Thursday, September 11, 2025

ვინ მოკლა ილია?

 

თენგიზ სიმაშვილი 


ვინ მოკლა ილია?

 ახლადმოძიებული საარქივო მასალები

ნაწილი I


შინაარსი

წინათქმა

შესავალი

თავი I

ილია ჭავჭავაძის გარემოცვა და მათი კავშირები

ილია ჭავჭავაძის მოურავი დიმიტრი ჯაში

ილია ჭავჭავაძის მსახური სოფიო უნდილაშვილი და მისი ვაჟი სანდრო უნდილაშვილი

ილია ჭავჭავაძის მეეტლე თედო ლაბაური

 

თავი II

ილიკო იმერლიშვილი და მისი პარტიული კუთვნილება

ილიკო იმერლიშვილის და პავლე ფშავლიშვილის კავშირები

გიგლა ბერბიჭაშვილის პარტიული კუთვნილება და კავშირები

ილია ჭავჭავაძის მკვლელების მიერ ჩადენილი ერთობლივი დანაშაულებები

თავი III

ილიკო იმერლიშვილი და ილია ჭავჭავაძის მკვლელობა

 

დოკუმენტები და მასალები

 

 წინათქმა

       ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გარემოებების შესწავლით, ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან დავინტერესდი, როდესაც არქივებში მისი უახლოესი მეგობრის - ნიკო ხიზანაშვილი(ურბნელი) მკვლელობის მასალებზე ვმუშაობდი. ჯერ კიდევ, 1988 წელს ჟურნალ ,,ცისკარში’’გამოვაქვეყნე ჩემი პირველი კვლევითი ნაშრომი ,,ნიკო ხიზანაშვილი (ურბნელი) ბიოგრაფიის ერთი საკითხის გამო’’, სადაც მივითითებდი კიდეც იმ გარემოებას, რომ გარკვეული სახის თანხვედრა არსებობდა ნიკო ხიზანაშვილის და ილია ჭავჭავაძის მკვლელობებს შორის.(1)

      ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შესახებ, წლების განმავლობაში მოძიებული მასალების ანალიზის შედეგად ბევრი კითხვა დაგროვდა. შეძლებისდაგვარად ვდილობდი მათზე პასუხის გაცემას და ცხადია ეს აისახა კიდეც ჩემს მიერ გამოქვეყნებულ ნაშრომებში: ,,რევოლუციური ტერორი და ქართველი საზოგადო მოღვაწეები 1905-1907 წლებში”,  ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ჟურნალი ,,საქართველოს ახალი ისტორიის საკითხები“  ტ. VIII, 2005; ,,ილია ჭავჭავაძის მკვლელობა, სოციალ-დემოკრატები და ,,ოხრანკა“, ,,კავკასიის მაცნე“ #15, 2006; ,,ახალი მასალები ილია ჭავჭავაძის მკვლელობასთან დაკავშირებით“, ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა VIII(64) კონფერენციის მასალები, 2007; ,,ილიას მკვლელობა და სოციალ-დემოკრატები“, ,,ლიტერატურული დიალოგები“, ტ.III, ა. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2007; ,,სოციალ-დემოკრატი - ბოლშევიკი ტერორისტები ილიას მკვლელობის შემსრულებლები“, ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ჟურნალი ,,ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“, #1(3), 2008; ,,თბილისის ,,ოხრანკის“ განყოფილების აგენტი დიმიტრი ჯაში და სოციალისტ-ფედერალისტები’’, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტ. IV, 2012; ,,ილია ჭავჭავაძის მკვლელების ,,თანამებრძოლი“ ლადო ფეიქრიშვილი’’, ი. გოგებაშვილის სახელობის  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ისტორიის დეპარტამენტის და კახეთში საქართველოს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის გაერთიანებული სამეცნიერო სესიის #3 მასალები, 2012; ,,ილია ჭავჭავაძის მკვლელობა გახსნილია’’ (ახალი დოკუმენტები ილია ჭავჭავაძის მკვლელობასთან დაკავშირებით), ჟურნალი ,,ცისკარი“, # 6, 2012; ,,რევოლუციურ-ტერორისტული ორგანიზაცია ,,მთაწმინდის ჯგუფი” და ილია ჭავჭავაძის მკვლელობასთან დაკავშირებული პირები’’, ჟურნალი ,,ცისკარი“, # 9, 2012; ,,უახლესი დოკუმენტები და ილია ჭავჭავაძის მკვლელობა’’(ილიას მკვლელობიდან გასული 105 წელი), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტ. VI, 2012; ,,ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მეოთხე მონაწილის დაფარვის მიზეზები საბჭოთა პერიოდში’’ (ილიკო იორდანეს ძე იმერლიშვილის და იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილის კავშირები), სამეცნიერო სტატია; ,,ცისკარი“, # 11-12, 2012; ,,დიმიტრი ჯაშის - თბილისის  ,,ოხრანკის“ აგენტ ,,სლუჩაინის“ გამჟღავნების ისტორია’’, ,,საარქივო მოამბე“ #14, 2014; ,,გიგლა ბერბიჭაშვილის და ილიკო იმერლიშვილის კავშირი სტალინთან’’, ,,საარქივო მოამბე“ #14, 2013; ,,ილია ჭავჭავაძის გარემოცვა”, ,,საარქივო მოამბე“ #14, 2015; ,,იოსებ ჯუღაშვილი(სტალინი) და ნიჟარაძის იგივეობის შესახებ’’, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტ. IX, 2015; და, მონოგრაფია ,,სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკი ტერორისტები ილია ჭავჭავაძის მკვლელები”, 2011. გარდა ამისა, ზემოაღნიშნულ თემატიკაზე მოძიებული მასალების გარკვეული ნაწილი ავსახე ჩემს საკვალიფიკაციო ნაშრომში - ,,პოლიტიკური პოლიცია საქართველოში XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში”, რომელიც დავიცავი 2004 წელს.

       მასალების ანალიზის და შეჯერების საფუძველზე, ჩამომიყალიბდა მოსაზრება, რომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გამოძიების მასალებში ნახსენები ,,იმერელი"-ს მეტსახელის ქვეშ, იმ დროს ცნობილი სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკი ტერორისტი ილიკო იმერლიშვილი იყო სავარაუდებელი. შესაბამისად, 2008 წელს ჩემი ვერსია გამოვაქვეყნე სათაურით - ,,სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკი ტერორისტები ილიას მკვლელობის შემსრულებლები“.(2)

          ჩემს ამ კვლევას, არავითარი გამოხმაურება, როგორც სპეციალისტების, ასევე საზოგადოების მხრიდან არ მოჰყოლია. მხოლოდ, 2011 წელს, პროფესორ ნოდარ გრიგალაშვილის გამოქვეყნებულ ორტომეულს ,,თანამდევი სული“, რომელშიც იგი, ჩემგან განსხვავებულ მასალებზე დაყრდნობით ასაბუთებდა ,,იმერელი“-ს იგივეობას ილიკო იმერლიშვილთან, საზოგადოების მხრიდან დიდი რეზონანსი მოჰყვა.

        აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი კვლევების გამოქვეყნებისას ვერიდები, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შესახებ დაწერილი ავტორების შრომებში გამოტანილი, ჩემგან განსხვავებული დასკვნების გაკრიტიკებას. ვთვლი, რომ ყველა ადამიანს აქვს იქონიოს თავისი შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე. ამასთან, გამოთქვას თავისი, თუნდაც კარდინალურად განსხვავებული მოსაზრება. თუმცა, მეორეს მხრივ, მხოლოდ იმ შემთხვევაში მივესალმები მკვლევარების მიერ ჩემი ამ და სხვა კვლევების მისამართით გამოთქმულ კრიტიკას, თუკი მათი არგუმენტები საარქივო მასალებზე იქნება დაყრდნობილი. საბჭოთა პერიოდში, განსაკუთრებით 1980-იანი წლებში ,,შექმნილ“ ზეპირ გადმოცემებზე, სუბიექტურ მოგონებებზე ,,აგებულ” დასკვნებს, მოსაზრებებს, რომლებიც საარქივო დოკუმენტებით არანაირად არ დასტურდება, ვერ გავიზიარებ. როგორც მათმა ანალიზმმა მიჩვენა - რეალური და ობიექტური ისტორია, ასეთ მასალებში ძალიან ნაკლებადა, უფრო სწორედ, თითქმის არაა გადმოცემული.

       აქვე მკითხველს მინდა ვუთხრა, რომ  2013 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის უაღრესად ნიჭიერმა და პერსპექტიულმა რეჟისორმა მიხეილ ბერინაშვილმა გადაიღო დოკუმენტურ-მხატვრული ფილმი ,,ვინ მოკლა ილია?’’, სადაც ჩემს მიერ მოძიებული მასალები აისახა. რეჟისორ მიხეილ ბერინაშვილის მიერ ფილმის სცენარის წერის პროცესში ჩვენი შეხვედრების დროს, მის მიერ გამოთქმული კრიტიკული, თუ ზოგადი მოსაზრებების შეჯერებისას, ერთობლივად გავეცით პასუხი უამრავ კითხვას. ფაქტობრივად, სწორედ ამ დროს, ზემოაღნიშნული საკითხების დასაზუსტებლად არქივებში ჩემს მიერ დამატებით იქნა მოძიებული ის დოკუმენტები, რომლებიც სრულად ადასტურებენ ილიკო იმერლიშვილის მონაწილეობას ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში. აქვე მინდა დიდი მადლობა გამოვხატო ფილმის გადამღები ჯგუფის წევრების მიმართ, ვინც ფილმში ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გარემოებების ზედმიწევნით ზუსტად ასახვა შეძლეს.

      ნაშრომი, ჩემს მიერ ზემოდასახელებული გამოქვეყნებული კვლევებიდან და ბოლო წლებში, არქივებში მუშაობისას ახლადმოძიებული მასალების და დოკუმენტების ნაწილსაც შეიცავს. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ ნაშრომი ახლადმოძიებულ მასალებს სრული მოცულობით არ ასახავს. საქმე იმაშია, რომ სხვადასხვა მიზეზების გამო, წლებია არ მეძლევა მატერიალური საშუალება ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ყველა ასპექტის მომცველი მონოგრაფია, ვგულისხმობ მკვლელობის წინა პერიოდის მიმოხილვას და ა.შ., ვრცელი ფორმატით გამოვაქვეყნო. ამის მიუხედავად ვთვლი, რომ საჭიროა ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შესახებ ჩემს მიერ ახლად მოძიებულმა დოკუმენტებმა, მცირე ფორმატის მონოგრაფიების სახით დღის სინათლე იხილოს. ამ მიმართულებით მომავალშიც ვგეგმავ რამოდენიმე კვლევის გამოქვეყნებას.

      აქვე აღვნიშნავ, რომ ზემოდასახელებული, 2011 წელს გამოსული ჩემი მონოგრაფია ,,სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკი ტერორისტები ილია ჭავჭავაძის მკვლელები” 2012 წლისთვის, ასე ვთქვათ, უკვე ,,მოძველებული” იყო. როგორც აღვნიშნე, ფილმის გადაღების პროცესის მომზადებისას და ფილმის გამოსვლის შემდგომ პერიოდშიც - 2012-2019 წლებში, არქივებში მოვიძიე დამატებითი მტკიცებულებები, რომლებიც სრულად ადასტურებს ჩემს დასკვნებს, რომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მეოთხე მონაწილე - ილიკო იმერლიშვილი იყო.

