თენგიზ
სიმაშვილი
სტატია გამოქვეყნდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტი საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომებში, ტომი XIII,
2018, თბილისი
რუსეთის იმპერიის საიდუმლო
პოლიცია და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარება თელავში
XX
საუკუნის დასაწყისში
საარქივო
მასალების შესწავლიდან ირკვევა, რომ რუსეთის იმპერიის პერიოდში არსებული პატარა, პროვინციული
ქალაქების ისტორიის შესწავლას, როგორც ზოგადად საქართველოს ისტორიის, ასევე თანამედროვე
ისტორიის საკამათო, თუ პრობლემური საკითხების ნათელსაყოფად, საკმაოდ ბევრი
საინტერესო ინფორმაციის გამომზეურება შეუძლია.
მაგალითად
მომყავს, XX საუკუნის დასაწყისში ქალაქ თელავში რუსეთის იმპერიის საიდუმლო
პოლიციის ორგანოების საქმიანობა. ამ პერიოდში საქართველოში არსებობდა რუსეთის
იმპერიის საიდუმლო (პოლიტიკური) პოლიციის ადგილობრივი ორგანოები, ერთი მხრივ,
თბილისის ,,ოხრანკის“ განყოფილება და მეორე მხრივ, ჟანდარმთა თბილისის და ქუთაისის
საგუბერნიო სამმართველოები. თბილისის ,,ოხრანკის“ განყოფილება პოლიტიკური
,,ძებნის“ ანუ, პოლიტიკური და სხვა ხასიათის დანაშაულის მომზადების აღმომჩენი
ორგანო იყო. რაც შეეხება ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოებს, მათ ძირითადად
აღმოჩენილ პოლიტიკურ დანაშაულზე ძიება და ინფორმაციის შეგროვება ევალებოდათ.
საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოებს
შორის წამყვანი როლი თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს ჰქონდა
მინიჭებული. მას სათავეში სამმართველოს უფროსი - ჩინით პოლკოვნიკი ედგა.
სამმართველოს უფროსს ჰყავდა თანაშემწეები, რომლებიც საიდუმლო პოლიციისათვის საჭირო
ინფორმაციას ერთი ან რამდენიმე მაზრიდან აგროვებდნენ. თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო
სამმართველოს უფროსის პირველი თანაშემწე თბილისის, მეორე - თელავის, თიანეთის და
სიღნაღის, მესამე - ახალციხის, ახალქალაქისა და გორის მაზრებს, მეოთხე -
ელიზავეტოპოლის გუბერნიას განაგებდნენ.1
ისინი
თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსის თანაშემწის ჩათვლით, თბილისში
იმყოფებოდნენ, ხოლო ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს დაბალი ჩინები კი მაზრებში.
ქალაქ თელავში, როგორც თელავის მაზრის მთავარ სამაზრო ქალაქში, ერთი უნტერ-ოფიცერი
იმყოფებოდა, რომელიც ექვემდებარებოდა თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს
უფროსის თანაშემწეს თელავის, თიანეთის და სიღნაღის მაზრებში.
აღსანიშნავია, რომ საიდუმლო პოლიციის ჩინები მაზრებში არსებულ
ვითარებას ხშირ შემთხვევებში საკმაოდ ობიექტურად აფასებდნენ. მაგალითად, 1910 წლის
მარტში თელავის, თიანეთის და
სიღნაღის მაზრებში თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს
უფროსის მოადგილე როტმისტრი პრიგარა თელავის მაზრის სოფელ კურდღელაურში, თითქოსდა
რევოლუციური აგიტაციის შესახებ კავკასიის ხელისუფლებისათვის მიწვდილი ინფორმაციის
სისწორეს არგუმენტირებულად უარყოფდა. იგი თავის უშუალო ხელმძღვანელს - თბილისის
ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსს შესაბამისი ფაქტების მოყვანით
უსაბუთებდა, რომ სოფელ კურდღელაურში რევოლუციური მოძრაობის და რევოლუციური
აგიტაციის შესახებ, თავად მიხეილ ევგენის ძე რუსიევ-ყორჩიბაშევის მიერ გამოთქმული
მოსაზრება სინამდვილეს არ შეეფერებოდა. პრიგარას აზრით, თავადმა
რუსიევ-ყორჩიბაშევმა სოფელ კურდღელაურის მაცხოვრებელ გლეხებს მიწის ნაკვეთი
მოტყუებით მიჰყიდა. გლეხები მას ტყუილს მიუხვდნენ და პირობის შესრულება მოსთხოვეს,
ხოლო რუსიევ-ყორჩიბაშევმა კი, მათზე ხელისუფლების მხრიდან ზეგავლენის მოსახდენად,
სოფელ კურდღელაურში რევოლუციური აგიტაციის არსებობა მოიგონა.2
ცხადია, რომ ეს ინფორმაცია თელავის, თიანეთის და
სიღნაღის მაზრებში თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს
უფროსის მოადგილეს ერთი მხრივ, თელავის მაზრის უფროსის და მეორე მხრივ, მისი
უშუალო წარმომადგენლის - თელავში მყოფი უნტერ-ოფიცრის მეშვეობით ჰქონდა მიღებული.
ჩვენ საშუალება გვაქვს საარქივო
დოკუმენტების მეშვეობით გავაანალიზოთ, ანუ როგორც საიდუმლო პოლიციის
წარმომადგენლები ხმარობდნენ ამ ტერმინს ,,გავაშუქოთ“, თბილისის ჟანდარმთა
საგუბერნიო სამმართველოს თელავში მყოფი უნტერ-ოფიცრის მოვალეობა და საქმიანობა.
