ეს წერილი დაიწერა ერთერთი ჩემი და ჩემი კვლევების ,,მაძაგებელი" ისტორიკოსის პასკვილის პასუხად, რომელსაც არც კი აინტერესებს არქივებში მიკვლეული ახალი მასალები და დოკუმენტების ნახვაც კი, და გაიძახის - საბჭოთა პერიოდში შექმნილი მითები ილიას მკვლელობაზე უფრო სანდოა ვიდრე საარქივო, მასალებიო, რადგან რატომ აქამდე შენს მეტმა ვერ მოიძია ისინიო.... ეხ, რას ვიზამთ საბჭოთა პერიოდში წიგნებიდან წიგნების გადაწერა წესად იყო ქცეული, კომპარტიის ცენზორების მახვილ ,,თვალგავლილი" წიგნების სანდო წყაროებად გამოყენება, ხომ ბევრად უსაფრთხო და იოლი იყო.... წერილს ვბეჭდი იმ სახით, რაც ერთ-ერთი გაზეთის რედაქციას გადავუგზავნე, ვნახოთ დაბეჭდიან? არ მოერიდებიან ,,ღვაწლმოსილ" ისტორიკოსს და ჩემისთანა რიგით მკვლევარს(როგორადაც ,,ღვაწლმოსილი" იტორიკოსები მიმიჩნევენ) გაუწევენ ანგარიშს? ვნახოთ....
(შესწორება - როგორც მოსალოდნელი იყო წერილი არ დაბეჭდეს . :) თ.ს.)
(შესწორება - როგორც მოსალოდნელი იყო წერილი არ დაბეჭდეს . :) თ.ს.)
ილია ჭავჭავაძის მკვლელობა და დოკუმენტების ღაღადი
ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში ვიღაც ,,იმერელის’’ უშუალო
მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია პირველად 1908 წელს გაჩნდა. 1908 წლის 9 თებერვალს
ღამით, პრისტავმა ნ. მარკოვიჩმა, მემამულე ნიკოლოზ ხიმშიევის (აქ და ამის შემდეგ გვარებს
ვწერ იმ სახით, როგორც დოკუმენტებშია - თ.ს.) დახმარებით და მონაწილეობით, შეძლო პავლე
ფშავლიშვილის და ლადო ფეიქრიშვილის დაპატიმრება. ნ. ხიმშიევმა, რომელმაც იცოდა, რომ სოციალ-დემოკრატიული პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის
დადგენილების საფუძველზე ადგილობრივი ,,წითელრაზმელები“ მასაც ილია ჭავჭავაძის მსგავსად
მოკვლას უპირებდნენ, გამოტეხვის მიზნით ორივე სასტიკად სცემა. სწორედ ,,ძალისმიერი’’
მეთოდებით დაკითხვისას უჩვენა პირველად ლადო ფეიქრიშვილმა რომ - ,,ილია ჭავჭავაძე მოკლეს
პავლე ფშავლიშვილმა, ვანო ინაშვილმა, გიგლა ბერბიჭაშვილმა და ,,ვიღაც იმერელმა“;
10 თებერვალს კი პავლე ფშავლიშვილმაც აღიარა ილიას მკვლელობაში მონაწილეობა, მაგრამ
როგორც დოკუმენტში წერია - ,,არ ისურვა იმერელის გაცემა’’. სხვადასხვა საარქივო დოკუმენტებში
ეს უკანასკნელი იხსენიება როგორც: ,,ერთი იმერელი“, ,,იმერელი“, ,,ილია ჭავჭავაძის
მკვლელების ბანდის“ მეთაური. 1908 წლის 2 დეკემბრის გაზეთ ,,ნოვოსტი ზაკავკაზია“-ს
(Новости Закавказья) ცნობით, ილია ჭავჭავაძის მკვლელების გ. ბერბიჭაშვილის, პ. ფშავლიშვილის,
ვ. ინაშვილის თანამზრახველი ,,უცნობი, გვარად
იმერელი“ იყო. (ეს პიროვნება ე.წ ,,იმერელ
ბიჭად“ არც ერთ საარქივო დოკუმენტში არაა მოხსენიებული და აღნიშნული ტერმინი ჩემი აზრით
საბჭოთა პერიოდში შექმნილი მითების ,,პირმშოა“ - თ.ს.)
1885 წელს მცხეთაში დაბადებული ილიკო იმერლიშვილი,
მის გაჭირვებულ ოჯახს 1890-იანი წლების დასაწყისში თბილისში ჩაუყვანია და სტამბის მეპატრონე
კოზლოვთან მსახურის რანგში მიუბარებია. იგი ამის შემდეგ, 7-8 წლის ასაკიდან სხვადასხვა სტამბებშია, ჯერ შეგირდად, შემდეგ ასოთამწყოად
მუშაობს. თბილისში, ერთ-ერთ სტამბაში მან იქ მომუშავე დიმიტრი ჯაში, ალექსანდრე(საშა)
ობოლაძე გაიცნო და დამეგობრდნენ. 15-16 წლის ასაკში კი ილიკო იმერლიშვილი სოციალ-დემოკრატიული პარტიის აქტიური წევრიც ხდება.
გიგლა
ბერბიჭაშვილი და ილიკო იმერლიშვილი ერთმანეთს 1905 წლიდან იცნობდნენ. ისინი სოციალ-დემოკრატიული
პარტიის იმ შეიარაღებული რაზმების წევრები იყვნენ, ვინც 1905 წლის ნოემბერში, თბილისში
ერევნის მოედანზე, სომხების და თათრების შუაში ჩადგნენ. მათ ათკაციან რაზმს უშუალოდ
საშა ობოლაძე ხელმძღვანელობდა. 1905 წლის ბოლოს ილიკო იმერლიშვილი სტამბის მუშების
მიერ შექმნილ ტერორისტულ ორგანიზაცია, ე.წ. ,,მთაწმინდის ჯგუფში“ შევიდა, რომელსაც
ასევე საშა ობოლაძე ჩაუდგა სათავეში. ამ ჯგუფის წევრი იყო დიმიტრი ჯაშიც.
როგორც ირკვევა, 1906 წელს ილია ჭავჭავაძის მკვლელობამდე ერთი წლით ადრე, ილიკო იმერლიშვილი უშუალოდ იყო დაკავშირებული სოციალ-დემოკრატიული პარტიის თბილისის კომიტეტთან. შინაგან
საქმეთა სამინისტოს პარტიულ არქივში დაცულია თბილისსა და დუშეთის მაზრაში ,,მოღვაწე’’, იმ დროს ცნობილი სოციალ-დემოკრატი
ტერორისტის, რომანოზ(რამანა) თარაშვილის ,,ამხანაგების“ მიერ დაწერილი მისი ბიოგრაფია,
სადაც ვკითხულობთ: ,,1906 წელს ... საგურამოს რაიონში თავადაზნაურობას ჩამოართვეს იარაღი რამანა
თარაშვილმა, ილიკო იმერლიშვილმა ... და გადასცეს თბილისის კომიტეტს“.
1907 წელს ილიკო იმერლიშვილი, ,,ვინაიდან პოლიციამ დაუწყო გაცხოველებული ძებნა, იძულებული
გახდა გასულიყო ტყეში.“
ჩემს მიერ ახლახანს მოძიებული დოკუმენტის მიხედვით,
პავლე ფშავლიშვილი და ილიკო იმერლიშვილი, ჯერ კიდევ 1907 წლის თებერვალში, თბილისში
პორუჩიკ ლოლაძის მკვლელობაში მონაწილეობდნენ. 1908 წლის 11 მაისს მეტეხის ციხიდან 18
სოციალ-დემოკრატ ტერორისტებთან ერთად გაქცეული
პ. ფშავლიშვილი და ი. იმერლიშვილი მცხეთაში, იმერლიშვილის მშობლების სახლში იმალებოდნენ,
სადაც მათ თავს პოლიცია დაესხა. საარქივო დოკუმენტების მიხედვით პ. ფშავლიშვილმა და
ი. იმერლიშვილმა გაიგეს თუ ვინ დააბეზღა ისინი პოლიციასთან და გამცემი ერთადვე მოკლეს.
მასალების მიხედვით, 1905-1906 წლებში თბილისში, ილიკო იმერლიშვილის მეტსახელი
სოციალ-დემოკრატების ორივე ფრთის წარმომადგენელ რევოლუციონერებს
შორის ,,მცხეთელი’’ იყო და მას ხშირად ,,ილია მცხეთელად’’ მოიხსენიებდნენ. დუშეთის
მაზრაში ,,გადასვლის’’ შემდეგ, მისი გვარიდან გამომდინარე ადგილობრივი მაცხოვრებლები
,,იმერელს“ ეძახდნენ.
ილიკო
იმერლიშვილი მეტსახელით - ,,ილია მცხეთელი“ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გამოძიების
ერთ-ერთ საქმეშიცაა ნახსენები. კერძოდ, საისტორიო არქივში დაცულ ,,თბილისის სამძებრო
პოლიციის ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გამოძიების საქმე’’-ში, დევს თბილისის პოლიციის
სამძებრო განოფილების უფროს პ. ევტუშევსკისადმი, ოპერატიული თანამშრომლის ფიცხელაურის
მიერ მიწერილი 1907 წლის 4 სექტემბრით დათარიღებული წერილი. მასში ვკითხულობთ: ,,თავად ი. ჭავჭავაძეზე დანაშაულის ჩადენის შესახებ
უნდა იცოდეს, დუშეთის მაზრის სოფ. მცხეთის მცხოვრებმა სახელით ,,ილია მცხეთელი”.
,,ილია მცხეთელი“ ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილად ამ საარქივო საქმის სარჩევშიცაა
დასახელებული.
