიღებულ ოქმში, აბესალომ გიორგის ძე ფაღავა, დუშეთის მაზრის პოლიციის ჩაფრების(სტრაჟნიკები) უფროსი ურიადნიკი წერს - ,,პავლე ფშავლიშვილთან ერთად მის ბანდაში იმყოფებოდნენ _ 1. პავლე ფშავლიშვილი, 2. იმერლიშვილი, 3 ნონე მჭედლიშვილი, 4. სანდრო მჭედლიშვილი, 5. ლაზარე გაბიტაშვილი, 6. გიორგი წიკლაური 7. ბასილ სიღნაღელი, 8. თელაველი ლადო, 9. ვანო ინაშვილი, 10 თუში ვანო, 10. რუსი დოროშენკო, 12. გიგლა ბერბიჭაშვილი, 13. გიორგი პარხაშვილი.”
საარქივო დოკუმენტები პირდაპირ ადასტურებენ, რომ ილიკო იმერლიშვილი, გიგლა ბერბიჭაშვილი და პავლე ფშავლიშვილი მოქმედებდნენ რა ერთად ჩადიოდნენ მკვლელობებს, ფულის გამოძალვას, ადამიანების გატაცებას და სხვა სახის დანაშაულებებს. დოკუმენტების გარდა ზემოდასახელებული პირების ერთ ბანდაში თუ ,,წითელ რაზმში“ ყოფნის ფაქტს ადასტურებს, ბატონ ნოდარ გრიგალაშვილის მიერ მოძიებული, დაახლოებით 1908-1909 წლებში გადაღებული ილიკო იმერლიშვილის ,,წითელ რაზმელების“ ერთობლივი ფოტოსურათი, რომელთა რიგებში დიდი ალბათობით გიგლა ბერბიჭაშვილიცაა. [7]
1936 წლის შემდეგ, როდესაც ლავრენტი ბერიას მითითებით, პარტიული ფუნქციონერი კოტე გორდელაძე იწყებს ილიას მკვლელობის შესახებ მასალების შეგროვებას, ძველი რევოლუციონერები თავის მოგონებებში უკვე აღარ ახსენებდნენ, რომ ილიკო იმერლიშვილი საგურამოს ტერიტორიაზე მოქმედი ,,წითელი რაზმის” უფროსი იყო. მაგალითად, გიორგი ტატიშვილი 1949 წელს სსსრ უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის და საქართველოს რესპუბლიკის პროკურორის თანაშემწის სახელზე დაწერილ წერილში, ილიკო იმერლიშვილს მხოლოდ მცხეთის რაიონის ტერიტორიაზე მოქმედი ,,წითელი რაზმის“ უფროსად მოიხსენიებს. რაც შეეხება საგურამოს ტერიტორიაზე მოქმედი ,,წითელი რაზმის“ ხელმძღვანელის ვინაობას, ასეთად იგი ლადო ფეიქრიშვილს ასახელებს. [8] (სოციალ-დემოკრატიულ პარტიას იმ დროს მაზრები რაიონული პრინციპით ჰქონდა დაყოფილი. მაგალითად, დუშეთის მაზრა დაყოფილი იყო რვა რაიონად - მცხეთის რაიონი, საგურამოს რაიონი, მუხრანის რაიონი და სხვები. თ.ს.) არადა, საინტერესოა, რომ 1934 წლამდე დაწერილ ერთ-ერთ მოგონებაში გიორგი ტატიშვილი ილიკო იმერლიშვილზე წერს - დუშეთის მაზრის ტერიტორიაზე მოქმედი ,,წითელ რაზმელების“ საერთო კრებაზე დუშეთის რაიონში ,,...