როგორც ირკვევა, თელავში მყოფი ჟანდარმერიის უნტერ-ოფიცერები პოლიტიკური ხასიათის
შემცველი ინფორმაციის შეგროვებასთან ერთად ქალაქში და მაზრაში არსებული
კრიმინალური ვითარებითაც ინტერესდებოდნენ, იძიებდნენ ინფორმაციებს მაზრის
ხელმძღვანელების მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ფულის გახშირებული
გამოძალვების აღსაკვეთად და ა.შ.3
სხვადასხვა პერიოდში თელავში მყოფი
ჟანდარმერიის უნტერ-ოფიცერების მოხსენებებიდან ჩანს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება
მაზრაში ვითარების გამოსასწორებლად სათანადო ძალისხმევას არ იჩენდა, ჟანდარმერიისგან
მიღებულ საიდუმლო ინფორმაციებსაც სათანადოდ ვერ იყენებდა. მაგალითად, 1911 წლის 7
ნოემბერს, თელავის მაზრის უფროსს წერენ: ,,თბილისის გუბერნატორის კანცელარია
გთხოვთ აცნობოთ, თუ რატომ არ ისარგებლეთ იმ ცნობებით, რომელიც თელაველი ვაჭრის
ბეგიანოვისათვის ფულის გამომძალველი ყაჩაღების ადგილსამყოფელის შესახებ მოგაწოდათ,
თელავში მყოფმა თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უნტერ-ოფიცერმა’’.4
თელავის, თიანეთის და სიღნაღის მაზრებში თბილისის
ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსის მოადგილე თელავში მყოფ უნტერ-ოფიცრს
უამრავ სხვადასხვა სახის დავალებას აძლევდა. ერთ-ერთი დოკუმენტის მიხედვით,
რომელიც 1907 წლის მაისით თარიღდება, თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს
უფროსი თავის მოადგილეს თელავის, თიანეთის და
სიღნაღის მაზრებში სთხოვდა შეეკრიბა ცნობები თელავში ქალაქის
მამასახლისად არჩეული, თუ ასარჩევი მიხეილ აბაკუმის ძე ვერმიშევის პოლიტიკური
კეთილსაიმედოობის და მორალური თვისებების შესახებ, რაც ცხადია შემდგომ უკვე
თელავში მყოფ უნტერ-ოფიცერს უნდა შეესრულებინა.5
სხვა მაგალითია, 1911 წლის 16 ივნისით
დათარიღებული ერთ-ერთი საიდუმლო მიწერილობა, რომლის თანახმად:,,მიუნხენის
უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტები დისტელი და ბუში, რომლებიც ბავარიის ხელისუფლების
მიერ არიან მოვლინებული კავკასიაში ფოტოების გადასაღებად, გეოგრაფიული და
გეოდეზიური კვლევების ჩასატარებლად, მიმდინარე წელს კავკასიის მხარეში
იმოგზაურებენ და თუ ისინი თქვენს სამოქმედო რაიონში გამოჩნდებიან, მათზე მკაცრი
საიდუმლო მეთვალყურეობა დაამყარეთ.“6
საინტერესოა, რომ რუსეთის იმპერიის საიდუმლო
პოლიცია ფხიზლად ადევნებდა თავს პროვინციულ ქალაქებში, ასე ვთქვათ რელიგიურ
ვითარებასაც. 1911 წლის მაისში თელავში მყოფი უნტერ-ოფიცერი ხელმძღვანელობას
სწერდა, რომ ,,თელავის ცენტრში სამი მართლმადიდებლური ეკლესია მდებარეობს. მათში
საეკლესიო მსახურება მხოლოდ ქართულ ენაზე ტარდება. რადგან თელავსა და მის
მიმდებარე სოფლებში სახელმწიფო დაწესებულებებში რუსებიც მუშაობენ და ცხოვრობენ,
ისინი ითხოვენ ქალაქის ერთ-ერთ ეკლესიაში მსახურება რუსულ ენაზეც ჩატარდეს.’’ მოხსენებაში
ასევე აღნიშნულია, რომ ,,რუსები ტოვებენ სახელმწიფო რელიგიას და გადადიან
სექტანტებში, ე.ი. ბაპტისტებშიო.’’7 (იხ.დოკ.
1-2)
1912 წლის სექტემბრით დათარიღებულ მოხსნებაში
უნტერ-ოფიცერი მიხეილ სტეპკინი ხელმძღვანელობას თელავში მცხოვრები ვინმე პრასკოვია
კრეხოვას შესახებ აცნობებდა, რომელიც ,,ბაპტისტი’’ ყოფილა: ,,კრეხოვა თელავის
მაზრაში მაცხოვრებელ რუსებთან დადის და მართლმადიდებლურ რელიგიას აძაგებსა. ამის
შედეგად მაზრის მაცხოვრებელი ოცამდე რუსული ოჯახი გადაიბირა. თითოეულ ადამიანზე,
ვინც სექტანტებში გადადის პრასკოვია კრეხოვა ფულად ჯილდოს იღებს. ფარული გზით
მოვიკვლიე, რომ ბაპტისტების მისწრაფებები ახლოსაა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული
მუშათა პარტიის მისწრაფებებთან.“8*
,,თელაველი“ ჟანდარმერიის
უნტერ-ოფიცრები ხელმძღვანელობას სხვა სახის ინფორმაციებს - ზალიკო სვიმონიშვილის
ტერორისტული საქმიანობის, პურზე თუ სხვა პროდუქტებზე ფასების ზრდის, მოსახლეობის
განწყობის შესახებაც აწვდიდნენ.
თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო
სამმართველო ქალაქ თელავის და თელავის მაზრის შესახებ ინფორმაციის მიღებას თელავში
მყოფი უნტერ-ოფიცერისგან დამოუკიდებლადაც ცდილობდა. ჩანს ეს ინფორმაციის მიღების
რამოდენიმე განსხვავებული წყაროს ყოლის და ალბათ მისი გადამოწმების სურვილითაც იყო
განპირობებული. მაგალითად, 1914 წელს, თელავის, თიანეთის და სიღნაღის მაზრებში თბილისის
ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსის მოადგილე ხელმძღვანელობას წერდა, რომ
,,ქალაქ თელავში საიდუმლო აგენტი შევიძინე, რომელიც თელავის მაზრაში ოპერირებულ
ყაჩაღურ ბანდებზე მომაწვდის ინფორმაციას.’’ დასახელებულია მისი გვარ-სახელი ეგორ
ბ-ვი და აგენტურული მეტსახელიც - ,,გრამაბოი“.9
მოხსენების შინაარსიდან ირკვევა, რომ ამ
პიროვნების საქმიანობა ღვინის კასრების დამზადებასთან იყო დაკავშირებული. ამასთან,
საიდუმლო აგენტ ,,გრამაბოის“ მიერ მიწოდებული ინფორმაციები ყაჩაღურ ბანდების
შესახებ მასალების მოძიებას გარკვეულწილად სცდებოდა. მაგალითად, ჟანდარმერიას იგი
ინფორმაციას აწვდიდა, რომ კასრების დამამზადებელი ხელოსნები თელავში ანტონ
ყაზახოვის ხელმძღვანელობით ვინმე გოგელიას სახლში შეკრებილან, სადაც ვერმიშევის
კასრების სახელოსნო ყოფილა განთავსებული. შეკრებაზე ხელოსნებს კასრების ხელოსნების
კავშირის შექმნის შესახებ საკითხი დაუყენებიათ.10
1915 წლის თებერვალში, უნტერ-ოფიცერ
სტეპკინის მიერ მიწვდილი ინფორმაციიდან გამომდინარე წერდა თელავის, თიანეთის და სიღნაღის მაზრებში
თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსის მოადგილე ხელმძღვანელობას,
რომ ,,უნტერ-ოფიცერმა სტეპკინმა თელავის მაზრაში თავისი მორიგი ჩამოვლისას თელავის
მაზრის მაცხოვრებლები გამოკითხა და დაასკვნა, რომ თელავის მაზრის მაცხოვრებელი
ქართველი მოსახლეობა მტრულადაა განწყობილი სომხების მიმართ და დადის ხმები, რომ
დროთა განმავლობაში, შესაძლებელია აქ ამ ორ ერს შორის შეტაკება დაიწყოს იმ სახით,
როგორიც კავკასიაში 1905 წელს მოხდა’’.11*(იხ. დოკ. 3)
აღნიშნულ პერიოდში მიმდინარეობს პირველი
მსოფლიო ომი და ასეთი ანტაგონიზმის ერთ-ერთი სავარაუდო მიზეზი თელაველი შეძლებული
სომეხი ვაჭრების მიერ პროდუქტებზე და პირველადი მოხმარების საგნებზე ფასების
ხელოვნური ზრდა იყო. ფაქტობრივად, იმ დროს, როგორც ქალაქის მართვა-გამგეობა, ასევე
ვაჭრობაც ეთნიკური სომხების ხელში იყო მოქცეული და ფასების ხელოვნური აწევა
შეძლებული სომეხი ვაჭრებისათვის პრობლემას არ წარმოადგენდა. ხოლო თუ ამას
დავამატებთ იმ გარემოებასაც, რომ ამ უკანასკნელებს კავკასიის მთელ ტერიტორიებზე,
ასევე ქალაქ თელავშიც მეფის რუსეთის ადგილობრივი ადმინისტრაცია ყველანაირად მხარს
უჭერდა და ეხმარებოდა, გასაგებია შეძლებული სომხების მიმართ ქართველი მოსახლეობის
ასეთ უარყოფით დამოკიდებულებას რა განაპირობებდა.
ამ ვარაუდს ადასტურებს, 1916 წლის იანვრით
დათარიღებული თელავის მაზრის უფროსის წერილი, რომ ,,გასული 1915 წლიდან მოყოლებული
მიმდინარეობს ენერგიული ბრძოლა ქალაქ თელავში ადგილობრივი ვაჭრების სიხარბის
წინაღმდეგ, რადგან ისინი ცდილობენ ხელოვნურად მაღლა ასწიონ პროდუქტებზე დაწესებული
ფასები’’.104 თუმცა უნდა ითქვას, რომ
აღნიშნული ტედენცია - სომეხი ვაჭრების მიერ საქონელზე და პროდუქტებზე ფასების
ხელოვნური ზრდა როგორც თბილისში, ასევე გორსა და საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე
სხვა ქალაქებშიც შეინიშნებოდა.12*
1916 წლის ივლისში, თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო
სამმართველო აცნობებდა მეფისნაცვლის მოადგილეს: ,,მიღებული ცნობების თანახმად
თელავის, სიღნაღისა და თიანეთის მაზრებში მოსახლეობაში მღელვარებაა - ისინი
პროტესტის გამოხატვას შეკრებებით და გამოსვლებით აპირებენ’’13 და მათ აღსაკვეთად შესაბამისი ზომების მიღებას
ითხოვდა.
მინდა აღვნიშნო, რომ თავის მხრივ, თელავის
მაცხოვრებელი დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენელი სომეხი მოსახლეობა, შეძლებულ
ზედაფენას და მდიდარ სომეხ ვაჭრებს გარკვეულწილად უპირისპირდებოდა. თელაველი
ღარიბი სომეხი ოჯახების წარმომადგენელი ახალგაზრდები არა სომხური ნაციონალისტური
იდეოლოგიის მქონე ,,დაშნაკცუტუნის“ პარტიის თელავის ორგანიზაციაში შედიოდნენ,
რომელიც მართალია აქცენტს სოციალურ სამართლიანობაზეც აკეთებდა, მაგრამ რეალურად
შეძლებული ზედაფენის ინტერესებს იცავდა, არამედ რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა
პარტიაში წევრიანდებოდნენ.
