Friday, September 28, 2012

თბილისის ,,ოხრანკის“ განყოფილების აგენტი დიმიტრი ჯაში და სოციალისტ-ფედერალისტები


ამ და სხვა სტატიებს, რომლებიც გამოქვეყნებულია ჩემს ბლოგზე პერიოდულად ვამატებ დოკუმენტებს, რომლებიც ადრე და ამ ეტაპზე კვლევის მოვიძიე არქივებში..................  !!!!


            თბილისის ,,ოხრანკის“ განყოფილების აგენტი დიმიტრი ჯაში და  
                                              სოციალისტ-ფედერალისტები

თენგიზ სიმაშვილი


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტ. IV, თბილისი, გამომცემლობა, ,,მერიდიანი“ 2012


  საბჭოთა მართლმსაჯულებისათვის და საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის დიმიტრი ჯაშის შეგნებულად დამახინჯებულად გადმოცემული ცხოვრება და საქმიანობა გახდა ის საფუძველი, რომელზედაც იქნა აგებული ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ცრუ ვერსია.  ისინი ყოველგვარი რეალური ფაქტებისა და დოკუმენტების გარეშე ასაბუთებდნენ, რომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობა საკუთარი აგენტის, კერძოდ დიმიტრი ჯაშის მეშვეობით მოაწყო ,,ოხრანკამ”, ანუ მეფის ხელისუფლებამ.
       ამჟამად გამოაშკარავებული, ახალი მასალები აშკარად მოწმობენ, რომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დროს (1907 წ.) დიმიტრი ჯაში თბილისის ,,ოხრანკის” განყოფილების აგენტი ჯერ კიდევ არ იყო. პირიქით, ისინი პირდაპირ ადასტურებს 1904 წლიდან დიმიტრი ჯაშის ძალიან ახლო ურთიერთობას სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრებთან, როგორც მენშევიკებთან, ისე ბოლშევიკებთან.
        საიდუმლო პოლიციის მასალებში დიმიტრი ჯაში თავდაპირველად დასახელებულია სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის, ხოლო ქრონოლოგიურად მომდევნო დოკუმენტებში კი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრად და ამ პარტიის მხარდამჭერი ქმედებების განმახორციელებლად. მაგალითად, 1905 წლით დათარიღებულ თბილისის ,,ოხრანკის“ განყოფილების საქმეებში არსებული სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის თბილისის ჯგუფში შემავალი პირების სიაში, ფილიპე გოგიჩაიშვილთან, პართენ გოთუასთან, ანდრეი ღულაძესთან, ალექსანდრე ჯაბადართან, დიომიდე კილაძესთან, ალექსანდრე ლასხიშვილთან, ილია ზურაბიშვილთან და სხვებთან ერთად, დიმიტრი სოფრომის ძე ჯაში დასახელებულია ზემოაღნიშნული პარტიის წევრად და გაზეთ ,,ივერიის“ თანამშრომლად. მითითებულ საარქივო დოკუმენტში ამ ადამიანებისგან განსხვავებით დიმიტრი ჯაშზე შედარებით ვრცელი ინფორმაციაა მოცემული. კერძოდ, აღნიშნულია რომ: `დიმიტრი ჯაში... ეკუთვნის სოციალისტ-ფედერალისტურ პარტიას, 1904 წლის 11 აპრილს თბილისის რკინიგზის სადგურის ბაქანზე მოწყობილ დემონსტრაციაში აქტიური მონაწილეობის გამო, როცა ადგილობრივი სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის მოღვაწეები, ადმინისტრაციული წესით უნდა გაეგზავნათ რუსეთის სხვადასხვა ტერიტორიებზე გადასასახლებლად, თბილისის გუბერნატორის დადგენილებით, დაპატიმრებულ იქნა და ციხეში იჯდა ექვსი კვირა. მონაწილეობას იღებდა ასევე მუშების ანტისახელმწიფოებრივ შეკრებებში, დანაშაულებრივი მოწოდებების (პროკლამაციების) გავრცელებაში, შემოწირულობების შეგროვებაში რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის თბილისის კომიტეტის `სამხედრო სალაროსათვის~ ფსევდონიმით `ზდეშნი~. ურთიერთობაში იყო საგუბერნიო სამმართველოს ჩინოვნიკ ევსეი ტყემალაძესთან და მისგან იღებდა ხელისუფლების მაკომპრომიტირებელი საბუთების ასლებს, რომლებიც ყველაზე საინტერესო იყო დანაშაულებრივი ორგანიზაციისათვის. მათ გადასცემდა ადგილობრივი სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის ცნობილ მოღვაწეს გერასიმე ლომჯარიას, რათა გამოექვეყნებინა ეს დოკუმენტები რევოლუციურ ორგანოში _ `ლისტოკ ბარბი პროლეტარიატა~.  ამას მოსდევს ამ დოკუმენტების მოკლე შინაარსი.


