რევოლუციურ-ტერორისტული ორგანიზაცია ,,მთაწმინდის ჯგუფი” და ილია ჭავჭავაძის მკვლელობასთან დაკავშირებული
პირები
თენგიზ სიმაშვილი
გამოქვეყნდა ჟურნალი ,,ცისკარი” # 9, 2012
დიდ მადლობას ვუხდი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და
საქართველოს ეროვნული არქივების თანამშრომლებს მასალების
მოძიებისას გაწეული დახმარებისათვის
საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივის, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის ფონდებში არსებული მასალები და დოკუმენტები ახლებურად ხსნიან და გვიჩვენებენ, 1905-1907 წლების რევოლუციაში მონაწილე პარტიების საქმიანობას. აღნიშნულ დოკუმენტებში დადასტურებულია სხვადასხვა პარტიების, მათ შორის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ორივე ფრთის - ბოლშევიკების და მენშევიკების მიერ მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ, ბრძოლის ტერორისტული მეთოდების და ხერხების აქტიური გამოყენება.
რევოლუციური პარტიების მიერ ჩადენილი ტერორისტული თუ ექსპროპრიაციული აქტების ორგანიზების, დაგეგმვის, ტერორისტული აქტებისას გამოყენებული ხერხების ნათელ სურათს გვაძლევს ცნობილი ბოლშევიკი ტერორისტ-ექსპროპრიატორის, ბაჭუა (სამუელ) კუპრაშვილის მოგონებები.
დასახელებულ თემასთან კავშირში იგი უამრავ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის. დღეს მე შევჩერდები ბაჭუა კუპრაშვილის მოგონებების იმ ნაწილზე სადაც ის საუბრობს თუ ვის იყენებდნენ და როგორ არჩევდნენ ბოლშევიკები თავისი ე.წ. ,,სამხედრო ჯგუფის”, ანუ იგივე ტერორისტულ-ექსპროპრიაციული ორგანიზაციის წევრებს, რა კავშირი გააჩნდათ ამ ადამიანებს ილია ჭავჭავაძის მკვლელობასთან დაკავშირებულ პირებთან.
ბაჭუა კუპრაშვილი აღნიშნავს, რომ 1906 წელს მთელ საქართველოში არსებობდა რევოლუციონერთა პარტიზანული რაზმები - ,,თბილისში ეგრეთ წოდებული მთაწმინდის ჯგუფი, ვერის ჯგუფი, ხარფუხის და სხვა. იმერეთში მერკვილაძის რაზმი, სამტრედია-ვანში წითელაშვილი, ქართლში გიორგი წერეთელის, თაგუნას (პატარა გოგია), ფორია და სხვა.” [1] მისი სიტყვებით ,,სტალინის ინიციატივითა და განკარგულებით 1906 წლის პირველ ნახევარში კავკასიის ბოლშევიკთა ბიუროსთან შექმნილ იქნა ბოლშევიკური ,,სამხედრო ჯგუფი” (ბოევაია დრუჟინა) რომელსაც დაევალა: აჯანყების შემდეგ ხალხში გაფანტული იარაღის მოკრება და მოვლა, ქალაქად და სოფლად იარაღქვეშ გავარდნილი ხალხის პატრონობა, მათ პარტიზანულ მოქმედებაში რევოლუციონური ბოლშევიკური სისტემის შეტანა, მათგან საუკეთესოების გამორჩევა და ბოლშევიკურ ორგანიზაციებთან დაკავშირება.” [2] ბოლშევიკების ,,სამხედრო ჯგუფს”, რომელსაც ხან ,,ბოლშევიკ-ექსპროპრიატორთა კლუბის”, ხან ,,დრუჟინის”, ხან ,,ჯგუფის”, ხან კი ,,შეიარაღებულების” სახელით იხსენიებდნენ [3] ასევე ევალებოდა ,,ციხეებში დაპატიმრებული ბოლშევიკების გამოქცევის მოწყობა, იარაღის გატაცება, სახაზინო ფულის ექსპროპრიაცია და სხვა”. [4] ახლა ვნახოთ თუ ვინ იყვნენ ამ ორგანიზაციაში შემავალი ,,საუკეთესო” ტერორისტები, ვინც ამ ყველაფერს სიტყვა შეუბრუნებლად ასრულებდნენ ,,სამხედრო ჯგუფის” ხელმძღვანელების დავალებით.
ბაჭუა კუპრაშვილი წერს, რომ მათ შეისწავლეს ,,ყველა ქალაქში თუ სოფლად მოქმედი მოანარქისტო ჯგუფების შემადგენლობა, თანახმად დირექტივის ამ ჯგუფებიდან უნდა გამოგვეყვანა საუკეთესოები ... თბილისის მოქმედი მოანარქისტო ჯგუფებიდან ყველაზე უფრო ძლიერი იყო მთაწმინდის ჯგუფი, შემდეგ ვერის, მთაწმინდის ჯგუფიდან გადმოვიყვანეთ დათიკო ჭიაბერაშვილი, არკადი ელბაქიძე(აგორდია), სამსონ ტომარაძე და ჩიქოვანი.” [5]
სწორედ ე.წ. ,,მთაწმინდის ჯგუფის” წევრი იყო ილიკო იორდანეს ძე იმერლიშვილი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მეოთხე ,,იმერელის” მეტსახელით ცნობილი მონაწილე. (აღნიშნულის შესახებ, დამადასტურებელი კვლევები და მასალა დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია ნახოს ჩემი და ბატონ ნოდარ გრიგალაშვილის შრომებში. თ.ს.) [6] როგორც მისი ძმის, ასევე რევოლუციონერის და ტერორისტის გიორგი იმერლიშვილის მიერ დაწერილ ილიკო იმერლიშვილის ბიოგრაფიიდან ირკვევა - ,,იგი შევიდა მთაწმინდის ჯგუფში ობოლაძესთან 1906 წელს”. [7] სხვა საარქივო საქმეში არსებულ, ილიკო იმერლიშვილის დაჯგუფების წევრების და ,,ამხანაგების” - დიმიტრი ბაცანკალაშვილის, ნიკოლოზ ხავთასის, ივანე ბერიძის და სხვების მიერ, 1934 წლის იანვარში დაწერილ ილიკო იმერლიშვილის ბიოგრაფიაში ნათქვამია, რომ 1904 წლის ბოლოს ,,ილიკო მოექცა ბოლშევიკური ფრაქციის გავლენის ქვეშ და პრაქტიკული მუშაობის დროს საშა ობოლაძეს არ შორდებოდა”. აქვე აღნიშნულია, რომ დაახლოებით 1906 წელს ,,ილიკო იმერლიშვილი და მისი ორი ამხანაგი დიმიტრი ბაცანკალიშვილი და ვასო ფარესიშვილი დროებით შევიდნენ მთაწმინდის ჯგუფში, რომელსაც ხელმძღვანელობდა საშა ობოლაძე”. [8] ილიკო იმერლიშვილის ,,მთაწმინდის ჯგუფის” წევრობას ადასტურებს, ძველი რევოლუციონერის ნ. ლელაშვილის მოგონება ილიკო იმერლიშვილზე - ,,ილიკო გავიცანი 1906 წლის მეორე ნახევარში. ის იყო დაკავშირებული მთაწმინდის წითელ რაზმელთა ჯგუფთან. მთაწმინდის ჯგუფი იყო ტერორისტული ჯგუფი”. ნ. ლელაშვილი აქვე აღნიშნავს, რომ ,,ილიკო ბოლშევიკებთან იყო ერთთავად”. [9]