ქალაქ თელავის და თელავის მაზრის ქართველი
მოსახლეობის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ეს კარგად ესმოდათ და შეშფოთებული
იყვნენ შექმნილი ვითარებით. ისინი ქართველებსა და სომხებს შორის დაძაბულობის
ზრდას, უფრო სწორედ შეძლებული სომხების მიზეზით, თუ რუსული ადმინისტრაციის მიერ
ფარული წაქეზებით გამოწვეული დაპირისპირების მოგვარებას თავისი ძალებით,
სხვადასხვა საშუალებებით ცდილობდნენ. მაგალითად, 1915 წლის 6 ნოემბერს თბილისის
ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსის მოადგილე თელავში მყოფ უნტერ-ოფიცერ
სტეპკინს წერდა: ,,თელავიდან შენს მიერ გამოგზავნილი ბროშურა, რომელიც ქართულ
ენაზეა დაბეჭდილი არანაირ დანაშაულებრივს არ შეიცავს. პირიქით მასში გატარებულია
აზრი, რომ ქართველებს და სომხებს შორის დაპირისპირება დღეს-დღეისობით დაუშვებელია.“15 ამრიგად, უნტერ-ოფიცრის მიერ სავარაუდოდ
ფარული გზებით თელავში ,,მოძიებული“ ასეთი შინაარსის ბროშურა, აღნიშნულ პერიოდში
თელავის მოსახლეობის შეგნების და საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიმწიფის მაღალ დონეს
ვფიქრობ ფაქტობრივად ადასტურებს.
თელავის მაცხოვრებელ დაბალი და საშუალო
სოციალური ფენის სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლებს, ერთმანეთთან გასაყოფი და
დასაპირისპირებელი მიზეზები არ ჰქონდათ. თუმცა, თავის მხრივ, თელავის მაცხოვრებელ
შეძლებულ სომხებს ქართველებთან დასაპირისპირებელი მიზეზები, გარდა ომის დროს
არასტაბილური ვითარების გამო ეკონომიკური სარგებლის მიღების სურვილისა ერთიც
ჰქონდათ. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, შეძლებულ სომხებს კავკასიის იმდროინდელი
რუსული ადმინისტრაცია კავკასიაში და მათ შორის თელავშიც, ეკონომიკური და
პოლიტიკური გავლენის გაძლიერებაში ყველანაირად ხელს უწყობდა. ეს კი, ბუნებრივია
თელავის მაცხოვრებელ შეძლებულ სომხებს გარკვეულ ვალდებულებებს უჩენდა რუსეთის
იმპერიის ხელისუფლების წარმომადგენლების წინაშე. ამიტომ, ისინი ფაქტობრივად ადგილობრივი
რუსული ადმინისტრაციის მოკავშირედ და დამხმარედ იყვნენ ქცეული.
როგორც ვიცით, პირველი მსოფლიო ომის
მიმდინარეობის დროს, ქართველი საზოგადო მოღვაწეების ერთი ნაწილი გერმანიასთან
პოლიტიკური კავშირების გაბმას ცდილობდა. მაგალითად, თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო
სამმართველოს უფროსი 1915 წლით დათარიღებულ წერილში წერდა: ,,პეტერბურგში
მცხოვრებმა პროფესორმა ჯავახოვმა*
საქართველოში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივნის სამსონ
ფირცხალავას სახელზე წერილი გამოგზავნა, რომ გერმანიის ახალი საგარეო საქმეთა
მინისტრი ციმერმანი კარგად იცნობს ქართულ საკითხს... ჯავახოვი თითქოსდა საიდუმლოდ
იმყოფებოდა სტოკჰოლმში, სადაც შეხვდა გერმანის ელჩს და მასთან ქართულ საკითხზე
ჰქონდა მოლაპარაკება’’.16
რუსეთის იმპერიის ძალისმიერი
სტრუქტურების წარმომადგენლების ერთ-ერთ ბოლო მიმოწერაში* აღნიშნულია: ,,სხვადასხვა აგენტურული წყაროდან მიღებული
ინფორმაციით*, გერმანიასა და ავსტრიაში
დაპატიმრებულ ქართველებში პროპაგანდის გამწევი და გერმანელთა წინაშე
პასუხისმგებლობის ამღები, რომ ამიერკავკასიაში მოაწყობს აჯანყებას, გერმანული
წყალქვეშა ნავებით შავი ზღვისპირეთში, საქართველოში რამოდენიმეჯერ ჩამოსული თავადი
გიორგი მაჩაბელი, დღესდღეისობით თბილისში ,,სახალხო ფურცელის“ რედაქტორ
ჯორჯაძესთან და ხან კი ქალაქ თელავში - ილიკო მაჩაბელთან იმალება.“17 (იხ. დოკ. 4)
შესაძლებელია სწორედ ამ სახის
ინფორმაციებიც გახდა იმის მიზეზი, რომ რუსეთის იმპერიის ადგილობრივი ხელისუფლების
და მათ შორის საიდუმლო პოლიციის წარმომადგენლები, საქართველოს სხვა ქალაქებში და მათ
შორის თელავშიც, ქართველი საზოგადოებრიობის დამოუკიდებლობიკსენ მისწრაფების წინააღმდეგ
სომხების გამოყენებას ცდილობდნენ. ჩემი აზრით, სტეპკინის ზემომოყვანილი მოხსენების
არსი, რომ თელავის მაზრაში ქართველებსა და სომხებს შორის დაპირისპირებაა
მოსალოდნელი, სწორედ მეფის საიდუმლო სამსახურის საქმიანობის შედეგს ასახავდა.
პირველი მსოფლიო ომის დროს, თელავსა თუ საქართველოს სხვა ქალაქებში ქართულ-სომხური
ურთიერთობების გაფუჭება და ერთა შორის შუღლის გაღვივება, რათა ქართველებს თავისი
ყურადღება ამ სახის საკითხებზე გადაეტანათ და საქართველოს მომავალზე არ ეფიქრათ,
ვფიქრობ იმ ხანად რუსეთის იმპერიის საიდუმლო პოლიციის ინტერესში ნამდვილად
შედიოდა.