     ,,ლისტოკ ბარბი პროლეტარიატა” იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის კავკასიის ბიუროს მიერ გამოცემული ჟურნალი. საარქივო დოკუმენტებში ამ გამოცემის სულის ჩამდგმელად დასახელებულია, თბილისის ,,ოხრანკის” განყოფილების დახასიათებით `მენშევიკების გენერლად~ წოდებული,  დიმიტრი ჯაშის მამიდის ქმრის ახლო ნათესავი, თბილისში მის მეზობლად მცხოვრები ნოე რამიშვილი.  გერასიმე ანთიმოზის ძე ლომჯარია, როგორც აქტიური სოციალ-დემოკრატი თბილისის `ოხრანკის~ განყოფილების ერთ-ერთ საქმეშიც იხსენიება. 
      დიმიტრი ჯაშის მეუღლის, დარია ჯაშის ჩვენებით, დიმიტრი მას თავიდან სოციალ-დემოკრატად გაეცნო. მისი მეუღლე და მეუღლის მეგობრები _ იმერლიშვილი (ილიკო იმერლიშვილი), ობოლაძე (ალექსანდრე, იგივე საშა ობოლაძე) და სხვები ძარცვავდნენ ბანკებს. დიმიტრი ჯაში, ილიკო იმერლიშვილს და საშა ობოლაძეს ,,ნახაზს უკეთებდა გაცარცვისას”.  დარია ჯაში მათ ახასიათებს, როგორც ანარქისტებს, მაგრამ სინამდვილეში ორივე პიროვნება სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკები იყვნენ. 
    დიმიტრი ჯაში რამოდენიმე სხვა საარქივო საქმეშიც 1905-1906 წლებში სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის წევრად არის დასახელებული.  
     როგორც ჩანს დიმიტრი ჯაშის სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის წევრად დასახელება გამოწვეული იყო ამ პერიოდში `ოხრანკის~ მიერ მის შესახებ არასწორი ინფორმაციის ქონის გამო. ზემოთ უკვე აღვნიშნე, შემდგომ წლებში შექმნილ საარქივო მასალებში იგი სწორედ სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრად არის დასახელებული.  
       დიმიტრი ჯაშის მიერ ფულის შეგროვებას რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის თბილისის კომიტეტის `სამხედრო სალაროსათვის~ და მის კავშირს ამ პარტიის წევრებთან, სრულად ადასტურებს საქართველოს ცენტრალურ საისტორიო არქივში 1906 წლით დათარიღებული, დიმიტრი ჯაშის დაპატიმრების შესახებ არსებული საქმე. 
        1909 წლიდან დიმიტრი ჯაში თბილისის `ოხრანკის~ განყოფილების აგენტურის საქმეებში, როგორც სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის შესახებ ინფორმაციის მიმწოდებელი აგენტი, ისე ფიგურირებს.  ამასთან, პარალელურად `ოხრანკას~ იგი აგენტურულ ინფორმაციას აწვდიდა არა მარტო სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის წევრების და ზოგადად, თვითონ ამ პარტიის საქმიანობის შესახებ, არამედ ავტოკეფალური მოძრაობის – ე. წ. `ავტოკეფალისტებზე~  და სოციალ-დემოკრატიული პარტიის ორივე ფრთის წარმომადგენლებზე. 
    საარქივო მასალების ანალიზიდან ირკვევა, რომ დიმიტრი ჯაშის გადაბირება-,,დააგენტურება” ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საქმის ძიებისას 1907 წლის სექტემბრიდან ამავე წლის დეკემბრამდე მოხდა. ანუ, როგორც ჩანს, ამ მკვლელობასთან კავშირში მისი მამხილებელი დოკუმენტების ძიების საქმიდან ამოღების სანაცვლოდ და შესაბამისად, მისთვის სასჯელის არიდების მიზეზით, იგი თბილისის `ოხრანკის~ განყოფილების აგენტობას `დათანხმდა~. 
        იბადება კითხვა: ისეთი რა საინტერესო და ღირებული ინფორმაციების მიწვდა შეეძლო დიმიტრი ჯაშს რუსეთის საიდუმლო პოლიციის ადგილობრივი ორგანოს თბილისის `ოხრანკის~ განყოფილებისათვის, რომ მათ დაფარეს და გაასაიდუმლოეს დიმიტრი ჯაშის როლი სახელმწიფო საბჭოს წევრის ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში?
ამ კითხვაზე პასუხს დიმიტრი ჯაშის აგენტურული საქმიანობა იძლევა. საქართველოს საისტორიო ცენტრალურ არქივის ფონდებში ჩვენს მიერ მოძიებული მისი აგენტობის დამადასტურებელი დოკუმენტები _ ხელფასის აღების უწყისები, `ოხრანკისათვის~ მიცემული ინფორმაციები 1909-1911 წლებით არის დათარიღებული. 


თბილისის `ოხრანკის~ განყოფილების საარქივო დოკუმენტებიდან და მისი აღიარებიდან ასევე ჩანს, რომ მან სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის შესახებ ინფორმაციის მიმწოდებელ აგენტად `მუშაობა~ 1909 წლის მარტში დაიწყო.  საარქივო მასალების ანალიზიდან გამომდინარე დ. ჯაშის მიერ აგენტურული საქმიანობის დაგვიანებით დაწყება რამოდენიმე მიზეზის გამო მოხდა. მათ შორის, როგორც ჩანს დიდი როლი ითამაშა თბილისის ,,ოხრანკის” განყოფილების ხელმძღვანელების ცვლილებამ 1908 წლის დასაწყისში. 