თანამედროვეთა აზრით ილიკო იმერლიშვილი ,,უდიდეს საფრთხის წინაშეც არ ჰკარგავდა მოსაზრებას და გონიერებას და პოლიციისაგან ფრთხილად დაგებულ მახეს შესანიშნავი გაბედულებით და წინდახედულებით უძვრებოდა ხელიდან”. [10] ამასთან თუ დავამატებთ, რომ ი. იმერლიშვილი კარგად ხმარობდა სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლ იარაღს, ორივე ხელით ერთდროულად შეეძლო ორი ,,მაუზერის” სროლა და ,,მაღლა რომ ერთი ცალი სფიჩქა აგეგდო იმას მოარტყამდა, ძალიან მსროლელი იყო”, აშკარა გახდება, რომ იგი იმ დროის ტერორისტის ყველა ,,საუკეთესო” თვისებას ფლობდა. [11]
ჩვენს ხელთ არსებული სხვადასხვა მასალები პირდაპირ ადასტურებენ ბოლშევიკების მიერ ,,გადაბირებული” ,,მთაწმინდის ჯგუფის” წევრების ახლო ურთიერთობას ბოლშევიკ-ექსპროპრიატორ ბაჭუა კუპრაშვილთან, კამოსთან (ტერ-პეტროსიანი) და სხვებთან. მაგალითად, თანამედროვის მოგონების მიხედვით, 1906 წლის 12 იანვარს ,,საშა ობოლაძე, დათიკო ჭიაბრიშვილი, არკადი ელბაქიძე, კამო, ილიკო იმერლიშვილი, ვასო ფარესიშვილი, თარაშვილი, დიმიტრი ბაცანკალიშვილი წავიდნენ კახეთში ქართლ-კახეთის გაერთიანებულ წითელ რაზმელთა უფროსთან ხუნხუზ ვანო გურულთან მოსალაპარაკებლად”. [12] თავის მხრივ კახელ ,,წითელ რაზმელებს” და ,,მთაწმინდის ჯგუფის” წევრების მჭიდრო კავშირს ადასტურებს 1905-1907 წლებში კახეთში ,,მოღვაწე” რევოლუციონერ ტერორისტის ვანო მაისურაძის (ტუჩა) მოგონება. იგი წერს, რომ კახელი ,,წითელ რაზმელები” იარაღს იღებდნენ ,,მთაწმინდიდან ავალიანის ჯგუფის მიერ წართმეულს გორადავოებისგან”. [13] ვ. მაისურაძე ასევე აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი ექსპროპრიაციისას გატაცებული ფულით შეიძინეს იარაღი, რომელიც დამალეს იყო ,,მთაწმინდის ჯგუფის” კუთვნილ იარაღთან ერთად. ვ. მაისურაძის ცნობით ,,ამ თავდასხმაში მონაწილეობდნენ: კ. ლორთქიფანიძე, ვ. მაისურაძე (ტურა), იმერლიშვილი, ქორიძე, ელბაქიძე, მამაცაშვილები, ბუჩაშვილი, ჭიკჭიკელაშვილი”. [14] (ირიბად ,,მთაწმინდის ჯგუფის” მიერ იარაღის საწყობის ქონას ადასტურებს რევაზ გაბაშვილის მოგონებაში არსებული მცირე ქვეთავის ,,ავალიანი და სხ.” შინაარსი. თ.ს.) [15]
როგორც ჩანს, სწორედ ,,მთაწმინდის ჯგუფს” გულისხმობდა ალექსანდრე (საშა) ობოლაძე, რომელიც 1922 წლის 13 ოქტომბერს, ხევსურეთში სპეც-დავალებიდან ,,იმ წუთას დაბრუნებული” თავის მოგონებაში წერდა - ,,იმის გამო, რომ ჩვენი ფრაქცია მაშინ მენშევიკებთან ერთად მუშაობდა, მე არ დავემორჩილე განიარაღებას და ცალკე ჯგუფი შევქმენი... ჯგუფს გააჩნდა საკუთარი სტამბა და ჰყავდა თავიდან ფეხებამდე შეიარაღებული 60 კაცი. ჩვენს ჯგუფში მუშაობდა ამხანაგი დათო ჭიაბეროვი. თვითონ კობა - სტალინი გვიჭერდა მხარს. ერთ-ერთ კონფერენციაზე მან შეიტანა რეზოლუცია ჩვენი უკან მიღების შესახებ.” [16]
,,მთაწმინდის ჯგუფის” საქმიანობის და შემადგენლობის შესახებ ინფორმაციები მოიპოვება ასევე არა მარტო რევოლუციონერთა მოგონებებში, არამედ საარქივო დოკუმენტებშიც. კერძოდ, როგორც თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს ერთ-ერთი საქმიდან ირკვევა, 1906 წლის დასაწყისში, სტამბის ყოფილი მუშა ალექსანდრე ობოლაძე დაკავშირებული ყოფილა ბ. ესაძის სტამბაში მომუშავე ვინმე ავალიანთან, ეს უკანასკნელი კი ილია ფიცხელაურთან, რომელიც მუშაობდა ლიბერმანის სტამბაში. [17] ამ საარქივო საქმეში მითითებულია, რომ ეს ადამიანები ეწეოდნენ რევოლუციურ საქმიანობას და პოლიცმეისტერი ზასიპკინი ითხოვდა მათი დაპატიმრების ნებართვას ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსისაგან. (საქმე იმაშია, რომ პოლიციას რევოლუციის პერიოდში აეკრძალა ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოსათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე რევოლუციონერების დაპატიმრება. ეს საჭირო იყო იმიტომ, რომ პოლიციის მიერ საიდუმლო პოლიციის, ანუ ,,ოხრანკის” განყოფილების აგენტის, ან მასთან დაახლოებული პირის დაპატიმრებით ,,ოხრანკის” განყოფილებებს ხელი არ შეშლოდათ თავის ოპერატიულ საქმიანობაში, - თ.ს.)