ავირჩიეთ საერთო ხელმძღვანელი წითელი რაზმის - უფროსი ილიკო იმერლიშვილი, თანაშემწე ვასო ფარეშიშვილი“. [9] აღსანიშნავია ისიც, რომ ერთ-ერთ საარქივო დოკუმენტში ილიკო იმერლიშვილი დასახელებულია დუშეთის მაზრაში სოციალ-დემოკრატიული პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელად. [10] (საინტერესოა იმისი აღნიშვნაც, რომ 1933-1934 წლებში დაწერილ მოგონებებში გიორგი ტატიშვილი გიგლა ბერბიჭაშვილს აქტიურ სოციალ-დემოკრატ რევოლუციონერად ასახელებდა და დადებითად ახასიათებდა, ხოლო 1936 წლიდან იგი გ. ბერბიჭაშვილს მხოლოდ უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებდა. თ.ს. [11])
ვფიქრობ, ამ დოკუმენტების მცირე ანალიზიდან კარგად ჩანს, რომ საბჭოთა პერიოდში მოხდა ილიკო იმერლიშვილის, როგორც მცხეთის და საგურამოს ტერიტორიაზე მოქმედი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ,,წითელი რაზმის“ ხელმძღვანელის, ასევე მისი და გიგლა ბერბიჭაშვილის, პავლე ფშავლიშვილის, ივანე ინაშვილის ურთიერთობის შესახებ ინფორმაციების მიჩქმალვა. არადა ჩემს მიერ ზემოთ მოყვანილი დოკუმენტების გარდა არსებობს სხვა უამრავი დოკუმენტი, რომლებიც პირდაპირ ადასტურებენ ამ პირების მიერ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ჩადენას. მაგალითად, ერთ-ერთ საარქივო საქმეში პ. ფშავლიშვილთან და მის ,,თანამებრძოლებთან” კავშირში ეჭვმიტანილი პირის, 1908 წლით დათარიღებულ დაკითხვის ოქმში სიტყვა-სიტყვით წერია შემდეგი: ,,დაკითხვისას დაკავებულმა ახსნა, რომ ამა წლის მაისში(1908) ის შემთხვევით შეუერთდა ფშავლიშვილის ბანდას, რომელშიც მონაწილეობდნენ: თვით ბანდის მეთაური ფშავლიშვილი, ილია ჭავჭავაძის მკვლელები: ივანე ინაშვილი და გიგლა დარჩოს ძე ბერბიჭაშვილი და სოფ. მცხეთის მცხოვრები ილიკო იმერლიშვილი და მრავალი სხვა, რიცხვით 13 კაცამდე.” [12]
ბუნებრივია ისმის კითხვა თუ რატომ დაფარეს საბჭოთა პერიოდში ილიკო იმერლიშვილის მონაწილეობა ილიას მკვლელობაში?
ცნობილია, რომ ოფიციალურად ილიკო იმერლიშვილი 1914 წელს გარდაიცვალა, უფრო სწორედ მოულოდნელად აფეთქებულმა ბომბმა შეიწირა მისი სიცოცხლე. შესაბამისად, საბჭოთა პერიოდში ილიკო იმერლიშვილის შესახებ, მისი ყოფილი თანამებრძოლებისგან გაყალბებული ინფორმაციების ,,მიღება“ უფრო იოლი იყო, ვიდრე საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში, 1921 წლიდან სხვადასხვა პარტიულ და სამეურნეო თანამდებობებზე მომუშავე გიგლა ბერბიჭაშვილზე. არადა, ეს უკანასკნელი 1905-1907 წლებში აქტიური რევოლუციური ,,მოღვაწეობის“, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბოლშევიკური ფრთის წარმომადგენლებთან ახლო ურთიერთობის მიუხედავად, 1941-1942 წლების მიჯნაზე ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით საბჭოთა სასამართლოს მიერ იქნა გასამართლებული.