      1909-1911 წლებში თბილისის ,,ოხრანკის~ განყოფილებას სოციალისტ-ფედერალისტურ პარტიაზე ინფორმაციის შემგროვებლად რამოდენიმე აგენტი ჰყავდა. მათ შორის ყველაზე ,,ღირებულ“ ცნობებს იძლეოდნენ ,,სლუჩაინი“ - ანუ დიმიტრი სოფრომის ძე ჯაში და ,,დვარიანინი“ – ივანე პოლიევქტოს ძე კარბელაშვილი.   აღვნიშნავ, რომ ორივე პიროვნებას _ დიმიტრი ჯაშსაც და ივანე კარბელაშვილსაც ერთნაირი ტრაგიკული დასასრული ჰქონდათ: დიმიტრი ჯაში 1922 წელს თბილისში,   ხოლო ი. კარბელაშვილი 1920 ზაქათალაში მოკლეს. 
       ჯაში-სლუჩაინის მიერ მიწვდილი ვრცელი ინფორმაციები, აშკარად მეტყველებს იგი კარგად იყო მომზადებული აგენტურული საქმიანობის საწარმოებლად. ჯაში-სლუჩაინი `აგენტურული საქმის~ ისეთი ცოდნით, მონდომებით აგროვებდა ცნობებს და აანალიზებდა მოძიებულ ინფორმაციებს, რომ მის მიერ გამოტანილი დასკვნები სრულად ასახავდა სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის საქმიანობის რეალურ სურათს. ჯაში-სლუჩაინის მიერ მიწოდებულ `აგენტურულ ცნობებში~ არის ვრცელი, დეტალური მასალები სოციალისტ-ფედერალისტების პარტიული კონფერენციების, დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.  მაგალითად, 1910 წლის 17 იანვარს ჯაში-სლუჩაინი აწვდის ინფორმაციას თბილისის ,,ოხრანკის“ უფროს პოდპოლკოვნიკ ა. კარაულოვს, 1909 წლის დეკემბერში ჩატარებული სოციალისტ-ფედერალისტების კონფერენციის შესახებ. უთითებს კონფერენციის ჩატარების ადგილს, ასევე განხილულ საკითხებს. ეს ინფორმაცია საკმაოდ ვრცელი და დეტალურია, ხოლო მასში მოხსენიებული პირები მიხეილ ადამაშვილი (მ. ჯავახიშვილი), იონა მეუნარგია, კიტა აბაშიძე და სხვები კარგად არის ნაცნობი ჩვენი მკითხველისათვის. 
     კონფერენციის მსვლელობისას განხილული საკითხები, მათ ირგვლივ გამართული დებატები თვითმხილველის მიერ აღწერილს ჰგავს. არადა დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ჯაში-სლუჩაინი ამ კონფერენციას არ ესწრებოდა, რადგან ჯერ ერთი, იგი არ იყო ამ პარტიის წევრი და მეორე, თავდაპირველად ის არასწორად უთითებს კონფერენციის ჩატარების ადგილს. შემდეგ კი, ხელმძღვანელი ოფიცრის მითითებით აგროვებს ინფორმაციას და აზუსტებს მას. კერძოდ, 1910 წლის 22 იანვრის აგენტურულ ინფორმაციაში ჯაში-სლუჩაინი უკვე დაზუსტებით უთითებს კონფერენციის ჩატარების ადგილს. 





      მის ერთ-ერთ ,,აგენტურულ ცნობაში“ აღწერილია, თუ რა სახის ზომების გატარებას აპირებდა სოციალ-ფედერალისტური პარტია რუსეთის კოლონიზატორული პოლიტიკის წინააღმდეგ.  თავდაპირველად მითითებულია, რომ ამიერკავკასიაში რუსეთის შიდა გუბერნიებიდან რუსი მოსახლეობის გადმოსახლებებმა სოციალისტ-ფედერალისტებში საშინელი არეულობა გამოიწვია. პარტიის წამყვან წევრებს ამ გადმოსახლებების წინააღმდეგ დაუსვიათ საკითხი ე. წ. ,,მიწის ფონდის“ დასაარსებლად, რომელიც თანხებს მცირე საპროცენტო განაკვეთით გასცემდა ქართველი მიწათმფლობლების და თავად-აზნაურობისათვის, რომ მათ რუსებზე მიწები არ გაეყიდათ. 
     ჯაში-სლუჩაინი `ოხრანკას~ აცნობებდა სხვა ისეთ საკითხებზე, რომლებიც თავისი აქტუალობით საქართველოსთვის დღესაც ფრიად მნიშვნელოვანია. მაგალითად, ის დაწვრილებით აღწერდა სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის იმ პრაქტიკულ ნაბიჯებს, რათა დაემყარებინათ მჭიდრო კავშირები ირანში და თურქეთში კომპაქტურად მცხოვრებ ეთნიკურად ქართველ მუსულმანებთან. 
