იოსებ ჯუღაშვილი(სტალინი) და ნიჟარაძის იგივეობის შესახებ
თენგიზ სიმაშვილი
იოსებ ჯუღაშვილი(სტალინი) და ნიჟარაძის იგივეობის შესახებ
სტატია გამოქვეყნდა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტი,ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის
შრომები, ტ. IX, 2015
იოსებ ჯუღაშვილის (სტალინი) შესახებ მოვიძიე საკმაოდ საინტერესო მასალები. მათ შორის შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი დოკუმენტი, საქართველოს საისტორიო ცენტრალურ არქივში დაცულ ,,თბილისის სამძებრო პოლიციის ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გამოძიების საქმეში'' აღმოჩნდა.
თბილისის სამძებრო პოლიციის ოპერატიული თანამშრომელი ვინმე ფიცხელაური, თბილისის პოლიციის სამძებრო განყოფილების უფროსს პეტრე ევტუშევსკის, ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან სულ რამოდენიმე დღეში წერს ორ წერილს. *(პ. ევტუშევსკი იძიებდა ილია ჭავჭავაძის მკვლელობას _ თ.ს.) ფაქტობრივად ისინი არაოფიციალური შეტყობინებებია მკვლელობაში მონაწილე პირების ვინაობის შესახებ. მომაქვს ამ წერილის ტექსტი:
`ძვირფასო პეტრე ალექსანდრეს ძევ! ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შესახებ უნდა იცოდეს დუშეთის მაზრის სოფელ მცხეთის მცხოვრებმა სახელით ილია მცხეთელი. იგი თუ არ მონაწილეობდა დანაშაულში, მაშინ მას ეცოდინება, რადგან იცის ვინ ჩადის მსგავს დანაშაულს, ამიტომ ვვარაუდობ რომ დავიჭიროთ. ამის გარდა აუცილებელია დაჭერა მეფაიტონის, რომელიც როგორც მოვიკვლიე იცნობს პირებს, ვინც ჩაიდინა თავად ჭავჭავაძის მკვლელობა.
უღრმესი პატივისცემით, თქვენი ფიცხელაური
ქ. ტფილისი
4 სექტემბერი 1907 წელი~ [საქართველოს საიტორიო ცენტრალური არქივი (სსცა), ფ. 97, აღ.2, საქ. 35, გვ. 26]. (წერილის სტილი დაცულია)
მკვლევართათვის ეს წერილი საინტერესოა იმიტომ, რომ 1907 წლის 4 სექტემბერს გამოძიებისათვის უკვე ცნობილი იყო ბოლშევიკი ტერორისტის ილიკო იმერლიშვილის ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში მონაწილეობის შესახებ. საქმე იმაშია, რომ ი. იმერლიშვილის მეტსახელი, თბილისში სოციალ-დემოკრატი მუშების მიერ შექმნილ ტერორისტულ ორგანიზაციაში - ,,მთაწმინდის ჯგუფი”, ყოფნისას `ილია მცხეთელი~ გახლდათ. შესაბამისად, ილიკო იმერლიშვილის და ,,ილია მცხეთელის” იგივეობის შესახებ ამ დროს პოლიციამაც იცოდა, თუმცა ამ კუთხით ძიება არ უწარმოებია. *(უშუალოდ დუშეთის მაზრაში ილიკო იმერლიშვილის მეტსახელი ,,იმერელი” იყო. აღნიშნული დასტურდება დოკუმენტურად _ თ.ს. [გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ალექსანდრე კოჭლავაშვილის ფონდი, დარია ჯაშის ნაამბობი, ჩაწერილი 1957 წელს, ქ. ბათუმი, 48-ხ, გვერდი 12; თ. სიმაშვილი, ,,სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკი ტერორისტები ილია ჭავჭავაძის მკვლელები”, 2011, თბილისი, გვერდი 114])
დასახელებულ საარქივო საქმეში არსებულ ამ წერილს მოსდევს ფიცხელაურის მიერ თბილისის სამძებრო პოლიციის უფროსის პ. ევტუშევსკისადმი გაგზავნილი, 1907 წლის 5 სექტემბერით დათარიღებული მეორე წერილი:
`ძვირფასო პეტრე ალექსანდრეს ძევ! თავად ჭავჭავაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ნიჟარაძე დაკავებულ იქნა ბორჯომში, როგორც მე საიდუმლოდ გავიგე მას უპოვეს მოკლულის საათი, ასევე დააპატიმრეს მეეტლე. არ სურთ გაამჟღავნონ საათის პოვნა იმ მოსაზრებით, რომ მკვლელობის მონაწილეები შესაძლებელია დაიმალნენ.
უღრმესი პატივისცემით, თქვენი ფიცხელაური.