      დღეისათვის ილია ჭავჭავაძის მკვლელობის თემატიკაზე გამოცემული ნაშრომები ძალიან ბევრია და იმ ადამიანთა რიცხვის უბრალო ჩამოთვლაც კი, ვინც დაინტერესებული იყო და არის, იკვლევდა და იკვლევს, და კვლავაც გამოიკვლევს საქართველოს ისტორიაში არსებულ, ამ ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ ფურცელს პრაქტიკულად შეუძლებელია. მათ მიმართ აქვე გამოვხატავ ჩემს უდიდეს პატივისცემას და ვიმედოვნებ არ გამინაწყენდებიან, რომ ამ მცირე მოცულობის ნაშრომში პერსონალურად ვერ ვასახელებ.

    ვფიქრობ, წიგნში მოყვანილი მასალები და დოკუმენტები საკითხით დაინტერესებული სპეციალისტებისთვის, ასევე რიგითი მკითხველისთვისაც საინტერესო იქნება.

 

 შესავალი

       

        საარქივო მასალისა და სხვადასხვა ისტორიული დოკუმენტების საფუძველზე დამტკიცებულია, რომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში უშუალოდ ოთხი პირი იღებდა მონაწილეობას.(3) მკვლელები დახვდნენ ილია ჭავჭავაძის ეტლს 1907 წლის 30 აგვისტოს, დილით, წიწამურის და საგურამოს გზაზე, საგურამოდან რამოდენიმე კილომეტრის დაშორებით - მოკლეს ილია ჭავჭავაძე და მისი მსახური, სასტიკად გაუსწორდნენ ილიას მეუღლეს. როგორც რუსეთის იმპერიის ადგილობრივი სასამართლო და ძალისმიერი სტრუქტურების შესაბამისი ორგანოების მიერ წარმოებული გამოძიების მასალების ანალიზიდან ჩანს, ილია ჭავჭავაძის მკვლელები იყვნენ - ივანე ინაშვილი, პავლე ფშავლიშვილი (აფციაური), გიგლა ბერბიჭაშვილი და ვიღაც ,,იმერელი’’.(3)

        ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში ვიღაც ,,იმერელის’’ უშუალო მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია არა უშუალოდ მკვლელობის გამოძიების დასაწყისში, არამედ ბევრად მოგვიანებით, თითქმის ნახევარი წლის შემდეგ გაჩნდა. 1908 წლის 9 თებერვალს ღამით, პრისტავმა ნ. მარკოვიჩმა, მემამულე ნიკოლოზ ხიმშიევის, ანუ ხიმშიაშვილის, რომელიც იყო, 1923 წელს ვაკის პარკში სამხედრო ცენტრის წევრობის ბრალდებით დახვრეტილი გიორგი ხიმშიაშვილის მამა, დახმარებით და მონაწილეობით შეძლო დუშეთის მაზრაში მოქმედი ,,წითელ რაზმელების” - პავლე ფშავლიშვილის და ლადო ფეიქრიშვილის დაპატიმრება. (აქ და ამის შემდეგაც გვარებს ვწერ იმ სახით, როგორც დოკუმენტებშია მოცემული - თ.ს.)

      ნ. ხიმშიევმა, რომელმაც იცოდა, რომ სოციალ-დემოკრატიული პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის დადგენილების საფუძველზე ადგილობრივი ,,წითელ რაზმელები“ მასაც ილია ჭავჭავაძის მსგავსად მოკვლას უპირებდნენ, გამოტეხვის მიზნით ორივე სასტიკად სცემა. სწორედ ,,ძალისმიერი’’ მეთოდებით დაკითხვისას პირველად ახსენა ,,ვიღაც იმერელი“ ლადო ფეიქრიშვილმა. მისი სიტყვებით - ,,ილია ჭავჭავაძე მოკლეს პავლე ფშავლიშვილმა, ვანო ინაშვილმა, გიგლა ბერბიჭაშვილმა და ,,ვიღაც იმერელმა“. მეორე დღეს, 10 თებერვალს კი, პავლე ფშავლიშვილმაც აღიარა ილიას მკვლელობაში მონაწილეობა, მაგრამ როგორც დოკუმენტში წერია - ,,არ ისურვა იმერელის გაცემა’’.(4) რუსეთის იმპერიის პერიოდში შექმნილ სხვადასხვა საარქივო დოკუმენტებში ეს უკანასკნელი იხსენიება როგორც - ,,ერთი იმერელი“, ,,იმერელი“, ,,ილია ჭავჭავაძის მკვლელების ბანდის“ მეთაური. 1908 წლის 2 დეკემბრის გაზეთ ,,ნოვოსტი ზაკავკაზია“-ს ცნობით კი, ილია ჭავჭავაძის მკვლელების გ. ბერბიჭაშვილის, პ. ფშავლიშვილის, ვ. ინაშვილის თანამზრახველი - ,,უცნობი, გვარად იმერელი“ იყო.(5) ეს პიროვნება  ე.წ. ,,იმერელ ბიჭად“, არც საბჭოთა პერიოდში შექმნილ არც ერთ საარქივო დოკუმენტში არაა ნახსენები და აღნიშნული ტერმინი, ჩემი აზრით, საბჭოთა პერიოდში შექმნილი მითების ,,პირმშოა“.

     მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს არქივების და მუზეუმების  ფონდებში დაცულია უამრავი მასალა და დოკუმენტები, სადაც ასახულია ინფორმაციები ილია ჭავჭავაძის მკვლელობაზე. მათი ნაწილი საზოგადოებისათვის ნაცნობი იყო, ნაწილი კი, ჩემს მიერ იქნა მოძიებული:

1.         საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივი, თბილისის საოლქო სასამართლოს ფონდი 116, აღწერა 1, სახელმწიფო საბჭოს წევრ თავად ი. გ. ჭავჭავაძის მკვლელობაზე საგანგებო საქმეებზე გამომძიებლის საქმე # 13633; 2. სსცა, ფონდი 116, აღწერა 1, სახელმწიფო საბჭოს წევრ თავად ი. გ. ჭავჭავაძის მკვლელობაზე საგანგებო საქმეებზე გამომძიებლის საქმე # 13364; 3. სსცა, ფონდი 116, აღწერა 1, სახელმწიფო საბჭოს წევრ თავად ი. გ. ჭავჭავაძის მკვლელობაზე საგანგებო საქმეებზე გამომძიებლის საქმე # 13365; 4. სსცა, კავკასიის სარაიონო დაცვის განყოფილების ფონდი 94, აღწერა 1, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის და სხვა საკითხებზე მიმოწერის საქმე # 37; 5. სსცა, თბილისის გუბერნატორის კანცელარიის ფონდი 17, აღწერა 1, სახელმწიფო საბჭოს წევრ თავად ი. გ. ჭავჭავაძის მკვლელობის საქმე # 5888; 6. სსცა,  თბილისისა და თბილისის მაზრის დროებითი გენერალ-გუბერნატორის კანცელარიის ფონდი 20, აღწერა 1, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საქმე 397; 7. სსცა, თბილისის საოლქო სასამართლოს პროკურორის ფონდი 115, აღწერა 2, თავად ილია ჭავჭავაძის მკვლელობაზე თბილისის ოლქის პროკურორის ზედამხედველობის საქმე # 399; 8. სსცა, თბილისის პოლიცმაისტერის სამმართველოს სამძებრო განყოფილების ფონდი 97, აღწერა 2, თბილისის სამძებრო პოლიციის ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გამოძიების საქმე # 35; 9. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 8, აღწერა 25, საქმე # 683 და სხვ.

     ასევე აღმოჩნდა მთელი რიგი საარქივო საქმეები, რომლებშიც საუბარია ილია ჭავჭავაძის ამ მკვლელობასთან დაკავშირებულ პირებზე. მაგალითად, ჩემს მიერ მოძიებულ იქნა თავად ნიკოლოზ ხიმშიევის მკვლელობის გამოძიების საქმეები, სადაც მოთავსებულია ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გამოძიების საქმეებიდან ამოკრეფილი სხვადასხვა პირების მიერ მიცემული ჩვენებების ასლები. საქმე იმაშია, რომ გამოძიება, როგორც ირკვევა ვარაუდობდა და არც თუ უსაფუძვლოდ, რომ ნიკოლოზ ხიმშიევის და ილია ჭავჭავაძის მკვლელები იყვნენ ერთი და იგივე პირები. ესენია: 1. სსცა, თბილისის  სასამართლო პალატის პროკურორის ფონდი 114, აღწერა 1, დუშეთის მაზრის თავად ხიმშიევის მკვლელობა ილია იმერლიშვილის და სხვების მიერ, საქმე # 1099(საინტერესოა, რომ ამ საქმეს საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივის 114 ფონდში არსებული საარქივო საქმეების ჩამონათვალში ჰქვია - ,,ნ. ხიმშიევის მკვლელობა აბანოსხევში ფეიქრიშვილის, იმერლიშვილის, ბერბიჭაშვილის მიერ მისი ქმედითი მონაწილეობის გამო პოეტ ილია ჭავჭავაძის მკვლელების ძებნაში” - თ.ს.); 2. სსცა, თბილისის საოლქო სასამართლოს პროკურორის ფონდი 115, აღწერა 1, ნ. ხიმშიევის მკვლელობის გამოძიებაზე ზედამხედველობის საქმე # 2889; 3. სსცა, თბილისის საოლქო სასამართლოს პროკურორის ფონდი 115, აღწერა 2, საგამოძიებო მასალები თავად ნ. ხიმშიევის მკვლელობაზე, საქმე # 429; 4. სსცა, ფ. 94, აღ. 1, მეტეხის ციხიდან 18 მსჯავრდებულის გაქცევის საქმე 124; 5. სსცა, ფ. 115, აღ. 1, 1908 წლის 11 მაისს მეტეხის ციხიდან პატიმრების გაქცევის საქმე 2393; 6. სსცა, ფ. 114, აღ. 1, მეტეხის ციხიდან პატიმრების გაქცევის საქმე 969; 7. სსცა, თბილისისა და თბილისის მაზრის დროებითი გენერალ-გუბერნატორის კანცელარიის ფონდი 20, აღწერა 2, დიმიტრი ჯაშის დაპატიმრების საქმე 107; 8. სსცა, ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის ფონდი 2080, აღწერა 1, საქმე 220; 9. სსცა, თბილისის მუშათა დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ფონდი 1844, აღწერა 2, საქმე 41; 10. სსცა, ამიერკავკასიის განსაკუთრებულ კომიტეტთან არსებული საგანგებო საგამოძიებო კომისიის ფონდი 1854; ასევე სხვა მასალები, მათ შორის, 1914 წელს ილიკო იმერლიშვლის და ვასილ ფარესიშვილის წინააღმდეგ პოლიციის მიერ ჩატარებული ა.ვ. ,,სპეც-ოპერაციის’’ გამო შექმნილი საგამოძიებო საქმეები; გიგლა ბერბიჭაშვილის სასამართლოს წინა პერიოდში დარია ჯაშის დაკითხვის ოქმები და ასევე სასამართლოზე მის მიერ მიცემული ჩვენებები; შინაგან საქმეთა სამინისტროს პარტიული არქივსი დაცული ,,ძველი“ რევოლუციონერების მოგონებები; გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში დაცული ალექსანდრე კოჭლავაშვილის პირადი ფონდი და სხვ.