ჯაში-სლუჩაინის მიერ სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის ავ-კარგიანობის `ცოდნაზე~ მეტყველებს მის მიერ მიწვდილი შემდეგი ინფორმაცია: ,,სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის მიერ მიღებული ჩაკეტილობის პრინციპიდან და პარტიის ორგანიზებიდან გამომდინარე, ამ პარტიას ახასიათებს თავისებურება, რომელიც სხვა პარტიებში არ შეიმჩევა. (ანუ ჯაში-სლუჩაინიმ კარგად იცის სხვა პარტიების სტრუქტურაც – თ. ს.) სახელდობრ, პარტიის ცენტრალურ კომიტეტში შედიან თითქმის ერთი და იგივე პირები, ვინც არიან პარტიის თბილისის კომიტეტში. ეს მდგომარეობა აიხსნება იმით, რომ პარტიის ცენტრს არ სურს პარტიის საიდუმლო ინფორმაციები იცოდეს პარტიის წევრთა ფართო წრემ~.  მის 1910 წლის 13 მარტის ინფორმაციაში მითითებულია, რომ პარტიის ცენტრალური კომიტეტი შედგება 12 ნამდვილი და 7 კანდიდატისაგან. ჩამოთვლის და ასახელებს ამ პიროვნებებს და ასევე პარტიის ცენტრალურ კომიტეტში შემავალ 5 მუდმივ საპატიო წევრს. ამ უკანასკნელებს შორის ასახელებს ნ. მარს, დ. ჯავახოვს და სხვებს. უფრო მეტიც, იგი დეტალურად აღწერს პარტიის ხელმძღვანელი ორგანოს სტრუქტურას. უთითებს რომ იგი შედგება განმკარგულებელი ბიუროს(სექცია), სამხედრო განყოფილების, აგრარული სექციის, სარედაქციო კომიტეტისაგან. აღნიშნავს, რომ ყველა ეს სექცია კოოპერირებულია. ასახლებს ასევე იმ პირებს, ვინც შედიან ამ სექციებში: გ. მაჩაბელი, ე. ავალოვი, მ. ადამაშვილი და სხვები. ამ ინფორმაციაში ჯაში-სლუჩაინი ასევე დეტალურად ახასიათებს ამ პარტიის ქუთაისის საოლქო კომიტეტს, მის შემადგენლობას. მიმოიხილავს პარტიის რაიონულ კომიტეტებს და `ოხრანკისათვის~ საინტერესო სხვა საკითხებს. 
      ჯაში-სლუჩაინის აგენტურული ინფორმაციების მიცემა სისტემატურ ხასიათს ატარებდა და ,,ოხრანკაში“ მის ხელმძღვანელ ოფიცერს თითქმის ყოველდღიურად მიეწოდებოდა. ამასთან, როგორც აღვნიშნე ისინი საკმაოდ ვრცელი, ხშირად რამოდენიმე გვერდიანია. გამომდინარე იქიდან, რომ კონსპირაციის დაცვის ინეტერსებიდან გამომდინარე აგენტის ხელმძღვანელი ოფიცერი მიღებულ აგენტურულ ინფორმაციებს სრულად არ აფორმებდა, მხოლოდ გარკვეულ ნაწილს იწერდა ,,აგენტურული ცნობების ამონაწერების“ სახით, ცხადი ხდება დიმიტრი ჯაშის ბრწყინვალე ინფორმირებულობა სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის საქმიანობის შესახებ. მაგალითად, 1910 წლის 10 აპრილის ,,აგენტურულ ცნობაში“ იგი ჩამოთვლის სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის ყველაზე აქტიურ წევრებს. თავდაპირველად ასახელებს გიორგი ზდანოვიჩს, როგორც პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარეს. მის შესახებ იძლევა სხვადასხვა სახის ინფორმაციას. აღნიშნავს, იმასაც, რომ მას პარტიაში ,,გამოუწორებელ კატორღელს“ უწოდებდნენ, რადგან გ. ზდანოვიჩი 1880-იან წლებში კატორღაში იყო გაგზავნილი. უთითებს რომ, მასთან შესაძლოა ინახებოდეს პარტიული ლიტერატურა და მიმოწერა. ივანე (კიტა) აბაშიძეზე, როგორც პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარეზე კი წერს, რომ იგი მუდმივად ქუთაისში და ჭიათურაშია, მაგრამ თბილისში ხშირად ჩადის, თვეში 3-4-ჯერ. გედეონ ქუთათელაძეზე კი უთითებს, რომ იგი შედიოდა პარტიის საბრძოლო ჯგუფში და შემდეგ მიანდეს პარტიული იარაღის შენახვა. აქვე ასახელებს სილოვან ხუნდაძეს, გიორგი ლასხიშვილს, ანტონ ფურცელაძეს, ალექსანდრე ყიფშიძეს, პეტრე სურგულაძეს და სხვებს. ასევე უთითებს ადგილს სადაც შეიძლება ინახებოდეს ამ პარტიის კუთვნილი იარაღი. საინტერესოა, რომ ეს ,,აგენტურული ცნობა“ ქრონოლოგიურად ემთხვევა სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის ხელმძღვანელების დაპატიმრებას. 