5 სექტემბერი 1907 წელი~ [სსცია, ფ. 97, აღ.2, საქ. 35, გვ. 25] (წერილის სტილი დაცულია). (იხ. დოკ. 1)
ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში `ილია მცხეთელის~ და ვინმე ,,ნიჟარაძის’’ სავარაუდო მონაწილეობის შესახებ, ჯერ კიდევ 2011 წელს გამოსულ ჩემს წიგნში _ ,,სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკი ტერორისტები ილია ჭავჭავაძის მკვლელები’’ მაქვს ნათქვამი [თ. სიმაშვილი, ,,სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკი ტერორისტები ილია ჭავჭავაძის მკვლელები”, 2011, თბილისი, გვერდი 70]. *(საინტერესოა, რომ ,,ნიჟარაძე’’ და ,,ილია მცხეთელი’’ ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილებად აღნიშნული საარქივო საქმის სარჩევშიც არიან დასახელებული _ თ.ს.)
ჩემი აზრით, ახლად მოძიებული უამრავი დოკუმენტის გამომზეურებით, ჩემს ნაშრომებში ნათლად დავასაბუთე მეტსახელების - ,,ილია მცხეთელის” და ,,იმერელის” იგივეობა ილიკო იმერლიშვილთან, ასევე ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში ილიკო იმერლიშვილის უშუალო მონაწილეობა. *(დაინტერესებულმა მკითხველმა შესაძლოა ნახოს შრომები და დოკუმენტების ასლები ინტერნეტში, ჩემს ვებ-გვერდზე ჰტტპ://სიმასჰვილი.ბლოგსპოტ.ცომ/ _ თ.ს.) თუმცა, ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში სავარაუდო მონაწილის - ,,ნიჟარაძის’’ ვინაობის დასადგენად ჩემს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები და დეტალური ანალიზი არ გამომიქვეყნებია. ვცდილობდი მომეძიებინა დამატებითი მასალები, რადგან ეს გვარი შესაძლებელია უაღრესად მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი იყოს იოსებ ჯუღაშვილის (სტალინი) ბიოგრაფიის შესწავლასთან დაკავშირებით.
საქმე იმაშია, რომ იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი 1908 წელს ბაქოში ყალბი პასპორტით გაიოზ ბესოს ძე ნიჟარაძის სახელზე იქნა დაპატიმრებული. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პარტიულ არქივში მოიპოვება, ამ საკითხთან კავშირში არსებული საარქივო დოკუმენტების ასლები. მათ შორის ერთ-ერთია ბაქოს ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსის მიერ 1908 წლის 31 მაისს, ბათუმის ოლქში ქუთაისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსის მოადგილისადმი გაგზავნილი შემდეგი საიდუმლო წერილი:
,,ამა წლის 25 მარტს ბაქოში მცხოვრები პიროვნება ყალბი პასპორტით გაიოზ ბესოს ძე ნიჟარაძის სახელზე ბაქოს ციხეში იქნა დაპატიმრებული. დაკითხვისას ნიჟარაძემ აღიარა, რომ მისი ნამდვილი სახელია იოსებ ბესარიონის ძე ჯუგაშვილი და არის თბილისის გუბერნიის და მაზრის დიდი ლილოს სოფლის საზოგადოების გლეხი, და რომ 1902 წელს იგი ქალაქ ბათუმში, ქუთაისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს მიერ პროპაგანდის წარმოების გამო დააპატიმრეს და იაკუტიის მხარეში სამი წლით იქნა გასახლებული. გადასახლების ადგილი 1904 წელს თვითნებურად დატოვა.
თან ვურთავთ მის ფოტოს, რათა დაადგინოთ მასზე გამოსახული პირი, რომელმაც თავი დაასახელა ჯუგაშვილად, თუ იყო ბრალდებული ბათუმში და რა ცნობები გაქვთ მასზე.
როტმისტრი ...~ [საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი სშსსა, ფ. 8, აღ. 5, საქ. 207, გვ. 27].
ეს დოკუმენტი ისტორიკოსებისათვის ცნობილია, მაგრამ უცნობი იყო ჩემს მიერ მოძიებული დოკუმენტი ვინმე ,,ნიჟარაძის” ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში მონაწილეობის შესახებ. სწორედ ამიტომ აღვნიშნე ზემოთ, რომ მსურდა სრულყოფილი მასალები მომეკვლია და შემდეგ გამომექვეყნებინა ჩემი ანალიზი. სამწუხაროდ, სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო, რასაც დასასრულს მივუთითებ, არ მომეცა ამის საშუალება.