1907-1910 წლებში ილიკო იმერლიშვილი დუშეთის მაზრაში,
სახელდობრ მცხეთის და საგურამოს ტერიტორიაზე მოქმედი სოციალ-დემოკრატიული პარტიის
,,წითელ რაზმს’’ ხელმძღვანელობდა. აღნიშნული დადასტურებულია ისტორიულ არქივში არსებული
მასალებით და ასევე, 1930-იანი წლების დასაწყისში დუშეთის ტერიტორიაზე მცხოვრები
,,ძველი“ პარტიული მოღვაწეების მიერ შედგენილ რევოლუციონერთა სიებით. მათში არა მარტო
ი. იმერლიშვილი, გ. ბერბიჭაშვილი, პ. ფშავლიშვილი და ი. ინაშვილი, არამედ თედო ლაბაური
- ილიას მეეტლეც, აქტიურად მოქმედ რევოლუციონერთა და ,,წითელ რაზმელთა“ ჩამონათვალში
ფიგურირებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტოს პარტიული არქივში
დაცულ, დუშეთის მაზრის სოციალ-დემოკრატიული პარტიის სამაზრო კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელის
გიორგი(ივანე) ტატიშვილის 1935 წელს დაწერილ მოგონებაში, რომელიც ეხება დუშეთის მაზრაში
რევოლუციური მოძრაობას, წერია: ,,დუშეთის მაზრის
კომიტეტის კრებაზე გადავწყვიტეთ ბოქაულ ქუმსიაშვილის და დუშეთის მაზრის სტრაჟნიკების
უფროსის საშა ნათიშვილის სიკვდილი. ერთად ეს დავალება მივეცით მცხეთის რაიონის წითელი
რაზმის უფროსს ამხ. იმერლიშვილს, რადგან ... ონიკაშვილის დაპატიმრება, დაღუპვა იმის
რაიონში საგურამოში მოხდა. წითელი რაზმის უფროსმა ილიკო იმერლიშვილმა დავალება კარგად
შეასრულა. ბოქაული ქუმსიაშვილი დაიჭირა. ბაზალეთის ტყეში მოკლა და მკვდარი ცეცხლში
დაწვეს.“ (სტილი დაცულია - თ.ს.)
შინაგან
საქმეთა სამინისტოს პარტიული არქივში ასევე დაცულია, საგურამოს მამულში ილიას მსახურის,
სოფიო უნდილაშვილის 1933 წელს დაწერილი მოგონება. იგი წერს: ,,სიღარიბის გამო ქმარ-შვილით ბატონებს ვემსახურებოდი - სტაროსელსკის და ილია
ჭავჭავაძეს ... რითაც შემეძლო ხელს ვუწყობდი წითელ რაზმელებს და პროპაგანდისტებს. ხშირად
მოდიოდნენ. ვუნახავდი თოფსა და სხვა იარაღებს,
რადგან ჩემი შვილი სანდრო მათთან იყო წითელ რაზმში – ლადო ფეიქრიშვილის, ილიკო იმერლიშვილის
რაზმელებს და სხვებს.” (სტილი დაცულია - თ.ს.)
ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში ილიკო იმერლიშვილის
მონაწილეობას ადასტურებს საქართველოს სხვადასხვა სიძველეთსაცავებში არსებული დოკუმენტები.
კერძოდ, საისტორიო არქივში მოვიძიე, დუშეთის მაზრის ტერიტორიაზე მოქმედი ,,წითელ რაზმელების“
დამხმარე პირების დაპატიმრების საქმე. 1908 წლის 25 დეკემბრით დათარიღებული, აბესალომ
გიორგის ძე ფაღავას, (სავარაუდოდ ყარამან გიორგის ძე ფაღავას ძმა - თ.ს.) დუშეთის მაზრის
პოლიციის ჩაფრების (სტრაჟნიკები) უფროსი ურიადნიკის მიერ დაწერილ ოქმში ვკითხულობთ:
,,პავლე ფშავლიშვილთან ერთად მის ბანდაში იმყოფებოდნენ
ი. იმერლიშვილი, ვ. ინაშვილი, გ. ბერბიჭაშვილი და სხვები“.
საისტორიო
არქივის ერთ-ერთ საქმეში, დევს 1908 წლის 25-31 დეკემბერით დათარიღებული, დუშეთის მაზრის
ბაზალეთის ნაწილის პრისტავ ოზიევის მიერ შედგენილი ოქმი, სადაც აღნიშნულია: ,,დაკითხვისას
დაკავებულმა განაცხადა, რომ 1908 მაისში ის შემთხვევით შეუერთდა ფშავლიშვილის ბანდას,
რომელშიც მონაწილეობდნენ: თვით ბანდის მეთაური ფშავლიშვილი, ილია ჭავჭავაძის მკვლელები: ივანე ინაშვილი და გიგლა დარჩოს ძე ბერბიჭაშვილი
და სოფ. მცხეთის მცხოვრები ილიკო იმერლიშვილი“.
ფრიად
საინტერესოა საისტორიო არქივში ჩემს მიერ მოძიებული, დუშეთის მაზრის მსხვილი მემამულის,
სახელმწიფო საბჭოს თავად ნიკოლოზ ხიმშიევის(ხიმშიაშვილი)
მკვლელობის საქმის ძიების მასალები. (ნიკოლოზ ხიმშიევი იყო რაფიელ ერისთავის სიძე,
1923 წელს დახვრეტილი სამხედრო ცენტრის წევრის გიორგი ხიმშიაშვილის მამა - თ.ს.) აქ
დაცულ 1909 და 1910 წლით დათარიღებულ დოკუმენტებში ვკითხულობთ - ,,თავადი ნ. ხიმშიევი ხშირად ამბობდა, რომ მას
ეშინია ის არ მოკლან ილია იმერლიშვილმა, გიგლა ბერბიჭაშვილმა და ლადო ფეიქრიშვილმა,
რადგან ხიმშიევი მათ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საქმის გამო სდევნიდა.” ამავე
საქმეში ილიკო იმერლიშვილის ილია ჭავჭავაძის მკვლელად დასახელება რამდენჯერმე მეორდება.
მაგალითად, ,,თავდასხმა ხიმშიევის მოკვლის
მიზნით ილია იმერლიშვილმა, პავლე ფშავლიშვილმა და გიგლა ბერბიჭაშვილმა განახორციელეს,
რადგან ხიმშიევი მათზე პოლიციას უთითებდა, როგორც თავად ილია ჭავჭავაძის მკვლელებზე“.
შინაგან საქმეთა სამინისტოს პარტიულ არქივში, არის
დაცული გიორგი ტატიშვილის მოგონებები ნ. ხიმშიევის
მკვლელობაზე. (1934 წელი) იგი წერს: ,,ნ. ხიმშიევის მკვლელობა ჩადენილ იქნა სოციალ-დემოკრატიული
პარტიის ადგილობრივი კომიტეტის დადგენილების საფუძველზე’’. აღსანიშნავია, რომ ნ. ხიმშიევს
ადგილობრივი ,,წითელ რაზმელები“ მკვლელობამდე რამოდენიმეჯერ დაესხნენ თავს. მაგალითად,
ჯერ კიდევ 1908 წლის 6 აგვისტოს, პ. ფშავლიშვილი, ი. იმერლიშვილი, გ. ბერბიჭაშვილი,
ლ. ფეიქრიშვილი და სხვა პირები, სოფელ ბულაჩაურში ხიმშიევის სახლს თავს კი დაესხნენ,
მაგრამ თავდასხმა მისმა ვაჟმა გიორგიმ სახლის მცველებთან ერთად მოიგერია.
საისტორიო
არქივში არსებულ ილიკო იმერლიშვილზე შედგენილ ერთ-ერთ საქმეში დევს (1914 წლის 15 იანვარი)
თბილისის სამძებრო პოლიციის განყოფილების უფროსის მიერ თბილისის პოლიცმეისტერის სახელზე
გაგზავნილ ორ გვერდიანი მოხსენება. მასში ნათქვამია, რომ: ,,ილიკო იმერლიშვილმა თავისი დაჯგუფების წევრებთან ერთად ჩაიდინა უამრავი მკვლელობა
კერძო და თანამდებობრივი პირების, სოფლის მამასახლისების, სტრაჟნიკების, ქართველი მწერლის, მემამულე თავად ილია ჭავჭავაძის.”
ამავე
საარქივო საქმეში, 1914 წლის 1 თებერვლით დათარიღებულ დოკუმენტში მითითებულია ინფორმაციის
მიღების წყაროც - ,,ილიკო იმერლიშვილი მონაწილეობდა
ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში, რის შესახებ ინფორმაცია მოპოვებულია აგენტურული შეტყობინების
საფუძველზე’’.
საისტორიო არქივში არსებულ, კავკასიის მთავარმმართებლის კანცელარიის პოლიციის
ნაწილის საიდუმლო განყოფილების მასალებში არის საქმე, რომელიც ეხება 1914 წლის იანვარში
ილიკო იმერლიშვილის და ვასილ ფარესოვის დაკავების მიზნით ჩატარებულ პოლიციის ოპერაციას
თბილისში. აქ დაცულია თბილისის პოლიცმეისტერ ზასიპკინის მიერ, თბილისის სამძებრო პოლიციის
უფროს გაგიევის საქმეში გაკეთებული ჩანაწერი, რომელშიც აღნიშნულია - ,,სოციალ-დემოკრატი ტერორისტის ილიკო იმერლიშვილის მონაწილეობით ჩადენილ იქნა სახელმწიფო
საბჭოს წევრის ილია ჭავჭავაძის მკვლელობა’’.
კავკასიის მთავარმმართებლის კანცელარიის პოლიციის ნაწილის საიდუმლო განყოფილების
მასალებში არსებულ სხვა საარქივო საქმეში, მოვიძიე თბილისის პოლიცმეისტერ ზასიპკინის
მიერ დაწერილი სამსახურებლივი ბარათი, სადაც ვკითხულობთ: ,,ცნობების მიხედვით ილიკო იმერლიშვილის მონაწილეობით ჩადენილ იქნა სახელმწიფო
საბჭოს წევრის ილია ჭავჭავაძის მკვლელობა“. ეს ინფორმაცია სიტყვა-სიტყვით მეორდება
რამოდენიმე სხვა საარქივო საქმეში, რის გამოც მათ შინაარსს აღარ გავიმეორებ.
საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცულ, საბჭოთა პერიოდში გასამართლებული გიგლა
ბერბიჭაშვილის სისხლის სამართლის საქმეში არსებობს დიმიტრი ჯაშის მეუღლის, დარია ჯაშის
1941 წლის 6 ივნისს წინასწარი დაკითხვისას მიცემული ჩვენება, რომლის მიხედვით ილიკო
იმერლიშვილი და საშა ობოლაძე იყვნენ დიმიტრი ჯაშის ახლო მეგობრები. ისინი ერთად მონაწილეობდნენ
არა მარტო ბანკების ძარცვაში, არამედ სწორედ მათ მოატაცებინეს დარია ჯაში ცოლად დიმიტრის.
