Thursday, October 24, 2019

ვინ მოკლა ილია

თენგიზ სიმაშვილი

ილია ჭავჭავაძის მკვლელობა და დოკუმენტების ღაღადი 

      ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში ვიღაც ,,იმერელის’’ უშუალო მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია პირველად 1908 წელს გაჩნდა. 1908 წლის 9 თებერვალს ღამით, პრისტავმა ნ. მარკოვიჩმა, მემამულე ნიკოლოზ ხიმშიევის (აქ და ამის შემდეგ გვარებს ვწერ იმ სახით, როგორც დოკუმენტებშია - თ.ს.) დახმარებით და მონაწილეობით, შეძლო პავლე ფშავლიშვილის და ლადო ფეიქრიშვილის დაპატიმრება. ნ. ხიმშიევმა, რომელმაც იცოდა, რომ  სოციალ-დემოკრატიული პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის დადგენილების საფუძველზე ადგილობრივი ,,წითელრაზმელები“ მასაც ილია ჭავჭავაძის მსგავსად მოკვლას უპირებდნენ, გამოტეხვის მიზნით ორივე სასტიკად სცემა. სწორედ ,,ძალისმიერი’’ მეთოდებით დაკითხვისას უჩვენა პირველად ლადო ფეიქრიშვილმა რომ - ,,ილია ჭავჭავაძე მოკლეს პავლე ფშავლიშვილმა, ვანო ინაშვილმა, გიგლა ბერბიჭაშვილმა და ,,ვიღაც იმერელმა“; 10 თებერვალს კი პავლე ფშავლიშვილმაც აღიარა ილიას მკვლელობაში მონაწილეობა, მაგრამ როგორც დოკუმენტში წერია - ,,არ ისურვა იმერელის გაცემა’’. სხვადასხვა საარქივო დოკუმენტებში ეს უკანასკნელი იხსენიება როგორც: ,,ერთი იმერელი“, ,,იმერელი“, ,,ილია ჭავჭავაძის მკვლელების ბანდის“ მეთაური. 1908 წლის 2 დეკემბრის გაზეთ ,,ნოვოსტი ზაკავკაზია“-ს (Новости Закавказья) ცნობით, ილია ჭავჭავაძის მკვლელების გ. ბერბიჭაშვილის, პ. ფშავლიშვილის, ვ. ინაშვილის თანამზრახველი  ,,უცნობი, გვარად იმერელი“ იყო. (ეს პიროვნება  ე.წ ,,იმერელ ბიჭად“ არც ერთ საარქივო დოკუმენტში არაა მოხსენიებული და აღნიშნული ტერმინი ჩემი აზრით საბჭოთა პერიოდში შექმნილი მითების ,,პირმშოა“ - თ.ს.)
            1885 წელს მცხეთაში დაბადებული ილიკო იმერლიშვილი, მის გაჭირვებულ ოჯახს 1890-იანი წლების დასაწყისში თბილისში ჩაუყვანია და სტამბის მეპატრონე კოზლოვთან მსახურის რანგში მიუბარებია. იგი ამის შემდეგ, 7-8 წლის ასაკიდან  სხვადასხვა სტამბებშია, ჯერ შეგირდად, შემდეგ ასოთამწყოად მუშაობს. თბილისში, ერთ-ერთ სტამბაში მან იქ მომუშავე დიმიტრი ჯაში, ალექსანდრე(საშა) ობოლაძე გაიცნო და დამეგობრდნენ. 15-16 წლის ასაკში კი ილიკო იმერლიშვილი  სოციალ-დემოკრატიული პარტიის აქტიური წევრიც ხდება.
           გიგლა ბერბიჭაშვილი და ილიკო იმერლიშვილი ერთმანეთს 1905 წლიდან იცნობდნენ. ისინი სოციალ-დემოკრატიული პარტიის იმ შეიარაღებული რაზმების წევრები იყვნენ, ვინც 1905 წლის ნოემბერში, თბილისში ერევნის მოედანზე, სომხების და თათრების შუაში ჩადგნენ. მათ ათკაციან რაზმს უშუალოდ საშა ობოლაძე ხელმძღვანელობდა. 1905 წლის ბოლოს ილიკო იმერლიშვილი სტამბის მუშების მიერ შექმნილ ტერორისტულ ორგანიზაცია, ე.წ. ,,მთაწმინდის ჯგუფში“ შევიდა, რომელსაც ასევე საშა ობოლაძე ჩაუდგა სათავეში. ამ ჯგუფის წევრი იყო დიმიტრი ჯაშიც. 
           როგორც ირკვევა, 1906 წელს ილია ჭავჭავაძის მკვლელობამდე ერთი წლით ადრეილიკო იმერლიშვილი უშუალოდ იყო დაკავშირებული სოციალ-დემოკრატიული პარტიის თბილისის კომიტეტთან. შინაგან საქმეთა სამინისტოს პარტიულ არქივში დაცულია თბილისსა და დუშეთის მაზრაში ,,მოღვაწე’’, იმ დროს ცნობილი სოციალ-დემოკრატი ტერორისტის, რომანოზ(რამანა) თარაშვილის ,,ამხანაგების“ მიერ დაწერილი მისი ბიოგრაფია, სადაც ვკითხულობთ: ,,1906 წელს ... საგურამოს რაიონში თავადაზნაურობას ჩამოართვეს იარაღი რამანა თარაშვილმა, ილიკო იმერლიშვილმა ... და გადასცეს თბილისის კომიტეტს“. 1907 წელს ილიკო იმერლიშვილი, ,,ვინაიდან პოლიციამ დაუწყო გაცხოველებული ძებნა, იძულებული გახდა გასულიყო ტყეში.“
             ჩემს მიერ ახლახანს მოძიებული დოკუმენტის მიხედვით, პავლე ფშავლიშვილი და ილიკო იმერლიშვილი, ჯერ კიდევ 1907 წლის თებერვალში, თბილისში პორუჩიკ ლოლაძის მკვლელობაში მონაწილეობდნენ. 1908 წლის 11 მაისს მეტეხის ციხიდან 18 სოციალ-დემოკრატ  ტერორისტებთან ერთად გაქცეული პ. ფშავლიშვილი და ი. იმერლიშვილი მცხეთაში, იმერლიშვილის მშობლების სახლში იმალებოდნენ, სადაც მათ თავს პოლიცია დაესხა. საარქივო დოკუმენტების მიხედვით პ. ფშავლიშვილმა და ი. იმერლიშვილმა გაიგეს თუ ვინ დააბეზღა ისინი პოლიციასთან და გამცემი ერთადვე მოკლეს.
            მასალების მიხედვით, 1905-1906 წლებში თბილისში, ილიკო იმერლიშვილის მეტსახელი   
სოციალ-დემოკრატების ორივე ფრთის წარმომადგენელ რევოლუციონერებს შორის ,,მცხეთელი’’ იყო და მას ხშირად ,,ილია მცხეთელად’’ მოიხსენიებდნენ. დუშეთის მაზრაში ,,გადასვლის’’ შემდეგ, მისი გვარიდან გამომდინარე ადგილობრივი მაცხოვრებლები ,,იმერელს“ ეძახდნენ.
           ილიკო იმერლიშვილი მეტსახელით - ,,ილია მცხეთელი“ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გამოძიების ერთ-ერთ საქმეშიცაა ნახსენები. კერძოდ, საისტორიო არქივში დაცულ ,,თბილისის სამძებრო პოლიციის ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გამოძიების საქმე’’-ში, დევს თბილისის პოლიციის სამძებრო განოფილების უფროს პ. ევტუშევსკისადმი, ოპერატიული თანამშრომლის ფიცხელაურის მიერ მიწერილი 1907 წლის 4 სექტემბრით დათარიღებული წერილი. მასში ვკითხულობთ: ,,თავად ი. ჭავჭავაძეზე დანაშაულის ჩადენის შესახებ უნდა იცოდეს, დუშეთის მაზრის სოფ. მცხეთის მცხოვრებმა სახელით ,,ილია მცხეთელი”. ,,ილია მცხეთელი“ ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილად ამ საარქივო საქმის სარჩევშიცაა დასახელებული.
             1907-1910 წლებში ილიკო იმერლიშვილი დუშეთის მაზრაში, სახელდობრ მცხეთის და საგურამოს ტერიტორიაზე მოქმედი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ,,წითელ რაზმს’’ ხელმძღვანელობდა. აღნიშნული დადასტურებულია ისტორიულ არქივში არსებული მასალებით და ასევე, 1930-იანი წლების დასაწყისში დუშეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ,,ძველი“ პარტიული მოღვაწეების მიერ შედგენილ რევოლუციონერთა სიებით. მათში არა მარტო ი. იმერლიშვილი, გ. ბერბიჭაშვილი, პ. ფშავლიშვილი და ი. ინაშვილი, არამედ თედო ლაბაური - ილიას მეეტლეც, აქტიურად მოქმედ რევოლუციონერთა და ,,წითელ რაზმელთა“ ჩამონათვალში ფიგურირებენ.
           შინაგან საქმეთა სამინისტოს პარტიული არქივში დაცულ, დუშეთის მაზრის სოციალ-დემოკრატიული პარტიის სამაზრო კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელის გიორგი(ივანე) ტატიშვილის 1935 წელს დაწერილ მოგონებაში, რომელიც ეხება დუშეთის მაზრაში რევოლუციური მოძრაობას, წერია: ,,დუშეთის მაზრის კომიტეტის კრებაზე გადავწყვიტეთ ბოქაულ ქუმსიაშვილის და დუშეთის მაზრის სტრაჟნიკების უფროსის საშა ნათიშვილის სიკვდილი. ერთად ეს დავალება მივეცით მცხეთის რაიონის წითელი რაზმის უფროსს ამხ. იმერლიშვილს, რადგან ... ონიკაშვილის დაპატიმრება, დაღუპვა იმის რაიონში საგურამოში მოხდა. წითელი რაზმის უფროსმა ილიკო იმერლიშვილმა დავალება კარგად შეასრულა. ბოქაული ქუმსიაშვილი დაიჭირა. ბაზალეთის ტყეში მოკლა და მკვდარი ცეცხლში დაწვეს.“ (სტილი დაცულია - თ.ს.)
        შინაგან საქმეთა სამინისტოს პარტიული არქივში ასევე დაცულია, საგურამოს მამულში ილიას მსახურის, სოფიო უნდილაშვილის 1933 წელს დაწერილი მოგონება. იგი წერს: ,,სიღარიბის გამო ქმარ-შვილით ბატონებს ვემსახურებოდი - სტაროსელსკის და ილია ჭავჭავაძეს ... რითაც შემეძლო ხელს ვუწყობდი წითელ რაზმელებს და პროპაგანდისტებს. ხშირად მოდიოდნენ.  ვუნახავდი თოფსა და სხვა იარაღებს, რადგან ჩემი შვილი სანდრო მათთან იყო წითელ რაზმში – ლადო ფეიქრიშვილის, ილიკო იმერლიშვილის რაზმელებს და სხვებს.” (სტილი დაცულია - თ.ს.)
          ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში ილიკო იმერლიშვილის მონაწილეობას ადასტურებს საქართველოს სხვადასხვა სიძველეთსაცავებში არსებული დოკუმენტები. კერძოდ, საისტორიო არქივში მოვიძიე, დუშეთის მაზრის ტერიტორიაზე მოქმედი ,,წითელ რაზმელების“ დამხმარე პირების დაპატიმრების საქმე. 1908 წლის 25 დეკემბრით დათარიღებული, აბესალომ გიორგის ძე ფაღავას, (სავარაუდოდ ყარამან გიორგის ძე ფაღავას ძმა - თ.ს.) დუშეთის მაზრის პოლიციის ჩაფრების (სტრაჟნიკები) უფროსი ურიადნიკის მიერ დაწერილ ოქმში ვკითხულობთ: ,,პავლე ფშავლიშვილთან ერთად მის ბანდაში იმყოფებოდნენ ი. იმერლიშვილი, ვ. ინაშვილი, გ. ბერბიჭაშვილი და სხვები“.