Kკვლევის ამ ეტაპზე მოძიებული მასალებიდან ირკვევა, რომ გაიოზ ნიჟარაძის სახელზე ყალბი პასპორტი გაცემული იყო 1906 წლის 7 აპრილს [А. В. Островский ,,Кто стоял за
спиной Сталина?’’ Москва, 2004, Страница 291]. სავარაუდოა, რომ იოსებ ჯუღაშვილმა იგი ,,შეიძინა’’ გიორგი ბერძენიშვილის სახელზე გაცემული პასპორტის სანაცვლოდ, რომელიც მას 1906 წლის მარტში პოლიციამ ჩამოართვა.
იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილის და გაიოზ ბესოს ძე ნიჟარაძის იგივეობას ეხება სხვა დოკუმენტიც. ეს არის თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსის 1908 წლის 10 ივნისით დათარიღებული წარწერის (რეზოლუციის) ასლი ბაქოს ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსის 1908 წლის 31 მაისის წერილზე:
`... ბაქოში თავად გაიოზ ბესოს ძე ნიჟარაძის სახელით ყალბი პასპორტით მცხოვრებმა პირმა დაკითხვისას აღიარა, რომ მისი ნამდვილი სახელია იოსებ ბესარიონის ძე ჯუგაშვილი - თბილისის გუბერნიის და მაზრის დიდი ლილოს სოფლის საზოგადოების გლეხი, რომ 1902 წელს იგი ქალაქ ბათუმში ქუთაისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს მიერ თბილისის სოციალ-დემოკრატიული პარტიის საქმის გამო იყო დაპატიმრებული და გასახლებულ იქნა იაკუტიის მხარეში სამი წლით, რომელიც 1904 წელს თვითნებურად დატოვა~ [სშსსა, ფ. 8, აღ. 5, საქ. 207, გვ. 53].
ამ დოკუმენტში უკვე დაკონკრეტებულია იოსებ ჯუღაშვილის პარტიული კუთვნილება. მომდევნო დოკუმენტში - 1908 წლის 13 ივნისით დათარიღებულ ბათუმის ოლქში ქუთაისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსის მოადგილის საიდუმლო წერილში, ბაქოს ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსისადმი, წერია: `თქვენი 1908 წლის 31 მაისის წერილის პასუხად მოგახსენებთ, რომ თბილისის გუბერნიის და მაზრის დიდი ლილოს სოფლის საზოგადოების გლეხი, იოსებ ბესარიონის ძე ჯუგაშვილი 1902 წელს ქალაქ ბათუმში ქუთაისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს მიერ პროპაგანდის გამო დაპატიმრებული იყო და გასახლებულ იქნა იაკუტიის მხარეში სამი წლით. იგი ჩემს ქვემდებარე პუნქტში (ბათუმი _ თ.ს.) ანტისახელმწიფოებრივი საქმის გამოძიებასთან ნამდვილად იყო დაკავშირებული. *(ბათუმში არსებობდა თბილისის ,,ოხრანკის~ ქვემდებარე განყოფილება ე.წ. ბათუმის ,,ოხრანკის’’ პუნქტი _ თ.ს. [თ. სიმაშვილი ,,საიდუმლო(პოლიტიკური) პოლიცია რევოლუციონერების წინააღმდეგ საქართველოში 1894-1908 წლებში”, თელავი, 2003])
მისი დანაშაული იმაში მდგომარეობდა, რომ იგი მთავარი ხელმძღვანელი და მასწავლებელი იყო ბათუმის მუშების, ასევე მუშათა რევოლუციურ მოძრაობის, რაც გამოიხატებოდა პროკლამაციების გავრცელებაში (გაფანტვა), აჯანყების მოწოდებით არსებული წყობის დასამხობად. ჯუგაშვილის ამოცნობა, თანდართული ფოტოსურათის მიხედვით ჩემი პუნქტის ვერც ერთმა თანამშრომელმა და პოლიციის ჩინმა დიდი დროის გასვლის გამო ვერ შეძლო.
ასევე ვთვლი საჭიროდ დავამატო, რომ დასახელებული ჯუგაშვილი, როგორც ჩემი ხელმძღვანელობით მოქმედი პუნქტის მასალებიდან ჩანს, ბრალდებულის სახით ნამდვილად იყო დაკავშირებული თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს მიერ წარმოებული ,,თბილისის რსდმპ წრის~ საქმის მოკვლევასთან და მასში მთავარი ბრალდებული იყო.