გამომძიებლის კითხვაზე - ,,ვინ ღებულობდა მონაწილეობას ილიას მკვლელობაში?” დარია ჯაში
პასუხობს: ,,როგორც შემდეგ გავიგე ილიას მკვლელობაში
მონაწილეობას ღებულობდნენ ინაშვილი ყოფილი მამასახლისი, იმერლიშვილი, რომელსაც კარგად
იცნობდა დიმიტრი, ფშავლიშვილი გრიგოლა, როგორც მახსოვს ფეიქრიშვილი იყო გაქცეული ყაჩაღად
ტყეში.” (სტილი დაცულია - თ.ს.)
საქართველოს
უახლესი ისტორიის არქივის ლიტერატურის და ხელოვნების განყოფილების ერთ-ერთ ფონდში არსებობს
1941-1942 წლებში გამართული გიგლა ბერბიჭაშვილის სასამართლოს მასალები. სასამართლო
პროცესზე მოსამართლე ოდიშვილის კითხვაზე: ,,იცნობდა თუ არა თქვენი მეუღლე გიგლა ბერბიჭაშვილს?“,
დარია ჯაშის პასუხი იყო: ,,ის იცნობდა კარგად
ილიკო იმერლიშვილს.“
გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში, ალექსანდრე კოჭლავაშვილის ფონდში, მოთავსებულია
ბატონ ალექსანდრეს მიერ მოძიებული მასალები ილია ჭავჭავაძის მკვლელობაზე. მათი
მიხედვით, 1957 წლის დეკემბერში ა. კოჭლავაშვილი ჩასულა ბათუმში და შეხვედრია იქ
საცხოვრებლად გადასულ, უკვე ასაკოვან დარია ჯაშს. ალექსანდრე კოჭლავაშვილის კითხვაზე,
თუ ,,ვინ იყვნენ ილიას მკვლელობის მონაწილენი?“ დარია ჯაში პასუხობს - ,,თქვენს მიერ დასახელებულ პირთა გარდა
მკვლელობაში მონაწილეობდა დათიკო იმერლიშვილი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ჩემს
მოტაცებაში (როგორც ზემოთ ვნახეთ ეს იყო ილიკო იმერლიშვილი - თ.ს.) მკვლელთა შორის ასახელებდნენ ,,იმერელს“ და ეს იყო დ. იმერლიშვილი.’’ სახელის
განსხვავების მიუხედავად, ვფიქრობ ზემოთ მოყვანილი დოკუმენტებიდან გამომდინარე
არაპროფესიონალი ისტორიკოსიც კი შეძლებს დაასკვნას, რომ ,,იმერელის’’ ქვეშ დარია
ჯაში არა ,,დათიკოს’’ არამედ ილიკო იმერლიშვილს მოიაზრებდა. გაურკვეველია, ეს
სახელი მხცოვან დარია ჯაშს შეეშალა, თუ ალექსანდრე კოჭლავაშვილმა ჩაწერა
არასწორად.
ამრიგად, ზემომოყვანილი 1907, 1908, 1909, 1910,
1914, 1941-1942, 1957 წლებით დათარიღებული დოკუმენტები, ერთობლიობაში ავსებენ ერთმანეთს
და ჩემი აზრით, საბოლოოდ ადასტურებენ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მეოთხე მონაწილის
ვინაობას.
P.S.
საგაზეთო
ფორმატი არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ კიდევ დამატებითი საარქივო მასალები მოვიყვანო სხვადასხვა არქივებიდან. ჩემს
მიერ მოძიებულია სხვა უამრავი დოკუმენტი, რომლებშიც პირდაპირ და ირიბად დადასტურებულია
ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში მონაწილე პირების და ილიკო იმერლიშვილის ახლო ურთიერთობა,
ერთობლივი ტერორისტული საქმიანობა და ა.შ. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ გამაჩნია, როგორც
აქ მოყვანილი, ასევე სხვა საარქივო დოკუმენტების ასლები, რომელთა ნაწილი უკვე გამოქვეყნებული
მაქვს სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალებში, ასევე ჩემს ბლოგზე ინტერნეტში - ,,ილია ჭავჭავაძის
მკვლელობა“. სწორედ, ეს დოკუმენტები და ჩემი შრომები დაედო საფუძვლად შინაგან საქმეთა
სამინისტროს მიერ გადაღებულ, ჩემი აზრით შესანიშნავ ფილმს ,,ვინ მოკლა ილია?’’
მკითხველო,
ვფიქრობ, რომ ისევე როგორც დასახელებული ფილმი, და თქვენს წინაშე წარმოდგენილი, ეს
მცირე საარქივო მასალა, საპირწონედ დადებული ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შესახებ აქამდე
არსებულ ვერსიებთან მოწონებას თუ არა, უშვერი სიტყვებით მოხსენიება-ძაგებას ნამდვილად
არ იმსახურებს.
და ბოლოს, თუ რომელი ვერსიაა სწორე და ვინ იყო რეალურად
ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მონაწილე ,,იმერელი“, ამას ისეთი პირუთვნელი მსაჯული განსჯის,
რომელსაც ი
ს ტ ო რ ი ა ჰქვია ....
უღრმესი პატივისცემით,
თენგიზ სიმაშვილი,
ისტორიის დოქტორი, პროფესორი
21 დეკემბერი 2015 წელი
გთხოვთ, ამ მისამართებზე ნახოთ ფილმი:
https://www.youtube.com/watch?v=HZRxovPYyJk
მასალები და დოკუმენტები:
http://simashvili.blogspot.com/search?updated-min=2014-01-01T00:00:00-08:00&updated-max=2015-01-01T00:00:00-08:00&max-results=2
გთხოვთ, ამ მისამართებზე ნახოთ ფილმი:
https://www.youtube.com/watch?v=HZRxovPYyJk
მასალები და დოკუმენტები:
http://simashvili.blogspot.com/search?updated-min=2014-01-01T00:00:00-08:00&updated-max=2015-01-01T00:00:00-08:00&max-results=2
http://simashvili.blogspot.com/search?updated-min=2013-01-01T00:00:00-08:00&updated-max=2014-01-01T00:00:00-08:00&max-results=2
ილია ჭავჭავაძის მკვლელობა
ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საუკუნის ტრაგედიად შეფასებული ილია ჭავჭავაძის მკვლელობა (1907 წელი) არაერთხელ გამხდარა სპეციალური კვლევა-ძიებისა თუ მეცნიერული შესწავლის ობიექტი. ჩემი წერილის დასაწყისშივე მინდა გამოვხატო დიდი პატივისცემა ყველა იმ მეცნიერ-მკვლევარისადმი, ვისაც ოდნავი შეხება მაინც ჰქონია ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საქმის გამოძიებასთან და ცდილობდა ჭეშმარიტების დადგენას. ჩემი კვლევის შედეგების პერმანენტული გამოქვეყნებებით მე არ ვახდენ მათი მოსაზრებების და კვლევების კრიტიკას, ჩრდილს არ ვაყენებ მათ ნაშრომებს. პირიქით, სწორედ ისინი წარმოადგენდნენ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შესახებ დაწერილი ჩემი სამეცნიერო შრომების შთაგონების წყაროს. აღნიშნულ თემატიკაზე გამოცემული ყველა ნაშრომის ავტორს შეგნებულად არ ჩამოვთვლი და ვფიქრობ, ეს შეუძლებელია, რადგანაც იმდენად ფართოა იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც დაინტერესებული იყო და არის, იკვლევდა და იკვლევს, და კვლავაც გამოიკვლევს საქართველოს ისტორიაში არსებულ ამ ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ ფურცელს. თუმცა ჩემი შეხედულებით, სანამ არ აღმოჩნდება ისეთი სარწმუნო დოკუმენტები, რომლებიც გააბათილებს არქივებში ინტენსიური კვლევის შედეგად მოპოვებულ დოკუმენტებს, სწორედ ქვემომოყვანილი მოსაზრებაა ყველაზე მართებული.
(ეს დოკუმენტებიც ახლად მოვიძიე - მასშიც ილიკო იმერლიშვილი და გიგლა ბერბიჭაშვილი დასახელებული არიან ერთად ყაჩაღებს შორის დუშეთის მაზრაში:
ამრიგად, აბესალომ გიორგის ძე ფაღავა, სავარაუდოდ ყარამან გიორგის ძე ფაღავას, დუშეთის მაზრის ყოფილი უფროსის ძმა, კარგად იცნობდა დუშეთის მაზრაში მოქმედი ერთ-ერთი ,,წითელი რაზმის" შემადგენლობას. ცხადია ეს წესით უნდა სცოდნოდა ასევე ყარამან ფაღავასაც, რომელიც ამ პერიოდში კვლავ დუშეთის მაზრაში მოღვაწეობდა. არადა არც ყარამან ფაღავა და არც გიგლა ბერბიჭაშვილი ამ უკანასკნელთან ერთად ,,წითელ რაზმში” მყოფი პირების, თუ ილია ჭავჭავაძის მკვლელობასთან დაკავშირებული დუშეთში მოქმედი ძველი რევოლუციონერების ჩამოთვლისას საერთოდ არ ახსენებდნენ ილიკო იმერლიშვილს. საბჭოთა სასამართლოზეც ამ პიროვნების ხსენებას, რომელიც ილიას მკვლელობის დროს და შემდგომ პერიოდში დუშეთის მაზრაში, მათ შორის საგურამოს ტერიტორიაზე მოქმედი ,,წითელი რაზმის" ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხელმძღვანელი იყო და რომლის დაჯგუფებაშიც შედიოდა არა მარტო გიგლა ბერბიჭაშვილი, არამედ სხვა უამრავი ადგილობრივი რევოლუციონერი, სხვებიც აშკარად ერიდებოდნენ. გამონაკლისი იყო ილია ჭავჭავაძის მოურავის დიმიტრი ჯაშის მეუღლე დარია ჯაში, რომლის პასუხებში ნახსენები ი. იმერლიშვილის პიროვნებით, არც წინასწარი გამოძიება და არც საბჭოთა სასამართლო არანაირად არ დაინტერესდა.