 

თავი I

 

ილია ჭავჭავაძის გარემოცვა და მათი კავშირები

 

         ამ საკითხის განხილვისას ვიყენებ, ჩემს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჟურნალ ,,საარქივო მოამბეში”უკვე გამოქვეყნებულ სტატიას და მასში გაანალიზებულ დოკუმენტებს.(6) მასალებიდან ჩანს, ერთის მხრივ, მეფის რუსეთის საგამომძიებლო ორგანოებმა, მეორეს მხრივ კი, საბჭოთა ხელისუფლებამ, სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ შეძლეს და არც მოინდომეს, ილია ჭავჭავაძის გარემოცვაში მყოფი იმ პირების გამოაშკარავება, ვინც ილია ჭავჭავაძის მკვლელების ხელშემწყობები და ,,თანამგრძნობები’’ იყვნენ.

        მეტიც, როგორც მასალების შესწავლით ირკვევა, საბჭოთა ხელისუფლების ძალისმიერმა სტრუქტურებმა, 1936-1941 წლებში წინასწარგანზრახვით, ნაწილობრივ გაანადგურეს, გააყალბეს და დაფარეს, 1907 წლის აგვისტოში ილიას უახლოეს გარემოცვაში შემავალი პირების - დიმიტრი ჯაშის (ილიას მოურავი), მისი მეუღლის დარია ჯაშის, სოფიო უნდილაშვილის (საგურამოს მამულში ილიას მსახური და მის ოჯახის პურის მცხობელი - თ.ს.), სანდრო უნდილაშვილის (სოფიო უნდილაშვილის ვაჟი), თედო ლაბაურის (ილიას მეეტლე) და სხვა უამრავი ადამიანის მიერ დატოვებული მოგონებები, აგრეთვე ის დოკუმენტები, სადაც ასახული იყო ილია ჭავჭავაძის მკვლელობის რეალური ისტორია, ზემოდასახელებული პირების კავშირები ილია ჭავჭავაძის მკვლელებთან.

        ამის მიუხედავად, საქართველოს ეროვნული არქივის და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის სხვადასხვა ფონდებში მაინც შემორჩა, ფართო საზოგადოებისათვის დღემდე უცნობი, გარკვეულწილად ხელდაუდებელი უამრავი დოკუმენტი, რომელთა  შინაარსი თითქმის მთლიანად ხსნის და გვიჩვენებს ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ნამდვილ გარემოებებს. მათში ასახულია ილია ჭავჭავაძის  უახლოეს გარემოცვაში შემავალი პირების რეალური სახე. გთავაზობთ, ჩემს მიერ მოძიებული ამ მასალების მცირე ანალიზს.

 

ილია ჭავჭავაძის მოურავი დიმიტრი ჯაში

 

        ილიას მკვლელობის დროს, საგურამოში ცხოვრობდა მისი მოურავი - დიმიტრი სოფრომის ძე ჯაში. დაახლოებით 1880-იანი წლების ბოლოს დაბადებული დიმიტრი ჯაში, წარმოშობით ქუთაისის მაზრის სოფელ აბაშიდან იყო. სხვადასხვა ცნობით მას დაუმთავრებია ჩოხატაურის დაწყებითი სამკლასიანი სასწავლებელი, ხოლო 1900-იანი წლების დასაწყისიდან იგი ჯერ შეგირდად, შემდეგ კი უკვე როგორც თავისი საქმის კარგად მცოდნე, თბილისში არსებულ სტამბებში, ასევე გაზეთებში `ივერია’’, ,,თავართქილაძის სტამბა“, ,,ცნობის ფურცელი” და სხვები ასოთამწყობად მუშაობდა.  ილია ჭავჭავაძის მოურავად დიმიტრი ჯაში  1907 წლის 7 ივნისს ილია ჭავჭავაძის ძალიან სანდო და ერთგული მოურავის - მოსე მემარნიშვილის მკვლელობის შემდეგ გახდა.

     დღეისათვის გამოაშკარავებული დოკუმენტები მოწმობენ, რომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დროს (1907 წლის აგვისტო) დიმიტრი ჯაში თბილისის ,,ოხრანკის” განყოფილების აგენტი არ იყო. პირიქით, ისინი პირდაპირ ადასტურებენ 1904 წლიდან დიმიტრი ჯაშის ძალიან ახლო ურთიერთობას სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრებთან, როგორც მენშევიკებთან, ისე ბოლშევიკებთან.(7) 

        მაგალითად, დიმიტრი ჯაშის მეუღლის დარია ჯაშის ჩვენებით მისი მეუღლე თავდაპირველად სოციალ-დემოკრატად გაეცნო, ახლოს იყო ნოე რამიშვილთან. დარია ჯაშის სიტყვებით, დიმიტრი ჯაში და მისი მეგობრები, რომლებსაც იგი ანარქისტებად მიიჩნევს - ილიკო იმერლიშვილი და ალექსანდრე(საშა) ობოლაძე ეწეოდნენ სხვადასხვა დაწესებულებების, ბანკების ძარცვას.(8) ილიკო იმერლიშვილის და ალექსანდრე ობოლაძის პარტიული კუთვნილების დამადასტურებელ მასალებს ქვემოთ გავაანალიზებ. აქ მხოლოდ აღვნიშნავ, რომ ორივე მათგანი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბოლშევიკური ფრთის წარმომადგენლები იყვნენ.

        აღსანიშნავია, რომ თბილისის ,,ოხრანკის“ განყოფილების მასალებში დიმიტრი ჯაში თავდაპირველად დასახელებულია სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის, ხოლო ქრონოლოგიურად მომდევნო დოკუმენტებში კი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრად და ამ პარტიის მხარდამჭერი ,,ქმედებების’’ განმახორციელებლად.(9)

       საბჭოთა მართლმსაჯულებისათვის დიმიტრი ჯაშის შეგნებულად დამახინჯებულად გადმოცემული ცხოვრება და საქმიანობა გახდა ის საფუძველი, რომელზედაც გიგლა ბერბიჭაშვილის სასამართლო პროცესზე, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ცრუ ვერსია იქნა აგებული. საბჭოთა სასამართლომ ყოველგვარი რეალური ფაქტებისა და მსასალების გარეშე დაიწყო დასაბუთება, რომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობა საკუთარი აგენტის, კერძოდ დიმიტრი ჯაშის მეშვეობით მოაწყო ,,ოხრანკამ”, ანუ მეფის ხელისუფლების საიდუმლო პოლიციამ.

       დასკვნები იმის შესახებ, რომ ილიას მკვლელობის დროს დიმიტრი ჯაში უკვე იყო, ხან ჟანდარმერიის, ხან კი, ,,ოხრანკის“ განყოფილების აგენტი, სათავეს იღებს 1930-იან წლებში, ლავრენტი ბერიას მითითებით, იმ პერიოდში საბჭოთა ფუნქციონერის - კოტე გორდელაძის ხელმძღვანელობით შექმნილი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საგამოძიებო კომისიის მიერ შეგროვებული მასალებიდან. ასევე, კოტე გორდელაძის მიერ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შესახებ დაწერილი გამოკვლევის შავი პირიდან. აღნიშნული მასალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის, ლიტერატურის და ხელოვნების განყოფილების და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის ფონდებშია დაცული.(10)

           აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შესახებ საბჭოთა პერიოდში გამოსულ შრომებშიც ქრონოლოგიურად მთლიანად არეულია და გაყალბებულია ინფორმაციები დიმიტრი ჯაშის შესახებ. 1941-1942 წლებში დეკემბერ-იანვარში გამართულ, გიგლა ბერბიჭაშვილის სასამართლო პროცესის თავმჯდომარის ისიდორე ოდიშვილის წიგნში - ,,წიწამურის ტრაგედია~(1953 წელი) ავტორი არსად არ ახსენებს სასამართლოზე მოწმეების იმ ჩვენებებს, საიდანაც ჩანს, რომ დიმიტრი ჯაში, როგორც მენშევიკების მმართველობის პერიოდში, ასევე ბოლშევიკების მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, საკმაოდ კარგ, შემოსავლიან ადგილებზე მუშაობდა.(11) მაგალითად, დიმიტრი ჯაშის მეუღლის, დარია ჯაშის მოგონებებში, რომლითაც სარგებლობდნენ კოტე გორდელაძე და 1941 წელს კი, გიგლა ბერბიჭაშვილის სასამართლო პროცესის მესვეურებიც, პირდაპირაა ნათქვამი, რომ ,,მენშევიკების დროს დიმიტრი მსახურობდა სასურსათო ბიუროში, უშუალოდ თვითონ მონაწილეობდა სურსათის შესყიდვასა და მომარაგებაში’’. ხოლო ,,წითელი არმიის” მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ,,დიმიტრი დაინიშნა სერგო ქავთარაძის რეკომენდაციით ქალაქის ერთ-ერთ სურსათ-მომმარაგებლად’’.(12)

დამატებითი მაგალითისათვის, თუ როგორ ხდებოდა დიმიტრი ჯაშის სოციალ-დემოკრატებთან კუთვნილების უარყოფა და მიჩქმალვა, მომყავს ბატონ ი. ოდიშვილის წიგნში დაბეჭდილი ტექსტი, თითქოსდა ამოღებული საბჭოთა მართლმსაჯულების მიერ დაკითხული დარია ჯაშის ჩვენებიდან. თავდაპირველად მოვიყვან ბატონ ი. ოდიშვილის წიგნში - ,,წიწამურის ტრაგედია” დაბეჭდილ დარია ჯაშის პასუხს გიგლა ბერბიჭაშვილის სასამართლო პროცესზე, მისთვის დასმულ კითხვაზე, თუ რითი ირჩენდა თავს, თუ ჯაში არსად მუშაობდა: ,,იმ ხანებში, როდესაც წამიყვანა, მან გაძარცვა სასოფლო-სამეურნეო ბანკი... ბოლო დროს ძალიან დაახლოებული იყო მეფის მთავრობის მოხელეებთან... ყოველ კრებაზე ესწრებოდა, მე თვითონ მქონდა რამდენიმე მოსაწვევი ბარათი. იმიტომ, რომ ხშირად სწერდა გაზეთებში და აქებდა მას... ის ისეთი კაცი იყო, რომ ხუთჯერ იყო დაპატიმრებული მეფის დროს... ღამე სად დადიოდა არ ვიცი, ყოველთვის ღამე ღებულობდა ჯამაგირს’’.(13)