იმავე პერიოდში თბილისის ,,ოხრანკის” განყოფილების უფროსის მიერ გაგზავნილი წერილიდან კავკასიის პოლიციის გამგის და თბილისის დროებითი გენერალ-გუბერნატორის სახელზე ირკვევა, რომ ,,სტამბის მუშა ალექსანდრე ობოლაძეს შეუქმნია მძარცველთა ბანდა სახელწოდებით ,,მუშების რევოლუციური ჯგუფი.” ამ წერილში კვლავ საუბარია ილარიონ (ილია) ფიცხელაურზე, სოციალ-დემოკრატების ,,საბრძოლო რაზმის” წევრზე. აღნიშნულია, რომ ის უკვე დაპატიმრებულ ვარდენ დოლიძესთან ერთად იყო ალექსანდრე (საშა) ობოლაძის ,,მუშათა რევოლუციური ჯგუფის” წევრი. ამ ორგანიზაციის სხვა წევრებად დასახელებული არიან სტამბის მუშები სერგო ქორიძე და ზემოთ ნახსნები ავალიანი. მათ გაუძარცვიათ სარაჯოვის კანტორა და ვინმე გეიდემანი. წერილში მითითებულია, რომ ნაძარცვი ფული ინახებოდა ა. ობოლაძესთან. [18]
ბატონ ნოდარ გრიგალაშვილის მიერ მოძიებულ და გამოქვეყნებულ ილიკო იმერლიშვილის ბიოგრაფიაში ალექსანდრე ობოლაძე დასახელებულია 1905 წლის ნოემბერში სომეხ-თათრების შეტაკების თავიდან ასაცილებლად შექმნილი, სოციალ-დემოკრატების ერთ-ერთი შეიარაღებული ჯგუფის ათისთავად. მის ხელქვეითად, ანუ ქვემდებარე რაზმის რიგით წევრად კი ილიკო იმერლიშვილი. ბიოგრაფიის ავტორი წერს: ,,იმ ღამეს, როცა თათრის მოედანზე ცეცხლი გაძლიერდა და თათრების ბრბო თანდათან დახურული ბაზრისკენ მიიწევდა... სილიბისტრო ჯიბლაძემ უთხრა ვალერა ბილანოვს, რომ აერჩია ერთი ჯგუფი რაზმელების და დამდგარიყო დახურული ბაზრის შესასვლელში... ალექსანდრე ობოლაძემ, როგორც ათისთავმა, გასცა განკარგულება გვესროლა და გაგვეფანტა შეკრებილი ბრბო. მაგრამ რაზმელებმა გასროლა ასე ადვილად ვერ გაბედეს. გავარდა მხოლოდ ილიკოს თოფი... შემდეგ სხვა რაზმელებმაც გაისროლეს.” [19]
ილიკო იმერლიშვილის ბიოგრაფიის ავტორი აქვე მიუთითებს რომ, როცა რევოლუციური მოძრაობა შედარებით მინელდა ,,ილიკო თავისი ამხანაგებით, რომელთა შორის იყვნენ: ა. ობოლაძე, გ. ავალიანი, ტ. ჯაში, არკადი ელბაქიძე, ს. ტომარაძე, არამ პოღოსოვი, გ. თოფურიძე, ა. ფიცხელაური, ა. ვარსიმაშვილი, ვ. ნასარიძე, დ. ბაცანკალიშვილი და ყანდარელი (პატარა მცხეთელი) ეყოფიან მთავარ ორგანიზაციას და აარსებენ მთაწმინდაში რევოლუციონერ სოციალ-დემოკრატ მუშათა ჯგუფს.” [20] ამრიგად, როგორც ჩანს აქ სწორედ ზემოაღნიშნულ საარქივო დოკუმენტებში მითითებულ ალექსანდრე ობოლაძის ხელმძღვანელობით შექმნილ ,,მუშათა რევოლუციურ ჯგუფზე”, ანუ იგივე ,,მთაწმინდის ჯგუფზე” არის ლაპარაკი.
მინდა აღვნიშნო, რომ არა მარტო ილიკო იმერლიშვილი, არამედ ილია ჭავჭავაძის მოურავი დიმიტრი ჯაშიც, 1906 წელს მჭიდროდ იყო დაკავშირებული ,,მთაწმინდის ჯგუფთან”. დღეისათვის ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტებიდან და მასალებიდან ჩანს, რომ საბჭოთა ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა დაემალა კავშირი ერთის მხრივ, დიმიტრი ჯაშს და ილიკო იმერლიშვილს, მეორეს მხრივ კი სოციალ-დემოკრატებს, კერძოდ ბოლშევიკებს და დიმიტრი ჯაშს შორის.
იმისათვის, რომ მკითხველს ვუჩვენო, თუ როგორ ხდებოდა სოციალ-დემოკრატების ორივე ფრთის წევრებთან, ასევე ,,მთაწმინდის ჯგუფთან”, დიმიტრი ჯაშის ახლო ურთიერთობის უარყოფა და მიჩქმალვა, მომყავს გიგლა ბერბიჭაშვილის სასამართლო პროცესის თამჯდომარის, ბატონ ისიდორე ოდიშვილის მიერ, 1953 წელს გამოქვეყნებულ წიგნში ,,წიწამურის ტრაგედია” დაბეჭდილი შემდეგი მასალა. თავდაპირველად მოვიყვან ამ წიგნში თითქოსდა სრულად დაბეჭდილ დიმიტრი ჯაშის მეუღლის დარია ჯაშის პასუხებს გიგლა ბერბიჭაშვილის სასამართლო პროცესზე. აღნიშნული წიგნის მიხედვით, დარია ჯაში მისთვის დასმულ კითხვაზე, თუ რითი ირჩენდა დიმიტრი ჯაში თავს, თუ ის არსად მუშაობდა პასუხობს:
,,იმ ხანებში, როდესაც წამიყვანა, მან გაძარცვა სასოფლო-სამეურნეო ბანკი... ბოლო დროს ძალიან დაახლოებული იყო მეფის მთავრობის მოხელეებთან... ყოველ კრებაზე ესწრებოდა, მე თვითონ მქონდა რამდენიმე მოსაწვევი ბარათი. იმიტომ, რომ ხშირად სწერდა გაზეთებში და აქებდა მას... ის ისეთი კაცი იყო, რომ ხუთჯერ იყო დაპატიმრებული მეფის დროს... ღამე სად დადიოდა არ ვიცი, ყოველთვის ღამე ღებულობდა ჯამაგირს." [21]
ახლა კი, სასამართლო მასალებში არსებულ დარია ჯაშის ზემოაღნიშნული პასუხის სრულ ვერსიას შემოგთავაზებთ, რომელიც ი. ოდიშვილის წიგნში, მხოლოდ პირველად ნათქვამ წინადადებას მოსდევს. ეს მასალები შემონახულია, როგორც სრული სტენოგრამული ანგარიშის, ასევე სტენოგრაფისტის მიერ უშუალოდ სასამართლოს მიმდინარეობისას ჩაწერილი პირველადი დოკუმენტის სახით. მათში განსხვავება უმნიშვნელოა, ამიტომ, გთავაზობთ დარია ჯაშის სასამართლოზე დაკითხვისას სტენოგრაფისტის მიერ პირველადი დოკუმენტის სახით ჩაწერილ მასალას. ასეთია დარია ჯაშის ზემოთ მოყვანილი ვითომდა რამოდენიმე წინადადებიანი პასუხის სრული ტექსტი:
,,მე როცა წამიყვანა დიმიტრი ჯაშმა, ყაჩაღების საშუალებით მას ჰქონდა გაცარცული სასოფლო-სამეურნეო ბანკი და იმით ცხოვრობდა. (ცნობისათვის - სამეურნეო ბანკი მართლაც გაძარცვეს 1906 წლის აპრილის დასაწყისში და მოკლეს ბანკის გამგეობის თავმჯდომარე გ.ს. განძიელი - თ.ს.)