გამოყენებული წყაროების და ლიტერატურის სია:
ეს ჩემს მიერ გამოქვეყნებული ერთ-ერთი ადრინდელი წერილია, დოკუმენტებითურთ
ილია ჭავჭავაძის მკვლელობა
(ილიას მკვლელობიდან გასული 105 წელი)
თენგიზ სიმაშვილი
აღნიშნული სტატია სათაურით ,,უახლესი დოკუმენტები და ილია ჭავჭავაძის მკვლელობა(ილიას მკვლელობიდან გასული 105 წელი) გამოქვეყნდა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომებში, ტ. VI, გამომცემლობა ,,მერიდიანი“ 2012, თბილისი
ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საუკუნის ტრაგედიად შეფასებული ილია ჭავჭავაძის მკვლელობა (1907 წელი) არაერთხელ გამხდარა სპეციალური კვლევა-ძიებისა თუ მეცნიერული შესწავლის ობიექტი. ჩემი წერილის დასაწყისშივე მინდა გამოვხატო დიდი პატივისცემა ყველა იმ მეცნიერ-მკვლევარისადმი, ვისაც ოდნავი შეხება მაინც ჰქონია ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საქმის გამოძიებასთან და ცდილობდა ჭეშმარიტების დადგენას. ჩემი კვლევის შედეგების პერმანენტული გამოქვეყნებებით მე არ ვახდენ მათი მოსაზრებების და კვლევების კრიტიკას, ჩრდილს არ ვაყენებ მათ ნაშრომებს. პირიქით, სწორედ ისინი წარმოადგენდნენ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შესახებ დაწერილი ჩემი სამეცნიერო შრომების შთაგონების წყაროს. აღნიშნულ თემატიკაზე გამოცემული ყველა ნაშრომის ავტორს შეგნებულად არ ჩამოვთვლი და ვფიქრობ, ეს შეუძლებელია, რადგანაც იმდენად ფართოა იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც დაინტერესებული იყო და არის, იკვლევდა და იკვლევს, და კვლავაც გამოიკვლევს საქართველოს ისტორიაში არსებულ ამ ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ ფურცელს. თუმცა ჩემი შეხედულებით, სანამ არ აღმოჩნდება ისეთი სარწმუნო დოკუმენტები, რომლებიც გააბათილებს არქივებში ინტენსიური კვლევის შედეგად მოპოვებულ დოკუმენტებს, სწორედ ქვემომოყვანილი მოსაზრებაა ყველაზე მართებული.
ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ირგვლივ არსებული მასალების შესწავლით ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან ვიყავი დაინტერესებული და ამ თემასთან კავშირში გასულ წლებში პერიოდულად ვაქვეყნებდი სამეცნიერო სტატიებს. [1] აღნიშნულ თემატიკაზე მასალების შეგროვებისას ჩემს ხელში უამრავმა საარქივო დოკუმენტმა გაიარა. ისინი აშკარად მეტყველებენ, რომ საბჭოთა პერიოდში გამოტანილი დასკვნები ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გარემოებების შესახებ სიყალბეს წარმოადგენენ.
სწორედ ეს დოკუმენტები გახდა ჩემი მოსაზრების საფუძველი, რომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გამოძიების მასალებში ნახსენები ,,იმერელი"-ს მეტსახელის ქვეშ, იმ დროს ცნობილი სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკი ტერორისტი ილიკო იმერლიშვილი იყო სავარაუდებელი. (სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკი ტერორისტები ილიას მკვლელობის შემსრულებლები". ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები. I (3). თბილისი. 2008) სამწუხაროდ მას არავითარი გამოხმაურება, როგორც სპეციალისტების ასევე საზოგადოების მხრიდან არ მოჰყოლია. მხოლოდ 2010 წელს, პროფესორ ნოდარ გრიგალაშვილის გამოქვეყნებულ შრომას ,,თანამდევი სული“, რომელშიც იგი ჩემგან განსხვავებულ მასალებზე დაყრდნობით ასაბუთებს ,,იმერელი“-ს იგივეობას ილიკო იმერლიშვილთან დიდი რეზონანსი მოჰყვა.
შეიძლება ითქვას, რომ ილიკო იმერლიშვილის მონაწილეობაზე ილიას მკვლელობაში ჩემი და ბატონ ნოდარ გრიგალაშვილის წინამორბედ მკვლევარებს არაფერი აქვთ ნათქვამი. გამონაკლისს წარმოადგენს ცნობილი იურისტი და მწერალი ალექსანდრე შუშანაშვილი. თავის მონოგრაფიაში _ ,,ილია ჭავჭავაძის მკვლელობა“, იგი ერთგან ახსენებს იმერლიშვილის გვარს და ისიც სულ სხვა სახელით. ის იყენებს ილიას მკვლელობის გამოძიების ერთ-ერთ საქმეში არსებულ ინფორმაციას, 1908 წლის დეკემბერში პავლე ფშავლიშვილის მოკვლის შესახებ. კერძოდ, თბილისის მაზრის უფროსის შეტყობინებას თბილისის საოლქო სასამართლოს პროკურორისადმი, რომლის ნათარგმნი ასლი ქართულ ენაზე მას დაბეჭდილი აქვს თავის წიგნში. [2] ბატონი ალექსანდრე შუშანაშვილი წერდა:
,,იმ ხანებში მცხეთის შემოგარენში დათარეშობდა ვანო იმერლიშვილის ბანდა. იგი ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მიმალვაში მყოფ მონაწილეებთანაც იყო დაკავშირებული და პოლიციამ ის და პავლე ფშავლიშვილი ერთად დახოცა შეტაკების დროს, რის შემდეგ ,,ვიღაც იმერლისადმი" პოლიციის ინტერესიც მინელდა. ხომ არ აპირებდნენ იმ იმერლიშვილისათვის ილიას მკვლელობაში შარის მოდებას და ამიტომ ამოატივტივეს ,,ვიღაცა იმერელი? რასაკვირველია, ეს მხოლოდ ვარაუდია. ფაქტი ისაა, რომ არც ორჯონიკიძე ყოფილა ,,ვიღაცა იმერელი" და არც ილიას მკვლელებს დაუსახელებიათ ასეთი პიროვნება". [3] (პავლე ფშავლიშვილთან ერთად მოკლულ იქნა ვანო(ივანე, ნონე) პეტრიაშვილი, რომელიც მეორე გვარსაც, სახელდობრ, მჭედლიშვილს ატარებდა. თ.ს.)
ამრიგად, ბატონ ალექსანდრე შუშანაშვილის წიგნში არსად არ არის საუბარი და განხილული, კონკრეტულად ილიკო იმერლიშვილის მონაწილეობის შესახებ ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში. შესაბამისად, ჩემი აზრით, დასკვნა, რომ ილიკო იმერლიშვილი ილიას მკვლელობის მონაწილე იყო, მე და ბატონმა ნოდარ გრიგალაშვილმა სხვა მკვლევარებისაგან სრულიად დამოუკიდებლად გამოვიტანეთ.
2011 წლის ზაფხულში, რამოდენიმე თვის განმავლობაში ინტენსიურად ვიმუშავე საქართველოს საისტორიო ცენტრალურ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის ფონდებში. როგორც გაირკვა, ამ ფონდებში არსებობს საქმეები, რომლებშიც არის სხვადასხვა მასალები ილია ჭავჭავაძის მკვლელობაზე. ამ საარქივო საქმეების ნაწილი საზოგადოებისათვის ნაცნობია, ნაწილი ჩემს მიერ იქნა მოძიებული:
1. საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივი. თბილისის საოლქო სასამართლოს ფონდი 116. აღწერა 1. სახელმწიფო საბჭოს წევრ თავად ი. გ. ჭავჭავაძის მკვლელობაზე საგანგებო საქმეებზე გამომძიებლის საქმე # 13633;
2. სსცა. ფონდი 116. აღწერა 1. სახელმწიფო საბჭოს წევრ თავად ი. გ. ჭავჭავაძის მკვლელობაზე საგანგებო საქმეებზე გამომძიებლის საქმე # 13364;
3. სსცა. ფონდი 116. აღწერა 1. სახელმწიფო საბჭოს წევრ თავად ი. გ. ჭავჭავაძის მკვლელობაზე საგანგებო საქმეებზე გამომძიებლის საქმე # 13365;
4. სსცა. კავკასიის სარაიონო დაცვის განყოფილების ფონდი 94. აღწერა 1. ილია ჭავჭავაძის მკვლელობის და სხვა საკითხებზე მიმოწერის საქმე # 37;
5. სსცა. თბილისის გუბერნატორის კანცელარიის ფონდი 17. აღწერა 1. სახელმწიფო საბჭოს წევრ თავად ი. გ. ჭავჭავაძის მკვლელობის საქმე # 5888;
6. სსცა. თბილისისა და თბილისის მაზრის დროებითი გენერალ-გუბერნატორის კანცელარიის ფონდი 20. აღწერა 1. ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საქმე 397;
7. სსცა. თბილისის საოლქო სასამართლოს პროკურორის ფონდი 115. აღწერა 2. თავად ილია ჭავჭავაძის მკვლელობაზე თბილისის ოლქის პროკურორის ზედამხედველობის საქმე # 399;
8. სსცა. თბილისის პოლიცმაისტერის სამმართველოს სამძებრო განყოფილების ფონდი 97. აღწერა 2. თბილისის სამძებრო პოლიციის ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გამოძიების საქმე # 35;
9. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს მესამე განყოფილება. ფონდი 8. აღწერა 25. საქმე # 683 და სხვა.
ასევე აღმოჩნდა მთელი რიგი საარქივო საქმეები, რომლებშიც საუბარია ილია ჭავჭავაძის მკვლელობასთან დაკავშირებულ პირებზე. ზოგში კი, მაგალითად თავად ნიკოლოზ ხიმშიევის მკვლელობის გამოძიების მასალებში, მოთავსებულია ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გამოძიების საქმეებიდან ამოკრეფილი სხვადასხვა პირების მიერ მიცემული ჩვენებების ასლები. როგორც ირკვევა გამოძიება ვარაუდობდა და არც თუ უსაფუძვლოდ, რომ ნიკოლოზ ხიმშიევის და ილია ჭავჭავაძის მკვლელები იყვნენ ერთი და იგივე პირები.