      ფაქტობრივად ჯაში-სლუჩაინი უზარმაზრ ინფორმაციას ფლობდა არა მარტო პარტიის ხელმძღვანელებზე არამედ უბრალო წევრებზეც. მაგალითად, ერთ-ერთ პირზე, კერძოდ გ. ტლაშაძეზე 1910 წლის 10 ნოემბერს ,,ოხრანკას“ აწვდის ინფორმაციას, რომ ის პარტიის პროპაგანდისტია და 8 ნოემბერს დილით  გაემგზავრა სიღნაღში ხაზინის გასაძარცვად. 
   ამრიგად, იმ პერიოდში თბილისის ,,ოხრანკის” განყოფილების უფროსმა და შესაბამისად, აგენტ ჯაში-სლუჩაინის ხელმძღვანელმა ოფიცერმა პოდპოლკოვნიკმა ა. კარაულოვმა მისი და სხვა აგენტების მეშვეობით, ბრწყინვალედ იცოდა სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის საქმიანობის თითქმის ყველა ასპექტი. მათ შორის პარტიის სტრუქტურა თბილისში და რეგიონებში, პარტიის წევრების ვინაობა და მათი მომავალი გეგმებიც კი. როგორც პოდპოლკოვნიკ ა. კარაულოვის საქმიანობის ანალიზიდან ჩანს, იგი ბრწინვალედ ფლობდა აგენტურის მართვა-გამოყენების ტაქტიკას. შესაბამისად მან `კარგად~ გამოიყენა აგენტურისაგან და კერძოდ ჯაში-სლუჩაინისგან მიღებული ინფორმაციები სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის აქტიური საქმიანობის შესაჩერებლად.
     მეფის რუსეთის საიდუმლო პოლიციის ადგილობრივი ორგანოების აგენტურის გამოყენების პრაქტიკის გაანალიზების შესწავლისას აშკარა ხდებაა, რომ 1905-1907 წლების რევოლუციის პერიოდში ,,ოხრანკის“ განყოფილებებმა აგენტურის მართვის ეტაპობრივი, რამოდენიმე სახის ტაქტიკა გამოიყენეს. 
     აღნიშნულ ნაშრომში მე დეტალურად არ შევეხები საიდუმლო პოლიციის მიერ აგენტურის მართვის სხვადასხვა ტაქტიკის სპეციფიკასა და თავისებურებებს. განსახილველი საკითხიდან გამომდინარე მხოლოდ აღვნიშნავ, რომ 1906-1907 წლებში აგენტურის მართვა-გამოყენების ჩვენთვის საინტერესო ტაქტიკის რუსეთის მთელი იმპერიის მასშტაბით დანერგვა, დაკავშირებულია იმ დროს პეტერბურგის `ოხრანკის~ განყოფილების უფროსის, გენერალ ი. გერასიმოვის სახელთან. გერასიმოვისთვის მთავარი აგენტების მეშვეობით რევოლუციური პარტიების, ტერორისტული ორგანიზაციების ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების, ტერორისტული და ექსპროპრიაციული აქტების მომზადების პროცესის შესახებ სრული ინფორმაციის მოპოვება იყო. ყველაფერი ამის საფუძველზე კი, არა ნაჩქარევი დაპატიმრებების განხორციელება, არამედ გარკვეული დროის განმავლობაში რევოლუციური ორგანიზაციის საქმიანობის შესწავლა-გაანალიზება, საჭირო დროს მისი წამყვანი წევრების შერჩევითი დაპატიმრება და შედეგად კი, რევოლუციური პარტიისა თუ ორგანიზაციის მთლიანი დეზორგანიზაცია იყო. 
      სწორედ, აგენტი ე. აზეფის და სხვა `აგენტურული~ წყაროს ინფორმაციის გამოყენების საფუძველზე შეძლო მან რუსეთის სოციალისტ-რევოლუციური პარტიის ავტონომიურად მოქმედი ცენტრალური ტერორისტული ორგანიზაციის სახელწოდებით _ `საბრძოლო ორგანიზაცია~ (,,Боевая Организация“) საქმიანობის დეზორგანიზება. კერძოდ, 1905-1906 წლების მიჯნაზე აგენტის, ე. აზეფისგან მიღებული ინფორმაციების საფუძველზე `საბრძოლო ორგანიზაციის~ დაგეგმილი ტერორისტული აქტების სისტემატური ჩაშლით, ტერორისტებზე პერმანენტული ფსიქოლოგიური ზეწოლით და სხვა სახის ღონისძიებების მეშვეობითი გერასიმოვმა აიძულა ამ ტერორისტული ორგანიზაციის რიგითი წევრები და ხელმძღვანელებიც დაეჯერებინათ თავიანთი საქმიანობის უპერსპექტივობა. მეტიც, ამ უკანასკნელებმა თვითონვე მიმართეს რუსეთის სოციალისტ-რევოლუციური პარტიის ცენტრალურ კომიტეტს და 1906 წელს `საბრძოლო ორგანიზაციამ~ არსებობა შეწყვიტა. 