ეს მე გავიგე იქიდან, სადაც ვცხოვრობდი ნახლებნიკათ გვერდით ყაჩაღები ცხოვრობდნენ იმერლიშვილი, ობოლაძე, ჩიკვაიძე და ავალიშვილი. (სტენოგრამულ ანგარიშში ავალიშვილის მაგივრად წერია ავალიანი. თ.ს.) ბანკის გაცარცვის გეგმაც ჰქონდათ შედგენილი და ფულის გაყოფაზე დავაც მოუვიდათ.
მე იძულებით გამაყოლეს, თავის მოკვლა მინდოდა.
მე მეუბნებოდა ჩემი ქმარი ვისოცკის მეურნეობაში ვმუშაობო და ღამე არ მოდიოდა. მე არ ვიცი მუშაობდა თუ არა.
დიმიტრი ჯაშს კარგად იცნობდნენ და ახლო დამოკიდებულებაში იყვნენ, წიგნის თარგმნის გამო ეხმარებოდნენ ლადო და ილიკო დარჩიები.
აგრეთვე იმერლიშვილი და ობოლაძეც ხშირათ დადიოდნენ დიმიტრისთან. დიმიტრი ნახაზს უკეთებდა გაცარცვისას. ესენი ანარხისტები იყვნენ.
როცა მე წამიყვანა დიმიტრიმ თავი სოციალ-დემოკრატათ გამაცნო.
ჩვენს გვერდზე მცხოვრები იყო ნოე რამიშვილი. დიმიტრი მეტწილად დაახლოებული იყო იმერლიშვილთან და ობოლაძესთან. ისინი ეჩხუბებოდნენ, შენ ნოე რამიშვლთან დადიხარ.
ანარქისტებთან ერთად ჩემმა ქმარმა ბანკი გაცარცვა.
ერთხელ კაცი მოვიდა და მე მითხრა, თქვენი ქმარი წერილს მწერს და ფულს მთხოვს, რა უნდაო.
საერთოდ ასეთ საქმეს აწარმოებდნენ ჩემი ქმარი და მისი მეგობრები.
ის კაცი რომელიც წერილის შესახებ მელაპარაკებოდა მთაწმინდაში ცხოვრობდა. გვარი არ მახსოვს.
მე გავყევი მაისში და მეორე წლის ივნისში წავედით საგურამოში.
დიმიტრი მეუბნებოდა მე ილია ჭავჭავაძესთან ვარო გაზრდილი და მის დასთან საგინოვასთან ქონდა ახლო ურთიერთობა..." [22] (ტექსტის სტილი დაცულია - თ.ს.)
სტენოგრამულ ანგარიშში აღდგენილია კითხვებიც და შესაბამისად ამ დაკითხვის ტექსტიც საკმაოდ დიდია. ამის მიუხედავად, სტენოგრაფისტის მიერ ზემომოყვანილი პირველადი დოკუმენტის სახით ჩაწერილი მასალაც ი. ოდიშვილს მხოლოდ რამოდენიმე წინადადებით აქვს მოყვანილი თავის წიგნში. საერთოდ კი, დარია ჯაშის ვითომდა ჩვენების პირველი წინადადების მომდევნო წინადადებებიც - ,,ბოლო დროს ძალიან დაახლოებული იყო მეფის მთავრობის მოხელეებთან”, ,,ყოველ კრებაზე ესწრებოდა, მე თვითონ მქონდა რამოდენიმე მოსაწვევი ბარათი”, ,,იმიტომ რომ ხშირად სწერდა გაზეთებში და აქებდა მას”, სასამართლოზე მისი დაკითხვის სხვა, უფრო დიდი ტექსტებიდანაა ამოგლეჯილი, შემცირებული და ხელოვნურად შეკოწიწებული.
ამრიგად, ბატონ ი. ოდიშვილთან კონტექსტიდან ამოვარდნილი და რამოდენიმე სტრიქონამდე დაყვანილი დარია ჯაშის ჩვენება კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ გაყალბდა საბჭოთა პერიოდში ილიას მკვლელობის გარემოებები. აქვე მინდა დავამატო ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში ი. ოდიშვილმა და სხვა პირებმაც, საბჭოთა ხელისუფლების მისაღები, ილიას მკვლელობის გაყალბებული ვერსია წარმოგვიდგინეს, მათი მხრიდან მაინც დიდი გმირობა იყო სწორედ იმ მასალების გამოყენება, რომელთა დედნის ნახვისას უბრალო ადამიანიც კი მიხვდება, რომ სიმართლე სწორედ ტექსტიდან ამოგლეჯილ წინადადებებში და იქ მოხსენიებულ გვარებთან კავშირში უნდა ვეძიოთ.
მაგალითად, დარია ჯაშის მიერ ნახსენები ილია დარჩია, თავის დღემდე გამოუქვეყნებელ 1929 წელს დაწერილ ავტობიოგრაფიაში წერს, რომ იგი იყო ალიოშა სვანიძის, სოსო ჯუღაშვილის(სტალინი) და სხვა ბოლშევიკების თანამებრძოლი. ილია დარჩიას სიტყვებით ,,მე 1905 წლის ბოლოს მე შევედი წითელ გვარდიაში, რომელიც ორგანიზებული იყო პარტიისგან. ვისწავლე ბომბების სროლა ანარქისტ დ. როსტომაშვილთან. იარაღით ხელში ვმონაწილეობდი მთაწმინდის რაიონის დაცვაში”. [23] ანუ, ჩანს ილია დარჩია იყო მთაწმინდის ტერიტორიაზე მოქმედი ზემოდასახელებული ,,მთაწმინდის ჯგუფის” ერთ-ერთი რიგითი წევრი.
ბაჭუა კუპრაშვილის მოგონებიდან და სხვადასხვა მემუარული ლიტერატურიდან, არქივებში დაცული დოკუმენტებიდან ირკვევა, ბოლშევიკების ზემოდასახელებული ორგანიზაცია ,,სამხედრო ჯგუფი” პარტიის საჭიროებებისათვის ფულს რამოდენიმე გზით შოულობდა. მათ შორის ექსპროპრიაციებით და ე. წ შემოწირულობებით. აღმოჩნდა რომ, ,,მთაწმინდის ჯგუფის” წევრებთან დაახლოებული, ილიკო იმერლიშვილის ბავშვობის მეგობარი, მასთან ერთად სტამბებში ნამუშევარი დიმიტრი ჯაშიც უშუალოდ იყო ჩართული ამ სახის საქმიანობაში.