ეს საქმეები და ფონდებია:
1. სსცა. თბილისის სასამართლო პალატის პროკურორის ფონდი 114. აღწერა 1. დუშეთის მაზრის თავად ხიმშიევის მკვლელობა ილია იმერლიშვილის და სხვების მიერ. საქმე # 1099 (საინტერესოა, რომ ამ საქმეს საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივის 114 ფონდში არსებულ საარქივო საქმეების ჩამონათვალში ჰქვია _ ,,ნ. ხიმშიევის მკვლელობა აბანოსხევში ფეიქრიშვილის, იმერლიშვილის, ბერბიჭაშვილის მიერ მისი ქმედითი მონაწილეობის გამო პოეტ ილია ჭავჭავაძის მკვლელების ძებნაში”?! თ.ს.);
2. სსცა. თბილისის საოლქო სასამართლოს პროკურორის ფონდი 115. აღწერა 1. ნ. ხიმშიევის მკვლელობის გამოძიებაზე ზედამხედველობის საქმე # 2889;
3. სსცა. თბილისის საოლქო სასამართლოს პროკურორის ფონდი 115. აღწერა 2. საგამოძიებო მასალები თავად ნ. ხიმშიევის მკვლელობაზე. საქმე # 429;
4. სსცა. ფონდი 94. აღწერა 1. მეტეხის ციხიდან 18 მსჯავრდებულის გაქცევის საქმე #124;
5. სსცა. ფონდი 115. აღწერა 1. 1908 წლის 11 მაისს მეტეხის ციხიდან პატიმრების გაქცევის საქმე #2393;
6. სსცა. ფონდი 114. აღწერა 1. მეტეხის ციხიდან პატიმრების გაქცევის საქმე #969;
7. სსცა. თბილისისა და თბილისის მაზრის დროებითი გენერალ-გუბერნატორის კანცელარიის ფონდი 20. აღწერა 2. დიმიტრი ჯაშის დაპატიმრების საქმე #107;
8. სსცა. ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის ფონდი 2080. აღწერა 1. საქმე #220;
9. სსცა. თბილისის მუშათა დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ფონდი 1844. აღწერა 2. საქმე #41;
10. სსცა. ამიერკავკასიის განსაკუთრებულ კომიტეტთან არსებული საგანგებო საგამოძიებო კომისიის ფონდი 1854 საქმეები #95, #205 და მრავალი სხვა.
ჩემს მიერ მოძიებული ზემოდასახელებული, გარკვეულწილად ხელდაუდებელი და გამოუქვეყნებელი დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე, 2011 წლის ნოემბერში გამოვეცი მონოგრაფია `სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკი ტერორისტები ილია ჭავჭავაძის მკვლელები~ (ილიას მკვლელთა ვინაობისათვის). A4 ფორმატის ამ 460 გვერდიან წიგნს თანდართული აქვს 300 მეტი საარქივო დოკუმენტის ასლი.
იმის მიუხედავად რომ ჩემი აზრით, აღნიშნულ მონოგრაფიაში შევძელი დამესაბუთებინა ილიკო იმერლიშვილის მონაწილობა ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში, რომ იგი იყო თავდამსხმელთა შორის ,,იმერელად” მოხსენიებული მეოთხე მკვლელი, 2012 წლის ზაფხულში კვლავ განვაახლე კვლევა-ძიება ამ მიმართულებით საქართველოს საისტორიო ცენტრალურ, უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების, კინო-ფოტო დოკუმენტების ცენტრალურ არქივებში და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის ფონდებში.
მიღებული შედეგები მართლაც სენსაციური აღმოჩნდა. ჩემს მიერ ამ რამდენიმე ხნის წინ მოპოვებული საარქივო დოკუმენტები ვფიქრობ, უტყუარად ასაბუთებს ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკი ტერორისტის ილიკო იმერლიშვილის მონაწილეობას. ინფორმაციის უკეთ აღქმის მიზნით, სხვადასხვა დროს მოძიებულ საარქივო დოკუმენტებს, სადაც მითითებულია ილიას მკვლელობის მეოთხე მონაწილის ილიკო იმერლიშვილის ვინაობა, ქრონოლოგიური თანამიმდევრობით ვაწვდი მკითხველს:
საქართველოს საისტორიო ცენტრალურ არქივში დაცულ, `თბილისის სამძებრო პოლიციის ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გამოძიების საქმეში~ სხვა მასალებთან ერთად გვხვდება სამძებრო პოლიციის ჩინოვნიკის (ასე ვთქვათ სამძებრო პოლიციის ოპერატიული თანამშრომლის) გ. (პ) ფიცხელაურის მიერ, თბილისის პოლიციის სამძებრო განყოფილების უფროს პ. ევტუშევსკისადმი მიწერილი, 1907 წლის 4 სექტემბრით დათარიღებული წერილი:
,,ძვირფასო პეტრე ალექსანდრეს ძევ!
როგორც მე საიდუმლოდ მოვიკვლიე, ამჟამად მიცვალებულ თავად ჭავჭავაძეზე დანაშაულის ჩადენის შესახებ უნდა იცოდეს, დუშეთის მაზრის სოფ. მცხეთის მცხოვრებმა სახელით ,,ილია მცხეთელი”. ის თუ არ მონაწილეობდა დანაშაულში, მაშინ მან მაინც ყველაფერი იცის ვინ ჩადის მსგავს ყველანაირ დანაშაულს, ამიტომ ვვარაუდობ რომ ის დავიჭიროთ. ამის გარდა აუცილებელია დაჭერა ასევე მეფაიტონის, რომელიც, როგორც მოვიკვლიე, იცნობს პირებს, ვინც ჩაიდინა თავად ჭავჭავაძის მკვლელობა.
უღრმესი პატივისცემით თქვენი გ. ფიცხელაური
4 სექტემბერი 1907 წელი
ქ. ტიფლისი” (წერილის სტილი დაცულია) [4] (დოკ. # 1)
ამრიგად, 1907 წლის 4 სექტემბერს უკვე ცნობილი იყო, რომ პიროვნება მეტსახელით ,,ილია მცხეთელი" შესაძლოა ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მონაწილე იყო. გამოძიებამ კი მხოლოდ ამ წერილში ნახსენები მეფაიტონე, ანუ მეეტლე თედო ლაბაური დააპატიმრა. შემდეგშიც ,,ილია მცხეთელი"-ს ვინაობის დადგენის მიმართულებით არავითარი კვლევა-ძიება არ უწარმოებიათ.
მკითხველი არ დაიბნეს, როდესაც წაიკითხავს ამ ინფორმაციას. საქმე იმაშია, რომ როგორც ცნობილია 1905-1906 წლებში თბილისში, ილიკო იმერლიშვილის მეტსახელი სოციალ-დემოკრატების ორივე ფრთის წარმომადგენელ რევოლუციონერებს შორის იყო ,,მცხეთელი" ანუ ,,ილია მცხეთელი", რადგან იგი წარმოშობით მცხეთიდან იყო. [ნ. გრიგალაშვილი. თანამდევი სული (ილია და მისი ეპოქა). ტ. II. 2011, გვ. 509] რაც შეეხება დუშეთის მაზრას, სადაც ილიკო იმერლიშვილი სხვადასხვა წყაროების ცნობით, 1907 წელს სათავეში უდგება ,,წითელ რაზმს", გამომდინარე გვარიდან იქ მისი მეტსახელი იყო ,,იმერელი". [თ. სიმაშვილი. სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკი ტერორისტები ილია ჭავჭავაძის მკვლელები (ილიას მკვლელთა ვინაობისათვის). თბ. 2011, გვ. 111-115]
(ეს კი 1908 წლის დეკემბრით დათარიღებული გაზეთის ამონაჭერია, რაც ადასტურებს რომ ხელისუფლებამ იმ დროს კარგად იცოდა ფშავლიშვილის და ილიკო იმერლიშვილის ,,თანამებრძოლობის" შესახებ, და არა მარტო ხელისუფლებამ:
(ეს კი 1908 წლის დეკემბრით დათარიღებული გაზეთის ამონაჭერია, რაც ადასტურებს რომ ხელისუფლებამ იმ დროს კარგად იცოდა ფშავლიშვილის და ილიკო იმერლიშვილის ,,თანამებრძოლობის" შესახებ, და არა მარტო ხელისუფლებამ:
ეს დოკუმენტი კი პირდაპირ ადასტურებს, რომ ი. იმერლიშვილი და პ. ფშავლიშვილი ერთად ჩადიოდნენ ტერორისტულ აქტებს ჯერ კიდევ 1907 წლის თებერვალში. კერძოდ სხვა ბოლშევიკ ,,წითელრაზმელებთან" ერთად კლავენ პორუჩიკ ლოლაძეს. იხ დოკუმენტი:
საარქივო მასალებიდან ჩანს ისიც, რომ ილიკო იმერლიშვილი, გიგლა ბერბიჭაშვილი, პავლე ფშავლიშვილი იყვნენ დუშეთის მაზრაში მოქმედი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ,,წითელი რაზმის" წევრები. შედიოდნენ ერთ დაჯგუფებაში და ერთად ჩადიოდნენ სხვადასხვა სახის დანაშაულს. მეტიც, ილიკო იმერლიშვილი უამრავ დოკუმენტში ხან მცხეთის და ხან კი საგურამოს ტერიტორიებზე მოქმედი 15(35) კაციანი ,,წითელი რაზმის“ ხელმძღვანელადაა დასახელებული. აღსანიშნავია რომ ამ ფაქტს ადასტურებს, ბატონ ნ. გრიგალაშვილის მიერ მოძიებული, ილიკო იმერლიშვილის ,,წითელ რაზმელების“ დაახლოებით 1908-1909 წლებში გადაღებული ფოტოსურათი, რომელთა რიგებში დიდი ალბათობით გიგლა ბერბიჭაშვილიცაა (დოკ. # 2).
საარქივო მასალებიდან ჩანს ისიც, რომ ილიკო იმერლიშვილი, გიგლა ბერბიჭაშვილი, პავლე ფშავლიშვილი იყვნენ დუშეთის მაზრაში მოქმედი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ,,წითელი რაზმის" წევრები. შედიოდნენ ერთ დაჯგუფებაში და ერთად ჩადიოდნენ სხვადასხვა სახის დანაშაულს. მეტიც, ილიკო იმერლიშვილი უამრავ დოკუმენტში ხან მცხეთის და ხან კი საგურამოს ტერიტორიებზე მოქმედი 15(35) კაციანი ,,წითელი რაზმის“ ხელმძღვანელადაა დასახელებული. აღსანიშნავია რომ ამ ფაქტს ადასტურებს, ბატონ ნ. გრიგალაშვილის მიერ მოძიებული, ილიკო იმერლიშვილის ,,წითელ რაზმელების“ დაახლოებით 1908-1909 წლებში გადაღებული ფოტოსურათი, რომელთა რიგებში დიდი ალბათობით გიგლა ბერბიჭაშვილიცაა (დოკ. # 2).