           საისტორიო არქივის ერთ-ერთ საქმეში, დევს 1908 წლის 25-31 დეკემბერით დათარიღებული, დუშეთის მაზრის ბაზალეთის ნაწილის პრისტავ ოზიევის მიერ შედგენილი ოქმი, სადაც აღნიშნულია: ,,დაკითხვისას დაკავებულმა განაცხადა, რომ 1908 მაისში ის შემთხვევით შეუერთდა ფშავლიშვილის ბანდას, რომელშიც მონაწილეობდნენ: თვით ბანდის მეთაური ფშავლიშვილი, ილია ჭავჭავაძის მკვლელები: ივანე ინაშვილი და გიგლა დარჩოს ძე ბერბიჭაშვილი და სოფ. მცხეთის მცხოვრები ილიკო იმერლიშვილი“.
        ფრიად საინტერესოა საისტორიო არქივში ჩემს მიერ მოძიებული, დუშეთის მაზრის მსხვილი მემამულის, სახელმწიფო საბჭოს  თავად ნიკოლოზ ხიმშიევის(ხიმშიაშვილი) მკვლელობის საქმის ძიების მასალები. (ნიკოლოზ ხიმშიევი იყო რაფიელ ერისთავის სიძე, 1923 წელს დახვრეტილი სამხედრო ცენტრის წევრის გიორგი ხიმშიაშვილის მამა - თ.ს.) აქ დაცულ 1909 და 1910 წლით დათარიღებულ დოკუმენტებში ვკითხულობთ - ,,თავადი ნ. ხიმშიევი ხშირად ამბობდა, რომ მას ეშინია ის არ მოკლან ილია იმერლიშვილმა, გიგლა ბერბიჭაშვილმა და ლადო ფეიქრიშვილმა, რადგან ხიმშიევი მათ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საქმის გამო სდევნიდა.” ამავე საქმეში ილიკო იმერლიშვილის ილია ჭავჭავაძის მკვლელად დასახელება რამდენჯერმე მეორდება. მაგალითად, ,,თავდასხმა ხიმშიევის მოკვლის მიზნით ილია იმერლიშვილმა, პავლე ფშავლიშვილმა და გიგლა ბერბიჭაშვილმა განახორციელეს, რადგან ხიმშიევი მათზე პოლიციას უთითებდა, როგორც თავად ილია ჭავჭავაძის მკვლელებზე“.
         შინაგან საქმეთა სამინისტოს პარტიულ არქივში, არის დაცული გიორგი ტატიშვილის მოგონებები  ნ. ხიმშიევის მკვლელობაზე. (1934 წელი) იგი წერს: ,,ნ. ხიმშიევის მკვლელობა ჩადენილ იქნა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ადგილობრივი კომიტეტის დადგენილების საფუძველზე’’. აღსანიშნავია, რომ ნ. ხიმშიევს ადგილობრივი ,,წითელ რაზმელები“ მკვლელობამდე რამოდენიმეჯერ დაესხნენ თავს. მაგალითად, ჯერ კიდევ 1908 წლის 6 აგვისტოს, პ. ფშავლიშვილი, ი. იმერლიშვილი, გ. ბერბიჭაშვილი, ლ. ფეიქრიშვილი და სხვა პირები, სოფელ ბულაჩაურში ხიმშიევის სახლს თავს კი დაესხნენ, მაგრამ თავდასხმა მისმა ვაჟმა გიორგიმ სახლის მცველებთან ერთად მოიგერია.
         საისტორიო არქივში არსებულ ილიკო იმერლიშვილზე შედგენილ ერთ-ერთ საქმეში დევს (1914 წლის 15 იანვარი) თბილისის სამძებრო პოლიციის განყოფილების უფროსის მიერ თბილისის პოლიცმეისტერის სახელზე გაგზავნილ ორ გვერდიანი მოხსენება. მასში ნათქვამია, რომ: ,,ილიკო იმერლიშვილმა თავისი დაჯგუფების წევრებთან ერთად ჩაიდინა უამრავი მკვლელობა კერძო და თანამდებობრივი პირების, სოფლის მამასახლისების, სტრაჟნიკების,  ქართველი მწერლის, მემამულე თავად ილია ჭავჭავაძის.” 
      ამავე საარქივო საქმეში, 1914 წლის 1 თებერვლით დათარიღებულ დოკუმენტში მითითებულია ინფორმაციის მიღების წყაროც - ,,ილიკო იმერლიშვილი მონაწილეობდა ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში, რის შესახებ ინფორმაცია მოპოვებულია აგენტურული შეტყობინების საფუძველზე’’.
             საისტორიო არქივში არსებულ, კავკასიის მთავარმმართებლის კანცელარიის პოლიციის ნაწილის საიდუმლო განყოფილების მასალებში არის საქმე, რომელიც ეხება 1914 წლის იანვარში ილიკო იმერლიშვილის და ვასილ ფარესოვის დაკავების მიზნით ჩატარებულ პოლიციის ოპერაციას თბილისში. აქ დაცულია თბილისის პოლიცმეისტერ ზასიპკინის მიერ, თბილისის სამძებრო პოლიციის უფროს გაგიევის საქმეში გაკეთებული ჩანაწერი, რომელშიც აღნიშნულია - ,,სოციალ-დემოკრატი ტერორისტის ილიკო  იმერლიშვილის მონაწილეობით ჩადენილ იქნა სახელმწიფო საბჭოს წევრის ილია ჭავჭავაძის მკვლელობა’’.         
             კავკასიის მთავარმმართებლის კანცელარიის პოლიციის ნაწილის საიდუმლო განყოფილების მასალებში არსებულ სხვა საარქივო საქმეში, მოვიძიე თბილისის პოლიცმეისტერ ზასიპკინის მიერ დაწერილი სამსახურებლივი ბარათი, სადაც ვკითხულობთ: ,,ცნობების მიხედვით ილიკო იმერლიშვილის მონაწილეობით ჩადენილ იქნა სახელმწიფო საბჭოს წევრის ილია ჭავჭავაძის მკვლელობა“. ეს ინფორმაცია სიტყვა-სიტყვით მეორდება რამოდენიმე სხვა საარქივო საქმეში, რის გამოც მათ შინაარსს აღარ გავიმეორებ.
         საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცულ, საბჭოთა პერიოდში გასამართლებული გიგლა ბერბიჭაშვილის სისხლის სამართლის საქმეში არსებობს დიმიტრი ჯაშის მეუღლის, დარია ჯაშის 1941 წლის 6 ივნისს წინასწარი დაკითხვისას მიცემული ჩვენება, რომლის მიხედვით ილიკო იმერლიშვილი და საშა ობოლაძე იყვნენ დიმიტრი ჯაშის ახლო მეგობრები. ისინი ერთად მონაწილეობდნენ არა მარტო ბანკების ძარცვაში, არამედ სწორედ მათ მოატაცებინეს დარია ჯაში ცოლად დიმიტრის. გამომძიებლის კითხვაზე - ,,ვინ ღებულობდა მონაწილეობას ილიას მკვლელობაში?” დარია ჯაში პასუხობს: ,,როგორც შემდეგ გავიგე ილიას მკვლელობაში მონაწილეობას ღებულობდნენ ინაშვილი ყოფილი მამასახლისი, იმერლიშვილი, რომელსაც კარგად იცნობდა დიმიტრი, ფშავლიშვილი გრიგოლა, როგორც მახსოვს ფეიქრიშვილი იყო გაქცეული ყაჩაღად ტყეში.”  (სტილი დაცულია - თ.ს.)
         საქართველოს უახლესი ისტორიის არქივის ლიტერატურის და ხელოვნების განყოფილების ერთ-ერთ ფონდში არსებობს 1941-1942 წლებში გამართული გიგლა ბერბიჭაშვილის სასამართლოს მასალები. სასამართლო პროცესზე მოსამართლე ოდიშვილის კითხვაზე: ,,იცნობდა თუ არა თქვენი მეუღლე გიგლა ბერბიჭაშვილს?“, დარია ჯაშის პასუხი იყო: ,,ის იცნობდა კარგად ილიკო იმერლიშვილს.“    
       გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში, ალექსანდრე კოჭლავაშვილის ფონდში, მოთავსებულია ბატონ ალექსანდრეს მიერ მოძიებული მასალები ილია ჭავჭავაძის მკვლელობაზე. მათი მიხედვით, 1957 წლის დეკემბერში ა. კოჭლავაშვილი ჩასულა ბათუმში და შეხვედრია იქ საცხოვრებლად გადასულ, უკვე ასაკოვან დარია ჯაშს. ალექსანდრე კოჭლავაშვილის კითხვაზე, თუ ,,ვინ იყვნენ ილიას მკვლელობის მონაწილენი?“ დარია ჯაში პასუხობს - ,,თქვენს მიერ დასახელებულ პირთა გარდა მკვლელობაში მონაწილეობდა დათიკო იმერლიშვილი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ჩემს მოტაცებაში (როგორც ზემოთ ვნახეთ ეს იყო ილიკო იმერლიშვილი - თ.ს.) მკვლელთა შორის ასახელებდნენ ,,იმერელს“ და ეს იყო დ. იმერლიშვილი.’’ სახელის განსხვავების მიუხედავად, ვფიქრობ ზემოთ მოყვანილი დოკუმენტებიდან გამომდინარე არაპროფესიონალი ისტორიკოსიც კი შეძლებს დაასკვნას, რომ ,,იმერელის’’ ქვეშ დარია ჯაში არა ,,დათიკოს’’ არამედ ილიკო იმერლიშვილს მოიაზრებდა. გაურკვეველია, ეს სახელი მხცოვან დარია ჯაშს შეეშალა, თუ ალექსანდრე კოჭლავაშვილმა ჩაწერა არასწორად.         
         ამრიგად, ზემომოყვანილი 1907, 1908, 1909, 1910, 1914, 1941-1942, 1957 წლებით დათარიღებული დოკუმენტები, ერთობლიობაში ავსებენ ერთმანეთს და ჩემი აზრით, საბოლოოდ ადასტურებენ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მეოთხე მონაწილის ვინაობას.
         P.S.  
         საგაზეთო ფორმატი არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ კიდევ დამატებითი საარქივო  მასალები მოვიყვანო სხვადასხვა არქივებიდან. ჩემს მიერ მოძიებულია სხვა უამრავი დოკუმენტი, რომლებშიც პირდაპირ და ირიბად დადასტურებულია ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში მონაწილე პირების და ილიკო იმერლიშვილის ახლო ურთიერთობა, ერთობლივი ტერორისტული საქმიანობა და ა.შ. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ გამაჩნია, როგორც აქ მოყვანილი, ასევე სხვა საარქივო დოკუმენტების ასლები, რომელთა ნაწილი უკვე გამოქვეყნებული მაქვს სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალებში, ასევე ჩემს ბლოგზე ინტერნეტში - ,,ილია ჭავჭავაძის მკვლელობა“. სწორედ, ეს დოკუმენტები და ჩემი შრომები დაედო საფუძვლად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადაღებულ, ჩემი აზრით შესანიშნავ ფილმს ,,ვინ მოკლა ილია?’’   
         მკითხველო, ვფიქრობ, რომ ისევე როგორც დასახელებული ფილმი, და თქვენს წინაშე წარმოდგენილი, ეს მცირე საარქივო მასალა, საპირწონედ დადებული ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შესახებ აქამდე არსებულ ვერსიებთან მოწონებას თუ არა, უშვერი სიტყვებით მოხსენიება-ძაგებას ნამდვილად არ იმსახურებს.
         და ბოლოს, თუ რომელი ვერსიაა სწორე და ვინ იყო რეალურად ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მონაწილე ,,იმერელი“, ამას ისეთი პირუთვნელი მსაჯული განსჯის, რომელსაც ი ს ტ ო რ ი ა ჰქვია ....