ცნობილია, რომ 1905 წელს, კავკასიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური ორგანიზაციის სამხედრო-ტექნიკური კომისიის მიერ გავრცელდა მოწოდება, რომ შეეგროვებინათ ფული იარაღის შესაძენად. სახსრების უკეთ შეგროვების მიზნით სოციალ-დემოკრატიული პარტიის კავკასიის კავშირის კომიტეტებმა ,,გამოუშვეს ფურცლები, სადაც აღნიშნული იყო თუ რომელი კომიტეტის ,,საბრძოლო სალაროს სასარგებლოდ” შეჰქონდათ ფული, ვის და რამდენი შეჰქონდა. სალაროში ფულის შემტანს კომიტეტის ბეჭედდასმული ქვითარი ეძლეოდა.” [24]
საარქივო დოკუმენტების მიხედვით, კერძოდ კავკასიის პოლიციის გამგის 1905 წლის 23 ოქტომბრის წერილიდან ჩანს, რომ ფულის შეკრება რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის მენშევიკების თბილისის კომიტეტის მიერ ხდებოდა ,,თბილისის მთელ პროლეტარიატში და მათ შორის სტამბებში.” ამ სახის დაწესებულებებს შორის პირველ რიგში დასახელებულია ,,ქართული საგამომცემლო ამხანაგობის სტამბა”. მითითებულია, რომ აქ ,,ყოველთვიური შენატანის გარდა, გამომუშავებული თანხის პროცენტიდან ხდება თანხების დამატებით შეკრება შეიარაღებაზე და სხვა ექსტრემალურ ხარჯებზე. ფულის ამკრეფები არიან განსაკუთრებული პირები დანაშაულებრივი ორგანიზაციების წევრებიდან, რომლებიც შეგროვილ ფულს აძლევენ თავის რაიონულ წარმომადგენლებს. ეს უკანასკნელნი კი აბარებენ კომიტეტში. ორგანიზაციაში ყოველთვიურად ცხადდება საიდუმლო სალაროში ფულის შემოსავლის და გასავლის ანგარიში. მეტწილად ფულს იხდიან არანებაყოფილობით, რადგან ფულის გადახდის არმოსურნე პირებს აიძულებენ გადახდას სხვადასხვა მუქარით. [25]
ფულის აკრეფის ამ წესის სისტემად არსებობას ადასტურებს, ჟანდარმთა როტმისტრის ლომიაშვილის მიერ 1906 წელს გორში, ერთ-ერთ ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას აღმოჩენილი რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის რაიონული კომიტეტის სხვადასხვა საბუთები და მათ შორის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ადგილობრივი კომიტეტის ფულის ამკრეფების 1905-1906 წლიური ანგარიშები და ასევე, 1905-1906 წლებში მიღებული ,,შემოწირულობების” სალაროს ქვითრების ორი წიგნაკი. [26]
ცხადია, რომ სოციალ-დემოკრატიული პარტიის ორივე ფრთის მესვეურები ასეთი სახის შეწირულობების შეგროვებას მხოლოდ სანდო და პარტიისათვის ერთგულ პირებს დაავალებდნენ. ამ ადამიანებს ასევე უნდა ჰქონოდათ სხვა პირებზე ზეგავლენის მოხდენის უნარი პირადი გავლენით, თუ სხვა საშუალებების გამოყენებით. მაგალითად, ასეთ სანდო პირად ჩანს ითვლებოდა ოფიციალურად თავართქილაძის სტამბაში მუშა-ასოთამწყობად მომუშავე, რეალურად კი ბოლშევიკი ტერორისტი ილიკო იმერლიშვილი. 1926 წლის ჟურნალ ,,რევოლუციის მატეანეში” დაბეჭდილ მის ბიოგრაფიაში, აღნიშნულია, რომ ილიკო იმერლიშვილი (მცხეთელი) გახდა რა თბილისის სტამბაში ერთ-ერთი რევოლუციური წრის წევრი: ,,მას მიანდვეს არალეგალური ლიტერატურის გავრცელება და ფულის შეგროვება ამხანაგებში.” [27]
დიმიტრი ჯაშის მონაწილეობას ,,ფულის შეგროვებაში” ,,მთაწმინდის ჯგუფის” სახელით ირიბად ადასტურებს დარია ჯაშის საბჭოთა სასამართლოზე მიცემული ზემომოყვანილი ჩვენება, სადაც ის მიუთითებს, რომ ერთხელ მასთან მისულა პიროვნება, რომელიც ცხოვრობდა მთაწმინდაზე და უთქვამს ,,თქვენი ქმარი წერილს მწერს და ფულს მთხოვს, რა უნდაო”. [28] დარია ჯაშის ჩვენებაში მითითებული ეს ინფორმაცია - დიმიტრი ჯაშის მიერ დამაშანტაჟებელი წერილების მეშვეობით ფულის მოთხოვნა მთაწმინდაზე მცხოვრები პირისათვის მეტყველებს მძარცველურ-შანტაჟისტური მეთოდებით ,,მომუშავე” ,,მთაწმინდის ჯგუფის” წევრებთან მის ახლო კავშირზეც. საქმე იმაშია, რომ დიმიტრი ჯაში გამომდინარე მისი პროფესიული საქმიანობიდან ფულის გამოძალვას დამოუკიდებლად ვერ გაბედავდა.
დარია ჯაშის ჩვენებითვე, მისი მეუღლის, რომელიც მას ,,თავიდან ,,სოციალ-დემოკრატად” გაეცნო, საახლობლო წრე არ კმაყოფილდებოდა ფულის შეგროვებით და ფულის საშოვნელად ჩადიოდნენ სხვადასხვა სახის დანაშაულს. დიმიტრი ჯაში და მისი მეგობრები აქტიურად ეწეოდნენ ტერორისტულ და გამოძალვით საქმიანობას თბილისში და როგორც ჩანს, ძირითადად სწორედ მთაწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე.
შეგახსენებთ, რომ დარია ჯაშის თქმით, მისი მეუღლე და მეუღლის მეგობრები - იმერლიშვილი (ილიკო იმერლიშვილი), ობოლაძე (ალექსანდრე (საშა) ობოლაძე), და სხვები ძარცვავდნენ ბანკებს და დიმიტრი ჯაში ილიკო იმერლიშვილს და საშა ობოლაძეს ,,ნახაზს უკეთებდა გაცარცვისას”. დარია ჯაში მათ ახასიათებს, როგორც ანარქისტებს, ბაჭუა კუპრაშვილის სიტყვებითაც ,,თბილისის მოქმედი მოანაქრისტო ჯგუფებიდან ყველაზე უფრო ძლიერი იყო ,,მთაწმინდის ჯგუფი”.
რაც შეეხება ალექსანდრე ობოლაძეს, მისი სიტყვებით ,,1906 წელს სათავეში ჩავუდექი სამხედრო ორგანიზაციას. გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ იმდენი ტერორისტული აქტი, რაც მე წილად მხვდა კავკასიაში, არავის შეუსრულებია. 1906 წლის პირველ ნახევარში ყველა ტერორისტულ აქტს ვასრულებდი პარტიის დავალებით, მეორე ნახევრიდან კი დამოუკიდებლად.” [29]
ამრიგად, ზემოთ დასახელებული პირები ერთმანეთთან დაკავშირებული არიან და მათ შორის ძირითადი მაკავშირებელი, როგორც ჩანს იყო ალექსანდრე ობოლაძე. ალექსანდრე ობოლაძე ამ დროს უკვე 21-22 წლისაა, ილიკო იმერლიშვილი და დიმიტრი ჯაში კი ძალიან ახალგაზრდები 17-20 წლის.