ხელმოწერა: როტმისტრი ....~ [სშსსა, ფ. 8, აღ. 5, საქ. 207, გვ. 28]
ზემოდასახელებული დოკუმენტები, როგორც აღვნიშნე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პარტიულ არქივში ასლების სახით არის შემორჩენილი. ქვემომოყვანილი დოკუმენტი კი ბაქოს ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსის გენერალ-მაიორ კოზინცევის 1908 წლის 4 აგვისტოს დადგენილებაა, რომელიც ეგზავნება თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსს. *(იღებს 1908 წლის 7 აგვისტოს _ თ.ს.) საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივის ერთ-ერთ საქმეში ასეთი წერილის დედანია დაცული:
,,დადგენილება # 4287
1908 წლის 4 აგვისტოს ქალაქ ბაქოში, მე ბაქოს ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსმა, გენერალ-მაიორმა კოზინცევმა, განვიხილე მიმოწერა ცნობების შეგროვებაზე პოლიტიკური კეთილსაიმედოობის დასადგენად პიროვნების, რომელიც დასახელებული იყო ქაიხოსრო ნიჟარაძედ და რომელიც, სინამდვილეში აღმოჩნდა იოსებ ბესარიონის ძე ჯუგაშვილი, ვიპოვე შემდეგი:
ამა წლის 25 მარტს ბაქოს სამძებრო პოლიციის ჩინების მიერ დაკავებული იქნა უცნობი პიროვნება, რომელმაც თავი დაასახელა ქუთაისის გუბერნიის და მაზრის სოფელ მაღლაკის მცხოვრებ ქაიხოსრო ნიჟარაძედ, რომელსაც ჩხრეკისას აღმოაჩნდა პარტიული მიმოწერა. ამ საქმეზე მიმოწერისას გამოირკვა, რომ ნიჟარაძე არის იოსებ ბესარიონის ძე ჯუგაშვილი - თბილისის გუბერნიის და მაზრის დიდი ლილოს სოფლის საზოგადოების გლეხი, რომელიც 1902 წელს დაკავშირებული იყო ქუთაისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს მიერ 251 სტატიით და თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს მიერ 251 სტატიის პირველი ნაწილი საქმის ძიებასთან. საბოლოოდ საქმე გადაჭრილ იქნა ადმინისტრაციული წესით და ჯუგაშვილი 1903 წლის 9 ივლისს გასახლებულ იქნა პოლიციის ღია ზედამხედველობის ქვეშ აღმოსავლეთ ციმბირში, საიდანაც გამოიქცა და პოლიციის დეპარტამენტის 1904 წლის 1 მაისის ცირკულარით იძებნებოდა. იოსებ ჯუგაშვილი ამა წლის 25 მარტიდან ბაქოს ციხეშია დაპატიმრებული. ვვარაუდობ, რომ იოსებ ბესარიონის ძე ჯუგაშვილი პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ აღმოსავლეთ ციმბირში სამი წლით იქნას გაძევებული.
დავადგინე: აღნიშნული მიმოწერა გადაიგზავნოს ბაქოს ქალაქისთავის განკარგულებაში.
ხელმოწერა: გენერალ მაიორი კოზინცევი.~ [სსცა, ფ. 94, აღ. 1, საქ. 157, გვ. 34] (იხ. დოკ. 2)
*(სწორედ ამ დოკუმენტის ასლი, ოღონდ როგორც ტექსტის ანალიზიდან ჩანს, იგი ამოღებულია ბაქოს არქივიდან, მოვიძიე ლავრენტი ბერიას წიგნად გამოცემულ მოხსენებაში – ლ. ბერია ,,ამიერკავკასიის ბოლშევიკური ორგანიზაციების ისტორიის საკითხისათვის~. (მოხსენება თბილისის პარტაქტივის კრებაზე 1935 წლის 21-22 ივლისს) მეექვსე გამოცემა, 1945 წელი. გვ. 208-209 - თ.ს.)
იოსებ ჯუღაშვილის ,,ნიჟარაძის’’ გვარით საქმიანობის, 1908 წლის მარტში დაპატიმრების შესახებ ინფორმაციებს, ლავრენტი ბერიას წიგნის გარდა სხვა, მათ შორის, თანამედროვე ავტორების შრომებშიც ვხვდებით, რასაც ქვემოთ შევეხები. ახლა კი აღვნიშნავ, რომ ზემოთ მოყვანილ საარქივო დოკუმენტში, ილია ჭავჭავაძის მკვლელად ვინმე ,,ნიჟარაძის’’ დასახელება თითქოსდა სრულიად ახლებურად გვანახებს იოსებ ჯუღაშვილის (სტალინის) სიყრმის მეგობრის იოსებ ირემაშვილის ბერლინში 1932 წელს გამოსულ წიგნში - ,,შტალინ უნდ დიე თრაგოედიე Gეორგიენს’’ (სტალინი და საქართველოს ტრაგედია) გამოთქმულ მოსაზრებას, რომ - იოსებ ჯუღაშვილს ილია ჭავჭავაძის მკვლელობასთან ჰქონდა კავშირი. *(მივუთითებ, რომ ასევე მოვიძიე საარქივო დოკუმენტი, რომლის შინაარსი ერთის მხრივ, 1902 წელს იოსებ ირემაშვილის და იოსებ ჯუღაშვილის ძალიან ახლო მეგობრულ დამოკიდებულებაზე, მეორეს მხრივ კი, 1902 წლის 9 მარტის ბათუმის მუშათა გამოსვლებში იოსებ ჯუღაშვილის აქტიურ მონაწილეობაზე მეტყველებს - თ.ს.)