უღრმესი პატივისცემით,
თენგიზ სიმაშვილი,
ისტორიის დოქტორი, პროფესორი
21 დეკემბერი 2015 წელი
გთხოვთ, ამ მისამართებზე ნახოთ ფილმი: 

https://www.youtube.com/watch?v=HZRxovPYyJk

მასალები და დოკუმენტები:

http://simashvili.blogspot.com/search?updated-min=2014-01-01T00:00:00-08:00&updated-max=2015-01-01T00:00:00-08:00&max-results=2


http://simashvili.blogspot.com/search?updated-min=2013-01-01T00:00:00-08:00&updated-max=2014-01-01T00:00:00-08:00&max-results=2


ეს ჩემს მიერ გამოქვეყნებული ერთ-ერთი ადრინდელი წერილია, დოკუმენტებითურთ

ილია ჭავჭავაძის მკვლელობა
(ილიას მკვლელობიდან გასული 105 წელი)
                                                                          თენგიზ სიმაშვილი

აღნიშნული სტატია სათაურით ,,უახლესი დოკუმენტები და ილია ჭავჭავაძის მკვლელობა(ილიას მკვლელობიდან გასული 105 წელი)  გამოქვეყნდა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომებში, ტ. VI,  გამომცემლობა ,,მერიდიანი“ 2012, თბილისი


 ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საუკუნის ტრაგედიად შეფასებული ილია ჭავჭავაძის მკვლელობა (1907 წელიარაერთხელ გამხდარა სპეციალური კვლევა-ძიებისა თუ მეცნიერული შესწავლის ობიექტიჩემი წერილის დასაწყისშივე მინდა გამოვხატო დიდი პატივისცემა ყველა იმ მეცნიერ-მკვლევარისადმივისაც ოდნავი შეხება მაინც ჰქონია ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საქმის გამოძიებასთან და ცდილობდა ჭეშმარიტების დადგენასჩემი კვლევის შედეგების პერმანენტული გამოქვეყნებებით მე არ ვახდენ მათი მოსაზრებების და კვლევების კრიტიკასჩრდილს არ ვაყენებ მათ ნაშრომებსპირიქითსწორედ ისინი წარმოადგენდნენ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შესახებ დაწერილი ჩემი სამეცნიერო შრომების შთაგონების წყაროსაღნიშნულ თემატიკაზე გამოცემული ყველა ნაშრომის ავტორს შეგნებულად არ ჩამოვთვლი და ვფიქრობეს შეუძლებელიარადგანაც იმდენად ფართოა იმ ადამიანთა რიცხვივინც დაინტერესებული იყო და არისიკვლევდა და იკვლევსდა კვლავაც გამოიკვლევს საქართველოს ისტორიაში არსებულ ამ ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ ფურცელსთუმცა ჩემი შეხედულებითსანამ არ აღმოჩნდება ისეთი სარწმუნო დოკუმენტებირომლებიც გააბათილებს არქივებში ინტენსიური კვლევის შედეგად მოპოვებულ დოკუმენტებსსწორედ ქვემომოყვანილი მოსაზრებაა ყველაზე მართებული.
       ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ირგვლივ არსებული მასალების შესწავლით ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან ვიყავი დაინტერესებული და ამ თემასთან კავშირში გასულ წლებში პერიოდულად ვაქვეყნებდი სამეცნიერო სტატიებს[1]  აღნიშნულ თემატიკაზე მასალების შეგროვებისას ჩემს ხელში უამრავმა საარქივო დოკუმენტმა გაიარაისინი აშკარად მეტყველებენრომ საბჭოთა პერიოდში გამოტანილი დასკვნები ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გარემოებების შესახებ სიყალბეს წარმოადგენენ.
      სწორედ ეს დოკუმენტები გახდა ჩემი მოსაზრების საფუძველირომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გამოძიების მასალებში ნახსენები ,,იმერელი"- მეტსახელის ქვეშიმ დროს ცნობილი სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკი ტერორისტი ილიკო იმერლიშვილი იყო სავარაუდებელი. (სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკი ტერორისტები ილიას მკვლელობის შემსრულებლები". ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები. I (3). თბილისი. 2008) სამწუხაროდ მას არავითარი გამოხმაურებაროგორც სპეციალისტების ასევე საზოგადოების მხრიდან არ მოჰყოლიამხოლოდ 2010 წელსპროფესორ ნოდარ გრიგალაშვილის გამოქვეყნებულ შრომას ,,თანამდევი სული“, რომელშიც იგი ჩემგან განსხვავებულ მასალებზე დაყრდნობით ასაბუთებს ,,იმერელი“- იგივეობას ილიკო იმერლიშვილთან დიდი რეზონანსი მოჰყვა
      შეიძლება ითქვასრომ ილიკო იმერლიშვილის მონაწილეობაზე ილიას მკვლელობაში ჩემი და ბატონ ნოდარ გრიგალაშვილის წინამორბედ მკვლევარებს არაფერი აქვთ ნათქვამიგამონაკლისს წარმოადგენს ცნობილი იურისტი და მწერალი ალექსანდრე შუშანაშვილითავის მონოგრაფიაში _ ,,ილია ჭავჭავაძის მკვლელობა“, იგი ერთგან ახსენებს იმერლიშვილის გვარს და ისიც სულ სხვა სახელითის იყენებს ილიას მკვლელობის გამოძიების ერთ-ერთ საქმეში არსებულ ინფორმაციას, 1908 წლის დეკემბერში პავლე ფშავლიშვილის მოკვლის შესახებკერძოდთბილისის მაზრის უფროსის შეტყობინებას თბილისის საოლქო სასამართლოს პროკურორისადმირომლის ნათარგმნი ასლი ქართულ ენაზე მას დაბეჭდილი აქვს თავის წიგნში[2]  ბატონი ალექსანდრე შუშანაშვილი წერდა:
     ,,იმ ხანებში მცხეთის შემოგარენში დათარეშობდა ვანო იმერლიშვილის ბანდაიგი ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მიმალვაში მყოფ მონაწილეებთანაც იყო დაკავშირებული და პოლიციამ ის და პავლე ფშავლიშვილი ერთად დახოცა შეტაკების დროსრის შემდეგ ,,ვიღაც იმერლისადმიპოლიციის ინტერესიც მინელდახომ არ აპირებდნენ იმ იმერლიშვილისათვის ილიას მკვლელობაში შარის მოდებას და ამიტომ ამოატივტივეს ,,ვიღაცა იმერელირასაკვირველიაეს მხოლოდ ვარაუდიაფაქტი ისაარომ არც ორჯონიკიძე ყოფილა ,,ვიღაცა იმერელიდა არც ილიას მკვლელებს დაუსახელებიათ ასეთი პიროვნება". [3]  (პავლე ფშავლიშვილთან ერთად მოკლულ იქნა ვანო(ივანენონეპეტრიაშვილირომელიც მეორე გვარსაცსახელდობრმჭედლიშვილს ატარებდა..)
     ამრიგადბატონ ალექსანდრე შუშანაშვილის წიგნში არსად არ არის საუბარი და განხილულიკონკრეტულად ილიკო იმერლიშვილის მონაწილეობის შესახებ ილია ჭავჭავაძის მკვლელობაშიშესაბამისადჩემი აზრითდასკვნარომ ილიკო იმერლიშვილი ილიას მკვლელობის მონაწილე იყომე და ბატონმა ნოდარ გრიგალაშვილმა სხვა მკვლევარებისაგან სრულიად დამოუკიდებლად გამოვიტანეთ
   2011 წლის ზაფხულშირამოდენიმე თვის განმავლობაში ინტენსიურად ვიმუშავე საქართველოს საისტორიო ცენტრალურ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის ფონდებშიროგორც გაირკვაამ ფონდებში არსებობს საქმეებირომლებშიც არის სხვადასხვა მასალები ილია ჭავჭავაძის მკვლელობაზეამ საარქივო საქმეების ნაწილი საზოგადოებისათვის ნაცნობიანაწილი ჩემს მიერ იქნა მოძიებული:
1.       საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივითბილისის საოლქო სასამართლოს ფონდი 116. აღწერა 1. სახელმწიფო საბჭოს წევრ თავად ჭავჭავაძის მკვლელობაზე საგანგებო საქმეებზე გამომძიებლის საქმე # 13633;
2.       სსცაფონდი 116. აღწერა 1. სახელმწიფო საბჭოს წევრ თავად ჭავჭავაძის მკვლელობაზე საგანგებო საქმეებზე გამომძიებლის საქმე # 13364; 
3.       სსცაფონდი 116. აღწერა 1. სახელმწიფო საბჭოს წევრ თავად ჭავჭავაძის მკვლელობაზე საგანგებო საქმეებზე გამომძიებლის საქმე # 13365; 
4.       სსცაკავკასიის სარაიონო დაცვის განყოფილების ფონდი 94. აღწერა 1. ილია ჭავჭავაძის მკვლელობის და სხვა საკითხებზე მიმოწერის საქმე # 37;
5.       სსცათბილისის გუბერნატორის კანცელარიის ფონდი 17. აღწერა 1. სახელმწიფო საბჭოს წევრ თავად ჭავჭავაძის მკვლელობის საქმე # 5888;
6.       სსცათბილისისა და თბილისის მაზრის დროებითი გენერალ-გუბერნატორის კანცელარიის ფონდი 20. აღწერა 1. ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საქმე 397;
7.       სსცათბილისის საოლქო სასამართლოს პროკურორის ფონდი 115. აღწერა 2. თავად ილია ჭავჭავაძის მკვლელობაზე თბილისის ოლქის პროკურორის ზედამხედველობის საქმე # 399;
8.       სსცათბილისის პოლიცმაისტერის სამმართველოს სამძებრო განყოფილების ფონდი 97. აღწერა 2. თბილისის სამძებრო პოლიციის ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გამოძიების საქმე # 35;
9.       საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს მესამე განყოფილებაფონდი 8. აღწერა 25. საქმე # 683 და სხვა.
     ასევე აღმოჩნდა მთელი რიგი საარქივო საქმეებირომლებშიც საუბარია ილია ჭავჭავაძის მკვლელობასთან დაკავშირებულ პირებზეზოგში კიმაგალითად თავად ნიკოლოზ ხიმშიევის მკვლელობის გამოძიების მასალებშიმოთავსებულია ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გამოძიების საქმეებიდან ამოკრეფილი სხვადასხვა პირების მიერ მიცემული ჩვენებების ასლებიროგორც ირკვევა გამოძიება ვარაუდობდა და არც თუ უსაფუძვლოდრომ ნიკოლოზ ხიმშიევის და ილია ჭავჭავაძის მკვლელები იყვნენ ერთი და იგივე პირები.
      ეს საქმეები და ფონდებია
1. სსცათბილისის  სასამართლო პალატის პროკურორის ფონდი 114. აღწერა 1. დუშეთის მაზრის თავად ხიმშიევის მკვლელობა ილია იმერლიშვილის და სხვების მიერსაქმე # 1099 (საინტერესოარომ ამ საქმეს საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივის 114 ფონდში არსებულ საარქივო საქმეების ჩამონათვალში ჰქვია _ ,,ხიმშიევის მკვლელობა აბანოსხევში ფეიქრიშვილისიმერლიშვილისბერბიჭაშვილის მიერ მისი ქმედითი მონაწილეობის გამო პოეტ ილია ჭავჭავაძის მკვლელების ძებნაში”?! ..);
2. სსცათბილისის საოლქო სასამართლოს პროკურორის ფონდი 115. აღწერა 1. ხიმშიევის მკვლელობის გამოძიებაზე ზედამხედველობის საქმე # 2889; 
3. სსცათბილისის საოლქო სასამართლოს პროკურორის ფონდი 115. აღწერა 2. საგამოძიებო მასალები თავად ხიმშიევის მკვლელობაზესაქმე # 429; 
4. სსცაფონდი 94. აღწერა 1. მეტეხის ციხიდან 18 მსჯავრდებულის გაქცევის საქმე #124; 
5. სსცაფონდი 115. აღწერა 1. 1908 წლის 11 მაისს მეტეხის ციხიდან პატიმრების გაქცევის საქმე #2393; 
6. სსცაფონდი 114. აღწერა 1. მეტეხის ციხიდან პატიმრების გაქცევის საქმე #969; 
7. სსცათბილისისა და თბილისის მაზრის დროებითი გენერალ-გუბერნატორის კანცელარიის ფონდი 20. აღწერა 2. დიმიტრი ჯაშის დაპატიმრების საქმე #107;
8. სსცაამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის ფონდი 2080. აღწერა 1. საქმე #220; 
9. სსცათბილისის მუშათა დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ფონდი 1844. აღწერა 2. საქმე #41;
10. სსცაამიერკავკასიის განსაკუთრებულ კომიტეტთან არსებული საგანგებო საგამოძიებო კომისიის ფონდი 1854 საქმეები #95, #205 და მრავალი სხვა.
      ჩემს მიერ მოძიებული ზემოდასახელებულიგარკვეულწილად ხელდაუდებელი და გამოუქვეყნებელი დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე, 2011 წლის ნოემბერში გამოვეცი მონოგრაფია `სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკი ტერორისტები ილია ჭავჭავაძის მკვლელები~ (ილიას მკვლელთა ვინაობისათვის). A4 ფორმატის ამ 460 გვერდიან წიგნს თანდართული აქვს 300 მეტი საარქივო დოკუმენტის ასლი.
        იმის მიუხედავად რომ ჩემი აზრითაღნიშნულ მონოგრაფიაში შევძელი დამესაბუთებინა ილიკო იმერლიშვილის მონაწილობა ილია ჭავჭავაძის მკვლელობაშირომ იგი იყო თავდამსხმელთა შორის ,,იმერელად” მოხსენიებული მეოთხე მკვლელი, 2012 წლის ზაფხულში კვლავ განვაახლე კვლევა-ძიება ამ მიმართულებით საქართველოს საისტორიო ცენტრალურუახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილებისკინო-ფოტო დოკუმენტების ცენტრალურ არქივებში და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის ფონდებში.
     მიღებული შედეგები მართლაც სენსაციური აღმოჩნდაჩემს მიერ ამ რამდენიმე ხნის წინ მოპოვებული საარქივო დოკუმენტები ვფიქრობუტყუარად ასაბუთებს ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკი ტერორისტის ილიკო იმერლიშვილის მონაწილეობასინფორმაციის უკეთ აღქმის მიზნითსხვადასხვა დროს მოძიებულ საარქივო დოკუმენტებსსადაც მითითებულია ილიას მკვლელობის მეოთხე მონაწილის ილიკო იმერლიშვილის ვინაობაქრონოლოგიური თანამიმდევრობით ვაწვდი მკითხველს:
   საქართველოს საისტორიო ცენტრალურ არქივში დაცულ, `თბილისის სამძებრო პოლიციის ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გამოძიების საქმეშისხვა მასალებთან ერთად გვხვდება სამძებრო პოლიციის ჩინოვნიკის (ასე ვთქვათ სამძებრო პოლიციის ოპერატიული თანამშრომლის. (ფიცხელაურის მიერთბილისის პოლიციის სამძებრო განყოფილების უფროს ევტუშევსკისადმი მიწერილი, 1907 წლის 4 სექტემბრით დათარიღებული წერილი:
,,ძვირფასო პეტრე ალექსანდრეს ძევ!
როგორც მე საიდუმლოდ მოვიკვლიეამჟამად მიცვალებულ თავად ჭავჭავაძეზე დანაშაულის ჩადენის შესახებ უნდა იცოდესდუშეთის მაზრის სოფმცხეთის მცხოვრებმა სახელით ,,ილია მცხეთელი”. ის თუ არ მონაწილეობდა დანაშაულშიმაშინ მან მაინც ყველაფერი იცის ვინ ჩადის მსგავს ყველანაირ დანაშაულსამიტომ ვვარაუდობ რომ ის დავიჭიროთამის გარდა აუცილებელია დაჭერა ასევე მეფაიტონისრომელიცროგორც მოვიკვლიეიცნობს პირებსვინც ჩაიდინა თავად ჭავჭავაძის მკვლელობა.
უღრმესი პატივისცემით თქვენი ფიცხელაური
სექტემბერი 1907 წელი
ტიფლისი” (წერილის სტილი დაცულია[4] (დოკ. # 1)