დიდი იმპერიების მიერ მცირე ერების და
სახელმწიფოების წინააღმდეგ გამოყენებული ე.წ. ,,გათიშე და იბატონეს“ მეთოდის
სხვადასხვა ინტერპრეტაციით გამოყენება, ცხადია რუსეთის იმპერიისათვის უცხო ხილი არ
იყო. მასალებიდან ჩანს, რომ ჯერ კიდევ 1905-1907 წლების რევოლუციის პერიოდში
კავკასიაში რუსეთის იმპერიის ხელისუფლების ადგილობრივი წარმომადგენლები აქტიურად
ცდილობდნენ ქართველებისა და სომხების ერთმანეთისათვის დაპირისპირებას. მაგალითად,
თბილისის ,,ოხრანკის’’ განყოფილების საქმეებში მოიპოვება 1907 წლით დათარიღებული
აგენტურული ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამია: ,,თბილისში ქართველებმა ვიღაც
ქალბატონის მეთაურობით ჯგუფი შექმნეს, რომელმაც გადაწყვიტა გავლენიან სომხებზე
ტერორის განხორციელება.’’ რამოდენიმე დღიანი ინტერვალის შემდეგ დაწერილ სხვა
ინფორმაციაში კი ვკითხულობთ: - ,,სომხებმა ეს შეიტყვეს და თავის მხრივ გავლენიანი
ქართველების ტერორიზებისათვის შეიარაღებული რაზმი შექმნეს.’’18 ალბათ, ამ სახის საიდუმლო ინფორმაციის
,,გაჟონვამ“ და ,,სომხებისთვის შეტყობინებამ’’, რაშიც სავარაუდოდ, რომელიმე
სომხური ნაციონალისტური პარტია იგულისხმებოდა, რუსეთის იმპერიის საიდუმლო პოლიციის
ჩარევის გარეშე არ ჩაიარა.*
კავკასიაში რუსეთის იმპერიის ადგილობრივი
ხელისუფლების ასეთი ,,საშინაო“ პოლიტიკა ადგილობრივი ერების წარმომადგენლებისათვის
ცნობილი იყო. მინდა მოვიყვანო რუსეთის იმპერიის საიდუმლო პოლიციის ადგილობრივი
ორგანოს მიერ თბილისის ფოსტაში ,,პერლუსტრირებული’’, ანუ წაკითხული, 1910-ანი
წლებით დათარიღებული წერილის მცირე ნაწყვეტი. მისი ავტორი, რომლის ასლიც თბილისის
,,ოხრანკის“ განყოფილების მასალებში შემორჩა, ვინმე ა. შარაშენიძე მეგობარს წერს
,,ვიღაც ინტელიგენტ თათართან’’ საუბრის შინაარსს: ,,მე მასთან საუბარმა გამაოცა.
იგი ამბობდა - რუსები დაუფიქრებლად მიიყვანენ რუსეთის იმპერიას დაღუპვისაკენ. როცა
რუსული გაზეთები ქართველებს აქებდნენ, რადგან მართლმადიდებლები არიან და
აქეზებდნენ სომხების წინააღმდეგ, ჩვენ მოლოდინში ვიყავით და ვაკვირდებოდით.
როდესაც რუსებმა ეს ვერ შეძლეს, მაშინ თათრები მიგვისიეს სომხებზე, დაიწყო სისხლისმღვრელი
შეტაკებები. შემდეგ რუსებმა ახალი ხერხი იხმარეს. დაადანაშაულეს ქართველები
სეპარატიზმში და დაიწყეს სადამსჯელო ექსპედიციების გაგზავნა ქართველი მოსახლეობის
დასარბევად.* ახლა კი გაიძახიან -
,,რუსეთი რუსებისათვის’’. ჩვენც თვალი აგვეხილა - რუსებისთვის ზედმეტები ვართ, მათ
მხოლოდ ჩვენი მხარე სჭირდებათ.’’19
იმ პერიოდში რუსეთის იმპერიის
ხელისუფლება საშინაო პოლიტიკის გარდა, საგარეო პოლიტიკაშიც აქტიურად ცდილობდა
ნაციონალისტურად განწყობილი სომხებისა და კერძოდ ,,დაშნაკცუტუნის“ პარტიის აქტიურ
გამოყენებას. მაგალითად, ჯერ კიდევ 1907 წელს, როგორც ,,დაშნაკცუტუნის“ პარტიის
ერთ-ერთმა ლიდერმა, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო პარტიის ხელმძღვანელობას
დაუპირისპირდა გამოარკვია, რომ თბილისის ,,ოხრანკის“ განყოფილების უფროს როტმისტრ
თევდორე როჟანოვსა და კავკასიაში მოქმედ ,,დაშნაკცუტუნის“ პარტიის ხელმძღვანელობას
შორის მჭიდრო საიდუმლო კავშირი არსებობდა. ამ სახის კავშირის სავარაუდო მიზეზი კი
,,დაშნაკცუტუნის“ პარტიის ოსმალეთის, იგივე თურქეთის იმდროინდელ ხელისუფლებასთან
დაპირისპირება, შესაბამისად მათი და რუსეთის იმპერიის საიდუმლო სამსახურის
ინტერესების დამთხვევა იყო.20
ამ ვარაუდის დადასტურება შესაძლებელია
თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსის მოადგილის მიერ, ქალაქ თელავში
მყოფი უნტერ-ოფიცრისთვის გაგზავნილი საიდუმლო მიწერილობებით. მაგალითად, 1913 წლის
თებერვლით დათარიღებულ მასალებში, რომლებიც
თელავში მყოფი უნტერ-ოფიცრის მიერ შესაბამისი ზომების გასატარებლად იყო
განკუთვნილი აღნიშნულია, რომ სომხები კავკასიაში მცხოვრებ ,,თანატომელებში’’ ფულს
აგროვებდნენ, იარაღს ყიდულობდნენ და თურქეთში აგზავნიდნენ: ,,კონსტანტინეპოლიდან
მიღებული ცნობებით ადგილობრივი სამხედრო ხელისუფლება აგზავნის რუსეთში ორ ოფიცერს,
რათა შეამოწმოს ხმები კავკასიაში, განსაკუთრებით ყარსში სომხების მიერ იარაღის
გაძლიერებული შესყიდვისა და რუსეთის ხელისუფლების მიერ სომხების შეიარაღების
შესახებ, რის დამადასტურებლადაც ერზრუმში ბოლო დროს იქ მყოფმა თურქმა აგენტებმა
სენსაციური ცნობები მოიძიეს.“21 (იხ.