ამრიგად, ერთის მხრივ, თითქოსდა გვარების ასეთი დამთხვევა პირდაპირ მიანიშნებს იოსებ ჯუღაშვილის მონაწილეობაზე ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში. მეორეს მხრივ კი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მასალებზე მუშაობისას, ილიას ფიზიკური მკვლელების – ილიკო იმერლიშვილის, ივანე ინაშვილის, პავლე ფშავლიშვილის და გიგლა ბერბიჭაშვილის შესახებ საქართველოში არსებულ არქივებში არსებული დოკუმენტების დამუშავებისას, სხვა რაიმე მინიშნებას ვინმე ,,ნიჟარაძის’’, ანდა იოსებ ჯუღაშვილის მონაწილეობაზე ამ მკვლელობაში, ვერ მივაკვლიე.
იმის გამო, რომ ზემომოყვანილ დოკუმენტში ნათქვამია ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ნიჟარაძე, ილიას საათით ბორჯომში დააკავეს, *(მკითხველისათვის ვფიქრობ საინტერესოა, რომ სტალინს, ისევე როგორც სხვა უამრავ ადამიანს ჰქონია ჰობი – აგროვებდა საათებს. 1940-1949 წლებში ,,სოვნარკომის’’ (საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭო) საქმეების მმართველი ი. ე. ჩაადაევის მოგონებაში აღნიშნულია, რომ სტალინი აგროვებდა საათებს და ჰქონდა კოლექცია. მათ შორის მაჯის და ასევე ე.წ. ჯიბის საათების. [Г. А. Куманев, ,,Говорят сталинские наркомы’’,
Смоленск, 2005, Страница 512] - თ.ს.) შეძლებისდაგვარად გამოვიკვლიე იმ პერიოდში ბორჯომში, მის მიმდებარე ტერიტორიებზე მოქმედი რევოლუციონერების, ტერორისტების, `წითელ რაზმელების~ ვინაობა, საქმიანობა. მათ შორის, იმ ხანად ბორჯომის ხეობაში მოქმედი ერთ-ერთი სახელგანთქმული ყაჩაღის და ტერორისტის `ფორიას~ – ალექსანდრე (ქრისტეფორე) ცაგურიშვილის გარემოცვა. ეს პიროვნება დაკავშირებული იყო და მეგობრობდა ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მონაწილე ბოლშევიკ ტერორისტ ილიკო იმერლიშვილთან, ასევე კამოსთან (ტერ-პეტროსიანი), ბაჭუა კუპრაშვილთან და სხვებთან. თუმცა, გაიოზ ნიჟარაძის, ან მხოლოდ ნიჟარაძის გვარით 1906-1908 წლებში მოქმედ ტერორისტს ბორჯომში, ანდა მიმდებარე ტერიტორიაზე ჯერ-ჯერობით ვერ მივაგენი.
სამაგიეროდ კვლევის პროცესში აღმოჩნდა, რომ 1908 წლის მარტში იოსებ ჯუღაშვილთან ერთად ბაქოში, ბაილოვის ციხეში მჯდარა ვინმე შ. ნიჟარაძე. ერთ-ერთ დოკუმენტში ვკითხულობთ: ,,ბაილოვის ციხეში სტალინი იჯდა მესამე კამერაში, იქ იჯდა ს. ორჯონიკიძე ... მესამე კამერიდან გაქცევა გვინდოდა და შემოვიყვანეთ შ. ნიჟარაძე~ [შსსპა, ფ. 8, აღ. 2-1, საქ. 42, გვ. 33-39]. ვინმე შალვა ვასილის ძე ნიჟარაძის ფოტო მოვიძიე თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს კართოტეკაში, თუმცა სხვა დამატებითი მასალას მასზეც ჯერჯერობით ვერ მივაკვლიე და ვაგრძელებ ამ მიმართულებით ძიებას.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ იოსებ ჯუღაშვილის შესახებ გამოსული ნაშრომების ავტორების ნაწილი, მასთან კავშირში ,,ნიჟარაძეს’’ სხვადასხვანაირად მოიხსენიებენ. მაგალითად, ვ. ს. კრასკოვა თავის წიგნში ,,დანაშაულობები კრემლის კედლებში” წერს: ,,დილეგი, რომელშიც მოხვდა ვიშინსკი იტევდა იმაზე მეტ ადამიანს, ვიდრე შესაძლებელი იყო. საწოლ ნარებზე ერთი ადგილი ეკავა ადამიანს, რომელიც ჯერ კიდევ მარტში მოიყვანეს. პოლიციის დოკუმენტებში იგი აღნიშნული იყო როგორც გაიოზ ნიჟარაძე. პატიმრები მას კობას ეძახდნენ, ნამდვილი სახელი კი იყო იოსებ ბესარიონის ძე ჯუგაშვილი, ანუ სტალინი. კუთხეში მიყუჟული და ფეხებმოკეცილი, იგი ყველასათვის ზურგშექცეული ... საათობით სწავლობდა ,,მომავლის ენას” ესპერანტოს” (В. С. Краскова, ,,Преступления за кремлевской
стеной’’, Минск, 1999. Страница 113–114].