     ამრიგად, 1907 წლის 4 სექტემბერს უკვე ცნობილი იყორომ პიროვნება მეტსახელით ,,ილია მცხეთელიშესაძლოა ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მონაწილე იყოგამოძიებამ კი მხოლოდ ამ წერილში ნახსენები მეფაიტონეანუ მეეტლე თედო ლაბაური დააპატიმრაშემდეგშიც ,,ილია მცხეთელი"- ვინაობის დადგენის მიმართულებით არავითარი კვლევა-ძიება არ უწარმოებიათ.
      მკითხველი არ დაიბნესროდესაც წაიკითხავს ამ ინფორმაციასსაქმე იმაშიარომ როგორც ცნობილია 1905-1906 წლებში თბილისშიილიკო იმერლიშვილის მეტსახელი სოციალ-დემოკრატების ორივე ფრთის წარმომადგენელ რევოლუციონერებს შორის იყო ,,მცხეთელიანუ ,,ილია მცხეთელი", რადგან იგი წარმოშობით მცხეთიდან იყო. [გრიგალაშვილითანამდევი სული (ილია და მისი ეპოქა). . II. 2011, გვ. 509] რაც შეეხება დუშეთის მაზრასსადაც ილიკო იმერლიშვილი სხვადასხვა წყაროების ცნობით, 1907 წელს სათავეში უდგება ,,წითელ რაზმს", გამომდინარე გვარიდან იქ მისი მეტსახელი იყო ,,იმერელი". [სიმაშვილისოციალ-დემოკრატი ბოლშევიკი ტერორისტები ილია ჭავჭავაძის მკვლელები (ილიას მკვლელთა ვინაობისათვის). თბ. 2011, გვ. 111-115]
(ეს კი 1908 წლის დეკემბრით დათარიღებული გაზეთის ამონაჭერია, რაც ადასტურებს რომ ხელისუფლებამ იმ დროს კარგად იცოდა ფშავლიშვილის და ილიკო იმერლიშვილის ,,თანამებრძოლობის" შესახებ, და არა მარტო ხელისუფლებამ: 
    ეს დოკუმენტი კი პირდაპირ ადასტურებს, რომ ი. იმერლიშვილი და პ. ფშავლიშვილი ერთად ჩადიოდნენ ტერორისტულ აქტებს ჯერ კიდევ 1907 წლის თებერვალში. კერძოდ სხვა ბოლშევიკ ,,წითელრაზმელებთან" ერთად კლავენ პორუჩიკ ლოლაძეს. იხ დოკუმენტი:


 საარქივო მასალებიდან ჩანს ისიცრომ ილიკო იმერლიშვილიგიგლა ბერბიჭაშვილიპავლე ფშავლიშვილი იყვნენ დუშეთის მაზრაში მოქმედი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ,,წითელი რაზმისწევრებიშედიოდნენ ერთ დაჯგუფებაში და ერთად ჩადიოდნენ სხვადასხვა სახის დანაშაულსმეტიცილიკო იმერლიშვილი უამრავ დოკუმენტში ხან მცხეთის და ხან კი საგურამოს ტერიტორიებზე მოქმედი 15(35) კაციანი ,,წითელი რაზმის“ ხელმძღვანელადაა დასახელებულიაღსანიშნავია რომ ამ ფაქტს ადასტურებსბატონ გრიგალაშვილის მიერ მოძიებულიილიკო იმერლიშვილის ,,წითელ რაზმელების“ დაახლოებით 1908-1909 წლებში გადაღებული ფოტოსურათირომელთა რიგებში დიდი ალბათობით გიგლა ბერბიჭაშვილიცაა (დოკ. # 2). 

(ეს დოკუმენტებიც ახლად მოვიძიე - მასშიც ილიკო იმერლიშვილი და გიგლა ბერბიჭაშვილი დასახელებული არიან ერთად ყაჩაღებს შორის დუშეთის მაზრაში:




 საერთოდ კი, 1930-იანი წლების დასაწყისში დუშეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ,,ძველი“ რევოლუციონერების მიერ შედგენილ რევოლუციონერთა სიებში არა მარტო ილიკო იმერლიშვილიგიგლა ბერბიჭაშვილიპავლე ფშავლიშვილი და ივანე ინაშვილიარამედ თედო ლაბაური _ ილიას მეეტლეც რევოლუციონერთა ჩამონათვალში ფიგურირებენ (ეს დოკუმენტები ამ სტატიას დავურთე და ნახავთ სტატიის ბოლოს. თ.ს. )

  ზემოთქმულს ადასტურებს ჩემს მიერ მოძიებულ ერთ-ერთ საარქივო საქმეში არსებული რამდენიმე ძალიან საინტერესო დოკუმენტიმათგან პირველ რიგში მინდა მოვიყვანო 1908 წლის 25 დეკემბრით დათარიღებული ოქმისადაც აბესალომ გიორგის ძე ფაღავადუშეთის მაზრის პოლიციის ჩაფრების (სტრაჟნიკებიუფროსი ურიადნიკი წერსრომ ,,პავლე ფშავლიშვილთან ერთად მის ბანდაში იმყოფებოდნენ 1. პავლე ფშავლიშვილი, 2. იმერლიშვილი, 3 ნონე მჭედლიშვილი, 4. სანდრო მჭედლიშვილი, 5. ლაზარე გაბიტაშვილი, 6. გიორგი წიკლაური 7. ბასილ სიღნაღელი, 8. თელაველი ლადო, 9. ვანო ინაშვილი, 10 თუში ვანო, 10. რუსი დოროშენკო, 12. გიგლა ბერბიჭაშვილი, 13. გიორგი პარხაშვილი" (დოკ. ## 3-4).