დოკ. 5)
როგორც ჩანს, იმის გამო რომ რუსეთის
ხელისუფლების როლი თურქეთში მაცხოვრებელი სომხების შეიარაღების საკითხში არ
გაჟღავნებულიყო, იმავე წლის სექტემბერში თელავში მყოფი უნტერ-ოფიცრისგან ითხოვდნენ
არ დაეშვა ადგილობრივი სომხების მიერ თურქეთში მცხოვრები სომხებისთვის შეიარაღებული
აჯანყების მოსაწყობად თურქეთში იარაღის გაგზავნა.22* (იხ.დოკ. 6)
ვფიქრობ, აღნიშნული დოკუმენტი იმის
ირიბი დადასტურებაცაა, რომ თელაველი შეძლებული სომხები აღნიშნულ საქმიანობაში
აქტიურად იყვნენ ჩაბმული.
ჩემი აზრით, იმ ვარაუდს, რომ რუსეთის იმპერიის
საიდუმლო სამსახური, კონკრეტულად კი თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველო,
რომელიც ამ პერიოდში გარკვეულწილად კონტრდაზვერვის და კავკასიის საზღვრებთან
მდებარე სახელმწიფოებში დაზვერვის ფუნქციებსაც ითავსებდა, ანტიოსმალურ
(ანტითურქულ) საქმიანობაში იყო ჩართული და ერთ-ერთი ასეთი სახის ქმედება სომხების
შეიარაღება გახლდათ. სხვანაირად შეუძლებელია აიხსნას შემდეგი ფაქტი - 1918 წლის 19
ივნისს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში, საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ,,ქალაქ თბილისში მელიქ-კაზარიანცის სახლის
ჩხრეკისას აღმოაჩინეს იარაღის და სამხედრო აღჭურვილობის საწყობი, რომელსაც
მილიციის ფორმაში გამოწყობილი ეთნიკური სომეხები იცავდნენ. საარქივო მასალებით
დასტურდება, რომ პორუჩიკმა ნიკოლაძემ ამ ოპერაციის ჩატარებისას პოლკოვნიკი
კუნკოვსკი, პასტრულინი (თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს ყოფილი
უფროსი), გენერალი ფონ რუბენაუ და პორუჩიკი ალექსანდროვი, რომლებიც სომხური
ეროვნული საბჭოს მითითებით მოქმედებდნენ პატიმრობაში აიყვანა.’’23
სომეხ ნაციონალისტებთან და კერძოდ
,,დაშნაკცუტუნის“ პარტიასთან ისეთი რა კავშირი უნდა ჰქონოდა რუსეთის იმპერიის ხელისუფლების
იმ ორგანოს წარმომადგენელ პასტრულინს, რომელსაც ოფიციალურად თავის დროზე, სულ
რაღაც ერთი წლის წინ დასახელებული პარტიის წინააღმდეგ ბრძოლა ევალებოდა, თუ არა
ზემოთ დასახელებული მიზეზი. მით უმეტეს, რომ სომეხი ნაციონალისტები სულ რამოდენიმე
თვეში ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ იწყებენ ომს. შესაძლებელია ამ ბრძოლების დროს
გამოყენებული იარაღის ნაწილი თავის დროზე, სწორედ პასტრულინის და კავკასიაში
,,მომსახურე“ რუსეთის იმპერიის სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების მეშვეობით იყო
შეძენილი.
რუსეთის იმეპრიის ძალისმიერი სტრუქტურები
საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის ქალაქ თელავსა და თელავის მაზრის ტერიტორიაზე
განსახლებული მუსულმანების განწყობითაც იყვნენ დაინტერესებული. 1913 წლის
თებერვალში თელავის, თიანეთის და სიღნაღის მაზრებში თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო
სამმართველოს უფროსის თანაშემწე თელავში მყოფ ჟანდარმერიის უნტერ-ოფიცერს წერდა:
,,ახლახანს მიღებული ცნობების თანახმად ,,ახალგაზრდა თურქებმა“, რადგან თურქეთს
ქრისტიანების მხრიდან საფრთხე ემუქრება - რუსეთში, მაროკოში, ბირმაში, ალჟირში,
ინდოეთში და საერთოდ იმ ქვეყნებში, სადაც მუსულმანი მოსახლეობა რაოდენობრივად
ბევრია, გადაწყვიტეს აგიტატორების გაგზავნა, რომ მუსულმანებს მიუთითონ თუ რა
საფრთხეც ემუქრებათ’’. იქიდან გამომდინარე, რომ რომ თელავის მაზრაში მუსულმანებიც
ცხოვრობდნენ თელავში მყოფ უნტერ-ოფიცერს ავალებდნენ, რომ მუსულმანი აგიტატორების
შესაძლო გამოჩენაზე ,,ფხიზელი“ მეთვალყურეობა დაეწესებინა.24
ამავე პერიოდში თელავში მყოფ უნტერ-ოფიცერს
ატყობინებდნენ, რომ ,,თურქული პარტიის ,,ერთობა და პროგრესი“ ერზრუმში არსებული
ფილიალის მიერ კავკასიაში პროპაგანდის გასაწევად ორი გავლენიანი წევრი
გაიგზავნა’’.25 იმავე წლის სექტებერში თელავის, თიანეთის და
სიღნაღის მაზრებში თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსის თანაშემწე,
თელავში მყოფ ჟანდარმერიის უნტერ-ოფიცერს წერდა: ,,მიღებული ცნობებით თურქეთის
სამხედრო მინისტრმა ნება დართო თურქეთის არმიის იმ ოფიცრებს, რომლებიც
,,ახალგაზრდა თურქებს’’ ეკუთვნიან რუსეთის ტერიტორიაზე გაემგზავრნენ
,,პანისლამიზმის’’ პროპაგანდისათვის’’.26
იმავე წლის ოქტომბრით დათარიღებულ დოკუმენტში კი აღნიშნულია: ,,ქალაქ მექაში 20
აგვისტოს მთავარი შეიხის მიერ დიდი მიტინგი ჩატარდა, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან
სამი ათასი მომლოცველი ესწრებოდა. შეიხებმა და მოლებმა დამსწრეებს დარწმუნება
დაუწყეს, რომ აუცილებელია მთელი საშუალებებით თურქეთისა და თვითონ სულთნის, როგორც
ყველა მუსულმანის წმინდა ხალიფის მხარდაჭერა, რომ თურქეთის დაცემა გამოიწვევს
მუსულმანური რელიგიის დამსხვრევას. ამის გამო ეს მოსაზრება გაავრცელეთ თქვენს
ნათესავებში’’.27 გამომდინარე იქიდან, რომ
მექის მომლოცველები შესაძლებლია საქართველოში მცხოვრები მუსულმანებიდან და მათ
შორის ალბათ კახეთიდანაც ყოფილიყვნენ, უნტერ-ოფიცერს მექადან დაბრუნებულ
მომლოცველებზე მკაცრი მეთვალყურეობის დაწესებას სთხოვდნენ.