მ. ს. ალდანოვი კი წერდა: `ლენინის მარჯვენა ხელი პირველი რევოლუციის `ჩავარდნის~ შემდეგ `ექსპროპრიაციების~ განხორციელებაში - იმ დროს უკვე ცნობილი კავკასიელი `ბოევიკი~, რევოლუციური მეტსახელით `კობა~, იგივე `დავითი~ იგივე ,,ნიჟარაძე~, იგივე `ჩიჟიკოვი~, იგივე `ივანოვიჩი~, იგივე ყოვლისშემძლე რუსი დიქტატორი იოსებ ბესარიონის ძე სტალინი-ჯუგაშვილი გახდა~ [Е. Н. Гусляров, ,,Сталин в жизни : систематизированный
свод воспоминаний современников ...'', Москва, 2003, Страница 60].
სხვა ავტორის, 1929 წელს დასავლეთ ევროპაში გაქცეული საბჭოთა დიპლომატის (ყოფილი მემარცხენე სოციალისტ-რევოლუციონერი) გ. ზ. ბესედოვსკის აზრით, სტალინს ძარცვების შესახებ ქმედებები შეთანხმებული ჰქონდა ლენინთან: `ი. ჯუგაშვილმა-კობა ... დაიწყო თავისი ლიდერის განკარგულებების შესრულება და მიიღო ახალი მეტსახელი. ახლა მას ნიჟარაძეს ეძახდნენ. ამ მეტსახელით მან ბოევიკების საქმიანობის ხელმძღვანელობა დაიწყო. ნიჟარაძემ მალე იპოვა საბრძოლო ორგანიზაციის ძალიან კარგი ხელმძღვანელი სომეხი, გვარად პეტროსიანი~ [Г.З. Беседовский, ,,На путях к термидору’’ Париж,
1931, Страница 350].
გ. ზ. ბესედოვსკის სიტყვებით, ნიჟარაძე-სტალინი არა მარტო ექსპროპრიაციებს ხელმძღვანელობდა, არამედ მათში თვითონაც მონაწილეობდა: `ნიჟარაძემ ისროლა თბილისში 1907 წლის 13 ივნისის ექსპროპრიაციის დროს პირველი ბომბი თავად სუმბატოვის სახლის სახურავიდან~. [Г.З. Беседовский, ,,На путях к термидору’’
Париж, 1931, Страница 351]
სხვადასხვა მიზეზის გამო, ჯერჯერობით ვერ მოვიძიე საარქივო დოკუმენტები, რომლებიც დასახელებული ავტორების მოსაზრებებს დაადასტურებდა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მთელი რიგი ავტორები თვლიან სტალინი უშუალოდ ხელმძღვანელობდა და მონაწილეობდა 1907 წლის 13 ივნისის ექსპროპრიაციაში, ვფიქრობ ამ მიმართულებით კვლევის გაგრძელება საკმაოდ საინტერესო შედეგებს მოგვცემს. მით უმეტეს, აღმოჩნდა დღემდე უცნობი რამოდენიმე საარქივო საქმე, ასევე ცალკეული დოკუმენტები, სადაც 1907 წლის 13 ივნისს, ერევნის მოედანზე განხორციელებულ ექსპროპრიაციაში იოსებ ჯუღაშვილის უახლოესი გარემოცვის მონაწილეობის დამატებითი ეპიზოდების შესახებაა საუბარი.
რაც შეეხება ნიჟარაძეს, მისი ვინაობის ძიების პროცესში, ასევე გაირკვა, რომ ვინმე თავადი ნიჟარაძე მოხსენიებულია 1905 წლის ბოლოს და 1906 წლის დასაწყისში, საქართველოში მცხოვრებ ცნობილი მისტიკოსის და ფილოსოფოსის გიორგი ივანეს გურჯიევის წიგნში - `შეხვედრები გამოჩენილ ადამიანებთან~. *(გ. გურჯიევის ამ და სხვა წლებში თბილისში ყოფნა, ჩემს მიერ მოძიებული საარქივო დოკუმენტებით დასტურდება. აღნიშნულ საკითხზე კვლევას მკითხველს სხვა ნაშრომში შევთავაზებ - თ.ს.) ,,თავადი ნიჟარაძე’’ დაახლოებით 1900-იანი წლების დასწყისში, გ. გურჯიევთან ერთად საიდუმლო (ეზოთერული) ცოდნის მოსაძიებლად, სპარსეთის ყურის ქვეყნებში წასული ექსპედიციის მონაწილე ყოფილა. არსებული ცნობებით, გ. გურჯიევის დასახელებულ წიგნში ,,თავად ნიჟარაძეს’’ ცალკე თავი ჰქონია მიძღვნილი, მაგრამ ავტორს გარკვეული მოსაზრებების გამო ეს თავი აღარ დაუბეჭდია.