ა. ობოლაძის სიტყვებით, იგი თავდაპირველად შესულა ხელაძის სტამბაში და იქ ნანახით გამოუტანია დასკვნა, რომ მესტამბეები ყველაზე ,,ერთგულნი და რევოლუციურად განწყობილი იყვნენ”. სტამბებში მომუშავე რევოლუციურად განწყობილ პირებს შორის ალექსანდრე ობოლაძე ასახელებს ვასო ურუშაძეს, სერგო ქორიძეს და სხვებს. მიუთითებს, რომ მან ერთ წელიწადში თითქმის ყველა სტამბა მოიარა და გაფიცვებში ახალგაზრდებს იყოლიებდა. [30] საინტერესოა, რომ იგი აქვე ამჟღავნებს უარყოფით დამოკიდებულებას ნოე რამიშვილთან და საერთოდ მენშევიკებთან, რაც დიმიტრი ჯაშის მეუღლის 1941 წელს მიცემულ ჩვენებაშიცაა ასახული. დარია ჯაშის სიტყვებით, ალექსანდრე ობოლაძე და ილიკო იმერლიშვილი მის მეუღლეს ნოე რამიშვილთან ურთიერთობას უშლიდნენ.
დიმიტრი ჯაშის და ალექსანდრე ობოლაძის მსგავსად, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე ილიკო იმერლიშვილიც სტამბის მუშა იყო. კავკასიის რაიონული ,,ოხრანკის” ერთ-ერთ საქმეში არსებული ინფორმაციით ი. იმერლიშვილი 1907 წლის ოქტომბრამდე ოფიციალურად მუშაობდა ასოთამწყობად თავართქილაძის სტამბაში. [31] 1941 წელს გ. ბერბიჭაშვილის სასამართლო პროცესზე უშანგი ჯაშის ჩვენების მიხედვით, მისი ძმა დიმიტრი ჯაშიც 1904 წელს ,,მგონი თავართქილაძის სტამბაში ასოთამწყობად მუშაობდა, ხოლო 1905 წელს ,,ივერიის” სტამბაში.” [32] ასევე თავართქილაძის სტამბის მუშა იყო ზემოდასახელებული ტიტე ჯაში, რომელზეც თბილისის ,,ოხრანკის” განყოფილების ერთ-ერთ საქმეში აღნიშნულია, რომ ,,ის არის ტერორისტი სტამბიდან და 1905 წლის 23 დეკემბერს სწორედ მან ესროლა გოროდოვოი გელიუსს და არა ალისტ ვადაჭკორიამ.” [33] მას ქუთათელაძის სტამბის გარდა უმუშავია სოციალ-დემოკრატების გაზეთ ,,სხივში”. ,,ტიტე (ტიტიკო) კონსტანტინეს ძე ჯაში, სტამბის მუშა გლეხებიდან” (ასე იხსენიება იგი სხვა საარქივო საქმეში), [34] როგორც ჩანს, შემდეგში ცნობილი ტერორისტი გამხდარა, რის შესახებაც საისტორიო არქივის ფონდებში შესაბამისი მასალები არსებობს.
დიმიტრი ჯაშის მიერ ფულის შეგროვებას სოციალ-დემოკრატების ,,სამხედრო სალაროსათვის” და მის კავშირს ,,მთაწმინდის ჯგუფთან”, ვფიქრობ, სრულად ადასტურებს საქართველოს ცენტრალურ საისტორიო არქივში დიმიტრი ჯაშის დაპატიმრების შესახებ არსებული ცალკე საქმე. [35] ამ საქმიდან ირკვევა, რომ იგი 1906 წლის 15 თებერვალს გოროდოვოებს დაუპატიმრებიათ. დიმიტრი ჯაშის დაპატიმრების საქმის წარმოება 1906 წლის 16 თებერვალს დაწყებულა და 1906 წლის 1 მარტს დამთავრებულა.
საქმეში ჩაკერებული პირველი ფურცელი არის თბილისის და თბილისის მაზრის დროებითი გენერალ-გუბერნატორის, გენერალ-მაიორ ტიმოფეევის, 1906 წლის 16 თებერვლის დადგენილება დიმიტრი ჯაშის, გაზეთ ,,ივერიის” თანამშრომლის, მცხოვრები ქალაქ თბილისში, ვეძინის ქუჩაზე, გოგ(ი)აშვილის სახლში, დაპატიმრების და მეტეხის ციხეში მოთავსების შესახებ. მითითებულია, რომ დიმიტრი ჯაშის დაპატიმრება მოხდა მის მიერ ,,რევოლუციური საჭიროებებისათვის ფულის შეგროვების გამო”. [36]
ირკვევა, რომ დიმიტრი ჯაში დააპატიმრეს თბილისის პოლიციის მეორე ნაწილის რაიონში გოროდოვოებმა, რადგან რევოლუციური მიზნებისათვის შემოწირულობების შეგროვებას ეწეოდა. მისი ბინის ჩხრეკა ჩატარდა თბილისის ,,ოხრანკის” განყოფილების უფროსის ბრძანებით. ჩხრეკის ოქმს მოწმეებად ხელს აწერენ დარია გოგ(ი)აშვილი, სტეფანე პიატნიკი (?-თ.ს.) და ილია დარჩია. [37] (ცნობისათვის, დარია ჯაშის ინფორმაციით, რომელიც მოიპოვება კ. გორდელაძის ნაწერებში, ნოე რამიშვილი მათ გვერდზე გოგ(ი)აშვილის სახლში ცხოვრობდა. - თ.ს.) [38] ბინის ჩხრეკისას უნახავთ რევოლუციური შინაარსის აკრძალული ლიტერატურა.