ახლა კი, სასამართლო მასალებში არსებულ დარია ჯაშის ზემოაღნიშნული პასუხის სრულ ვერსიას შემოგთავაზებთ, რომელიც ი. ოდიშვილის წიგნში, მხოლოდ პირველად ნათქვამ წინადადებას მოსდევს: ,,მე როცა წამიყვანა დიმიტრი ჯაშმა, ყაჩაღების საშუალებით მას ჰქონდა გაცარცული სასოფლო-სამეურნეო ბანკი და იმით ცხოვრობდა.(14) ეს მე გავიგე იქიდან, სადაც ვცხოვრობდი ნახლებნიკათ. გვერდით ყაჩაღები ცხოვრობდნენ იმერლიშვილი, ობოლაძე, ჩიკვაიძე და ავაღ(ლ)იშვილი. ბანკის გაცარცვის გეგმაც ჰქონდათ შედგენილი და ფულის გაყოფაზე დავაც მოუვიდათ. მე იძულებით გამაყოლეს, თავის მოკვლა მინდოდა. მე მეუბნებოდა ჩემი ქმარი ვისოცკის მეურნეობაში ვმუშაობო და ღამე არ მოდიოდა. მე არ ვიცი მუშაობდა თუ არა. დიმიტრი ჯაშს კარგად იცნობდნენ და ახლო დამოკიდებულებაში იყვნენ, წიგნის თარგმნის გამო ეხმარებოდნენ ლადო და ილიკო დარჩიები. აგრეთვე იმერლიშვილი და ობოლაძეც ხშირათ დადიოდნენ დიმიტრისთან. დიმიტრი ნახაზს უკეთებდა გაცარცვისას. ესენი ანარხისტები იყვნენ. როცა მე წამიყვანა დიმიტრიმ თავი სოციალ-დემოკრატათ გამაცნო. ჩვენს გვერდზე მცხოვრები იყო ნოე რამიშვილი. დიმიტრი მეტწილად დაახლოებული იყო იმერლიშვილთან და ობოლაძესთან. ისინი ეჩხუბებოდნენ, შენ ნოე რამიშვლთან დადიხარო. ანარქისტებთან ერთად ჩემმა ქმარმა ბანკი გაცარცვა. ერთხელ კაცი მოვიდა და მე მითხრა, თქვენი ქმარი წერილს მწერს და ფულს მთხოვს, რა უნდაო. საერთოდ ასეთ საქმეს აწარმოებდნენ ჩემი ქმარი და მისი მეგობრები. ის კაცი რომელიც წერილის შესახებ მელაპარაკებოდა მთაწმინდაში ცხოვრობდა. გვარი არ მახსოვს. მე გავყევი მაისში და მეორე წლის ივნისში წავედით საგურამოში. დიმიტრი მეუბნებოდა მე ილია ჭავჭავაძესთან ვარო გაზრდილი და მის დასთან საგინოვასთან ქონდა ახლო ურთიერთობა.~(15) (ტექსტის სტილი დაცულია - თ.ს.)

       ზემომოყვანილი დარია ჯაშის ვითომდა ჩვენების პირველი წინადადების მომდევნო წინადადებებიც - ,,ბოლო დროს ძალიან დაახლოებული იყო მეფის მთავრობის მოხელეებთან”, ,,ყოველ კრებაზე ესწრებოდა, მე თვითონ მქონდა რამოდენიმე მოსაწვევი ბარათი”, ,,იმიტომ რომ ხშირად სწერდა გაზეთებში და აქებდა მას”, მისი დაკითხვის სხვა, უფრო დიდი ტექსტებიდანაა ამოგლეჯილი, შემცირებული და ხელოვნურად შეკოწიწებული.  

        ამრიგად, გაყალბება შეეხო დარია ჯაშის ჩვენებების იმ ნაწილსაც, სადაც ილიკო იმერლიშვილზე და ალექსანდრე ობოლაძეზეა საუბარი. მეტიც, ისინი ოდიშვილის წიგნში გამოქვეყნებულ დარიას ჩვენებებში საერთოდ არ არიან ნახსენები.

     საბჭოთა ხელისუფლების მიერ, ერთის მხრივ, დიმიტრი ჯაშის დადანაშაულებაზე, როგორც ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ადგილზე, ანუ ილია ჭავჭავაძის მამულში მყოფზე და ილიას მკვლელების დამხმარე-ორგანიზატორზე და მეორეს მხრივ კი, მის ,,ოხრანკის’’ აგენტად გამოცხადებაზე საუბარს აქ აღარ გავაგრძელებ. აღვნიშნავ, რომ საარქივო მასალების მიხედვით დიმიტრი ჯაშის გადაბირება, ,,დააგენტურება”, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საქმის ძიებისას, 1907 წლის სექტემბერ-ოქტომბერში მოხდა, რის შესახებაც დაწვრილებითი ინფორმაცია მკითხველს შეუძლია ნახოს ჩემს კვლევებში.(16) აქ კი, მხოლოდ აღვნიშნავ, რომ 1908 წელს დ. ჯაში არ ,,აქტიურობდა”, იყო ,,ჩრდილში’’, როგორც დროებით უმოქმედო, ,,დაკონსერვებული” აგენტი. შესაბამისად, მისი აგენტობის დამადასტურებელი დოკუმენტები - ხელფასის აღების უწყისები, ,,ოხრანკისათვის~ მიცემული ინფორმაციები 1909 წლითაა დათარიღებული. ვფიქრობ, მის მიერ აგენტურული საქმიანობის დაგვიანებით დაწყება ორი მიზეზის გამო მოხდა. პირველი ის, რომ მას პატიმრობის შემდეგ, გარკვეული დრო სჭირდებოდა კავშირების აღსადგენად ,,ოხრანკისათვის” საინტერესო პარტიების წევრებთან, და მეორე, ჩანს თავისი როლი ითამაშა თბილისის ,,ოხრანკის” ხელმძღვანელების ცვლილებამ 1908 წლის დასაწყისში. ამ თემაზეც შეგიძლიათ ნახოთ საინტერესო მასალები ჩემს კვლევებში.

      დიმიტრი ჯაშის აგენტურული საქმიანობის გამჟღავნება უკავშირდება 1911 წელს მომხდარ ამბავს, როდესაც დიმიტრი ჯაშმა ბომბების დასამზადებელი მასალები მიუყარა პიროვნებას, ვისთანაც ჰქონდა დაპირისპირება, შემდეგ კი ის დააბეზღა ,,ოხრანკაში”. გაირკვა რა აგენტის მიერ დანაშაულის ხელოვნურად შექმნის ფაქტი, თბილისის ,,ოხრანკის” განყოფილების ახალმა უფროსმა, საკუთარი აგენტი დიმიტრი ჯაში, მეტსახელით ,,სლუჩაინი” დააპატიმრა და გადააგზავნა მეტეხის ციხეში.(17) აი, ესაა ის ისტორია, რომელმაც დაუდო საფუძველი ილია ჭავჭავაძის მკვლელობის პერიოდში დიმიტრი ჯაშის ,,პროვოკატორობის” და ,,ოხრანკის“ აგენტობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.

    დიმიტრი ჯაშის ,,ოხრანკის“ აგენტობაზე, 1909 წლიდან 1911 წლამდე პერიოდში, ფართო საზოგადოებას წარმოდგენა არ ჰქონდა. დიმიტრი ჯაშის აგენტურული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, სწორედ 1911 წელს გამართული სასამართლო პროცესის დროს გახდა ცნობილი. როგორც საარქივო მასალებიდან ჩანს, აგენტი ჯაში, ,,სლუჩაინის’’ მეტსახელით ,,ოხრანკისათვის” ინფორმაციის მიწვდას 1911 წლის ივნისამდე, ანუ მის დაპატიმრებამდე აგრძელებდა.

     1911 წლის ივნისში დაპატიმრებული დიმიტრი ჯაში, 1912 წლის ნოემბერში ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, ბაქოში გადავიდა სამუშაოდ, რადგან საქართველოში აღარ დაედგომებოდა. 1912-1913 წლებში იგი ბაქოში რკინიგზაზე რევიზორად მუშაობდა და ყალბი ბილეთების გაყიდვის გამო დააპატიმრეს და 1915 წლის მარტიდან ნოემბრის ჩათვლით 8 თვე ციხეში იჯდა.(18)

       1916 წელს დიმიტრი ჯაშმა მუშაობა დაიწყო კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბთან მოქმედ კონტრდაზვერვის განყოფილებაში პოლკოვნიკ ბასოვთან. პოლკოვნიკ ბასოვის დავალებით, სამხედრო უწყებისათვის საჭირო ინფორმაციის შეგროვების მიზნით 1916 წლის სექტემბრის ბოლოს იგი იმყოფებოდა ელიზავეტოპოლის გუბერნიაში და იმავე წლის ნოემბრის დასაწყისში კი, შავი ზღვის სანაპიროზე.(19) სხვათა შორის, ჩემს მიერ მოზიებულ ერთ-ერთ დოკუმენტში დარია ჯაში ამბობს, რომ 1916 წელს დიმიტრი ჯაშს შავი ზღვის სანაპირო ზოლში, სოფლად მცხოვრები გერმანიის ჯაშუში აღმოუჩენია და თბილისში ბასოვთან ,,ჩამოუყვანია“.

       ზემოთ უკვე მივუთითე, რომ დიმიტრი ჯაში თავისი ,,აგენტურული“ წარსულის მიუხედავად ციხიდან განთავისუფლების შემდეგ გარდაცვალებამდე, სოციალ-დემოკრატების ორივე ფრთის მენშევიკების და ბოლშევიკების ხელისუფლებაში ყოფნის დროს - 1918-1922 წლებში სახელისუფლებო ორგანოებში საკმაოდ შემოსავლიან ადგილებზე მუშაობდა. სწორედ სამსახურებრივი საკითხი გახდა დიმიტრი ჯაშისა და მისი ცოლისძმის უთანხმოების მიზეზი. იგი ცოლისძმის ხელით გასროლილი ტყვიის მსხვერპლი აღმოჩნდა და დაიღუპა 1922 წლის ივნისში. როგორც თანამედროვეების მოგონებებიდან ჩანს, არავითარ წინასწარგანზრახვით მკვლელობას ადგილი არ ჰქონდა - ეს უბედური შემთხვევა იყო.(20)

         დიმიტრი ჯაში ჭკვიანი, თავისი წრის სტამბის მუშების უმეტესი ნაწილისაგან განსხვავებით, საკმაოდ განათლებული ადამიანი იყო. როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, იგი სოციალ-დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერ ღონისძიებებში მონაწილეობდა, სოციალ-დემოკრატების ,,სამხედრო სალაროსათვის“ ფულს აგროვებდა, ასრულებდა ტერორისტული და ექსპროპრიაციული აქტების რიგითი დამგეგმავის ფუნქციას და რაც მთავარია, იგი დარია ჯაშის ინფორმაციით, ილიკო იმერლიშვილის მეგობარი, ამხანაგი იყო.

          კოტე გორდელაძის აზრით, დიმიტრი ჯაში მუშაობდა რა გაზეთ ,,ივერიის“ სტამბაში და ახლოს იცნობდა ილია ჭავჭავაძის დას და მისგან რეკომენდაციის მიღება იოლად შეეძლო.(21) ეს კი ცხადია, იცოდნენ იმ ადამიანებმაც, ვინც ილია ჭავჭავაძის მოურავი მოსე მემარნიშვილი და მისი მეუღლე სიცოცხლეს უსასტიკესად გამოასალმეს. მოსე მემარნიშვილი ხანჯლებით ისე დაჩეხეს, რომ თავი თითქმის მოაჭრეს. ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შესახებ დაწერილი შრომების ავტორების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს იყო ადგილობრივი ,,წითელ რაზმელების“ მიერ, ილია ჭავჭავაძის მოსაკლავად შემუშავებული ტერორისტული აქტის ერთ-ერთი რგოლი. ცნობილია, რომ ილიას მოურავის მოსე მემარნიშვილის მკვლელობა, რომელიც ილიას უერთგულესი ადამიანი იყო, ჩაიდინეს ილია ჭავჭავაძის მკვლელებმა. საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში დაცულია სოფიო უნდილაშვილის მოგონება, რომელშიც იგი ილია ჭავჭავაძის მკვლელებს - ივანე ინაშვილს, პავლე ფშავლიშვილს და გიგლა ბერბიჭაშვილს, მოსე მემარნიშვილის მკვლელებად ასახელებს. საარქივო დოკუმენტების ანალიზიც ადასტურებს, რომ მოსე მემარნიშვილის მკვლელობა, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მსგავსად, საკმაოდ ორგანიზებულად განხორციელდა, რაც მეტყველებს მის წინასწარ დაგეგმვაზე.