       თბილისის `ოხრანკის~ უფროსი პოდპოლკოვნიკი ა. კარაულოვი საქართველოში მოქმედი რევოლუციური პარტიების საქმიანობის შესაწყვეტად აგენტურის მართვის დაახლოებით მსგავს ტაქტიკას იყენებდა. ეს კარგად ჩანს ჯაში-სლუჩაინის აგენტურული საქმიანობის ანალიზიდან. ძირითადად, სწორედ მის მიერ მიწვდილი ზემოთ აღნიშნული ინფორმაციების მეშვეობით შეძლო ა. კარაულოვმა სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის დეზორგანიზაცია და ეფექტური საქმიანობის საკმაო ხნით შეჩერება. თბილისის `ოხრანკის~ განყოფილებას სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის საქმიანობის შეწყვეტის და მათზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილების რამოდენიმე მიზეზი გააჩნდა. დეტალურად აქ მათ არ შევეხები, მხოლოდ აღვნიშნავ, რომ კავკასიაში მოქმედი საიდუმლო პოლიციის ადგილობრივი ორგანოების აზრით, იმპერიის არსებობისათვის ყველაზე საშიში არა სოციალ-დემოკრატები, არამედ სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის მსგავსად `ნაციონალისტურად~ განწყობილი პარტიები იყვნენ. შემთხვევითი არაა, რომ სოციალ-დემოკრატიული პარტიის ორივე ფრთის წარმომადგენლებს და არა სხვა პარტიებს ანდო მეფისნაცვალმა ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვმა 500 ბერდანის სისტემის შაშხანა 1905 წლის ნოემბერში, თბილისში სომეხ-თათრების შეტაკების თავიდან ასაცილებლად.
        ჯაში-სლუჩაინის მიერ თბილისის `ოხრანკის~ განყოფილებისათვის მიწვდილი შეტყობინებების, ცნობებისა და ინფორმაციების შინაარსის ანალიზიდან ნათლად ჩანს, რომ იგი საჭირო მასალებს აგროვებდა იმ სტამბებში, სადაც იბეჭდებოდა სოციალისტ-ფედერალისტების პარტიული დოკუმენტები, სადაც ჰყავდა ახლობლები, ნაცნობები და, რაც მთავარია, სადაც თვითონაც მუშაობდა. როგორც ჩანს, თბილისის და კავკასიის რაიონული `ოხრანკის~ განყოფილებების საქმეებში თავმოყრილი 1909-1911 წლებით დათარიღებული, სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის ნაბეჭდი სახის უამრავი პარტიული დოკუმენტი _ წესდებები, კონფერენციების მასალები, სწორედ ჯაში-სლუჩაინის მიერა არის ფარულად შეგროვებული და შემდეგ `ოხრანკისათვის~ გადაცემული.
       დიმიტრი ჯაშს იმ დროს, 1908-1911 წლებში სანდო პირად მიიჩნევდნენ სხვადასხვა პარტიების წევრები და ქართული საზოგადოების წარმომადგენლები. შესაბამისად, სწორი არაა თითქოს 1911 წლამდე მისი ,,ოხრანკის” აგენტობა უკვე გამჟღავნებული იყო. ამას მოწმობს, ჯაში-სლუჩაინის მიერ, 1910 წლის 12 თებერვალს, ,,ოხრანკისათვის” მიწვდილი ინფორმაცია, რომ _ ,,12 თებერვალს ქართული დრამატული საზოგადოების შენობაში მოტანილ იქნა საიდუმლო კონვერტი პ. გოთუას სახელზე, რომელშიც აღმოჩნდა დაბეჭდილი მიპატიჟება ,,ცნობილ” დღეებში, ფილიპე გავრილის ძე გოგიჩაიშვილის სახლში ,,მომავალი გეგმების” განსახილველად... წერილში მე შევძელი შემდეგი პირების გვარები შემემჩნია, რომლებიც ამ შეკრებაზე იქნენ მიპატიჟებული _ მ. წერეთელი, სურგულაძე, დიასამიძე, მუსხელიშვილი და სხვები... პ. გოთუამ გახსნა კონვერტი, მოიღუშა და იქ მყოფ ვიღაცას უთხრა, მე ვიცი რაც ამისაგან გამოვა, მაგრამ მაინც არ წავალ“.  მოყვანილი მაგალითი ადასტურებს, რომ დიმიტრი ჯაშს ენდობოდნენ და მასთან პარტიის საიდუმლოებებზე საუბარს არ ერიდებოდნენ სოციალისტ-ფედერალისტებიც. აშკარაა, რომ იგი პირადად ეკონტაქტებოდა სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის წამყვან წევრებს, მათ თანამგრძნობ პირებს და ასე ახერხებდა ინფორმაციის მოძიებას ამ პარტიის საქმიანობაზე. დიმიტრი ჯაში პართენ გოთუასთან გაზეთში თანამშრომლობას და ახლო ურთიერთობას, მისი მეუღლის დარია ჯაშის მოგონებებიც ადასტურებს. დარია ჯაშის სიტყვებით: ,,განსაკუთრებით დამამახსოვრდა ის, რომ დიმიტრიმ პართენ გოთუას ვერ იქნა და ვერ ასწავლა რუსული მართლწერა“. 