   ამრიგადაბესალომ გიორგის ძე ფაღავასავარაუდოდ ყარამან გიორგის ძე ფაღავასდუშეთის მაზრის ყოფილი უფროსის ძმაკარგად იცნობდა დუშეთის მაზრაში მოქმედი ერთ-ერთი ,,წითელი რაზმისშემადგენლობასცხადია ეს წესით უნდა სცოდნოდა ასევე ყარამან ფაღავასაცრომელიც ამ პერიოდში კვლავ დუშეთის მაზრაში მოღვაწეობდაარადა არც ყარამან ფაღავა და არც გიგლა ბერბიჭაშვილი ამ უკანასკნელთან ერთად ,,წითელ რაზმში” მყოფი პირებისთუ ილია ჭავჭავაძის მკვლელობასთან დაკავშირებული დუშეთში მოქმედი ძველი რევოლუციონერების ჩამოთვლისას საერთოდ არ ახსენებდნენ ილიკო იმერლიშვილსსაბჭოთა სასამართლოზეც ამ პიროვნების ხსენებასრომელიც ილიას მკვლელობის დროს და შემდგომ პერიოდში დუშეთის მაზრაშიმათ შორის საგურამოს ტერიტორიაზე მოქმედი ,,წითელი რაზმისერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხელმძღვანელი იყო და რომლის დაჯგუფებაშიც შედიოდა არა მარტო გიგლა ბერბიჭაშვილიარამედ სხვა უამრავი ადგილობრივი რევოლუციონერისხვებიც აშკარად ერიდებოდნენგამონაკლისი იყო ილია ჭავჭავაძის მოურავის დიმიტრი ჯაშის მეუღლე დარია ჯაშირომლის პასუხებში ნახსენები იმერლიშვილის პიროვნებითარც წინასწარი გამოძიება და არც საბჭოთა სასამართლო არანაირად არ დაინტერესდა
      მკითხველს შევახსენებრომ ყარამან ფაღავა და გიგლა ბერბიჭაშვილი, 1941-1942 წლებში გამართულ გიგლა ბერბიჭაშვილის სასამართლო პროცესზეილიას მკვლელობის მეოთხე მონაწილედ ასახელებდნენ ლადო ფეიქრიშვილსმომყავსერთ-ერთი მაგალითი ყარამან ფაღავას ჩვენებებიდანსადაც ფაღავა ამბობს,,ბერბიჭაშვილიინაშვილიფშავლიშვილი და მეოთხეც იყოგვარი არ მახსოვსესენი იყვნენ მკვლელები." და სწორედ ამ დროსგანსასჯელი ბერბიჭაშვილიმოსამართლის მხრიდან პირადად მისთვის ყოველგვარი ზედმეტი შეკითხვის გარეშე ამატებს: ,,მეოთხე ფეიქრიშვილი იყო“.  [5]  როგორც დღეს ჩემს ხელთ არსებული დოკუმენტების ანალიზიდან ჩანსერთის მხრივდუშეთის მაზრის ყოფილი უფროსი ყარამან ფაღავა და მეორეს მხრივ კისოციალ-დემოკრატი ბოლშევიკი ტერორისტი გიგლა ბერბიჭაშვილი გარკვეულ მიზეზთა გამო აშკარად ტყუოდნენ.
       ნათელია მათ მიერ ილიკო იმერლიშვილის დაფარვის მიზეზი იყო ისრომ საბჭოთა ხელისუფლებასისევე როგორც ადრე მეფის ხელისუფლებასარ სურდა სიმართლის გამჟღავნებამეფის ხელისუფლების დროს ილიას მკვლელობაში ილიკო იმერლიშვილის მონაწილეობის გამჟღავნება თუ რა მიზეზის გამო არ სურდათვფიქრობ კარგად მაქვს ახსნილი და გაანალიზებული ჩემს მონოგრაფიაში.  [6] საბჭოთა ხელისუფლებას კი, 1941 წელს არ სურდა იმიტომრომ ილიკო იმერლიშვილი იყო ცნობილი ბოლშევიკი ტერორისტიდაკავშირებული ,,სახელოვან” ბოლშევიკებთან – ალექსანდრე (საშაობოლაძეკამო (ტერ-პეტროსიანი), დათიკო ჭიაბერაშვილიარკადი ელბაქიძეისაკა ლელაშვილი და სხვა პირებთან[7] (ამ საკითხს დაწვრილებით შემდგომ შრომებში შევეხები..)
        რაც შეეხება ილიკო იმერლიშვილისგიგლა ბერბიჭაშვილისივანე ინაშვილის და პავლე ფშავლიშვილის მონაწილეობას ილიას მკვლელობაშიამას სრულად ადასტურებს ამავე საარქივო საქმეში არსებული, 1908 წლის 25-31 დეკემბრით დათარიღებული რამოდენიმე გვერდიანი ოქმიიგი შეუდგენია დუშეთის მაზრის ბაზალეთის ნაწილის პრისტავ ოზიევს.
      პავლე ფშავლიშვილთან და მის ,,თანამებრძოლებთან კავშირში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირის დაკითხვის ოქმში სიტყვა-სიტყვით წერია შემდეგი:
      ,,დაკითხვისას დაკავებულმა ახსნარომ ამა წლის მაისში (1908) ის შემთხვევით შეუერთდა ფშავლიშვილის ბანდასრომელშიც მონაწილეობდნენთვით ბანდის მეთაური ფშავლიშვილიილია ჭავჭავაძის მკვლელებიივანე ინაშვილი და გიგლა დარჩოს ძე ბერბიჭაშვილი და სოფმცხეთის მცხოვრები ილიკო იმერლიშვილი და მრავალი სხვარიცხვით 13 კაცამდე (დოკ. # 5).



        ამგვარადამ დოკუმენტში კონკრეტულად ამ ნიშნით _ ილია ჭავჭავაძის მკვლელები _ პირდაპირაა გამოყოფილი ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში მონაწილე პირები სხვებისაგან.
       ამასთანილიკო იმერლიშვილი მეტსახელით ,,იმერელი მოხსენიებულია დუშეთის მაზრის მსხვილი მემამულისთავად ნიკოლოზ (ნიკახიმშიევის (ხიმშიაშვილიმკვლელობის საქმეებში არსებულ ხიმშიევის ახლობლების მიმოწერაში.  [8] ნიკოლოზ ხიმშიევის მკვლელობის გამოძიების დასკვნით 1909 წლის 7 ოქტომბერსდღის სამ საათზედუშეთის მაზრის სოფელ აბანოსხევში იგი წინასწარი განზრახვით მოკლეს _ ილია (ილიკოიორდანეს ძე იმერლიშვილმავასილ დათუნაიშვილმაესტატე ჩუგუაშვილმალადო ფეიქრიშვილმაგიგლა ბერბიჭაშვილმა და კიდევ ერთმა გამოძიებისგან დაუდგენელმა პირმა[9]

        საინტერესოარომ გიორგი ტატიშვილის _ ცნობილი მენშევიკისდუშეთის მაზრაში არსებული სოციალ-დემოკრატიული პარტიის ადგილობრივი კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელისპარალელურად ,,წითელი რაზმის აქტიური წევრის სიტყვებითხიმშიევის მკვლელობა ჩადენილ იქნა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ადგილობრივი კომიტეტის დადგენილების საფუძველზესხვადასხვა წლებში დაწერილ თავის მოგონებებში ტატიშვილი დეტალურად აღწერს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ადგილობრივი კომიტეტის მიერ ხიმშიევის მკვლელობის დადგენილების მიღებას. 1940-იან წლებში დაწერილ ერთ-ერთ მოგონებაში ამბობსრომ ეს იდეა თითქოსდა გლეხობისგან წამოვიდაამასთან ამ მკვლელობის მონაწილედ არსად ახსენებს ილიკო იმერლიშვილის გვარსსამაგიეროდ ნიკოლოზ ხიმშიევის მკვლელობის ჩამდენი ,,წითელი რაზმის" მეთაურად ლადო ფეიქრიშვილს ასახელებს.