      ძალიან საინტერესოა, კოტე გორდელაძის ნაშრომში დაცული, დიმიტრი ჯაშის მეუღლის დარია ჯაშის სიტყვები: ,,როდესაც დიმიტრი წასვლას აპირებდა ილიას მოურავად, ნოე რამიშვილს უთქვამს, რომ პარტიის რიგებიდან გაგრიცხავ, თუ მართლა ილიას მოურავად დადექიო’’.(22) 1907 წლის 19 სექტემბერს დარია ჯაშმა დაკითხვისას განაცხადა, რომ მისი მეუღლე: ,,ტიფლისკი ლისტოკის“ სტამბაში მუშაობდა, საიდანაც აპრილში წავიდა, მაგრამ ხელფასს ივლისამდე ღებულობდა. ივნისში კი ილია ჭავჭავაძესთან დაიწყო მოურავად მუშაობა.“(23)  იგივე აზრს იმეორებს დარია ჯაში, 1941 წლის 6 ივნისს თავის ჩვენებაში, გ. ბერბიჭაშვილის სასამართლო პროცესამდე წინასწარი დაკითხვისას: ,,სანამ ილიასთან მოურავად წავიდოდა, დიმიტრი ჯაში თავისი ნებით წავიდა სტამბიდან და ნოე რამიშვილმა ადგილიდან მოხსნა და პარტიიდანაც გარიცხა... ვიდრე მოურავად დადგებოდა წინა ხანებში დიმიტრი ჯაშს ხელფასი 130 მანეთი ჰქონდა’’.(24) ანუ, რაღაცა მიზეზის, თუ მიზეზების გამო დიმიტრი ჯაშმა უარი თქვა საკმაოდ კარგ, შემოსავლიან სამსახურზე და ილია ჭავჭავაძის მოურავად დაიწყო მუშაობა.

        1941 წელს გ. ბერბიჭაშვილის სასამართლო პროცესზე უშანგი ჯაშის ჩვენების მიხედვით მისი ძმა - დიმიტრი ჯაში 1904 წელს ,,თავართქილაძის სტამბაში’’ ასოთამწყობად მუშაობდა, ხოლო 1905 წელს ,,ივერიის” სტამბაში’’.(25) კავკასიის რაიონული ,,ოხრანკის” ერთ-ერთ საქმეში არსებული ინფორმაციით, ილიკო იმერლიშვილი ოფიციალურად მუშაობდა ასოთამწყობად ,,თავართქილაძის სტამბაში’’ 1907 წლის ოქტომბრამდე.(26)

       ყურადღებას ამ საკითხზე იმიტომ ვამახვილებ, რომ არ არსებობს არავითარი დამამტკიცებელი საბუთი, დიმიტრი ჯაში საგურამოში ჩასვლამდე იცნობდა, ან ჰქონდა რაიმე კავშირი ილია ჭავჭავაძეზე განხორციელებული თავდასხმის სამ მონაწილესთან. ვგულისხმობ - პავლე ფშავლიშვილს, გიგლა ბერბიჭაშვილს და ივანე(ვანო) ინაშვილს. მასალების მიხედვით, ერთადერთი ადამიანი, ვისაც ილია ჭავჭავაძის მკვლელებიდან ის ადრევე იცნობდა - ილიკო იმერლიშვილი იყო.

   

 

ილია ჭავჭავაძის მსახური სოფიო უნდილაშვილი და მისი ვაჟი სანდრო უნდილაშვილი

 

      საგურამოში ცხოვრობდა და ილიას უშუალო გარემოცვაში შედიოდა სოფიო უნდილაშვილი. ის იყო ილიას მსახური - ილიას ,,ხაბაზი” - იგი ასე იხსენიება კოტე გორდელაძის მიერ, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შესახებ შეგროვებული მასალებში.

    სოფიო უნდილაშვილი დაბადებულა 1853 წელს და წარმოშობით დუშეთის მაზრის სოფელ კოტორაანთკარიდან ყოფილა. იგი გაუთხოვებიათ სოფელ საგურამოში ზურაბ უნდილაშვილზე და მისი სიტყვებით, რომელიც 1930-იანი წლების დასაწყისში ჩაიწერა გიორგი ტატიშვილმა - ,,სიღარიბის გამო ქმარ-შვილით ბატონებს ვემსახურებოდი - სტაროსელსკის და ილია ჭავჭავაძეს”.(27) 

         საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო ფონდებში არსებული დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ილია ჭავჭავაძის სახლში საგურამოში, ილიას მკვლელობის ორგანიზატორებს და მკვლელობის შემსრულებლებს, დიმიტრი ჯაშთან ერთად სხვა თანამზრახველებიც ჰყავდათ. ახლად მოძიებული საარქივო დოკუმენტებიდან ჩანს, რომ სოფიო უნდილაშვილმა დანამდვილებით იცოდა, თუ ვინ იყვნენ ილიას მკვლელობის მონაწილეები და იგი მათი ფარული თანამზრახველიც იყო.

     ილიას მოურავის მოსე მემარნიშვილის მკვლელობის დროს, სწორედ სოფიო უნდილაშვილი იმყოფებოდა შემთხვევის ადგილთან ახლოს. მოსე მემარნიშვილის მკვლელობის საქმეზე დუშეთის მაზრის უფროსის მიერ ჩატარებული მოკვლევის ოქმის მიხედვით, 1907 წლის 7 ივნისს სოფიო უნდილაშვილი თონეში აცხობდა პურს, როდესაც მისი ჩვენებით მას ორი პირი დაესხა თავზე. მათ იგი გააკავეს, ხოლო სხვები კი შეიჭრნენ მოსე მემარნიშვილის საცხოვრებელში. მისი სიტყვებით მან გრძნობა დაკარგა და თავდამსხმელებიდან ვერავინ იცნო.

        საბჭოთა პერიოდში კი, 1956 წელს, მისი მოგონება ჩაუწერიათ ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახლ-მუზეუმში, სადაც ვკითხულობთ - ,,ერთხელ დღისით ილიას სახლთან მივიდა ოთხი კაცი: პავლე ფშავლიშვილი, ვანო ინაშვილი, გიგლა ბერბიჭაშვილი და ერთი ვიღაც უცნობი. სახლის წინ მოურავი მოსე დადიოდა. გიგლამ ის შეაჩერა და მკაცრი ხმით მიმართა, მოსე კიდევ აიღებ ღალასო… ბერბიჭაშვილი საცემრად გაქანდა მოსესკენ. მოსე თავის ოთახში შევარდა. გიგლა და მისმა ამხანაგები მიჰყვნენ მას. მოსე და მისი ცოლი მოჰკლეს და გაიქცნენ’’.

      სოფიო უნდილაშვილი 1910 წელს იგი კვლავ ილიასეულ საგურამოს მამულში ცხოვრობდა. ამავე წელს იგი დააპატიმრეს და ,,ყაჩაღებთან კავშირის’’ ბრალდებით დონის როსტოვში გადაასახლეს. სოფიო უნდილაშვილი 1912 წელს, ლადო ფეიქრიშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაააპატიმრეს. ამ საქმის ძიების მასალებში მისი ჩვენებაა დაცული - ,,იგი 1910 წლის ოქტომბერში ყაჩაღების მფარველობის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით გაასახლეს დუშეთის მაზრიდან ქალაქ როსტოვში’’.(28) სოფიო უნდილაშვილის სიტყვებით, მან თვითნებურად დატოვა გადასახლების ადგილი და ჩამოვიდა საქართველოში. ჯერ თბილისში ცხოვრობდა, ხოლო შემდეგ კი ელიზავეტოპოლში.

      სხვადასხვა მასალების შეჯერებით ირკვევა, რომ საგურამოს ტერიტორიაზე მოქმედი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ,,წითელი რაზმის“ ხელმძღვანელ, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მონაწილე ილიკო იმერლიშვილთან სოფიო უნდილაშვილს და მის შვილ სანდრო უნდილაშვილს, ახლო კავშირები გააჩნდათ. სოფიო უნდილაშვილი1933 წელს დაწერილ მოგონებაში ამ ფაქტს სრულად ადასტურებს: ,,რითაც შემეძლო ხელს ვუწყობდი წითელ რაზმელებს და პროპაგანდისტებს. ხშირად მოდიოდნენ. ვინახავდი ბინით და საჭმლით. ვუნახავდი თოფსა და სხვა იარაღებს, რადგან ჩემი შვილი სანდრო მათთან იყო წითელ რაზმში – ლადო ფეიქრიშვილის, ილიკო იმერლიშვილის რაზმელებს და სხვებს’’.(29)

       1910 წელს საგურამოში ილიასეულ მამულში მცხოვრები მასწავლებლის, ილია რუხაძის მოგონებაში სოფიო უნდილაშვილის და ‘’წითელ რაზმელ“ ლადო ფეიქრიშვილის ,,კარგ“ მეგობრობაზეც ვხვდებით ინფორმაციას. ი. რუხაძე პირდაპირ უთითებს - ,,როდესაც ,,ტყის ძმები” და მათი მეთაური ლადო ფეიქრიშვილი საგურამოს მამულში გამოჩნდებოდნენ, სოფიოსაც მოინახულებდნენ, მამულის პურ-ღვინოს მიირთმევდნენ, ღამეს სათონეში გაათენებდნენ და დილით ადრე, სანოვაგით დატვირთული ტყეს აფარებდნენ თავს’’.(30)

     აღსანიშნავია, რომ სოფიო უნდილაშვილის კავშირს იმ დროს საგურამოში მოქმედ ,,წითელ რაზმელებთან” და ,,კარგ” ინფორმირებულობას ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გარემოებების შესახებ, ადასტურებს გიგლა ბერბიჭაშვილის სასამართლო პროცესზე, დარია ჯაშის მიერ მიცემული ჩვენებებიც - ,,პურის მცხობელი სოფიო ხშირად მეტყოდა სოფელ ახატნის მცხოვრებნი ილიას მოკვლას უპირებენო“. იგივე აზრი დარია ჯაშს გამოთქმული აქვს 1930-იან წლებში დაწერილ მოგონებებში - ,,სოფიო უნდილაშვილმა და მზარეულმა ხარიტონმა... მითხრეს, რომ ახატნის ბიჭები ემზადებიან ილიას მოსაკლავად და თქვენც დიდი სიფრთხილე გმართებთო’’.(31)

      სოფიო უნდილაშვილის ვაჟი სანდრო უნდილაშვილი, ილიას მკვლელობის დროს დედასთან ერთად ცხოვრობდა საგურამოში. მასწავლებელ ილია რუხაძის მოგონებებიდან ვიცით, რომ ,,1910 წელს, ილიასეულ საგურამოს მამულში კვლავ ცხოვრობდნენ მეფუტკრე დანიელ მასლოვი, პურის მცხობელი ქალი სოფიო და მისი ვაჟი შაქრო’’, იგივე სანდრო უნდილაშვილი. ილია რუხაძე სანდრო უნდილაშვილის და მისი დედის სოფიოს დახასიათებისას, ხაზს უსვამს მათ უარყოფით დამოკიდებულებას გარდაცვლილ ილია ჭავჭავაძისადმი