       ახლა მეორე მხრიდან შევხედოთ ამ ფაქტებს და ვნახოთ დიმიტრი ჯაშის შესახებ პართენ გოთუა რას იგონებდა: ,,მე კარგად მახსოვს, რომ ერთხელ, ჭავჭავაძის სიკვდილის შემდეგ 1907-1908 წლებში, თარიღი არ მაგონდება, ჩვენთან რედაქციაში უნდა შეკრებილიყო ინტერპარტიული კომიტეტი, მაგრამ კრება მოულოდნელად გადაიდო. იმ ღამეს, 11 საათზე, რედაქციის მეორე ბნელ ოთახში ნახეს მაგიდის ქვეშ დაწოლილი დიმიტრი ჯაში. როგორც მეორე დღეს გადმომცეს, ჯაშმა თავი მოიმძინარა, მერე სიმთვრალე მოიგონა და ბარბაცით წავიდა“.  
       ჯაში-სლუჩაინის ,,აგენტურულმა“ საქმიანობამ შედეგი გამოიღო და 1910 წელს სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის მთავარი მოღვაწეების უმეტესობა _ ,,ფირცხალავა, ქავთარაძე, ლასხიშვილი, ქუთათელაძე, აღლაძე, ბილანოვი, მაჭავარიანი დაპატიმრებულ იქნენ, შედეგად პარტიის აქტიური საქმიანობა დროებით შეწყდა“. სწორედ ასე წერია წერილში, უფრო სწორედ კი, როგორც მისი შინაარსიდან ჩანს, სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის წევრებისადმი მიმართვაში, რომლის სათაურია _ ,,განსაკუთრებული აზრი, რომ დროებით შეწყდეს ქართველი სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის საქმიანობა”. ეს წერილი-მიმართვა 1910 წლის ოქტომბერში დაწერეს და გაავრცელეს პარტიის წევრებში სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილმა წევრმა იაკობ ღულაძემ და პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრმა ვასილ რცხილაძემ. 
         თბილისის ,,ოხრანკის” განყოფილების ერთ-ერთ საქმეში მოთავსებულია ამ წერილი-მიმართვის ქართულიდან რუსულად თარგმანილი მისი ასლი.



 წერილი-მიმართვის ავტორები პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ პარტიის წამყვანი წევრების დაპატიმრება მოხდა არა შემთხვევით, არამედ: `ეჭვს გარეშეა მოქმედებს გამოცდილი ხელი, რომელმაც იცის ჩვენი პარტიის საიდუმლოებები და აწვდის მათ პოლიციას~.   ი. ღულაძე და ვ. რცხილაძე წერილში უთითებენ, რომ სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის ხელმძღვანელები და აქტიური წევრები თბილისში და პროვინციებში ერთდროულად დააპატიმრეს, რის გამოც პოლიციას ხელში ჩაუვარდა უამრავი მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ასეთი რამ ადრე არ ხდებოდა და სწორედ ამიტომ, წერილის ავტორებიდან ერთ-ერთმა დატოვა პარტიის ცენტრალური კომიტეტი. მათ გამოკითხეს პარტიის სხვა წევრებს და მათი აზრიც მოისმინეს. ასეთი შეხვედრების და აზრთა ურთიერთგაცვლის შემდეგ, რადგან ვერ იგებენ ვინ არის პარტიის რიგებში შეპარული აგენტი, გამოიტანეს დასკვნა, რომ აუცილებელი იყო: 1) დროებით შეეჩერებინათ პარტიის საქმიანობა; 2) დაეთხოვათ პარტიის ცენტრალური კომიტეტი; 3) პარტიის თბილისის, გორის და ქუთაისის კომიტეტებს გადაეტანათ საქმიანობა სხვა ქალაქებში და ა. შ.
       ამ პერიოდში თბილისის ,,ოხრანკის” განყოფილების სხვა აგენტების მიერ სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის შესახებ მიწვდილი ინფორმაციების ანალიზიდან აშკარად ჩანს, რომ ისინი ვერ მოიპოვებდნენ ჯაში-სლუჩაინის მსგავს სრულყოფილ ინფორმაციებს. ,,პარტიის საიდუმლოებების” გამცემი არ შეიძლება ყოფილიყო ,,დვარიანინიც”, იგივე ივანე კარბელაშვილი. იგი ამ დროს გიმნაზიის მოსწავლე იყო და პარტიის პარტიის ხელმძღვანელი ორგანოების წევრებთან, მათ საქმიანობასთან შეხება არ ჰქონდა. 1909-1910 წლებში კარბელაშვილი-დვარიანინი სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის შესახებ თბილისის ,,ოხრანკის“ განყოფილებას ძირითადად მეორეხარისხოვან საკითხებზე აძლევდა ინფორმაციას. შედარებით ღირებული იყო მისი ,,აგენტურული“ ცნობები ,,ავტოკეფალისტებთან“ დაკავშირებით. საინტერესოა, რომ 1917 წლის მარტში, თბილისის აღმასრულებელი კომიტეტის კომისიის მიერ დაკითხული თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსის ი. პასტრულინის სიტყვებით, აგენტ ი. კარბელაშვილს ეგზარქოს ნიკონის მკვლელობამდე ერთი თვით ადრე შეუტყობინებია საიდუმლო პოლიციისათვის, რომ ნიკონს მოკვლას უპირებდნენ. 