ზემოთ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემამდე, მინდა რამოდენიმე სიტყვით შევეხო და დავაზუსტო ილიკო იმერლიშვილის პარტიული კუთვნილება. საქმე იმაშია, რომ 1905-1907 წლებში მენშევიკებიც და ბოლშევიკებიც ერთმანეთთან აქტიურად თანამშრომლობდნენ, მაგრამ ამის მიუხედავად ილიკო იმერლიშვილი ბოლშევიკებთან უფრო ახლოს იყო. ამ უკანასკნელის ბოლშევიკური პარტიისადმი კუთვნილება დასტურდება ილიკო იმერლიშვილის მეგობრების და ,,ამხანაგების” მიერ, 1934 წლის იანვარში დაწერილ მის ბიოგრაფიაში: ,,ილიკო იმერლიშვილი 1904 წლის დამლევს თუმცა ჯერ პატარა იყო, დიდი საკითხისათვის ჯერ მომზადებული არ იყო, მაგრამ ინსტიქტურად ბოლშევიკურ ფრაქციის მუშაობას ემხრობოდა და მთელი თავისი ძალღონით ამტკიცებდა ბოლშევიკური ფრაქციის უპირატესობას. ამ ხნიდან ილიკო მოექცა ბოლშევიკური ფრაქციის გავლენის ქვეშ და პრაქტიკული მუშაობის დროს საშა ობოლაძეს არ შორდებოდა. [13]
1905-1907 წლებში კახეთში მოღვაწე სოციალ-დემოკრატი რევოლუციონერის კოტე გურგენაშვილის მოგონებებით: ,,1905 წლის ... ოქტომბრის დამლევს ამხანაგ სტალინის დავალებით მოხდა თბილისის გუბერნიის ყველა წითელი რაზმების გაერთიანება, სადაც არჩეულ იქნა შტაბი. ამ შტაბს დაერქვა ქართლ-კახეთის გაერთიანებული წითელ რაზმელთა შტაბი. ამ შტაბის უფროსად ხელმეორედ არჩეულ იქნა ამხ. ვანო ალიხანაშვილი(ვანო გურული, ხუნხუზა), შტაბში თელავის მაზრიდან შეყვანილ იქნენ აქვსენტი სიდამონიძე და სანდრო ყავლაშვილი, გორის მაზრიდან ვანო ქრისტესიაშვილი და გიორგი მაჩაბელი, სიღნაღის მაზრიდან ნიკო ქადაგიშვილი, დუშეთის მაზრიდან ილიკო იმერლიშვილი... სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ გარდა ალიხანაშვილისა(ხუნხუზასი) ვანო ქრისტესიაშვილისა და ილიკო იმერლიშვილისა ყველა მენშევიკი წითელრაზმელები იყვნენ.” [14]
საინტერესოა, რომ ამავე მასალაში დასტურდება იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილის(კობა; სტალინი) ხელმძღვანელი როლი თბილისის გუბერნიის ,,წითელი რაზმელების” საქმიანობის წარმართვაში და ასევე მისი შესაძლო ნაცნობობა ილიკო იმერლიშვილთან - ,,წითელი რაზმელების თანხლებით 12 იანვარს ამხანაგ სტალინის ხელმღვანელობით სოფელ საგარეჯოში მოეწყო ქართლ-კახეთის წითელ რაზმელთა სამხედრო შტაბის თათბირი.“ [15]
სხვა დოკუმენტის მიხედვით ამ თათბირს დასწრებიან - საშა ობოლაძე, არკადი ელბაქიძე, კამო(ტერ-პეტროსიანი) ილიკო იმერლიშვილი, ვასო ფარეშიშვილი, რომან თარაშვილი და სხვები. [16]
ჟურნალ ცისკრის წინა ნომერში(#9, 2012) დაბეჭდილ ჩემს სტატიაში ,,რევოლუციურ-ტერორისტული ორგანიზაცია ,,მთაწმინდის ჯგუფი” და ილია ჭავჭავაძის მკვლელობასთან დაკავშირებული პირები“ მე ვწერდი, რომ ილიკო იმერლიშვილს და დიმიტრი ჯაშს ჰქონდათ ძალიან ახლო კავშირები ცნობილ ბოლშევიკებთან - ბაჭუა (სამუელ) კუპრაშვილი, კამო (ტერ-პეტროსიანი), ალექსანდრე (საშა) ობოლაძე, კოტე ცინცაძე და იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი.
სწორედ იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილთან ილიკო იმერლიშვილის ახლობლობას ადასტურებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში არსებული დოკუმენტი, რომლის ამონარიდსაც ახლა გაგაცნობთ.