       1933 წლით დათარიღებულ სოფიო უნდილაშვილის ვაჟის, სანდრო უნდილაშვილის ავტობიოგრაფიაში კი ნათქვამია, რომ იგი იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი - ,,რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობა მივიღე 1905 წელს  ქ. თბილისში ... გავიცანი გიორგი ტატიშვილი, წითელ რაზმელი ლადო ფეიქრიშვილი და მაშინვე დავიწყე მუშაობა რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიაში’’.(32)        

      სანდრო უნდილაშვილმა, როგორც ,,წითელ რაზმელმა“ მისი სიტყვებით მონაწილობა მიიღო დუშეთის მაზრის მსხვილი მემამულის, თავად ნიკოლოზ ხიმშიევის(ხიმშიაშვილი) მკვლელობაში. რამდენად რეალობას შეესაბამება ეს ინფორმაცია ჯერ-ჯერობით დაუდგენელია, მაგრამ გიორგი ტატიშვილის მოგონებები ადასტურებს თავად ნიკოლოზ ხიმშიევის მკვლელობას 1909 წელს, სოციალ-დემოკრატიული პარტიიის, საგურამოს ,,რაიონული” ორგანიზაციის საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე, რაზეც ვრცლად ქვემოთ ვისაუბრებთ.(33)

       სანდრო უნდილაშვილი, რომ მცხეთის და საგურამოს ტერიტორიაზე სოციალ-დემოკრატიული პარტიის ,,წითელ რაზმელების” ჩადენილი ტერორისტული აქტების აქტიური მონაწილე იყო, დასტურდება სხვა დოკუმენტითაც. ამ დოკუმენტში სანდრო უნდილაშვილი ადასტურებს თავისი დედის სოფიო უნდილაშვილის კავშირს, საგურამოს ტერიტორიაზე მოქმედი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ,,წითელი რაზმის“ წევრებთან: ,,1910 წელს დედაჩემი დაიჭირეს ჩემი მიზეზით და ჩემი ამხანაგების, რადგან ხშირად გვიხდებოდა დედაჩემთან მისვლა”.(34)

     საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში, კერძოდ, 1936 წლის შემდეგ, დაიწყო რა ილიას მკვლელობის გარემოებების გაყალბება, შესაბამისად, სოფიო უნდილაშვილის და მისი ვაჟი სანდრო უნდილაშვილის მოგონებებიდან გაქრა ინფორმაციები, რომ ისინი დაახლოებული იყვნენ საგურამოს ტერიტორიაზე მოქმედი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ,,წითელ რაზმელებთან” და ილიკო იმერლიშვილთან.

          ახლად მოძებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ილია ჭავჭავაძის მეეტლე თედო ლაბაური, საგურამოში მოქმედ სოციალ-დემოკრატიული პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციასთან და ,,წითელ რაზმთან“ იყო დაკავშირებული. მცხეთის რაიონის ,,ძველ რევოლუციონერთა გამომკვლევი კომისიის” კრების, 1932 წლის 7 დეკემბრით დათარიღებული ოქმის მიხედვით: ,,საქართველოს ცეკადან მივლინებული ამხანაგის - ვანო გურული(ალიხანაშვილი) და სხვების თანდასწრებით“, ,,ძველ“ სოციალ-დემოკრატებს შეუდგენიათ საგურამოს ტერიტორიაზე მოქმედი რევოლუციონერების სია. ,,საგურამოს თემში დახოცილ რევოლუციონერთა” სიაში ჩამოთვლილ პირებს შორის წერია - პავლე ფშავლიშვილი, რომელსაც მიწერილი აქვს - ილიას მოურავის მკვლელი. შემდეგ წერია ,,ვანო ინაშვილი - ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გამო დაახრჩეს’’ და აქვე მათთან ერთად წერია თედო ლაბაური. სხვათა შორის, ამავე სიებში საგურამოს ტერიტორიაზე აქტიურ რევოლუციონერად და ,,წითელ რაზმელად” გიგლა ბერბიჭაშვილიცაა დასახელებული.(35) 

 

 

                    თავი II - ილიკო იმერლიშვილი და მისი პარტიული კუთვნილება

 

       ილიკო იმერლიშვილი დაბადებულა 1885 წელს მცხეთაში. 1920-1930-იან წლებში მცხეთის და საგურამოს ,,ძველი რევოლუციონერების” მიერ დაწერილ ილიკო იმერლიშვილის ბიოგრაფიიდან და საარქივო მასალების ანალიზიდან ირკვევა, რომ იგი 1907-1910-იან წლებში, დუშეთის მაზრაში მოქმედ ე.წ. ,,წითელ რაზმს” ხელმძღვანელობდა.  საბჭოთა პერიოდში მკვლევარები ილიკო იმერლიშვილს ბოლშევიკად და მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლ ,,ცნობილ ტერორისტად’’ მოიხსენიებდნენ. შესაბამისად, მის საქმიანობასაც დადებითად აფასებდნენ.  მაგალითად, ალეკო სანადირაძის წიგნში - ,,ცხრაასხუთელი პარტიზანები” ვკითხულობთ - ,,რეაქციის პერიოდში მოქმედი წითელი პარტიზანების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი ილიკო იორდანეს ძე იმერლიშვილი ,,მცხეთელი” დაიბადა დაბა მცხეთაში, ღარიბი გლეხის ოჯახში. სწავლობდა მცხეთის სამრევლო სკოლაში, სადაც მხოლოდ სამი განყოფილების დამთავრება მოახერხა ხელმოკლეობის გამო. გაჭირვებამ აიძულა პატარა ილიკო ხელზე მოსამსახურედ დამდგარიყო და ორიოდე გროშით დახმარებოდა წვრილშვილიან, ინვალიდ მამას. ცხრაასიან წლებში იმერლიშვილი ჩამოდის თბილისში და იწყებს მუშაობას ვინმე კოზლოვის სტამბაში... სწორედ აქ ჩაება იმერლიშვილი არალეგალურ მუშათა მოძრაობაში... 1905 წლის ბობოქარ დღეებში, თბილისის ქუჩებში, მუშებსა და შავრაზმელებს შორის მომხდარი ერთ-ერთი შეტაკების დროს, 17 წლის ილიკო მძიმედ დაიჭრა გულის არეში. მეგობრებმა იგი მთაწმინდის უბანში მოათავსეს საიმედო ოჯახში და ფარულად მკურნალობდნენ... გამოჯანმრთელების შემდეგ... რეაქციის პირველ ხანებში ილიკო იმერლიშვილი ასრულებს არალეგალური პარტიული ორგანიზაციების საგანგებო დავალებებს. ერთ-ერთი მორიგი დავალების შესრულებისას (სახელდობრ მატარებელზე თავდასხმა) იგი დააპატიმრეს და ჩასვეს მეტეხის ციხეში. მას ჩამოხრჩობა მოელოდა’’.(36)

     ანტონ ხინთიბიძე კი, 1989 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში წერდა - ,,ი. იმერლიშვილმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 1905 წელს მეფის მთავრობის მიერ მოწყობილ სომეხ-თათართა შეტაკების ლიკვიდაციაშიც. იგი ერთ-ერთი ხელმძღვანელთაგანი იყო იმ შეიარაღებული  რაზმებისა, რომლებიც ამ ხოცვა-ჟლეტის ლიკვიდაციისათვის იბრძოდნენ’’.(37)

     ამავე მასალაში ავტორი ილიკო იმერლიშვილის ოჯახის წარმომავლობასაც ეხება. მისი სიტყვებით  - ,,ქართლში იმერლიშვილები, როგორც ელენე და ანიჩკა იმერლიშვილებმა (ილიკოს დებმა) გადმოგვცეს, იმერეთიდან ყოფილან გადმოსულები. (ლეჩხუმიდან, სოფ. ჩხუკუშადან) ,,ბატონს გამოქცევია ჩვენი პაპის პაპა’’, ამბობს ელენე. ბატონისაგან გამოქცეულს თავის დაფარვის მიზნით, გვარიც გამოუცვლია, თორემ უწინ ის კეთილაძე ყოფილა. გვარიც ,,იმერეთი”-დან წარმომდგარა: ,,რადგან ,,იმერეთიდან იყვნენ, იმერლიშვილად დაწერეს” გადმომცა ანიჩკამ’’.

    სწორედ მათი ოჯახის სადაურობასთან, ა.ვ. წარმოშობასთან არის დაკავშირებული ილიკო იმერლიშვილის მეტსახელი ,,იმერელი“. საქმე იმაშია, რომ 1905-1906 წლებში ილიკო იმერლიშვილს თბილისში იცნობდნენ მეტსახელით ,,მცხეთელი”. ჩემი მოძიებული მასალებიც ადასტურებს, რომ მას თბილისელი ,,პარტიული ამხანაგები’’, ასევე სამძებრო პოლიციის ჩინები ,,მცხეთელის”-ს და ,,ილია მცხეთელი”-ს მეტსახელით მოიხსენიებდნენ.

      1906 წლის ბოლოდან, თბილისიდან დუშეთის მაზრაში ხელისუფლების რეპრესიებს გარიდებული და როგორც ქვემოთ ვნახავთ, ადგილობრივი ,,წითელი რაზმის“ ხელმძღვანელად არჩეული ილიკო იმერლიშვილის მეტსახელი მცხეთაში არა ,,მცხეთელი’’, არამედ მისი ოჯახის და გვარის წარმოშობის შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობისგან შერქმეული მეტსახელი - ,,იმერელი“ იყო. ფართოდ ამ საკითხს ქვემოთ შევეხები.