     არადა ნიკოლოზ ხიმშიევის მკვლელობის საქმეებშისაარქივო დოკუმენტებში – მკვლელობის უშუალი შემსწრე პირების ჩვენებების შეპირისპირების საფუძველზე დანამდვილებით დადასტურებულიარომ სწორედ ილიკო იმერლიშვილი იყო თავდამსხმელების მეთაურიამასთან სწორედ მასთან იყვნენ დაკავშირებული ხიმშიევზე თავდამსხმელი პირებიმაგალითადვასილ დათუნაიშვილი ილიკო იმერლიშვილთან ერთად დააპატიმრეს 1907 წლის დეკემბერშიროდესაც სოციალ-დემოკრატებმა მოინდომეს ყარაიაზის საფოსტო მატარებლის გაძარცვახოლო, 1908 წლის მაისში იმერლიშვილი სწორედ დათუნაიშვილთანფშავლიშვილთან და სხვებთან ერთად გარბის მეტეხის ციხიდან[10]  
(ცხიდან გაქცეული ი. იმერლიშვილი და პ. ფშავლიშვილი თავს აფარებენ ი. იმერლიშვილის სახლს მცხეთაში. იხ, დოკუმენტი: 



რაც შეეხება გიგლა ბერბიჭაშვილსის და ილიკო იმერლიშვილიროგორც ალექსანდრე ობოლაძის ქვემდებარე სოციალ-დემოკრატიული პარტიის შეიარაღებული რაზმის წევრებიერთად მონაწილეობდნენ 1905 წლის ნოემბერში ერევნის მოედანზესომხების და თათრების ,,გაშველებაშილადო ფეიქრიშვილიც ილიკო იმერლიშვილთან ერთად მონაწილეობდა სხვადასხვა თავდასხმებში.
       დოკუმენტებიდან ისიც ირკვევარომ ილიკო იმერლიშვილმა და მისი რაზმის ზემოდასახელებულმა წევრებმა ნიკოლოზ ხიმშიევზე რამოდენიმე თავდასხმა მოაწყესხიმშიევის მკვლელობამდე თითქმის ერთი წლით ადრე, 1908 წლის 6 აგვისტოსპავლე ფშავლიშვილიილია (ილიკოიმერლიშვილიგიგლა ბერბიჭაშვილილადო ფეიქრიშვილივასილ დათუნაიშვილიპავლე ხიზანიშვილი და სხვა პირებისოფელ ბულაჩაურში მის სახლს თავს დაესხნენეს თავდასხმა ნიკოლოზ ხიმშიევის ვაჟმა გიორგიმ სახლში მყოფ დაცვასთან ერთად მოიგერიათავად ტუსიევის სიტყვებითამ თავდასხმის შემდეგ ხიმშიევმა მას უთხრარომ თავდასხმა მისი მოკვლის მიზნითპავლე ფშავლიშვილმა და გიგლა ბერბიჭაშვილმა განახორციელესრადგან იგი მათზე პოლიციას უთითებდაროგორც თავად ილია ჭავჭავაძის მკვლელებზე. [11]
      ეს ინფორმაცია მოთავსებულია 1909 წლის 28 მარტის თბილისის საოლქო სასამართლოს პროკურორის წარდგინებაშითბილისის სასამართლო პალატის პროკურორის სახელზეაღნიშნული დოკუმენტი საინტერესოა იმითაცრომ მასში მითითებულია ხიმშიევის მკვლელობის ორი მოტივიკერძოდპირველი ესააგლეხების მტრობა თავად ხიმშიევის მიმართრომელიც 1905 წელს ეკონომიკურ ურთიერთობათა ნიადაგზე წარმოიშვადა მეორეშურისძიება ხიმშიევზერადგან იგი პოლიციას ილია ჭავჭავაძის მკვლელების დაჭერაში ხელს უწყობდა.  [12]
      მართლაცთითქმის ერთი წლით ადრე, 1908 წლის 9 თებერვალს ღამითმცხეთის ნაწილის (უბნისპრისტავმა მარკოვიჩმასწორედ მემამულე ხიმშიევის დახმარებით და მონაწილეობით შეძლო პავლე ფშავლიშვილის დაპატიმრება ლადო ფეიქრიშვილთან ერთად
     (როგორც დოკუმენტებიდან ირკვევახიმშიევმა გამოტეხვის მიზნით ორივე ძალიან სასტიკად სცემა. [სსცა. 115, აღ. 2, საქ. 429, გვ. 343] ვფიქრობ საინტერესოა იმის აღნიშვნაცრომ 1908 წლის 9 თებერვლის ღამით დააპატიმრებისას სწორედ ლადო ფეიქრიშვილმა ახსენა პირველად ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მეოთხე მონაწილედ ,,იმერელი”. მან დაკითხვისას განაცხადარომ პავლე ფშავლიშვილმა უთხრა - ილია ჭავჭავაძე მოკლეს მან (ფშავლიშვილმა), ივანე (ვანოინაშვილმაგიგლა ბერბიჭაშვილმა და ,,ვიღაც იმერელმა“. ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საქმის გამოძიების მასალებში არსებულ ერთ-ერთ დოკუმენტში ნათქვამიარომ - 10 თებერვალს დაკითხვისასპავლე ფშავლიშვილმაც აღიარა ილიას მკვლელობაში მონაწილეობამაგრამ არ ისურვა იმერელის გაცემა.. [სსცა. 116, აღ. 1, საქ. 13364, გვ. 255-258])
       მოწმეთა დაკითხვებისსაგამოძიებო მოქმედებების სრულყოფილად გატარების შემდეგ შედგენილ უფრო გვიანდელ, 1910 წლის 10 იანვრის თბილისის საოლქო სასამართლოს პროკურორის წარდგინებაშითბილისის სასამართლო პალატის პროკურორის სახელზენიკოლოზ ხიმშიევის მკვლელობის მხოლოდ ერთი მოტივია მითითებული _ ,,ხიმშიევის ქმედითი მონაწილეობა თავად ილია ჭავჭავაძის მკვლელების ძებნაში [13] (დოკ. # 6).

      ხიმშიევის ახლობლისბაზალეთის პრისტავ ოზიევის სიტყვებით, ,,თავადი ხიმშიევი ხშირად ამბობდარომ მას ეშინია ის არ მოკლან ილია იმერლიშვილმაგიგლა ბერბიჭაშვილმა და ლადო ფეიქრიშვილმარადგან ის (ხიმშიევი - ..) მათ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საქმის გამო სდევნიდა.” ანუხიმშიევი სიკვდილამდე არც თუ ისე დიდი ხნით ადრე სთვლიდარომ ილია (ილიკოიმერლიშვილიც ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მონაწილე იყოთბილისის მაზრის უფროსის შანშიევის ჩვენებით კიხიმშიევის მკვლელობამდე ერთი წლით ადრეამ უკანასკნელის დის ქმარმა კონსტანტინე კავრიევმა მას განუცხადარომ,,ილია იმერლიშვილის და პავლე ფშავლიშვილის ბანდას განზრახული აქვს თავად ხიმშიევის მოკვლარადგან იგი ღიად დევნიდა თავად ჭავჭავაძის მკვლელებს  [14] (დოკ. # 7)

      ილიკო იმერლიშვილი ასევე დასახელებულია ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მონაწილედ, 1914 წლით დათარიღებულ საარქივო მასალაშიკერძოდთბილისის სამძებრო პოლიციის ერთ-ერთ საქმეშირომელიც ეხება ილიკო იმერლიშვილის დაკავების ოპერაციას აღმოჩნდა საარქივო დოკუმენტებისადაც პირდაპირაა ნათქვამირომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში ილიკო იმერლიშვილი და მისი რაზმელები მონაწილეობდნენ.
     ორ დოკუმენტშიპირველი ესაა _ 1914 წლის 15 იანვრით დათარიღებული თბილისის სამძებრო პოლიციის განყოფილების უფროსის მიერ თბილისის პოლიცმეისტერის სახელზე გაგზავნილი ორ გვერდიანი მოხსენებამეორე კი 1914 წლის 1 თებერვლით დათარიღებულიასევე თბილისის სამძებრო პოლიციის განყოფილების უფროსის მიერ თბილისის საოლქო სასამართლოს საგანგებო საქმეთა გამომძიებლის სახელზე გაგზავნილი სამ გვერდიანი მოხსენებასიტყვა-სიტყვით წერია შემდეგი,,ილიკო იმერლიშვილმა თავისი დაჯგუფების წევრებთან ერთად ჩაიდინა უამრავი მკვლელობა კერძო და თანამდებობრივი პირებისსოფლის მამასახლისებისსტრაჟნიკებისმემამულე თავად ილია ჭავჭავაძის (ქართველი მწერლის)” [15]  (დოკ. # 8)

უფრო გვიანდელი ანუ მეორე დოკუმენტის შინაარსი პირველისგან განსხვავდება იმითრომ მასში მითითებულია - აღნიშნული ინფორმაცია მოპოვებულია აგენტურული შეტყობინებების საფუძველზეო [16] (დოკ. # 9).
     
ამ დოკუმენტებში ასევე ნათქვამიარომ ილიკო იმერლიშვილი 1907 წელს დააპატიმრესმართლაცროგორც ზემოთაც აღვნიშნეილიკო იმერლიშვილი 1907 წლის დეკემბერში იმ დროს დააპატიმრესროდესაც ორ ათეულამდე სოციალ-დემოკრატ ტერორისტთან ერთად ცდილობდა საფოსტო მატარებლის დაყაჩაღებას.