A საქმეში ჩაკერებულ გაზეთებს მოსდევს ფულის გადახდის ხელნაწერი ფურცლები, რომლებიც როგორც ჩანს, დიმიტრი ჯაშს თან ჰქონდა დაპატიმრებისას. ამ ფურცლების ნაწილი შევსებულია და ნაწილი კი შესავსები. ერთ-ერთ ფურცელს აწერია: ,,შემოწირულობა გადასატანად ნეშტისა 18 ქრისტეშობასთვეს გასული წლისა კაზაკებისაგან მოკლული მილიციონერის გრიგოლ ფარსადანის ძე ჯაშისა, თბილისიდან სადგურ საჯავახოში.” (სტილი დაცულია - თ.ს.) ამ თავსათაურის ქვეშ მოთავსებულია ცხრილი, სადაც ჩამოთვლილია სხვადასხვა გვარი, ასევე უამრავი მეტსახელი. კერძოდ, ნოსიევი, გრ. დიასამიძე, ნ. ნასარიძე, ნ. ლეჟავა, სეფე არჩვაძე, პ.რ., მეთევზე, ნიკოლაი და სხვა. ყველა მათგანი დაწერილია სხვადასხვა ხელით, ფაქტობრივად ისინი ხელმოწერებია და არა უბრალოდ პირთა სია. [39]
შეწირული თანხა მერყეობს 10 კაპიკიდან ორ მანეთამდე. ვფიქრობ, დ. ჯაშის დაპატიმრებისას მისი თანმხლები პირების საქციელი, ანუ გაქცევა, მანიშნებელია, რომ ფული მართლაც რევოლუციური მიზნისათვის იკრიბებოდა. საქმე იმაშია, რომ დ. ჯაშისათვის აღმოჩენილ სხვა ფურცლებზე მოთავსებულია ასეთივე ფულის შეკრების უწყისი, ოღონდ მას აწერია, რომ შემოწირულობა გროვდებოდა ვინმე ნესტორ შაფაქიძის მეუღლის დასამარხად. [40] ჩანს, რევოლუციური მიზნისათვის ფულის შეკრების უწყისების ასეთი სახით გაკეთება, გამოწვეული იყო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ეჭვის ასაცილებლად. თუმცა გინდაც ეს ასე არ იყოს, ფულის შეკრება გრიგოლ ფარსადანის ძე ჯაშის გადასასვენებლად მეტყველებს, რომ ეს ადამიანები, ფულის შემკრებები, დიმიტრი ჯაშთან ერთად სწორედ სოციალ-დემოკრატიული პარტიის და სავარაუდოდ, ბოლშევიკური ფრთის წარმომადგენლები იყვნენ.
როგორც დიმიტრი ჯაშის ძმის, უშანგი ჯაშის ჟურნალ ,,რევოლუციის მატეანეში” დაბეჭდილი წერილიდან ვიგებთ, გიორგი ჯაში წარმოშობით სოფელ აბაშიდან ყოფილა და იგი კაზაკებმა ,,ნაძალადევში” 1906 წლის დეკემბერში მოკლეს. 1886 წელს დაბადებულ გ. ჯაშს უმუშავია ,,ცნობის ფურცელში”, რომელიც იბეჭდებოდა ,,ქართველთა ამხანაგობის სტამბაში” და, როგორც ჩანს, ყოფილა ასოთამწყობი მუშა. [41]
სხვა დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ გრიგოლ ჯაში სოციალ-დემოკრატების ,,საბრძოლო რაზმის” წევრი იყო. ის 1906 წლის 18 დეკემბერს ,,ნაძალადევში” ხელისუფლების დამჯელი რაზმების და სოციალ-დემოკრატების ,,საბრძოლო რაზმის” წევრების შეტაკებისას დაღუპულა. მასთან ერთად მოკლულ იქნა ცხრა ,,რაზმელი” - მ. კალაძე, პ. ცინცაძე და სხვები. დაიჭრა და დააპატიმრეს სამი ადამიანი, რომელთა შორის იყო ცნობილი ბოლშევიკი ტერორიტ-ექსპროპრიატორი კამო (ტერ-პეტროსიანი). [42] შესაბამისად, ეს ადამიანებიც სოციალ-დემოკრატიულ პარტიას, ზოგი მენშევიკებს და ზოგიც ბოლშევიკებს ეკუთვნოდნენ.
1906 წლის 22 თებერვალს, სახელმწიფო დანაშაულის ჩადენის მტკიცებულობების არარსებობის გამო, დიმიტრი ჯაშის წინააღმდეგ აღძრული საქმის წარმოება შეწყდა. ამ გადაწყვეტილების ასლი, გადაგზავნილი თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსის მიერ, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საქმის გამომძიებელ ნ. ფ. ილიაშენკოსთან, მოთავსებულია ილიას მკვლელობის გამოძიების ერთ-ერთ საქმეში. მასში, თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსი ნ. ილიაშენკოს სწერს, რომ - ,,თქვენი 15 სექტემბრის მოკითხვის პასუხად, გაცნობებთ დიმიტრი სოფრომის ძე ჯაშზე, გაზეთ ,,ივერიის” თანამშრომელზე, 1906 წელს ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს მიერ აღძრული იყო მოკვლევა სახელმწიფო დაცვის დებულების თანახმად, მაგრამ შეწყდა მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო.” [43]
ამ მასალის და სხვა დოკუმენტების ანალიზიდან არ დასტურდება, რომ 1905-1907 წლებში ილიას მკვლელობამდე დიმიტრი ჯაში ხელმძღვანელობდა რაიმე თავყრილობას, დემონსტრაციას, იყო რევოლუციური ორგანიზაციის ადგილობრივი უჯრედის ლიდერი, ან რომელიმე ტერორისტული თუ ექსპროპრიაციული აქტის ხელმძღვანელი. ყველა დოკუმენტი იმაზე მიუთითებს, რომ იგი აქტიურად იყო ჩართული რევოლუციურ მოძრაობაში, მაგრამ ყოველთვის მეორეხარისხოვან დავალებებს ასრულებდა.
დიმიტრი ჯაში ჭკვიანი, თავისი წრის სტამბის მუშების უმეტესი ნაწილისაგან განსხვავებით, ძალიან განათლებული ადამიანი იყო. როგორც ჩანს, გამომდინარე თავისი სხარტი გონებიდან და მიღებული თვითგანათლებიდან, იგი სოციალ-დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერ ღონისძიებებში მონაწილეობის, სოციალ-დემოკრატების ,,სამხედრო სალაროსათვის“, კონკრეტულად კი ,,მთაწმინდის ჯგუფის” საჭიროებისათვის ფულის შემგროვებლის გარდა, რევოლუციური ორგანიზაციისათვის საჭირო სხვა ღონისძიებების შემსრულებლის, ტერორისტული და ექსპროპრიაციული აქტების რიგითი დამგეგმავის ფუნქციასაც ასრულებდა.
გარკვეულწილად ამას ადასტურებს მისი მეუღლის მიერ მიცემული ჩვენებები. როგორც ზემოთ ვნახეთ, დარია ჯაში უჩვენებს ,,მე როცა წამიყვანა დიმიტრი ჯაშმა, ყაჩაღების საშუალებით მას ჰქონდა გაცარცული სასოფლო-სამეურნეო ბანკი და იმით ცხოვრობდა.” სწორედ ამ საკითხთან კავშირში ძალიან საინტერესოა, კვლავ იმის აღნიშვნა, რომ მისივე ჩვენების მიხედვით ,,აგრეთვე იმერლიშვილი და ობოლაძეც ხშირათ დადიოდნენ დიმიტრისთან. დიმიტრი ნახაზს უკეთებდა გაცარცვისას.”