       მასალების მიხედვით, ილიკო იმერლიშვილი უშუალოდ დაკავშირებული იყო, არა მარტო ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მონაწილე პირებთან - გიგლა ბერბიჭაშვილთან, პავლე ფშავლიშვილთან, ივანე ინაშვილთან და კარგად იცნობდა ილია ჭავჭავაძის მოურავ დიმიტრი ჯაშს, არამედ ახლოს იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის ორივე ფრთის ცნობილ წარმომადგენლებთან. ილიკო იმერლიშვილი, რომელიც 7-8 წლის ასაკიდან  სხვადასხვა სტამბებში მუშაობდა, ჯერ შეგირდად, შემდეგ ასოთამწყობად და სწორედ თბილისში, ერთ-ერთ სტამბაში გასცნობია, იმ დროს ცნობილ ბოლშევიკ ტერორისტს - ალექსანდრე(საშა) ობოლაძე და დამეგობრებულა

    15-16 წლის ასაკში ილიკო იმერლიშვილი სოციალ-დემოკრატიული პარტიის აქტიური წევრი გამხდარა. მისი ძმის გიორგი იმერლიშვილის, ასევე ,,მეგობრების” მიერ დაწერილ მის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ თავდაპირველად ილიკო იმერლიშვილი გაუგზავნიათ დუშეთის მაზრაში არალეგალური საქმიანობის წასამართავად, ხოლო 17 წლის ასაკში იგი შესულა - ,,წითელი პარტიზანების” რაზმში, რაშიც ჩანს იგულისხმება სოციალ-დემოკრატიული პარტიის ,,წითელი რაზმი“.(38)

        სხვა საარქივო დოკუმენტის მიხედვით გარკვეულწილად დასტურდება, რომ 1906 წელს, ილია ჭავჭავაძის მკვლელობამდე ერთი წლით ადრე, ილიკო იმერლიშვილი დაკავშირებული იყო, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალურ ორგანოებთან. იმ დროს დუშეთის მაზრაში და თბილისში ,,მოღვაწე’’ ერთ-ერთი ცნობილი სოციალ-დემოკრატი ტერორისტის, რომანოზ(რამანა) თარაშვილის მეგობრების და ,,ამხანაგების“ მიერ, 1935 წელს დაწერილ ბიოგრაფიაში ვკითხულობთ - ,,1906 წელს ... დიდმა ღორმა (ტერორისტის მეტსახელია - თ.ს.) და რამანა თარაშვილმა თბილისის კომიტეტის დავალებით თბილისში მოკლეს ჯაშუში ღვინიაშვილი ... ამავე წელს საგურამოს რაიონში თავადაზნაურობას ჩამოართვეს იარაღი თარაშვილმა, ილიკო იმერლიშვილმა და დიდმა ღორმა და გადასცეს თბილისის კომიტეტს“.(39)

       დღეისათვის გამომზეურებულ სხვა უამრავ დოკუმენტში ილიკო იმერლიშვილი, 1906-1914 წლებში დუშეთის მაზრაში, კერძოდ მცხეთის და საგურამოს ტერიტორიაზე მოქმედი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ,,წითელი რაზმის“ ხელმძღვანელადაა დასახელებული. საარქივო მასალების მიხედვით, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ორგანიზაციული დაყოფის პრინციპიდან გამომდინარე, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ადგილობრივი ორგანოების გადაწყვეტილებების შესაბამისად, მცხეთის და საგურამოს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების ჩადენა სწორედ ილიკო იმერლიშვილს ევალებოდა. აღნიშნული ფაქტი დასტურდება 1905-1921 წლებში სოციალ-დემოკრატიული პარტიის აქტიური წევრის, 1908-1914 წლებში დუშეთის მაზრის სოციალ-დემოკრატიული პარტიის სამაზრო კომიტეტის ხელმძღვანელის გიორგი ტატიშვილის მოგონებებით. მისი სიტყვებით - ,,დუშეთის მაზრის კომიტეტის კრებაზე გადავწყვიტეთ ბოქაულ ქუმსიაშვილის და დუშეთის მაზრის სტრაჟნიკების უფროსის საშა ნათიშვილის სიკვდილი. ეს დავალება მივეცით მცხეთის რაიონის წითელი რაზმის უფროს ამხ. იმერლიშვილს, რადგან ეს სკოლა და  ონიკაშვილის დაპატიმრება, დაღუპვა, იმის რაიონში - საგურამოში მოხდა’’.(40)

     1905-1907 წლებში, სოციალ-დემოკრატიული პარტიის აღმოსავლეთ საქართველოში მოქმედი ,,წითელი რაზმების“ გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის ვანო ალიხანაშვილის მონაწილეობით, 1930-იანი წლების დასაწყისში  ,,ძველი“ რევოლუციონერების სიების შედგენა დაიწყო. დუშეთის რაიონში ძველი რევოლუციონერების მიერ, 1933 წლის 6 იანვარს შედგენილი სიის მიხედვით, დუშეთის მაზრაში მოქმედი რევოლუციონერების ჩამონათვალში ილიკო იმერლიშვილი ,,ცენტრიდან“ მივლინებულ სამხედრო ხელმძღვანელებს შორისაა დასახელებული. მომდევნო დოკუმენტში კი ნათქვამია, რომ საგურამოს რაიონში ილიკო იმერლიშვილი მეთაურობდა ,,წითელ რაზმელთა” მე-3 რაზმს.(41) ამ და სხვა საარქივო მასალებიდან ნათლად ჩანს, რომ არა მარტო ილიკო იმერლიშვილი, არამედ გიგლა ბერბიჭაშვილი, პავლე ფშავლიშვილი და ივანე ინაშვილი იყვნენ დუშეთის მაზრაში მოქმედი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ,,წითელი რაზმის“ წევრები.(42)

           1936 წლის შემდეგ, როდესაც ლავრენტი ბერიას მითითებით, პარტიული ფუნქციონერი კოტე გორდელაძე იწყებს ილიას მკვლელობის შესახებ მასალების შეგროვებას, ძველი რევოლუციონერები თავის მოგონებებში უკვე აღარ ახსენებდნენ, რომ ილიკო იმერლიშვილი საგურამოს ტერიტორიაზე მოქმედი ,,წითელი რაზმის” უფროსიც იყო. მაგალითად, გიორგი ტატიშვილი 1949 წელს სსსრ უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის და საქართველოს რესპუბლიკის პროკურორის თანაშემწის სახელზე დაწერილ წერილში, ილიკო იმერლიშვილს უკვე, მხოლოდ მცხეთის რაიონის ტერიტორიაზე მოქმედი ,,წითელი რაზმის“ უფროსად მოიხსენიებდა. რაც შეეხება საგურამოს ტერიტორიაზე მოქმედი ,,წითელი რაზმის“ ხელმძღვანელის ვინაობას, ასეთად იგი ლადო ფეიქრიშვილს ასახელებდა.(43)

      არადა, საინტერესოა, რომ 1934 წლამდე დაწერილ ერთ-ერთ მოგონებაში გიორგი ტატიშვილი ილიკო იმერლიშვილზე წერდა - დუშეთის მაზრის ტერიტორიაზე მოქმედი ,,წითელ რაზმელების“ საერთო კრებაზე დუშეთის რაიონში ,,ავირჩიეთ საერთო ხელმძღვანელი წითელი რაზმის უფროსი  ილიკო იმერლიშვილი, თანაშემწედ ვასო ფარეშიშვილი“.(44) აღსანიშნავია ისიც, რომ ერთ-ერთ საარქივო დოკუმენტში ილიკო იმერლიშვილი დასახელებულია დუშეთის მაზრაში სოციალ-დემოკრატიული პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელადაც.(45)

         აქვე მინდა დავაზუსტო ილიკო იმერლიშვილის პარტიული კუთვნილება. საქმე იმაშია, რომ 1905-1907 წლებში მენშევიკებიც და ბოლშევიკებიც ერთმანეთთან აქტიურად თანამშრომლობდნენ, მაგრამ როგორც ირკვევა ილიკო იმერლიშვილი ბოლშევიკებთან უფრო ახლოს იყო. ამ უკანასკნელის ბოლშევიკური პარტიისადმი კუთვნილება დასტურდება ილიკო იმერლიშვილის მეგობრების და ,,ამხანაგების” მიერ, 1934 წლის იანვარში დაწერილ მის ბიოგრაფიაში - ,,ილიკო იმერლიშვილი 1904 წლის დამლევს თუმცა, ჯერ პატარა იყო, დიდი საკითხისათვის ჯერ მომზადებული არ იყო, მაგრამ ინსტიქტურად ბოლშევიკურ ფრაქციის მუშაობას ემხრობოდა და მთელი თავისი ძალღონით ამტკიცებდა ბოლშევიკური ფრაქციის უპირატესობას. ამ ხნიდან ილიკო მოექცა ბოლშევიკური ფრაქციის გავლენის ქვეშ და პრაქტიკული მუშაობის დროს საშა ობოლაძეს არ შორდებოდა.(46)

     ილიკო იმერლიშვილს ცნობილ დუშელ ბოლშევიკ ,,წითელ რაზმელად“ მოიხსენიებდა, 1905-1907 წლებში კახეთში მოღვაწე სოციალ-დემოკრატი რევოლუციონერი კოტე გურგენიშვილი თავის მოგონებებში - ,,1905 წლის ოქტომბრის დამლევს ამხანაგ სტალინის დავალებით მოხდა თბილისის გუბერნიის ყველა წითელი რაზმების გაერთიანება, სადაც არჩეულ იქნა შტაბი. ამ შტაბს დაერქვა ქართლ-კახეთის გაერთიანებული წითელ რაზმელთა შტაბი. ამ შტაბის უფროსად ხელმეორედ არჩეულ იქნა ამხ. ვანო ალიხანაშვილი(ვანო გურული, ხუნხუზა), შტაბში თელავის მაზრიდან შეყვანილ იქნენ აქვსენტი სიდამონიძე და სანდრო ყაველაშვილი, გორის მაზრიდან ვანო ქრისტესიაშვილი და გიორგი მაჩაბელი, სიღნაღის მაზრიდან ნიკო ქადაგიშვილი, დუშეთის მაზრიდან ილიკო იმერლიშვილი. სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ გარდა ალიხანაშვილისა(ხუნხუზასი) ვანო ქრისტესიაშვილისა და ილიკო იმერლიშვილისა, ყველა მენშევიკი წითელრაზმელები იყვნენ’’.(47)

      საინტერესოა, რომ ამავე მასალაში დასტურდება იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილის (სტალინი) ხელმძღვანელი როლი თბილისის გუბერნიის ,,წითელი რაზმელების” საქმიანობის წარმართვაში და ასევე მისი შესაძლო ნაცნობობა ილიკო იმერლიშვილთან -  ,,წითელი რაზმელების თანხლებით 12 იანვარს ამხანაგ სტალინის ხელმღვანელობით სოფელ საგარეჯოში მოეწყო ქართლ-კახეთის წითელ რაზმელთა სამხედრო შტაბის თათბირი’’.(48) სხვა დოკუმენტის მიხედვით ამ თათბირს დასწრებიან - საშა ობოლაძე, არკადი ელბაქიძე, კამო(ტერ-პეტროსიანი) ილიკო იმერლიშვილი, ვასო ფარეშიშვილი, რომან თარაშვილი და სხვები.(49)

      ცნობილია, რომ ოფიციალურად ილიკო იმერლიშვილი 1914 წელს დაიღუპა, უფრო სწორედ, თითქოსდა მოულოდნელად აფეთქებულმა ბომბმა შეიწირა მისი სიცოცხლე. თუმცა, მის გარდაცვალებამდე უკვე ცნობილი იყო ინფორმაცია, რომ ილიკო იმერლიშვილი მონაწილეობდა ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში, რაც ხელისუფლების ძალისმიერი სტრუქტურების შექმნილ რამოდენიმე ათეულ დოკუმენტშიც აისახა. ამ საკითხს ქვემოთ შევეხებით.

    ცხადია, რუსეთის იმპერიის პერიოდში ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში ილიკო იმერლიშვილის მონაწილეობის შესახებ, მისი ყოფილი თანამებრძოლებისგან ინფორმაციების ,,მიღება“, ილია ჭავჭავაის მკვლელის რეალური ვინაობის დადგენა უფრო იოლი იყო, ვიდრე საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში, თუმცა უნდა აღინშნოს, რომ როგორც მკითხველი ნახავს, როგორც რუსეთის იმპერიის, ასევე საბჭოთა  ხელისუფლების ინტერესში სიმართლის გარკვევა არ შედიოდა.

 

 

ილიკო იმერლიშვილის და პავლე ფშავლიშვილის კავშირები

 

       ილიას მკვლელობის მესამე მონაწილე, პავლე გიორგის ძე ფშავლიშვილი (იგივე აფციაური) დაბადების მოწმობის ამონაწერის მიხედვით 1882 წლის 5 ივლისს იყო დაბადებული.(50) აღვნიშნავ, რომ ნაშრომის ამ თავში მასალა ძირითადად მომაქვს, ჩემი 2011 წელს გამოქვეყნებული მონოგრაფიიდან და დავამატე შემდგომ პერიოდში მოძიებული მასალები.