საარქივო მასალებიდან აშკარად ჩანს, რომ ,,გამოცდილი ხელი”, რომელმაც კარგად იცოდა სოციალისტ-ფედერალისტურის პარტიის საიდუმლოებები, მხოლოდ ჯაში-სლუჩაინი იყო. ზემოდასახელებული წერილი-მიმართვის ასლიც სწორედ ჯაში-სლუჩაინის ხელით მოხვდა ,,ოხრანკის“ უფროს ა. კარაულოვთან. ამას ადასტურებს ჯაში-სლუჩაინის 1910 წლის 10 ნოემბრის ,,აგენტურული ცნობა“  _ ,,იაკობ ცინცაძემ, რომელსაც ,,სახალხო გაზეთის” რედაქციაში ჰქონდა შენახული ,,განსაკუთრებული აზრის” წერილის ეგზემპლიარი პარტიული საქმიანობის შეწყვეტაზე, დაწერილი იაკობ ღულაძის და ვასილ რცხილაძის მიერ, ეს დოკუმენტი შესანახად გადასცა მელიტონ გობეჩიას, რომელიც ცხოვრობს ი. ცინცაძის ბინაზე, სახლი # 15 ვეძინის ქუჩა. ამ დოკუმენტის ეგზემპლიარი შეიძლება ინახებოდეს არჩილ ჯაჯანაშვილთან, მცხოვრები ვეძინის ქუჩა # 3~.  ამ ადამიანებს – ი. ცინცაძეს, ა. ჯაჯანაშვილს ჯაში-სლუჩაინი იცნობდა არა მარტო სამუშაოდან, არამედ როგორც მეზობლებსაც. თბილისში იგი ოჯახთან ერთად სწორედ ვეძინის ქუჩაზე, მათ მეზობლად ცხოვრობდა.
      ზემოთ მოყვანილი მასალების ანალიზიდან ცხადია, რომ აღნიშნულ პერიოდში თბილისის ,,ოხრანკის“ განყოფილების მიერ სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის ეფექტური საქმიანობის შეჩერებაში აგენტ ჯაში-სლუჩაინის დიდი ,,წვლილი“ იყო.
ამრიგად, დიმიტრი ჯაში 1909-1911 წლებში თავისი აგენტურული საქმიანობით სწორედ სოციალ-დემოკრატიული პარტიის მეორე ფრთის, კერძოდ მენშევიკების წისქვილზე ასხამდა წყალს, რადგან ბოლშევიკების რაოდენობა საქართველოში ამ დროს საკმაოდ მცირე იყო. ბუნებრივია, რომ თბილისის ,,ოხრანკის“ განყოფილების მიერ 1910-1911 წლებში ეროვნული სულით გაჟღენთილი სოციალისტ-ფედერალისტურის პარტიის დეზორგანიზაციის, მისი აქტიური წევრების დაპატიმრების შედეგად, სწორედ სოციალისტური იდეოლოგიური ბაზის მქონე სოციალ-დემოკრატი მენშევიკების გავლენა გაიზარდა ქართულ საზოგადოებაში.
     საინტერესოა, რომ 1917 წელს თებერვლის რევოლუციის შემდეგ `ოხრანკის~ აგენტობაში ბრალდებული და დაპატიმრებული დიმიტრი ჯაში ამიერკავკასიის განსაკუთრებულ კომიტეტთან არსებული საგანგებო საგამოძიებო კომისიის სახელზე ციხიდან გაგზავნილ ვრცელ რამოდენიმე გვერდიან წერილში,  ასევე ნ. ჟორდანიას და მთელი ქართული საზოგადოების სახელზე გაგზავნილ 7 გვერდიან დეპეშაში  ყველანაირად აძაგებს სოციალისტ-ფედერალისტებს, სამაგიეროდ კი აქებს სოციალ-დემოკრატებს. ასეა თუ ისე, დიმიტრი ჯაში თავისი ,,აგენტურული“ წარსულის მიუხედავად ციხიდან განთავისუფლების შემდეგ გარდაცვალებამდე, სოციალ-დემოკრატების ორივე ფრთის მენშევიკების და ბოლშევიკების ხელისუფლებაში ყოფნის დროს _ 1918-1922 წლებში სახელისუფლებო ორგანოებში საკმაოდ შემოსავლიან ადგილებზე მუშაობდა. 
























No comments:

Post a Comment

Note: Only a member of this blog may post a comment.