საერთოდ კი, 1930-იანი წლების დასაწყისში დუშეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ,,ძველი“ რევოლუციონერების მიერ შედგენილ რევოლუციონერთა სიებში არა მარტო ილიკო იმერლიშვილი, გიგლა ბერბიჭაშვილი, პავლე ფშავლიშვილი და ივანე ინაშვილი, არამედ თედო ლაბაური _ ილიას მეეტლეც რევოლუციონერთა ჩამონათვალში ფიგურირებენ (ეს დოკუმენტები ამ სტატიას დავურთე და ნახავთ სტატიის ბოლოს. თ.ს. )
ზემოთქმულს ადასტურებს ჩემს მიერ მოძიებულ ერთ-ერთ საარქივო საქმეში არსებული რამდენიმე ძალიან საინტერესო დოკუმენტი. მათგან პირველ რიგში მინდა მოვიყვანო 1908 წლის 25 დეკემბრით დათარიღებული ოქმი, სადაც აბესალომ გიორგის ძე ფაღავა, დუშეთის მაზრის პოლიციის ჩაფრების (სტრაჟნიკები) უფროსი ურიადნიკი წერს, რომ ,,პავლე ფშავლიშვილთან ერთად მის ბანდაში იმყოფებოდნენ 1. პავლე ფშავლიშვილი, 2. იმერლიშვილი, 3 ნონე მჭედლიშვილი, 4. სანდრო მჭედლიშვილი, 5. ლაზარე გაბიტაშვილი, 6. გიორგი წიკლაური 7. ბასილ სიღნაღელი, 8. თელაველი ლადო, 9. ვანო ინაშვილი, 10 თუში ვანო, 10. რუსი დოროშენკო, 12. გიგლა ბერბიჭაშვილი, 13. გიორგი პარხაშვილი" (დოკ. ## 3-4).
მკითხველს შევახსენებ, რომ ყარამან ფაღავა და გიგლა ბერბიჭაშვილი, 1941-1942 წლებში გამართულ გიგლა ბერბიჭაშვილის სასამართლო პროცესზე, ილიას მკვლელობის მეოთხე მონაწილედ ასახელებდნენ ლადო ფეიქრიშვილს. მომყავს, ერთ-ერთი მაგალითი ყარამან ფაღავას ჩვენებებიდან, სადაც ყ. ფაღავა ამბობს: ,,ბერბიჭაშვილი, ინაშვილი, ფშავლიშვილი და მეოთხეც იყო, გვარი არ მახსოვს, ესენი იყვნენ მკვლელები." და სწორედ ამ დროს, განსასჯელი გ. ბერბიჭაშვილი, მოსამართლის მხრიდან პირადად მისთვის ყოველგვარი ზედმეტი შეკითხვის გარეშე ამატებს: ,,მეოთხე ფეიქრიშვილი იყო“. [5] როგორც დღეს ჩემს ხელთ არსებული დოკუმენტების ანალიზიდან ჩანს, ერთის მხრივ, დუშეთის მაზრის ყოფილი უფროსი ყარამან ფაღავა და მეორეს მხრივ კი, სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკი ტერორისტი გიგლა ბერბიჭაშვილი გარკვეულ მიზეზთა გამო აშკარად ტყუოდნენ.
ნათელია მათ მიერ ილიკო იმერლიშვილის დაფარვის მიზეზი იყო ის, რომ საბჭოთა ხელისუფლებას, ისევე როგორც ადრე მეფის ხელისუფლებას, არ სურდა სიმართლის გამჟღავნება. მეფის ხელისუფლების დროს ილიას მკვლელობაში ილიკო იმერლიშვილის მონაწილეობის გამჟღავნება თუ რა მიზეზის გამო არ სურდათ, ვფიქრობ კარგად მაქვს ახსნილი და გაანალიზებული ჩემს მონოგრაფიაში. [6] საბჭოთა ხელისუფლებას კი, 1941 წელს არ სურდა იმიტომ, რომ ილიკო იმერლიშვილი იყო ცნობილი ბოლშევიკი ტერორისტი, დაკავშირებული ,,სახელოვან” ბოლშევიკებთან – ალექსანდრე (საშა) ობოლაძე, კამო (ტერ-პეტროსიანი), დათიკო ჭიაბერაშვილი, არკადი ელბაქიძე, ისაკა ლელაშვილი და სხვა პირებთან. [7] (ამ საკითხს დაწვრილებით შემდგომ შრომებში შევეხები. თ.ს.)
რაც შეეხება ილიკო იმერლიშვილის, გიგლა ბერბიჭაშვილის, ივანე ინაშვილის და პავლე ფშავლიშვილის მონაწილეობას ილიას მკვლელობაში, ამას სრულად ადასტურებს ამავე საარქივო საქმეში არსებული, 1908 წლის 25-31 დეკემბრით დათარიღებული რამოდენიმე გვერდიანი ოქმი. იგი შეუდგენია დუშეთის მაზრის ბაზალეთის ნაწილის პრისტავ ოზიევს.
პავლე ფშავლიშვილთან და მის ,,თანამებრძოლებთან“ კავშირში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირის დაკითხვის ოქმში სიტყვა-სიტყვით წერია შემდეგი:
,,დაკითხვისას დაკავებულმა ახსნა, რომ ამა წლის მაისში (1908) ის შემთხვევით შეუერთდა ფშავლიშვილის ბანდას, რომელშიც მონაწილეობდნენ: თვით ბანდის მეთაური ფშავლიშვილი, ილია ჭავჭავაძის მკვლელები: ივანე ინაშვილი და გიგლა დარჩოს ძე ბერბიჭაშვილი და სოფ. მცხეთის მცხოვრები ილიკო იმერლიშვილი და მრავალი სხვა, რიცხვით 13 კაცამდე“ (დოკ. # 5).
ამგვარად, ამ დოკუმენტში კონკრეტულად ამ ნიშნით _ ილია ჭავჭავაძის მკვლელები _ პირდაპირაა გამოყოფილი ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში მონაწილე პირები სხვებისაგან.
ამასთან, ილიკო იმერლიშვილი მეტსახელით ,,იმერელი“ მოხსენიებულია დუშეთის მაზრის მსხვილი მემამულის, თავად ნიკოლოზ (ნიკა) ხიმშიევის (ხიმშიაშვილი) მკვლელობის საქმეებში არსებულ ნ. ხიმშიევის ახლობლების მიმოწერაში. [8] ნიკოლოზ ხიმშიევის მკვლელობის გამოძიების დასკვნით 1909 წლის 7 ოქტომბერს, დღის სამ საათზე, დუშეთის მაზრის სოფელ აბანოსხევში იგი წინასწარი განზრახვით მოკლეს _ ილია (ილიკო) იორდანეს ძე იმერლიშვილმა, ვასილ დათუნაიშვილმა, ესტატე ჩუგუაშვილმა, ლადო ფეიქრიშვილმა, გიგლა ბერბიჭაშვილმა და კიდევ ერთმა გამოძიებისგან დაუდგენელმა პირმა. [9]
საინტერესოა, რომ გიორგი ტატიშვილის _ ცნობილი მენშევიკის, დუშეთის მაზრაში არსებული სოციალ-დემოკრატიული პარტიის ადგილობრივი კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, პარალელურად ,,წითელი რაზმის“ აქტიური წევრის სიტყვებით, ნ. ხიმშიევის მკვლელობა ჩადენილ იქნა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ადგილობრივი კომიტეტის დადგენილების საფუძველზე. სხვადასხვა წლებში დაწერილ თავის მოგონებებში გ. ტატიშვილი დეტალურად აღწერს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ადგილობრივი კომიტეტის მიერ ნ. ხიმშიევის მკვლელობის დადგენილების მიღებას. 1940-იან წლებში დაწერილ ერთ-ერთ მოგონებაში ამბობს, რომ ეს იდეა თითქოსდა გლეხობისგან წამოვიდა, ამასთან ამ მკვლელობის მონაწილედ არსად ახსენებს ილიკო იმერლიშვილის გვარს. სამაგიეროდ ნიკოლოზ ხიმშიევის მკვლელობის ჩამდენი ,,წითელი რაზმის" მეთაურად ლადო ფეიქრიშვილს ასახელებს.
არადა ნიკოლოზ ხიმშიევის მკვლელობის საქმეებში, საარქივო დოკუმენტებში – მკვლელობის უშუალი შემსწრე პირების ჩვენებების შეპირისპირების საფუძველზე დანამდვილებით დადასტურებულია, რომ სწორედ ილიკო იმერლიშვილი იყო თავდამსხმელების მეთაური. ამასთან სწორედ მასთან იყვნენ დაკავშირებული ნ. ხიმშიევზე თავდამსხმელი პირები. მაგალითად, ვასილ დათუნაიშვილი ილიკო იმერლიშვილთან ერთად დააპატიმრეს 1907 წლის დეკემბერში, როდესაც სოციალ-დემოკრატებმა მოინდომეს ყარაიაზის საფოსტო მატარებლის გაძარცვა. ხოლო, 1908 წლის მაისში ი. იმერლიშვილი სწორედ ვ. დათუნაიშვილთან, პ. ფშავლიშვილთან და სხვებთან ერთად გარბის მეტეხის ციხიდან. [10]
(ცხიდან გაქცეული ი. იმერლიშვილი და პ. ფშავლიშვილი თავს აფარებენ ი. იმერლიშვილის სახლს მცხეთაში. იხ, დოკუმენტი:
რაც შეეხება გიგლა ბერბიჭაშვილს, ის და ილიკო იმერლიშვილი, როგორც ალექსანდრე ობოლაძის ქვემდებარე სოციალ-დემოკრატიული პარტიის შეიარაღებული რაზმის წევრები, ერთად მონაწილეობდნენ 1905 წლის ნოემბერში ერევნის მოედანზე, სომხების და თათრების ,,გაშველებაში“. ლადო ფეიქრიშვილიც ილიკო იმერლიშვილთან ერთად მონაწილეობდა სხვადასხვა თავდასხმებში.
(ცხიდან გაქცეული ი. იმერლიშვილი და პ. ფშავლიშვილი თავს აფარებენ ი. იმერლიშვილის სახლს მცხეთაში. იხ, დოკუმენტი:
რაც შეეხება გიგლა ბერბიჭაშვილს, ის და ილიკო იმერლიშვილი, როგორც ალექსანდრე ობოლაძის ქვემდებარე სოციალ-დემოკრატიული პარტიის შეიარაღებული რაზმის წევრები, ერთად მონაწილეობდნენ 1905 წლის ნოემბერში ერევნის მოედანზე, სომხების და თათრების ,,გაშველებაში“. ლადო ფეიქრიშვილიც ილიკო იმერლიშვილთან ერთად მონაწილეობდა სხვადასხვა თავდასხმებში.