თელავში მყოფ უნტერ-ოფიცერს ასევე
ეგზავნებოდა ინფორმაციები ირანელების (სპარსეთი) აქტიურობაზეც: ,,არსებული
აგენტურული ცნობებით თებერვალში სპარსეთიდან კავკასიაში ჩამოვლენ ბეკ-ხანი
(რაგიმ-ხანის შვილი) და მისი ფიდაი გუსი-ალი. ისინი მოდიან რომ დაარწმუნონ ჩვენი
მუსულმანები სპარსელებს ფულით, იარაღით და ადამიანებით დაეხმარნენ’’.28
,,ჩვენს მუსულმანებში’’, ჩანს, ძირითადად
დაღესტნელი ლეკები იგულისხმებოდნენ. ქალაქ თელავში ამ დროს გარკვეული რაოდენობის
ლეკები ცხოვრობდნენ, უფრო სწორედ წვრილმან ვაჭრობას ეწეოდნენ, დღიურ მუშებად მუშაობდნენ.
რაც შეეხება თელავის მაზრას, მასში
დღევანდელი ყვარლის რაიონის ის ადგილებიც შედიოდა, სადაც შემდეგ ლეკებით
დასახლებული სოფლები - თივი, თებელჯოხი და არეში გაჩნდა. ამ სოფლების ადგილას,
მე-19 საუკუნის ბოლოს ლეკებისათვის ფაქტობრივად მხოლოდ საქონლის დროებითი
სადგომები მდებარეობდა. საქართველოს მეზობლად მცხოვრები ლეკების ნაწილი, მეფის
ხელისუფლების ხელშეწყობით* აქ
საქონელს აზამთრებდნენ, ზაფხულობით კი დაღესტანში ბრუნდებოდნენ.
ხელისუფლებას კი ლეკების ამ ადგილებზე ,,დამაგრება’’ სურდა, რადგან 1907
წლისთვის თითქმის დამთავრდა ავარო-კახეთის გზის გაყვანა,29 რომლის ინფრასტრუქტურასაც, ცხადია,
მიხედვა სჭირდებოდა და რომელიც საქართველოდან დაღესტანში მიმავალი ერთადერთი გზა
იყო. მეფის რუსეთისთვის ავარო-კახეთის გზას სამხედრო-სტრატეგიული დანიშნულება
ჰქონდა და ჩანს, რომ ადგილობრივ ქართველებს 1905-1907 წლების რევოლუციის
პერიპეტიებიდან გამომდინარე სანდოდ არ მიიჩნევდა.
როგორც თელავში
მყოფი ჟანდარმერიის უნტერ-ოფიცერის მიმართ გაგზავნილი წერილებიდან თუ სხვა
დოკუმენტებიდან ჩანს, 1900-იან
წლების დასაწყისში რუსეთის ხელისუფლება ერთის მხრივ, ლეკებს საქართველოს
ტერიტორიაზე დასახლებისათვის ყველანაირ პირობას უქმნიდა - მათ ამ პერიოდში ყვარლის
რაიონში მდებარე ზემოდასახელებული საქონლის გამოსაზამთრებელი ბინები სოფლების
სტატუსში აუყვანა და მეორე მხრივ კი, არ სურდა რა დაღესტნის თუ საქართველოს
ტერიტორიაზე მცხოვრებ და მყოფ ლეკებში ირანის გავლენა გაზრდილიყო, მათში პროირანული
გავლენის ზრდას ებრძოდა.30
ამრიგად, როგორც ზემო მოყვანილი
მასალების მცირე ანალიზიდანაც ჩანს, ქალაქ თელავში რუსეთის იმპერიის საიდუმლო პოლიციის წარმომადგენელი ჟანდარმერიის
უნტერ-ოფიცერების შესახებ ისტორიულ არქივში დაცული დოკუმენტები, XX საუკუნის
დასაწყისის საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ისტორიის შესწავლისთვის საკმაოდ
საინტერესო და მნიშვნელოვანია.