ამ დოკუმენტის შინაარსის უკეთ გაცნობის მიზნით, მინდა მცირე განმარტება გავაკეთო. 1914 წლის 13 იანვარს თბილისში ილიკო იმერლიშვილს და მის თანამებრძოლ ვასო ფარეშიშვილს პოლიცია მათი დაკავების მიზნით თავს დაესხა. ეს ამბავი დოკუმენტურად დადასტურებულია საქართველოს საისტორიო არქივში არსებული სოლიდური საქმით, რომელშიც სხვათა შორის ილიკო იმერლიშვილი დასახელებულია ილია ჭავჭავაძის მკვლელების ბანდის მეთაურად. (ამ საქმეში არსებულ ორ დოკუმენტში, პირველი ესაა - 1914 წლის 15 იანვრით დათარიღებული თბილისის სამძებრო პოლიციის განყოფილების უფროსის მიერ თბილისის პოლიცმეისტერის სახელზე გაგზავნილი ორ გვერდიანი მოხსენება, მეორე კი 1914 წლის 1 თებერვლით დათარიღებული, ასევე თბილისის სამძებრო პოლიციის განყოფილების უფროსის მიერ თბილისის საგანგებო საქმეთა გამომძიებლის სახელზე გაგზავნილი სამგვერდიანი მოხსენება, სიტყვა-სიტყვით წერია შემდეგი: ,,ილიკო იმერლიშვილმა თავისი დაჯგუფების წევრებთან ერთად ჩაიდინა უამრავი მკვლელობა კერძო და თანამდებობრივი პირებისა, სოფლის მამასახლისებისა, სტრაჟნიკებისა, მემამულე თავად ილია ჭავჭავაძისა (ქართველი მწერლის).” თ.ს. [17])
დასახელებულ საქმეში არსებული მასალების მიხედვით, 1914 წლის 13 იანვარს ილიკო იმერლიშვილი და ვასო ფარეშიშვილი თბილისში ნაძალადევის (ე.წ. ,,ნახალოვკა“) ტერიტორიაზე მდებარე ბასეინის(აუზის) ქუჩა # 15-ში, სოფელ მცხეთის მცხოვრებ ნინა მაისურაძის ბინაში იმყოფებოდნენ. ამავე ბინაში იყვნენ ილიკო იმერლიშვილის მეუღლე ლიზა იმერლიშვილი და მათი ორი მცირეწლოვანი ბავშვი. [18]
ზემოდასახელებული დოკუმენტი, რომელშიც დადასტურებულია იოსებ(კობა) ჯუღაშვილთან ილიკო იმერლიშვილის კავშირი მათი თანამედროვის ნინა მაისურაძის ბიოგრაფიაა, რომელიც სავარაუდოდ 1934 წლამდეა დაწერილი. საინტერესოა, რომ ამ დოკუმენტის ბოლოში არის მინაწერი და ჩანს იგი ამ დოკუმენტზე დადებული რეზოლუციაა - ,,სადგური მცხეთა, აზნეფტი, მათიაშვილი. გამოიძახეთ ნინა გიორგის ასული მაისურაძე“. [19] მკითხველი ცოტა ქვემოთ ნახავს, რომ გამოძახების მიზეზი ალბათ აღნიშნული დოკუმენტის შინაარსი იყო.
ამ დოკუმენტიდან გამომდინარე, ნინა მაისურაძე და მისი მეუღლე გიორგი მაისურაძე, იგივე გიგოლა კალო(ა)ვიშვილი იყვნენ რევოლუციონერები და საკმაოდ კარგად იცნობდნენ იოსებ(კობა) ჯუღაშვილს: ,,ჩემმა ქმარმა დაიწყო რევოლუციური მუშაობა 1905 წელს. 1905, 1906, 1907 წლებში დაკავშირებული იყო ვანო სტურუასთან, ილია იმერლიშვილთან (მუშა ტიპოგრაფიიდან), ვასილ ფარეშიშვილთან, ჩიჩუაშვილი, ვალიკო გურული, ზალიკო სვიმონიშვილი - იგივე კახელი, ჯუღაშვილი კობა, გორელი ჩიტო.“ სხვა საარქივო დოკუმენტების მიხედვით ამ პირების ნაწილი - ვალიკო გურული, გორელი ჩიტო, ჩიჩუაშვილი (უნდა იყოს ჩუგუაშვილი. თ.ს.) მონაწილეობას იღებდნენ ტერორისტული ხასიათის შეიარაღებულ თავდასხმებში და იყვნენ ილიკო იმერლიშვილის დაჯგუფების თუ ,,წითელი რაზმის“ წევრები.
დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ იოსებ(კობა) ჯუღაშვილი რამოდენიმეჯერ იყო ნინა მაისურაძის ოჯახის სტუმარი - ,,მცხეთაში ჩვენთან ორჯელ იყო ჯუღაშვილი კობა. ის მოდიოდა ქმართან - აძლევდა მას დავალებებს - შეეკრიბა გლეხები, რომლებიც თანაუგრძნობდნენ რევოლუციურ მოძრაობას. ღამით ამხანაგი კობა მოდიოდა ამ შეკრებებზე, შემდეგ ლაპარაკობდა გლეხებთან, ღამის გასათევად მიდიოდა ტყეში... მოდიოდა ის ღამით ქმართან ერთად, ისაუზმებდა და მიდიოდა შეკრებაზე.“ [20] როგორც ჩანს იოსებ(კობა) ჯუღაშვილი საკმაოდ კარგად იცნობდა ნინა მაისურაძის ოჯახს, რადგან როგორც ეს უკანასკნელი წერს: ,,1908 წელს ჩვენ გადავედით ყვირილის ქუჩაზე #12, სადაც სარდაფში ვცხოვრობდით. აქ 1908 წლის შემოდგომაზე ქმარმა ჯუღაშვილი თავისთან ერთად ორჯელ მოიყვანა. მოდიოდნენ საღამოთი მე მათ ვასაუზმებდი და მიდიოდნენ. მათთან ერთად არავინ მოდიოდა. ამ დროს ქმარი უკვე სახლში აღარ ცხოვრობდა, ის იმალებოდა და კვირაში ერთხელ, თვეში ერთხელ მოდიოდა სახლში“.
დოკუმენტიდან ირკვევა ისიც, რომ ნინა მაისურაძე და ილიკო იმერლიშვილის მეუღლე ლიზა იმერლიშვილი ერთმანეთს ადრიდანვე კარგად იცნობდნენ და ახლობლობდნენ. მეტიც, ისინი ერთად ცხოვრობდნენ თბილისში ფარკოპელნოეს ქუჩის #17-ში. ნინა მაისურაძის სიტყვებით მათ ბინაში მიდიოდნენ - ფარეშიშვილი, იმერლიშვილი, ჩუგუაშვილი, არსენი (სავარაუდოდ არსენ წითლიძე. თ.ს.) და სხვები.
დასახელებული პირები ნინა მაისურაძის ოჯახში პოლიციის დევნას თავს აფარებდნენ და ატარებდნენ ასევე ფარულ კრებებს: ,,1910 წელს ზამთარში, ჩვენს ბინაში იმერლიშვილის მხრიდან შეიკრიბა იატაკქვეშა კრება იმერლიშვილის ბავშვის ნათლობის სახით. ამ შეკრებაზე იყო ამხანაგი კობა ჯუღაშვილი, მოვიდა ქართულ ქუდში, ახლალუხში და ზემოდან პალტოთი. მე მოვუმზადე მათ სადილი, ვახშამი. ისინი იყვნენ ბინაში მთელი დღე, და გაათენეს ყველა 15 კაცმა ჩემს ბინაში შეკრების დამთავრებამდე. დილით ადრევე ისაუზმეს და დაიშალნენ სათითაოდ. ამ დღეს ვარლამ გურულმა - რევოლუციური ორგანიზაციის წევრმა წაიყვანა ჩემი შვილი პეტრე თავისთან ფოსტაში, რომ ეჩვენებინა, ის მიდიოდა საქმეზე 10 წლის ბავშვთან ერთად და დაემალა თავისი ნამდვილი მიზანი.
საღამოთი იმერლიშვილი, ფარეშიშვილი, გედევანიშვილი(ილიკო იმერლიშვილის რაზმის წევრი. თ.ს.) და სხვები მოვიდნენ ჩვენთან და მოგვიყვნენ, რომ მოხდა თავდასხმა ფოსტაზე (მდებარეობდა ალექსანდრეს ბაღის წინ) და თავდასხმისას სროლაში დაიხოცნენ ვარლამ გურული და ზალიკო სვიმონიშვილი, რომლებიც იყვნენ იატაკქვეშა კრებაზე იმ 15 კაცს შორის ჩვენს ბინაში.