ზოგიერთი ავტორი ,,თავადი ნიჟარაძის’’ ქვეშ იოსებ ჯუღაშვილს მოიაზრებს, რომელიც მათი აზრით გიორგი გურჯიევის მოსწავლე იყო და ამ პიროვნებების ურთიერთობას სხვადასხვა ინტერპრეტაციას აძლევენ. *(დღეისათვის გამოსულ პოპულარულ ოკულტურ, ეზოთერიკულ ლიტერატურაში, ასევე ინტერნეტ-რესურსებში მოიძიება უამრავი მასალა გიორგი გურჯიევის და სტალინი-ნიჟარაძის ურთიერთობის შესახებ. ეს ინფორმაციები საკმაოდ ჭრელი და ურთიერთგამომრიცხავია. საუბარია ისეთ თემატიკაზე – როგორიცაა ეზოთერულ-მისტიკური სკოლები, ოკულტური პრაქტიკა და ასე შემდეგ, რომლებიც ცდება ჩემი კომპეტენციის სფეროს. შესაბამისად, მათ როგორც გასაანალიზებელი დოკუმენტური მასალის სახით, ასევე არსებული ინფორმაციის სანდოობის და რეალობის კუთხით მათ ამ კვლევაში ვერ განვიხილავ - თ.ს.)
კვლევის პროცესში მოძიებული დოკუმენტებიდან კი ჩანს, რომ გიორგი გურჯიევი 1906 წლის მარტ-აპრილში ასაფეთქებელი ნივთიერებების დამზადებას, ქალაქში ბარიკადული ბრძოლების წარმოებას, სხვა ,,სასარგებლო ჩვევებს”, ცნობილი `ავლაბრის არალეგალურ სტამბის~ ზედა სართულზე განლაგებულ ბინაში, ბოლშევიკებისგან და მენშევიკებისგან შემდგარ ექვს კაციან ჯგუფს ასწავლიდა. მეტიც, მთელი რიგი წყაროები (საუბარია თანამედროვეების მოგონებებზე – თ.ს.), მას როგორც ამ ე.წ. ,,სამხედრო-ტექნიკური ჯგუფის” და ასევე `ავლაბრის არალეგალური სტამბის~ გამცემად, პოლიციის აგენტად ასახელებენ. ამ საკითხისადმი საკმაოდ ვრცელი გამოკვლევა სათაურით - ,,მისი ნამდვილი ვინაობა”(რეპლიკა პროფ. მ. კვესელავას), ბატონ ალექსანდრე კოჭლავაშვილს აქვს მიძღვნილი, რომელიც მის არქივში ინახება და დღემდე გამოუქვეყნებელია. მეტიც, იგი ავტორს გამოკვლევა რუსულადაც უთარგმნია, ოღონდ მის სათაურად რუსულად უწერია ,,გიორგი გურჯიევი - მეფის ,,ოხრანკის’’ აგენტი”. (იხ. დოკ. 3)
ალექსანდრე კოჭლავაშვილის აზრით, გიორგი გურჯიევი მეფის ხელისუფლების ,,საიდუმლო აგენტი” იყო. თუმცა, ჩემს მიერ მოძიებული საარქივო მასალების ანალიზიდან გამომდინარე, გიორგი გურჯიევის, როგორც რუსეთის საიდუმლო პოლიციის აგენტად ყოფნა, იმ პერიოდში არ დასტურდება. პირიქით, როგორც ირკვევა იგი სოციალ-დემოკრატებთან საკმაოდ ყოფილა დაახლოებული. სამხედრო-ტექნიკური ჯგუფის” წევრების მასწავლებლად რეკომენდაცია გიორგი გურჯიევისათვის, ერთი წყაროს ინფორმაციით - ბოლშევიკ მიხა ბოჭორიძეს, მეორე წყაროთი კი, ცნობილ მენშევიკ სილიბისტრო ჯიბლაძეს გაუწევიათ. ისე კი, საინტერესოა, რომ საბჭოთა პერიოდში გიორგი გურჯიევს მენშევიკადაც ასახელებდნენ. [გაზ. ,,Заря Востока’’, 20. 08. 1937]
საარქივო დოკუმენტების მიხედვით, გიორგი გურჯიევი 1906 წლის იანვარში ხაშურში ცხოვრობდა. მეტიც, იგი სოციალ-დემოკრატიული პარტიის აქტივისტებს და მათ შორის, ვლადიმერ (ვალერიან) ბილანოვს (ბილანიშვილი) ასაფეთქებელი ნივთიერებების დამზადებას ასწავლიდა. (იხ. დოკ. 4) სავარაუდოდ, სწორედ ეს უკანასკნელია დასახელებული, 1905 წლის შემოდგომაზე სომეხ-თათრების შეტაკების აცილების მიზნით შექმნილი, სოციალ-დემოკრატების ორივე ფრთის (მენშევიკები და ბოლშევიკები) შეიარაღებული რაზმების წევრად ილიკო იმერლიშვილთან, ალექსანდრე (საშა) ობოლაძესთან, გიგლა ბერბიჭაშვილთან და სხვებთან ერთად. სხვადასხვა ინფორმაციის მიხედვით, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ამ შეიარაღებულ რაზმებს მენშევიკების მხრიდან ისიდორე რამიშვილი, ხოლო ბოლშევიკებიდან იოსებ ჯუღაშვილი ხელმძღვანელობდნენ.