დოკუმენტებიდან ისიც ირკვევა, რომ ილიკო იმერლიშვილმა და მისი რაზმის ზემოდასახელებულმა წევრებმა ნიკოლოზ ხიმშიევზე რამოდენიმე თავდასხმა მოაწყეს. ნ. ხიმშიევის მკვლელობამდე თითქმის ერთი წლით ადრე, 1908 წლის 6 აგვისტოს, პავლე ფშავლიშვილი, ილია (ილიკო) იმერლიშვილი, გიგლა ბერბიჭაშვილი, ლადო ფეიქრიშვილი, ვასილ დათუნაიშვილი, პავლე ხიზანიშვილი და სხვა პირები, სოფელ ბულაჩაურში მის სახლს თავს დაესხნენ. ეს თავდასხმა ნიკოლოზ ხიმშიევის ვაჟმა გიორგიმ სახლში მყოფ დაცვასთან ერთად მოიგერია. თავად გ. ტუსიევის სიტყვებით, ამ თავდასხმის შემდეგ ნ. ხიმშიევმა მას უთხრა, რომ თავდასხმა მისი მოკვლის მიზნით, პავლე ფშავლიშვილმა და გიგლა ბერბიჭაშვილმა განახორციელეს, რადგან იგი მათზე პოლიციას უთითებდა, როგორც თავად ილია ჭავჭავაძის მკვლელებზე. [11]
ეს ინფორმაცია მოთავსებულია 1909 წლის 28 მარტის თბილისის საოლქო სასამართლოს პროკურორის წარდგინებაში, თბილისის სასამართლო პალატის პროკურორის სახელზე. აღნიშნული დოკუმენტი საინტერესოა იმითაც, რომ მასში მითითებულია ნ. ხიმშიევის მკვლელობის ორი მოტივი. კერძოდ, პირველი ესაა, გლეხების მტრობა თავად ნ. ხიმშიევის მიმართ, რომელიც 1905 წელს ეკონომიკურ ურთიერთობათა ნიადაგზე წარმოიშვა; და მეორე, შურისძიება ნ. ხიმშიევზე, რადგან იგი პოლიციას ილია ჭავჭავაძის მკვლელების დაჭერაში ხელს უწყობდა. [12]
მართლაც, თითქმის ერთი წლით ადრე, 1908 წლის 9 თებერვალს ღამით, მცხეთის ნაწილის (უბნის) პრისტავმა ნ. მარკოვიჩმა, სწორედ მემამულე ნ. ხიმშიევის დახმარებით და მონაწილეობით შეძლო პავლე ფშავლიშვილის დაპატიმრება ლადო ფეიქრიშვილთან ერთად.
(როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, ნ. ხიმშიევმა გამოტეხვის მიზნით ორივე ძალიან სასტიკად სცემა. [სსცა, ფ. 115, აღ. 2, საქ. 429, გვ. 343] ვფიქრობ საინტერესოა იმის აღნიშვნაც, რომ 1908 წლის 9 თებერვლის ღამით დააპატიმრებისას სწორედ ლადო ფეიქრიშვილმა ახსენა პირველად ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მეოთხე მონაწილედ ,,იმერელი”. მან დაკითხვისას განაცხადა, რომ პავლე ფშავლიშვილმა უთხრა - ილია ჭავჭავაძე მოკლეს მან (პ. ფშავლიშვილმა), ივანე (ვანო) ინაშვილმა, გიგლა ბერბიჭაშვილმა და ,,ვიღაც იმერელმა“. ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საქმის გამოძიების მასალებში არსებულ ერთ-ერთ დოკუმენტში ნათქვამია, რომ - 10 თებერვალს დაკითხვისას, პავლე ფშავლიშვილმაც აღიარა ილიას მკვლელობაში მონაწილეობა, მაგრამ არ ისურვა იმერელის გაცემა. თ.ს. [სსცა, ფ. 116, აღ. 1, საქ. 13364, გვ. 255-258])
მოწმეთა დაკითხვების, საგამოძიებო მოქმედებების სრულყოფილად გატარების შემდეგ შედგენილ უფრო გვიანდელ, 1910 წლის 10 იანვრის თბილისის საოლქო სასამართლოს პროკურორის წარდგინებაში, თბილისის სასამართლო პალატის პროკურორის სახელზე, ნიკოლოზ ხიმშიევის მკვლელობის მხოლოდ ერთი მოტივია მითითებული _ ,,ნ. ხიმშიევის ქმედითი მონაწილეობა თავად ილია ჭავჭავაძის მკვლელების ძებნაში“ [13] (დოკ. # 6).
ნ. ხიმშიევის ახლობლის, ბაზალეთის პრისტავ ი. ოზიევის სიტყვებით, ,,თავადი ნ. ხიმშიევი ხშირად ამბობდა, რომ მას ეშინია ის არ მოკლან ილია იმერლიშვილმა, გიგლა ბერბიჭაშვილმა და ლადო ფეიქრიშვილმა, რადგან ის (ნ. ხიმშიევი - თ.ს.) მათ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საქმის გამო სდევნიდა.” ანუ, ნ. ხიმშიევი სიკვდილამდე არც თუ ისე დიდი ხნით ადრე სთვლიდა, რომ ილია (ილიკო) იმერლიშვილიც ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მონაწილე იყო. თბილისის მაზრის უფროსის კ. შანშიევის ჩვენებით კი, ნ. ხიმშიევის მკვლელობამდე ერთი წლით ადრე, ამ უკანასკნელის დის ქმარმა კონსტანტინე კავრიევმა მას განუცხადა, რომ: ,,ილია იმერლიშვილის და პავლე ფშავლიშვილის ბანდას განზრახული აქვს თავად ხიმშიევის მოკვლა, რადგან იგი ღიად დევნიდა თავად ჭავჭავაძის მკვლელებს“ [14] (დოკ. # 7)
ილიკო იმერლიშვილი ასევე დასახელებულია ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მონაწილედ, 1914 წლით დათარიღებულ საარქივო მასალაში. კერძოდ, თბილისის სამძებრო პოლიციის ერთ-ერთ საქმეში, რომელიც ეხება ილიკო იმერლიშვილის დაკავების ოპერაციას აღმოჩნდა საარქივო დოკუმენტები, სადაც პირდაპირაა ნათქვამი, რომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში ილიკო იმერლიშვილი და მისი რაზმელები მონაწილეობდნენ.
ორ დოკუმენტში, პირველი ესაა _ 1914 წლის 15 იანვრით დათარიღებული თბილისის სამძებრო პოლიციის განყოფილების უფროსის მიერ თბილისის პოლიცმეისტერის სახელზე გაგზავნილი ორ გვერდიანი მოხსენება, მეორე კი 1914 წლის 1 თებერვლით დათარიღებული, ასევე თბილისის სამძებრო პოლიციის განყოფილების უფროსის მიერ თბილისის საოლქო სასამართლოს საგანგებო საქმეთა გამომძიებლის სახელზე გაგზავნილი სამ გვერდიანი მოხსენება, სიტყვა-სიტყვით წერია შემდეგი: ,,ილიკო იმერლიშვილმა თავისი დაჯგუფების წევრებთან ერთად ჩაიდინა უამრავი მკვლელობა კერძო და თანამდებობრივი პირების, სოფლის მამასახლისების, სტრაჟნიკების, მემამულე თავად ილია ჭავჭავაძის (ქართველი მწერლის)” [15] (დოკ. # 8)
უფრო გვიანდელი ანუ მეორე დოკუმენტის შინაარსი პირველისგან განსხვავდება იმით, რომ მასში მითითებულია - აღნიშნული ინფორმაცია მოპოვებულია აგენტურული შეტყობინებების საფუძველზეო [16] (დოკ. # 9).
ამ დოკუმენტებში ასევე ნათქვამია, რომ ილიკო იმერლიშვილი 1907 წელს დააპატიმრეს. მართლაც, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ილიკო იმერლიშვილი 1907 წლის დეკემბერში იმ დროს დააპატიმრეს, როდესაც ორ ათეულამდე სოციალ-დემოკრატ ტერორისტთან ერთად ცდილობდა საფოსტო მატარებლის დაყაჩაღებას.
ილიკო იმერლიშვილი სწორედ სოციალ-დემოკრატიული პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელადაა დასახელებული ამავე საქმეში არსებულ დოკუმენტში, რომელსაც 1914 წლის 28 იანვარს ამიერკავკასიის რკინიგზის ჟანდარმთა საპოლიციო სამმართველოს უფროსი უგზავნის თბილისის პოლიცმეისტერს [17] (დოკ. # 10)
როგორც ზემოთ აღვნიშნე, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ერთადერთი ადამიანი, ვინც საბჭოთა პერიოდში ილია ჭავჭავაძის მკვლელად ილიკო იმერლიშვილი დაასახელა, იყო ილია ჭავჭავაძის მოურავის დიმიტრი ჯაშის მეუღლე დარია ჯაში. მან საბჭოთა ხელისუფლების მიერ 1941-1942 წლებში, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ერთ-ერთი მონაწილის გიგლა ბერბიჭაშვილის სასამართლო პროცესის გამოძიების წინა პერიოდში, 1941 წლის 6 ივნისს წინასწარი დაკითხვისას მიცემულ ჩვენებაში, გამომძიებლის კითხვაზე - ,,ვინ ღებულობდა მონაწილეობას ილიას მკვლელობაში?” გასცა შემდეგი პასუხი: ,,როგორც შემდეგ გავიგე ილიას მკვლელობაში მონაწილეობას ღებულობდნენ ინაშვილი ყოფილი მამასახლისი, იმერლიშვილი, რომელსაც კარგად იცნობდა დიმიტრი, ფშავლიშვილი გრიგოლა, როგორც მახსოვს ფეიქრიშვილი იყო გაქცეული ყაჩაღად ტყეში“ [18] (დოკ. # 11)
მეტიც, დარია ჯაშმა1941-1942 წლებში, გიგლა ბერბიჭაშვილის სასამართლო პროცესის დროს ილიკო იმერლიშვილი ისე რომ არავინ ეკითხებოდა პირდაპირ დაასახელა მისი მეუღლის დიმიტრი ჯაშის მეგობრად.
მეტიც, დარია ჯაშმა1941-1942 წლებში, გიგლა ბერბიჭაშვილის სასამართლო პროცესის დროს ილიკო იმერლიშვილი ისე რომ არავინ ეკითხებოდა პირდაპირ დაასახელა მისი მეუღლის დიმიტრი ჯაშის მეგობრად.
(2013 წლის ზაფხულში მე მოვიძიე ახალი საარქივო მასალები და აღმოჩნდა რომ, ილიკო იმერლიშვილის ,,იმერელთან" იგივეობის შესახებ ძალინ კარგად იცოდა ალექსანდრე კოჭლავაშვილმა, რომლიც თავის დროზე იყო უშიშროების საგამოძებო ნაწილის უფროსი. მან 1941 წელს ილიას მკვლელობის საქმეზე წინასწარი ძიების პროცესში დაჰკითხა კიდეც დაპატიმრებული გიგლა ბერბიჭაშვილი.