ამ სროლის შემდეგ ქუჩაში გაჩნდა ჟანდარმერია, შპიკები და იმერლიშვილმა დაიჟინა რომ ჩვენ შეგვეცვალა ბინა. ჩვენ გადავედით ბასეინის ქუჩაზე #15 1912 წელს. ბასეინის ქუჩაზე ჩვენთან იყვნენ ხოლმე: ვასო ფარეშიშვილი, ილიკო იმერლიშვილი, მალხაზ გედევანიშვილი, დიაკვანი არჩილ იოსებიძე, ამ უკანასკნელმა გაგვცა... 1914 წლის 13 იანვარს ალყა შემოარტყეს მთელ ნახალოვკას... ფარეშიშვილი მოკლეს ..იმერლიშვილი დაიმალა“. [21]
ამრიგად, როგორც ვნახეთ ზემოთ მოყვანილი დოკუმენტის შინაარსი მრავლისმეტყველია, ეს დოკუმენტი ერთის მხრივ გვიჩვენებს, რომ ილიკო იმერლიშვილი და იოსებ(კობა) ჯუღაშვილი დაახლოებული პირები იყვნენ და მეორეს მხრივ კი, ადასტურებს იოსებ(კობა) ჯუღაშვილის კავშირს სოციალ-დემოკრატ ტერორისტებთან და ,,წითელ რაზმელებთან“. ამასთან, ირიბად დასტურდება იოსებ(კობა) ჯუღაშვილის კავშირი ბოლშევიკების მიერ ჩადენილ ტერორისტულ და ექსპროპრიაციულ აქტებთან.
ამ დოკუმენტში მოყვანილი ფაქტები საჭიროებს დამატებით გადამოწმებას, ფაქტების შეჯერებას, სიღრმისეულ ანალიზს, მაგრამ ის, რომ 1910 წლის იანვრის დასაწყისში იოსებ(კობა) ჯუღაშვილი იმყოფებოდა საქართველოში, თბილისში, სადაც მონაწილეობა მიიღო ბოლშევიკების არალეგალური გაზეთის ,,თბილისის პროლეტარი“ გამოცემაში დადასტურებულია მისი ბიოგრაფიით და სხვა მასალებით. (საინტერესოა, რომ აღნიშნული გაზეთი იბეჭდებოდა იმ არალეგალურ სტამბაში, რომლის ადგილსამყოფელი საარქივო მასალების მიხედვით, 1910 წლის ზაფხულში გასცა თბილისის ,,ოხრანკის“ განყოფილების აგენტმა ,,სლუჩაინიმ“, ანუ დიმიტრი სოფრომის ძე ჯაშმა. თ.ს.)
ვფიქრობ აშკარაა, რომ საბჭოთა მართლმსაჯულებას და საბჭოთა სპეცსამსახურებს გააჩნდათ სერიოზული მიზეზები, რის გამოც ფარავდნენ ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში ილიკო იმერლიშვილის მონაწილეობას. ერთ-ერთი მიზეზი, როგორც ჩანს ილიკო იმერლიშვილის და იოსებ(კობა) ჯუღაშვილის ახლო ურთიერთობა იყო, რაც გარკვეულწილად დასტურდება ზემოთ მოყვანილი დოკუმენტით.
გამოყენებული წყაროების და ლიტერატურის
ცხადია, ილიკო იმერლიშვილის და იოსებ(კობა) ჯუღაშვილის ნაცნობობა ან თუნდაც ახლო, პირადი ურთიერთობა არ იყო საბჭოთა პერიოდში ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში ილიკო იმერლიშვილის მონაწილეობის დაფარვის ერთადერთი მიზეზი. ჩემი ვარაუდით არსებობდა სხვა უფრო მნიშვნელოვანი ფაქტები, მტკიცებულებები, დოკუმენტები, რომლებიც შესაძლოა მომავალი კვლევის პროცესში აღმოჩნდეს და აღნიშნულ საკითხს კიდევ უფრო მეტად მოფინოს ნათელი.