აქვე საინტერესო და საყურადღებოა ისიც, რომ ზოგიერთი ავტორი თვლის არა გიორგი გურჯიევი, ან სხვა პიროვნება, თუ პირთა ჯგუფი, არამედ იოსებ ჯუღაშვილი იყო `ავლაბრის არალეგალური სტამბის~ გამცემი. *(ამ საკითხს ეხებიან ლ. ტროცკი, ჩ. მალამუდა, ი. ლევინი, ბ. სუვორინი, დ. კენანი და სხვები - თ.ს.) მათი აზრით, აღნიშნული სტამბა, რომელიც თავიდან ბოლშევიკებს ეკუთვნოდათ, მენშევიკების ხელში გადავიდა, რამაც გამოიწვია ბოლშევიკების მიერ მისი ,,ჩაგდება”. თუმცა, ,,ავიწყდებათ’’, ანდა არ იციან, რომ `ავლაბრის არალეგალური სტამბა~, რომელიც სარდაფში იყო განლაგებული 1906 წლის მარტ-აპრილში აღარ ფუნქციონირებდა და სტამბის განთავსების ადგილის ზედა შენობის ოთახები, სწორედ ბოლშევიკ-მენშევიკების გაერთიანებული ე.წ. ,,სამხედრო-ტექნიკური ჯგუფის” ,,სამეცადინოდ” იყო გამოყენებული. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ, რომ `ავლაბრის არალეგალურ სტამბასთან~ დაკავშირებული იყო, იმ პერიოდში იოსებ ჯუღაშვილის უახლოესი ამხანაგი, თანამებრძოლი მიხა ბოჭორიძე (ბოჭორიშვილი), ვფიქრობ ამ კუთხით დამატებითი კვლევებია ჩასატარებელი.
საზღვარგარეთულ არქივებში, ფონდებში, მათ შორის - საფრანგეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს უამრავი მასალა და დოკუმენტები, რომლებიც ეხება იოსებ ჯუღაშვილის (სტალინი) ბიოგრაფიას. მაგალითად, ჩემს ხელთ არსებული მასალების ანალიზიდან გამომდინარე სტენფორდის უნივერსიტეტის (კალიფორნია) ჰუვერის ინსტიტუტის, ე. წ. რუსულ საარქივო მასალებში, ილინოისის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის რუსულ საარქივო ფონდებში და სხვაგან, შესაძლებელია მოძიებულ იქნას პასუხები, თუნდაც ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში სავარაუდო მონაწილის, ვინმე ნიჟარაძის იოსებ ჯუღაშვილთან იგივეობის ან უარყოფის შესახებ.
P.შ.
სამწუხაროდ დღემდე ვერ შვძელი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დამფინანსებელი, როგორც ადგილობრივი, ასევე საზღვარგარეთული ფონდების საქართველოში არსებულ წარმომადგენლობებში, ქართველი მეცნიერ-მკვლევარებისათვის კარგად ცნობილი, ჩვენგან დამოუკიდებელი ,,მიზეზებიდან’’ გამომდინარე, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ კვლევა-ძიების გაგრძელებისათვის აუცილებელი დაფინანსების მოპოვება.
შესაბამისად, ჩემს მიერ დასმული კითხვების ნაწილს, იქნებ მომავალში მაინც გაეცეს პასუხი იმ მკვლევარების მიერ, ვინც ,,ახერხებენ’’ საზღვარგარეთ არსებულ არქივებსა და ფონდებში კვლევა-ძიებისათვის საჭირო სახსრების მოძიებას.....
No comments:
Post a Comment
Note: Only a member of this blog may post a comment.