გ. ლეონიძის თხოვნით 1950-იანი წლების ბოლოს ა. კოჭლავაშვილმა დაიწყო ილიას მკვლელობის შესახებ მასალების მოძიება და 1957-1962 წლებში უნიკალური მასალები და დოკუმენტები მოაგროვა, დაარქივა და დაიწყო ილიას მკვლელობის შესახებ წიგნის წერა... და ჩანს რომ ილიკო იმერლიშვილზე, როგორც ილიას მკვლელობის მეოთხე მონაწილის კვალზე გავიდა... გავიდა და შემდეგ სხვადასხვა მიზეზის გამო არ გამოაქვეყნა არაფერი. მიზეზი ჩანს მდგომარეობდა იმაში, რომ მოძიებული მასალებიდან ა. კოჭლავაშვილმა დაასკვნა, რომ ილიკო იმერლიშვილი უშუალოდ იყო დაკავშირებული არა მარტო ბოლშევიკებთან, არამედ იოსებ ჯუღაშვილთან - სტალინთან. ა. კოჭლავაშვილი კი ამ ადამიანის ერთ-ერთ თაყვანისმცემელთა რიცხვში შედიოდა... თუმცა ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია.
ამ ჯერზე მხოლოდ ერთ დოკუმენტს გამოვაქვეყნებ მისი მასალებიდან. ალექსანდრე კოჭლავაშვილმა დარია ჯაში გამოკითხა 1957 დეკემბერში, ბათუმში, სადაც ეს უკანასკნელი თავის შვილთან ცხოვრობდა. დარია ჯაშის მის კითხვაზე - თუ ვინ იყვნენ ილიას მკვლელობოს მონაწილეები პასუხობს: ,,მკვლელთა შორის ასახლებდნენ ,,იმერელს" და ეს იყო იყო დ. იმერლიშვილი". ცხადია მხცოვან დარია ჯაშს მახსოვრობამ უმტყუნა და ილიკოს სახელი შეეშალა, რაც ოდნავადაც არ ამცირებს ამ დოკუმენტის მნიშვნელობას. (დოკ. 12ა) მკითხველს შეუძლია ნახოს ეს დოკუმენტი:
ამრიგად, ზემოდასახლებული 1907, 1908, 1910, 1914, 1941 და 1957 წლით დათარიღებული დოკუმენტები ერთობლიობაში ავსებენ ერთმანეთს, და ჩემი აზრით, საბოლოოდ ადასტურებენ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მეოთხე მონაწილის ვინაობას.
გ. ლეონიძის თხოვნით 1950-იანი წლების ბოლოს ა. კოჭლავაშვილმა დაიწყო ილიას მკვლელობის შესახებ მასალების მოძიება და 1957-1962 წლებში უნიკალური მასალები და დოკუმენტები მოაგროვა, დაარქივა და დაიწყო ილიას მკვლელობის შესახებ წიგნის წერა... და ჩანს რომ ილიკო იმერლიშვილზე, როგორც ილიას მკვლელობის მეოთხე მონაწილის კვალზე გავიდა... გავიდა და შემდეგ სხვადასხვა მიზეზის გამო არ გამოაქვეყნა არაფერი. მიზეზი ჩანს მდგომარეობდა იმაში, რომ მოძიებული მასალებიდან ა. კოჭლავაშვილმა დაასკვნა, რომ ილიკო იმერლიშვილი უშუალოდ იყო დაკავშირებული არა მარტო ბოლშევიკებთან, არამედ იოსებ ჯუღაშვილთან - სტალინთან. ა. კოჭლავაშვილი კი ამ ადამიანის ერთ-ერთ თაყვანისმცემელთა რიცხვში შედიოდა... თუმცა ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია.
ამ ჯერზე მხოლოდ ერთ დოკუმენტს გამოვაქვეყნებ მისი მასალებიდან. ალექსანდრე კოჭლავაშვილმა დარია ჯაში გამოკითხა 1957 დეკემბერში, ბათუმში, სადაც ეს უკანასკნელი თავის შვილთან ცხოვრობდა. დარია ჯაშის მის კითხვაზე - თუ ვინ იყვნენ ილიას მკვლელობოს მონაწილეები პასუხობს: ,,მკვლელთა შორის ასახლებდნენ ,,იმერელს" და ეს იყო იყო დ. იმერლიშვილი". ცხადია მხცოვან დარია ჯაშს მახსოვრობამ უმტყუნა და ილიკოს სახელი შეეშალა, რაც ოდნავადაც არ ამცირებს ამ დოკუმენტის მნიშვნელობას. (დოკ. 12ა) მკითხველს შეუძლია ნახოს ეს დოკუმენტი:
ამრიგად, ზემოდასახლებული 1907, 1908, 1910, 1914, 1941 და 1957 წლით დათარიღებული დოკუმენტები ერთობლიობაში ავსებენ ერთმანეთს, და ჩემი აზრით, საბოლოოდ ადასტურებენ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მეოთხე მონაწილის ვინაობას.
აღნიშნულ სტატიაში შევეცადე მკითხველისათვის, კონკრეტულად კი ისტორიკოსებისათვის შედარებითი, ღრმა ანალიზის გარეშე მომეწოდებინა დოკუმენტების შინაარსი. რადგან ვთვლი - გამომდინარე თემის დელიკატურობიდან, ვგულისხმობ იმას, რომ საკითხი ეხება ქართველი ერის ისტორიის ერთ-ერთ ტრაგიკულ ფურცელს, დოკუმენტების დედნების ასლში გაცნობა, წაკითხვა და მკითხველის მიერ ავტორის მოსაზრებების გავლენის გარეშე გაკეთებული პირველადი ანალიზი უფრო მნიშვნელოვანია.
ამასთან მინდა ავღნიშნო, რომ ჩემს ხელთ არსებული სხვა დოკუმენტებიც საკმაოდ საინტერესოა და მათაც უახლოეს ხანებში მივაწვდი მკითხველს.
(დამატებით ვაქვეყნებ დოკუმენტებს, სადაც 1930-იანი წლების დასაწყისში გ. ბერბიჭაშვილს, პ. ფშავლიშვილს, თ. ლაბაურს და სხვებს, მათ შორის ილიკო იმერლიშვილს რევოლუციონერებად მიიჩნევდნენ:
(დამატებით ვაქვეყნებ დოკუმენტებს, სადაც 1930-იანი წლების დასაწყისში გ. ბერბიჭაშვილს, პ. ფშავლიშვილს, თ. ლაბაურს და სხვებს, მათ შორის ილიკო იმერლიშვილს რევოლუციონერებად მიიჩნევდნენ:
(ჩემს მიერ ახლადმოძიებული ეს დოკუმენტი კი კვლავ ადასტურებს, რომ ილიკო იმერლიშვილი სწორედ საგურამოს მიდამოებში ოპერირებულ შეიარაღებულ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა:
გამოყენებული წყაროების და ლიტერატურის სია:
1. ,,რევოლუციური ტერორი და ქართველი საზოგადო მოღვაწეები 1905-1907 წლებში“, ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ჟურნალი ,,საქართველოს ახალი ისტორიის საკითხები“, ტ. VIII, 2005, თბილისი; ,,ილია ჭავჭავაძის მკვლელობა, სოციალ-დემოკრატები და ,,ოხრანკა“, ,,კავკასიის მაცნე“ # 15, 2006, თბილისი; ,,ილია ჭავჭავაძე და სოციალ-დემოკრატები“, ილია ჭავჭავაძის 170 წლისთავისადმი მიძღვნილ რესპუბლიკურ სამეცნიერო კონფერენცია, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2007, თბილისი; ,,სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკი ტერორისტები ილიას მკვლელობის შემსრულებლები“, ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ჟურნალი ,,ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“ #1(3), 2008, თბილისი.
2. შუშანაშვილი, ალ., ,,ილია ჭავჭავაძის მკვლელობა”, თბილისი, ,,მერანი”, 1996, გვ. 223
3. შუშანაშვილი, ალ., ,,ილია ჭავჭავაძის მკვლელობა”, თბილისი, ,,მერანი”, 1996, გვ. 44
4. საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივი, ფონდი 97, აღწერა. 2, საქმე 35, გვ. 26
5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს მესამე განყოფილება, ფონდი 8, აღწერა 25, საქმე 683, გვ. 92-96
6. თ. სიმაშვილი, ,,სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკი ტერორისტები ილია ჭავჭავაძის მკვლელები" (ილიას მკვლელთა ვინაობისათვის), 2011, თბილისი, გვ. 60-67
7. ნ. გრიგალაშვილი, ,,თანამდევი სული”, ტ. II, 2011, გვ. 511; ხინთიბიძე, ან., ,,1905-1907 წლების რევოლუციისა და რეაქციის პერიოდის მებრძოლები” (ქართული ფოლკლორის მიხედვით), თბილისი, ,,საბჭოთა საქართველო”, 1989, გვ.63-73
8. სსცა, ფ. 115, აღ. 1, საქ. 2889, გვ. 133; 346
9. სსცა, ფ. 114, აღ. 1, საქ. 1099, გვ. 6; 9
10. სსცა, ფ. 94, აღ. 1, საქ. 124, გვ. 30; სსცა, ფ. 115, აღ. 1, საქ. 429, გვ. 33
11. სსცა, ფ. 114, აღ. 1, საქ. 1099, გვ. 7; 9
12. სსცა, ფ. 114, აღ. 1, საქ. 1099, გვ. 7-8
13. სსცა, ფ. 114, აღ. 1, საქ. 1099, გვ. 9
14. სსცა, ფ. 115, აღ. 2, საქ. 429, გვ. 345
15. სსცა, თბილისის პოლიცმეისტერის სამძებრო განყოფილების ფონდი 97, აღწერა 1, საქმე 294, გვ. 3
16. სსცა, თბილისის პოლიცმეისტერის სამძებრო განყოფილების ფონდი 97, აღწერა 1, საქმე 294, გვ. 18
17. სსცა, თბილისის პოლიცმეისტერის სამძებრო განყოფილების ფონდი 97, აღწერა 1, საქმე 294, გვ. 15
18. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს მესამე განყოფილება, ფონდი 8, აღწერა 25, საქმე 683
No comments:
Post a Comment
Note: Only a member of this blog may post a comment.