საქმე იმაშია, რომ თუ გავითვალისწინებთ ერთ-ერთი ტერორისტ-ექსპროპრიატორის მოგონებებს, რომელიც მოყვანილი აქვს სიმონ მონტეფიორის თავის წიგნში ,,ახალგაზრდა სტალინი” - ,,სტალინის ბანდიტები მეფისნაცვლის სასახლის მოპირდაპირე მხარეს არსებულ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ბანკში შევარდნენ, ბანდიტებმა ხალხს იარაღი მიუშვირეს და იყვირეს: ხელები მაღლა .. მერე ბანკნოტები მოაგროვეს და სროლით ჰაერში გაუჩინარდნენ. სტალინის მიერ დაგეგმილ ამ თავდასხმას კამო ხელმძღვანელობდა” [44] - სულ სხვაგვარად წარმოგვიდგება დიმიტრი ჯაშის და ილიკო იმერლიშვილის საქმიანობა, ფუნქციები, კავშირ-ურთიერთობები ბოლშევიკების ,,სამხედრო ჯგუფსა” თუ ,,მთაწმინდის ჯგუფს”, ასევე ადგილობრივი ბოლშევიკური პარტიის ხელმძღვანელობასთან.
არადა ეს კავშირები ცნობილ ბოლშევიკებთან, ვგულისხმობ არა მარტო ბაჭუა (სამუელ) კუპრაშვილს, კამო (ტერ-პეტროსიანს), ალექსანდრე (საშა) ობოლაძეს, კოტე ცინცაძეს, არამედ იოსებ (კობა) ჯუღაშვილს შორის მართლაც არსებობდა. შესაბამისად ამ თემატიკაზე არსებულ კვლევას, სხვა საინტერესო დოკუმენტებთან და მასალებთან ერთად ჟურნალ ,,ცისკრის” უახლოეს ნომრებში შემოგთავაზებთ.
გამოყენებული ლიტერატურა და წყაროები
1. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის II განყოფილება, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 8, აღწერა 2, ნაწილი I, საქმე 25, გვერდი 52
2. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის II განყოფილება, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 8, აღწერა 2, ნაწილი I, საქმე 25, გვერდი 54
3. Simon Sebag Montefiore, ,,Yong Stalin”, 2008, Vintage Books, New York, Page 151
4. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის II განყოფილება, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 8, აღწერა 2, ნაწილი I, საქმე 25, გვერდი 54
5. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის II განყოფილება, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 8, აღწერა 2, ნაწილი I, საქმე 25, გვერდი 69
6. თ. სიმაშვილი, ,,სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკი ტერორისტები ილია ჭავჭავაძის მკვლელები" (ილიას მკვლელთა ვინაობისათვის), 2011, თბილისი; ნ. გრიგალაშვილი, ,,თანამდევი სული”, ტ. I-II, 2011; ჟურნალი ,,ცისკარი” ##: 3-4, 2011, 6-7, 2012
7. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის II განყოფილება, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 93, აღწერა 2, საქმე 377, გვერდი 1
8. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის II განყოფილება, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 93, აღწერა 2, საქმე 376, გვერდი 1; 3
9. უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილება, ფონდი 318, აღწერა 1, საქმე 49, გვერდი 166-168
10. ნ. გრიგალაშვილი, ,,თანამდევი სული”, ტ. II, 2011, გვერდი 518-519
11. უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილება, ფონდი 318, აღწერა 1, საქმე 49, ფურცელი 162
12. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის II განყოფილება, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 93, აღწერა 2, საქმე 376, გვერდი 3
13. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის II განყოფილება, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 93, აღწერა 2, საქმე 555 გვერდი 4
14. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის II განყოფილება, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 93, აღწერა 2, საქმე 555 გვერდი 4
15. რ. გაბაშვილი, ვ. გოგუაძე, მოგონებები, 1992, გამომცემლობა ,,გულანი”, თბილისი, გვერდი 57-59
16. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის II განყოფილება, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 93, აღწერა 2, საქმე 704, გვერდი 1-2
17. საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივი, ფ. 153, აღ. 1, საქ. 793, გვ. 209
18. საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივი, ფ. 95, აღ. 1, საქ. 9, გვ. 279
19. გრიგალაშვილი, ნ., ,,თანმდევი სული“, 2011, ტ. II, თბილისი, გვ. 481-521
20. გრიგალაშვილი, ნ., ,,თანმდევი სული“, 2011, ტ. II, თბილისი, გვ. 481-521
21. ოდიშვილი, ი., ,,წიწამურის ტრაგედია”, თბილისი, სახელმწიფო გამომცემლობა, 1953, გვ. 60
22. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის II განყოფილება, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 8, აღწერა 25
23. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის II განყოფილება, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 93, აღწერა 2, საქმე 278, გვერდი 3
24. ებანოიძე, ლ., ,,საქართველოს ბოლშევიკური ორგანიზაციები 1905-1907 წლების რევოლუციის პერიოდში”, თბილისი, ,,საბჭოთა საქართველო”, 1959, გვ. 319
25. საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივი, ფ. 94, აღ. 1, საქ. 2, გვ. 21
26. ,,რევოლუციის მატიანე”, თბილისი, #1, 1925, გვ. 105
27. გრიგალაშვილი, ნ., ,,თანმდევი სული“, 2011, ტ. II, თბილისი, გვ. 481-521
28. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის II განყოფილება, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 8, აღწერა 25, საქმე 683, გვ. 112-114
29. ბადრიძე, შ., ,,წიწამურის ტრაგედიის გამოცანები”, ,,სახალხო განათლება”, 1990, 26 აპრილი
30. ბადრიძე, შ., ,,წიწამურის ტრაგედიის გამოცანები”, ,,სახალხო განათლება”, 1990, 26 აპრილი
31. სსცა, ფ. 94, აღ. 1, საქ. 124, გვ. 30
32. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის II განყოფილება, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 8, აღწერა 25, საქმე 683, გვ. 42
33. საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივი, ფ. 95, აღ. 1, საქ. 7, გვ. 4
34. საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივი, ფ. 153, აღ.1, საქ. 793, გვ. 188
35. საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივი, თბილისისა და თბილისის მაზრის დროებითი გენერალ-გუბერნატორის კანცელარიის ფონდი 20, აღწერა 2, დიმიტრი ჯაშის დაპატიმრების საქმე 107
36. საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივი, ფ. 20, აღ. 2, საქ. 107, გვ. 2
37. საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივი, ფ. 20, აღ. 2, საქ. 107, გვ. 6; 10; 33
38. უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილება, ფონდი 215, აღწერა 1, საქმე 19, გვ. 431
39. საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივი, ფ. 20, აღ. 2, საქ. 107, გვ. 24-27
40. საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივი, ფ. 20, აღ. 2, საქ. 107, გვ. 6-8
41. ,,რევოლუციის მატიანე”, თბილისი, #1, 1924, გვ. 316; ბადრიძე, შ., ,,წიწამურის ტრაგედიის გამოცანები”, ,,სახალხო განათლება”, 1990, 26 აპრილი
42. ხუციშვილი, ი., ,,1905-1907 წლების რევოლუცია საქართველოში”, თბილისი, სახელგამი, 1955, გვ. 361-362
43. საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივი, თბილისის საოლქო სასამართლოს ფონდი 116, აღწერა 1, საქმე 13363, გვერდი 105
44. Simon Sebag Montefiore, ,,Yong Stalin”, 2008, Vintage Books, New York, Page 152
No comments:
Post a Comment
Note: Only a member of this blog may post a comment.