(საკითხით დაინტერესებულმა პირებმა ნახეთ შემდგომი კვლევა ,,იოსებ ჯუღაშვილის(სტალინი) და ნიჟარაძის იგივეობის შესახებ აქ:
http://simashvili.blogspot.com/2015/12/tengiz-simasvili-ioseb-jurasvilistalini.html
http://simashvili.blogspot.com/2015/12/tengiz-simasvili-ioseb-jurasvilistalini.html
გამოყენებული წყაროების და ლიტერატურის
სია
1. თ. სიმაშვილი, ,,უახლესი დოკუმენტები და ილია ჭავჭავაძის მკვლელობა“(ილიას მკვლელობიდან გასული 105 წელი), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტომი VI, თბილისი, გამომცემლობა, ,,მერიდიანი“, 2012; თ. სიმაშვილი, ,,რევოლუციურ-ტერორისტული ორგანიზაცია ,,მთაწმინდის ჯგუფი” და ილია ჭავჭავაძის მკვლელობასთან დაკავშირებული პირები“, ჟურნალი ,,ცისკარი“, # 9, 2012, თბილისი; თ. სიმაშვილი, ,,ილია ჭავჭავაძის მკვლელობა გახსნილია“(ახალი დოკუმენტები ილია ჭავჭავაძის მკვლელობასთან დაკავშირებით), ჟურნალი ,,ცისკარი“, # 6, 2012, თბილისი; ნ. გრიგალაშვილი, ,,თანამდევი სული”, ტომი II, 2012, თბილისი
2. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის II განყოფილება, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 93, აღწერა 2, საქმე 855, გვერდი 2
3. საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ლიტარატურისა და ხელოვნების განყოფილება, ფონდი 267, აღწერა 2, საქმე 10, გვერდი 31
4. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის II განყოფილება, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 93, აღწერა 2, საქმე 1111, გვერდი 3-5
5. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის II განყოფილება, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 93, აღწერა 2, საქმე 1116, გვერდი 2
6. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის II განყოფილება, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 93, აღწერა 2, საქმე 1116, გვერდი 4
7. ნ. გრიგალაშვილი, ,,ერთი უნიკალური ფოტოს გამო“, ჟურნალი ,,ცისკარი“, # 5, 2012, თბილისი, გვერდი 65;
8. საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ლიტარატურისა და ხელოვნების განყოფილება, ფონდი 303, აღწერა 1, საქმე 1059, გვერდი 2
9. საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ლიტარატურისა და ხელოვნების განყოფილება, ფონდი 267, აღწერა 1, საქმე 112, გვერდი 102
10. საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივი, თბილისის პოლიცმეისტერის სამძებრო განყოფილების ფონდი 97, აღწერა 1, საქმე 294, გვ. 15
11. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის II განყოფილება, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 93, აღწერა 2, საქმე 166, გვერდი 6
12. თ. სიმაშვილი, უახლესი დოკუმენტები და ილია ჭავჭავაძის მკვლელობა(ილიას მკვლელობიდან გასული 105 წელი), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტომი VI, თბილისი, გამომცემლობა, ,,მერიდიანი“, 2012, გვერდი
13. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის II განყოფილება, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 93, აღწერა 2, საქმე 376, გვერდი 1-3
14. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის II განყოფილება, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 8, აღწერა 2(I), საქმე 11, გვერდი 97-100
15. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის II განყოფილება, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 8, აღწერა 2(I), საქმე 11, გვერდი 97-100
16. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის II განყოფილება, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 93, აღწერა 2, საქმე 376, გვერდი 3
17. საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივი, თბილისის პოლიცმეისტერის სამძებრო განყოფილების ფონდი 97, აღწერა 1, საქმე 294, გვ. 3; 18
18. საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივი, თბილისის პოლიცმეისტერის სამძებრო განყოფილების ფონდი 97, აღწერა 1, საქმე 294, გვ. 1-2
19. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის II განყოფილება, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 93, აღწერა 2, საქმე 553, გვერდი 4
20. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის II განყოფილება, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 93, აღწერა 2, საქმე 553, გვერდი 1
21. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის II განყოფილება, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 93, აღწერა 2, საქმე 553, გვერდი 2-3
No comments:
Post a Comment
Note: Only a member of this blog may post a comment.