1 სსცა, ფონ. 153, აღ. 2, საქ. 134, გვ. 4
3 სსცა, ფონ. 17, აღ. 1, საქ. 7205, გვ. 151
7 სსცა, ფონ. 160, აღ. 2, საქ. 2, გვ. 5
8 სსცა, ფონ. 160, აღ. 2, საქ. 5, გვ. 31-32
* ხელმძღვანელობა სტეპკინს ასევე ავალებდა პრასკოვია კრეხოვას ბაპტისტებში გადასასვლელი ,,პროპაგანდის“ შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი პოლიციისა და სამღვდელოების მაღალი რანგის წარმომადგენელებისათვის გაეცნო - სსცა, ფონ. 156, აღ. 3, საქ. 232, გვ.37
* სავარაუდოდ, საუბარია სომეხ-თათრების შეტაკებებზე 1905 წელს ბაქოში და თბილისში. შესაძლებელია სტეპკინის მოხსენებით ბარათში ასევე აისახა, 1906 წელს ქალაქ თელავში ქართველებს და სომხებს შორის არსებული დაპირისპირება. როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, ამ წელს სიმთვრალის ნიადაგზე ქართველებს და სომეხ მედუქნეს შორის მოხდა შეჯახება. ეს უკანასკნელი ჩხუბში დაჭრილა. ამის გამო თელავის მაცხოვრებელი სომხები, ძირითადად შეძლებული ადამიანები შურისძიებას აპირებდნენ. მაზრის იმდროინდელ უფროსის კარახანოვის ჩვენებით, მას თელავის ბულვარში, თელავის მაცხოვრებელი ქართველი და სომეხი მოსახლეობის წარმომადგენლებისათვის, იმისათვის რომ შერიგებულიყვნენ შეკრების ნებართვაც კი მიუცია - სსცა, ფონ. 26, აღ. 2, საქ. 8595, გვ.38
* 2008 წლის აგვისტოს საქართველო-რუსეთის ომის დროსაც, პირველადი მოხმარების საგნებზე და განსაკუთრებით პროდუქტებზე, ფასების უცაბედი, არნახული ზრდა დაფიქსირდა, რასაც მხოლოდ ერთი ახსნა აქვს - ვაჭრის ეროვნებას ფასების მატებასთან კავშირში არაა. როგორც ჩანს, სამწუხაროდ მათ უმეტესობას მხოლოდ ფულადი მოგების მიღება აინტერესებთ
* საუბარია გამოჩენილ ქართველ ისტორიკოს ივანე ჯავახიშვილზე
16 სსცა, ფონ. 13, აღ. 27, საქ. 4425, გვ. 11-12
* დოკუმენტების ანალიზიდან ჩანს ასეთი ,,აგენტურული“ წყაროები ილია ჭავჭავაძის ყოფილი მოურავი დიმიტრი ჯაში და ჟურნალისტი ა. ღულაძე იყვნენ. 1908-1911 წლებში თბილისის ,,ოხრანკის“ განყოფილების ყოფილი აგენტი დიმიტრი ჯაში 1916 წელს კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბთან არსებული სამხედრო კონტრდაზვერვის განყოფილების თანამშრომელიხდება. მას კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბთან არსებული სამხედრო კონტრდაზვერვის განყოფილების მაშინდელი უფროსი ალექსანდრე ბასოვი გერმანელთა კოლონიების ,,მიმოხილვას’’ და შავ ზღვაზე გააქტიურებული გერმანული წყალქვეშა ნავების, ასევე გერმანელი აგენტების შესახებ ინფორმაციის მოძიებას ავალებდა.
17 სსცა, ფონ. 13, აღ. 27, საქ. 5020, გვ. 1
18 სსცა, ფონ. 95, აღ. 1, საქ. 37, გვ. 93
* აღნიშნული მასალა უკვე გამოყენებული მაქვს მონოგრაფიაში - სიმაშვილი, თენგიზ, ,,საიდუმლო (პოლიტიკური) პოლიცია რევოლუციონერების წინააღმდეგ საქართველოში 1894-1908 წლებში’’ (აგენტურის გამოყენების სტრატეგია, ტაქტიკა, მეთოდები და ხერხები ტერორის წინააღმდეგ), თელავი, 2003
* საუბარია 1905-1907 წლების რევოლუციის პერიოდზე
20 A. B. Островский ,,Кто стоял за спиной Сталина?’’ - http://www.rulit.me/books/kto-stoyal-za-spinoj-stalina-read-200675-1.html
* ეს ინფორმაციები გარკვეულწილად ამყარებენ თურქი ისტორიკოსების მოსაზრებას, რომ ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე ოსმალეთის (თურქეთის) ტერიტორიაზე მცხოვრები სომხები, რუსების წაქეზებით ჩაბმული იყვნენ ანტითურქული შეიარაღებული გამოსვლების მომზადებაში
23 ვადაჭკორია, შოთა, ,,სომხურ-ქართული ურთიერთობა და 1918-1919 წლების სამხედრო დაპირისპირების მიზეზები’’, მეომრის ბიბლიოთეკა, #2, თბილისი, 2008
28 სსცა, ფონ. 160, აღ. 2, საქ. 8, გვ. 89
* დოკუმენტების მიხედვით, ამ პერიოდში ჩამოსულ ლეკებს სისტემატური კონფლიქტი ჰქონდათ ამ ტერიტორიის მაცხოვრებელ ქართველებთან, რადგან მეფის ხელისუფლებამ ფაქტობრივად ადგილობრივ მოსახლე ქართველების ხარჯზე გადასცა მათ მიწები საქონლის გამოსაზამთრებლად
Tengiz
Simashvili
Resume
The Secret Police of the
Russian Empire and the Social-Political Situation in Telavi
in early 20th century
At
the beginning of the 20th century, in Georgia were the local Russian Imperial Secret
(Political) Police units - on the one hand,Tbilisi
''Oxranka" and the other hand “Department
of the Gendarmerie Tbilisi Province". In Telavi Russian Imperial
Secret Police had Unter-Officer who was subordinate to the head of
the head ''Department of the Gendarmerie Tbilisi Province''
Russian
imperial Secret Police Unter-Officer in Telavi, along with
collecting information on political character, were interested in the criminal
situation. They Investigated information on the rise of prices on bread or
other products, the attitude of the population to the goverment and etc.
The
reports also are reflected the
interaction between georgians and other ethnic groups who were lived in Telavi.
From them it's clear that armenians who were minority group there were
supported by local administration of the Russian Empire.
There
are materials which to prove that the Secret Police
of the Russian Empire in 1913 helped armenians political party ''Dashnakcutun" to
armament armenians who were living in this time in Turky.
Thus,
documents kept in the historical archives about Unter-Officers in Telavi are quite interesting and important for the
study of the sociall-political situation of the beginning of the 20th century.
No comments:
Post a Comment
Note: Only a member of this blog may post a comment.