 ილიკო იმერლიშვილი სწორედ სოციალ-დემოკრატიული პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელადაა დასახელებული ამავე საქმეში არსებულ დოკუმენტშირომელსაც 1914 წლის 28 იანვარს ამიერკავკასიის რკინიგზის ჟანდარმთა საპოლიციო სამმართველოს უფროსი უგზავნის თბილისის პოლიცმეისტერს  [17] (დოკ. # 10)

         როგორც ზემოთ აღვნიშნერაც არ უნდა გასაკვირი იყოს ერთადერთი ადამიანივინც საბჭოთა პერიოდში ილია ჭავჭავაძის მკვლელად ილიკო იმერლიშვილი დაასახელაიყო ილია ჭავჭავაძის მოურავის დიმიტრი ჯაშის მეუღლე დარია ჯაშიმან საბჭოთა ხელისუფლების მიერ 1941-1942 წლებშიილია ჭავჭავაძის მკვლელობის ერთ-ერთი მონაწილის გიგლა ბერბიჭაშვილის სასამართლო პროცესის გამოძიების წინა პერიოდში, 1941 წლის 6 ივნისს წინასწარი დაკითხვისას მიცემულ ჩვენებაშიგამომძიებლის კითხვაზე - ,,ვინ ღებულობდა მონაწილეობას ილიას მკვლელობაში?” გასცა შემდეგი პასუხი,,როგორც შემდეგ გავიგე ილიას მკვლელობაში მონაწილეობას ღებულობდნენ ინაშვილი ყოფილი მამასახლისიიმერლიშვილირომელსაც კარგად იცნობდა დიმიტრიფშავლიშვილი გრიგოლაროგორც მახსოვს ფეიქრიშვილი იყო გაქცეული ყაჩაღად ტყეში [18] (დოკ. # 11)
მეტიც, დარია ჯაშმა1941-1942 წლებშიგიგლა ბერბიჭაშვილის სასამართლო პროცესის დროს ილიკო იმერლიშვილი ისე რომ არავინ ეკითხებოდა პირდაპირ დაასახელა მისი მეუღლის დიმიტრი ჯაშის მეგობრად.
     (2013 წლის ზაფხულში მე მოვიძიე ახალი საარქივო მასალები და აღმოჩნდა რომ, ილიკო იმერლიშვილის ,,იმერელთან" იგივეობის შესახებ ძალინ კარგად იცოდა ალექსანდრე კოჭლავაშვილმა, რომლიც თავის დროზე იყო უშიშროების საგამოძებო ნაწილის უფროსი. მან 1941 წელს ილიას მკვლელობის საქმეზე წინასწარი ძიების პროცესში დაჰკითხა კიდეც დაპატიმრებული გიგლა ბერბიჭაშვილი. 
     გ. ლეონიძის თხოვნით 1950-იანი წლების ბოლოს ა. კოჭლავაშვილმა დაიწყო ილიას მკვლელობის შესახებ მასალების მოძიება და 1957-1962 წლებში უნიკალური მასალები და დოკუმენტები მოაგროვა, დაარქივა და დაიწყო ილიას მკვლელობის შესახებ წიგნის წერა... და ჩანს რომ ილიკო იმერლიშვილზე, როგორც ილიას მკვლელობის მეოთხე მონაწილის კვალზე გავიდა... გავიდა და შემდეგ სხვადასხვა მიზეზის გამო არ გამოაქვეყნა არაფერი. მიზეზი ჩანს მდგომარეობდა იმაში, რომ მოძიებული მასალებიდან ა. კოჭლავაშვილმა დაასკვნა, რომ ილიკო იმერლიშვილი უშუალოდ იყო დაკავშირებული არა მარტო ბოლშევიკებთან, არამედ იოსებ ჯუღაშვილთან - სტალინთან. ა. კოჭლავაშვილი კი ამ ადამიანის ერთ-ერთ თაყვანისმცემელთა რიცხვში შედიოდა... თუმცა ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია. 
      ამ ჯერზე მხოლოდ ერთ დოკუმენტს გამოვაქვეყნებ მისი მასალებიდან. ალექსანდრე კოჭლავაშვილმა დარია ჯაში გამოკითხა  1957 დეკემბერში, ბათუმში, სადაც ეს უკანასკნელი თავის შვილთან ცხოვრობდა. დარია ჯაშის მის კითხვაზე - თუ ვინ იყვნენ ილიას მკვლელობოს მონაწილეები პასუხობს: ,,მკვლელთა შორის ასახლებდნენ ,,იმერელს" და ეს იყო იყო დ. იმერლიშვილი". ცხადია მხცოვან დარია ჯაშს მახსოვრობამ უმტყუნა და ილიკოს სახელი შეეშალა, რაც ოდნავადაც არ ამცირებს ამ დოკუმენტის მნიშვნელობას. (დოკ. 12ა) მკითხველს შეუძლია ნახოს ეს დოკუმენტი:

  ამრიგადზემოდასახლებული 1907, 1908, 1910, 1914, 1941 და 1957 წლით დათარიღებული დოკუმენტები ერთობლიობაში ავსებენ ერთმანეთსდა ჩემი აზრითსაბოლოოდ ადასტურებენ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მეოთხე მონაწილის ვინაობას.
      აღნიშნულ სტატიაში შევეცადე მკითხველისათვისკონკრეტულად კი ისტორიკოსებისათვის შედარებითიღრმა ანალიზის გარეშე მომეწოდებინა დოკუმენტების შინაარსირადგან ვთვლი - გამომდინარე თემის დელიკატურობიდანვგულისხმობ იმასრომ საკითხი ეხება ქართველი ერის ისტორიის ერთ-ერთ ტრაგიკულ ფურცელსდოკუმენტების დედნების ასლში გაცნობაწაკითხვა და მკითხველის მიერ ავტორის მოსაზრებების გავლენის გარეშე გაკეთებული პირველადი ანალიზი უფრო მნიშვნელოვანია
    ამასთან მინდა ავღნიშნო, რომ ჩემს ხელთ არსებული სხვა დოკუმენტებიც საკმაოდ საინტერესოა და მათაც უახლოეს ხანებში მივაწვდი მკითხველს.

(დამატებით ვაქვეყნებ დოკუმენტებს, სადაც 1930-იანი წლების დასაწყისში გ. ბერბიჭაშვილს, პ. ფშავლიშვილს, თ. ლაბაურს და სხვებს, მათ შორის ილიკო იმერლიშვილს რევოლუციონერებად მიიჩნევდნენ:




(ჩემს მიერ ახლადმოძიებული ეს დოკუმენტი კი კვლავ ადასტურებს, რომ ილიკო იმერლიშვილი სწორედ საგურამოს მიდამოებში ოპერირებულ შეიარაღებულ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა:

გამოყენებული წყაროების და ლიტერატურის სია:


1.         ,,რევოლუციური ტერორი და ქართველი საზოგადო მოღვაწეები 1905-1907 წლებში“, ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ჟურნალი ,,საქართველოს ახალი ისტორიის საკითხები“, . VIII, 2005, თბილისი; ,,ილია ჭავჭავაძის მკვლელობასოციალ-დემოკრატები და ,,ოხრანკა“, ,,კავკასიის მაცნე“ # 15, 2006, თბილისი; ,,ილია ჭავჭავაძე და სოციალ-დემოკრატები“, ილია ჭავჭავაძის 170 წლისთავისადმი მიძღვნილ რესპუბლიკურ სამეცნიერო კონფერენციააკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2007, თბილისი; ,,სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკი ტერორისტები ილიას მკვლელობის შემსრულებლები“,  ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ჟურნალი ,,ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“ #1(3), 2008, თბილისი
2.         შუშანაშვილიალ., ,,ილია ჭავჭავაძის მკვლელობა”, თბილისი, ,,მერანი”, 1996, გვ. 223
3.         შუშანაშვილიალ., ,,ილია ჭავჭავაძის მკვლელობა”, თბილისი, ,,მერანი”, 1996, გვ. 44
4.         საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივიფონდი 97, აღწერა. 2, საქმე 35, გვ. 26
5.         საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს მესამე განყოფილებაფონდი 8, აღწერა 25, საქმე 683, გვ. 92-96
6.         სიმაშვილი, ,,სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკი ტერორისტები ილია ჭავჭავაძის მკვლელები" (ილიას მკვლელთა ვინაობისათვის), 2011, თბილისიგვ. 60-67
7.         გრიგალაშვილი, ,,თანამდევი სული”, . II, 2011, გვ. 511; ხინთიბიძეან., ,,1905-1907 წლების რევოლუციისა და რეაქციის პერიოდის მებრძოლები” (ქართული ფოლკლორის მიხედვით), თბილისი, ,,საბჭოთა საქართველო”, 1989, გვ.63-73
8.         სსცა. 115, აღ. 1, საქ. 2889, გვ. 133; 346
9.         სსცა. 114, აღ. 1, საქ. 1099, გვ. 6; 9
10.       სსცა. 94, აღ. 1, საქ. 124, გვ. 30; სსცა. 115, აღ. 1, საქ. 429, გვ. 33
11.       სსცა. 114, აღ. 1, საქ. 1099, გვ. 7; 9
12.       სსცა. 114, აღ. 1, საქ. 1099, გვ. 7-8
13.       სსცა. 114, აღ. 1, საქ. 1099, გვ. 9
14.       სსცა. 115, აღ. 2, საქ. 429, გვ. 345
15.       სსცათბილისის პოლიცმეისტერის სამძებრო განყოფილების ფონდი 97, აღწერა 1, საქმე 294, გვ. 3
16.       სსცათბილისის პოლიცმეისტერის სამძებრო განყოფილების ფონდი 97, აღწერა 1, საქმე 294, გვ. 18
17.       სსცათბილისის პოლიცმეისტერის სამძებრო განყოფილების ფონდი 97, აღწერა 1, საქმე 294, გვ. 15
18.       საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს მესამე განყოფილებაფონდი 8, აღწერა 25, საქმე 683

No comments:

Post a Comment

Note: Only a member of this blog may post a comment.