     მოსე მემარნიშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი და ამის გამო დაპატიმრებული პავლე ფშავლიშვილი გაექცა ,,სტრაჟნიკებს’’ და ტყეს შეაფარა თავი. მან ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში მიიღო მონაწილეობა და როგორც ზემოთ აღვნიშნე, მხოლოდ 1908 წლის 9 თებერვალს ღამით, მცხეთის ნაწილის (უბნის) პრისტავმა ნ. მარკოვიჩმა, მემამულე ნ. ხიმშიევის დახმარებით შეძლო პ. ფშავლიშვილის, როგორც ილიას მკვლელობის ერთ-ერთ მონაწილის ხელახლა დაპატიმრება. დაპატიმრებიდან მცირე ხნის შემდეგ, 1908 წლის 11 მაისს, პავლე ფშავლიშვილი(აფციაური) მეტეხის ციხიდან გაიქცა.

     1908 წლის 11 მაისს მეტეხის ციხიდან გაქცეული პატიმრების უმეტესობა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ტერორისტები იყვნენ და ძირითადად ეკუთვნოდნენ ბოლშევიკებს. იმ პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსული გაქცევის ორგანიზებაში და განხორციელებაში, მეტეხის ციხეში დაპატიმრებული ბოლშევიკი ტერორისტი ილიკო იმერლიშვილი მონაწილეობდა. შესაბამისად, გაქცეულებიც მისი ახლობლები, თანამოაზრეები იყვნენ და თითქოსდა, მხოლოდ პავლე ფშავლიშვილი იყო უცხო ამ ადამიანების წრეში.

       მეტეხის ციხიდან 1908 წლის 11 მაისს გაქცეულების უმეტესობა საფოსტო მატარებელზე თავდამსხმელებს წარმოადგენდნენ. საქმე იმაშია, რომ საარქივო მასალების მიხედვით, 1907 წლის 21-22 დეკემბერის ღამით, ბეიუკ-კიასიკ-ყარაიაზი სარკინიგზო ხაზის გადასასვლელზე, ყარაიაზის სადგურთან მისვლამდე ორი ვერსის მანძილზე, რელსების მოხსნის შედეგად კატასტროფა განიცადა სამსახურებრივმა მატარებელმა - ნომერი 600. როგორც ირკვევა, იგი სპეციალურად გაუგზავნიათ საფოსტო მატარებლის ნომერი 4-ის წინ, რომელსაც 500000 მანეთზე მეტი ნაღდი ფული და სხვადასხვა ფასეულობები გადაქონდა. თბილისის საოლქო სასამართლოს ხელმძღვანელის წერილში თბილისის სასამართლო პალატის პროკურორისადმი აღნიშნულია, რომ ,,პოლიციას ამ შემთხვევამდე რამოდენიმე ხნით ადრე მიუღია საიდუმლო ცნობები 21-22 დეკემბრის ღამით საფოსტო მატარებელზე თავდასხმის შესახებ და შესაბამისად მიიღო საჭირო ზომები’’.(51)

     ,,საჭირო ზომებში“ იგულისხმებოდა ის, რომ, ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, იცოდა თავდამსხმელების რაოდენობა, შემადგენლობა და თავდასხმის გეგმა. ამიტომ თვალის ასარიდებელი მანევრი განახორციელეს. საფოსტო მატარებლის წინ ზემოაღნიშნული სამსახურებრივი მატარებელი ნომერი 600 გაუშვეს. სამსახურებრივი მატარებლის შემადგენლობის ორ ვაგონში 30 ჯარისკაცის ოდენობის სამხედრო რაზმი იყო განლაგებული. საფოსტო მატარებელი ნომერი 4, სამსახურებრივი მატარებლის ნომერი 600-ის უკან რამოდენიმე კილომეტრის დაშორებით მიდიოდა და მხოლოდ მაშინ გადაადგილდებოდა, როცა გზის უსაფრთხოების შესახებ იღებდა წინ მიმავალი მატარებლიდან ცნობებს. ამრიგად, როგორც საარქივო მასალებიდან ჩანს, პოლიციას საკმაოდ ზუსტი ინფორმაცია ჰქონდა მიღებული თავდასხმის მზადების შესახებ.

       ანტონ ხინთიბიძე თავის წიგნში - ,,1905-1907 წლების რევოლუციისა და რეაქციის მებრძოლები“ (ქართული ფოლკლორის მიხედვით) ნათქვამია: ,,1907 წლის გაზაფხულზე, ჩვენ რევოლუციურ სამხედრო ორგანიზაციებში მივიღეთ ცნობა, რომ თბილისიდან რუსეთის მიმართულებით 1000000 მანეთი სახელმწიფო ფული მოჰქონდათ და ის ფული უნდა ჩაგვეგდო ხელში. ამის გეგმა ილიკო იმერლიშვილმა და სხვებმა განსახილველად წარუდგინეს წითელრაზმელთა შტაბის უფროსს“. შემდეგ აღნიშნულია, რომ ,,ჩვენ თბილისიდან წავედით 20 კაცამდე და ყარაიაზის მიდამოში რკინიგზა ავყარეთ. ვიღაც მოღალატემ ჩვენი საიდუმლოება გასცა. მატარებელი ჯარმა მოაცილა. ჩვენ პირისპირ იარაღით შევეტაკეთ ერთმანეთს. ჩვენ დავმარცხდით და უკან უგზო-უკვლოთ დავიხიეთ. ეს ცნობა ადგილობრივმა პოლიციამ მიიღო სართიჭალის პირას და მოქანცულებს და პატრონა გამოლეულებს ალყა შემოგვარტყა და ილიკო იმერლიშვილი და რამდენიმე ამხანაგი დაპატიმრებული მეტეხის ციხეში ჩამოგვიყვანეს. ჩვენ ჩამოხრჩობა მოგველოდა’’.(52)

      ამ შემთხვევის შესახებ, დასახელებული წიგნის ავტორს მოჰყავს მასალა იმდროინდელ გაზეთ ,,ცისარტყელა“-დან, რომელშიც ფაქტობრივად მეორდება საარქივო დოკუმენტებში არსებული ინფორმაცია. დოკუმენტების მიხედვით, მატარებლის შემადგენლობის კატასტროფის შემდეგ მატარებელში მყოფი ჯარისკაცები მაშინვე გარეთ გამოსულან და დაუწყიათ უმიზნო სროლა. ბოროტმოქმედების მხრიდან საპასუხო ცეცხლი არ ყოფილა. თავდამსხმელები ასეთ წინააღმდეგობას არ ელოდნენ და გაქცეულან.

       ამის შედეგად, გაქცეულებს დარჩათ უამრავი პირადი ნივთი: ნაბდები, ფარაჯები, ქურთუკები, ქუდები, ჩანთები, კალოშები (ფეხსატუცები) და სხვა. შემთხვევის ადგილზე ნაპოვნ ერთ-ერთ ქურთუკში კურინის პოლკის რეზერვისტის, რიგითი ბარნაბა თოფურიას ფოტოსურათები და სხვა დოკუმენტები აღმოაჩინეს. სხვა ნაპოვნი ნივთის, კერძოდ ფარაჯის სარჩულზე იყო წარწერა დოროშენკო. აღმოჩნდა, რომ მათი პატრონები იყვნენ დიდი თავადის ალექსანდრე ნიკოლოზის ძის სატყეო მამულ ყარაიაზის დარაჯები. როგორც პოლიციამ გაარკვია, დასახელებული პირები და სატყეოს მესამე დარაჯი პეტრე შავშიშვილი (იგივე შავიშვილი), ამ შემთხვევამდე რამოდენიმე ხნით ადრე, სატყეო მამულიდან მოგონილი მიზეზით დაეთხოვნენ და შემდეგ აღარ გამოჩნდნენ.(53)

      ან. ხინთიბიძეს თავის წიგნში მოჰყავს 1905-1907 წლების რევოლუციის ერთ-ერთი მონაწილის, რევოლუციონერ ი. ლელაშვილის ინფორმაცია ამ თავდასხმაზე. ამ უკანასკნელის სიტყვებით - „თბილისიდან 18 ამხანაგი წავიდა მატარებელ ბაქო-თბილისის დასახვედრად. ფული უნდა გაეტაცათ. მატარებელი გააჩერეს, მაგრამ ფული ვეღარ წაიღეს და ყველა ამხანაგი დააპატიმრეს. ბიჭები თვრამეტივე დაიჭირეს - ილიკოც და სხვებიც’’.(54)

       1908 წლის 24 დეკემბერს პოლიციამ და კერძოდ, სართიჭალის პრისტავმა გედევანოვმა დააპატიმრა პეტრე შავშიშვილი, ბარნაბა თოფურია, ახალწვეული ეფიმ კუჩუკი, ოზურგეთის მაზრის გლეხი სერგეი თაყაიშვილი (ტოკაიშვილი), ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარი სამმართველოს მუშა ალექსანდრე შავლაძე და სოფელ მცხეთის მცხოვრები ილიკო იმერლიშვილი. ზემოაღნიშნული პირებიდან პ. შავშიშვილს და ბ. თოფურიას სახაზინო ,,სამხაზიანი“ შაშხანები აღმოაჩნდათ, ე. კუჩუკს ,,სმიტ-ვესონის“ სისტემის რევოლვერი, ხოლო სხვებს და როგორც ჩანს, ილიკო იმერლიშვილსაც ,,მაუზერის“ სისტემის პისტოლეტები. იმავე 24 დეკემბერს, სართიჭალასთან დააკავეს აკიმ დოროშენკო, თბილისის საზეინკლო სასწავლებლის მოსწავლე ოგანეზ აგაბაბიანი, აზნაური ვასილ დათუნაიშვილი, რომელიც სინამდვილეში იყო სხვისი პასპორტით მოსარგებლე, შემდგომში ცნობილი ტერორისტი და ილიკო იმერლიშვილის ,,თანამებრძოლი” 1908-1910 წლებში - ერასტი ჯორბენაძე.(55)

       ანუ, პოლიციამ აქ სულ 10 ადამიანი დააკავა, ხოლო ზემოთ მოყვანილი მონაცემებით თავდამსხმელები ყოფილან 18-20 კაცამდე თავდამსხმელები, რომ სოციალ-დემოკრატიულ პარტიის შეიარაღებული რაზმების წევრები იყვნენ ან. ხინთიბიძის წიგნში არსებული მასალებითაც დასტურდება. მასში ისინი მოიხსენიებიან ,,მეტეხის ციხეში მყოფ პარტიზანებად“. სოციალ-დემოკრატიული პარტიისადმი საფოსტო მატარებელზე თავდამსხმელების კუთვნილებას ადასტურებს ზემომოყვანილ საარქივო დოკუმენტებში არსებული მითითება, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი გიორგი ღოღობერიძე, დაპატიმრებისას მიცემული მისივე აღიარებითი ჩვენებით, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო და გლეხებს შორის აგიტაციას ეწეოდა.(56)

      ბეიუკ-კიასიკ-ყარაიაზი სარკინიგზო ხაზის გადასასვლელთან, მატარებელზე თავდასხმის ბრალდებით დაპატიმრებული პირების შესახებ ინფორმაცია რამოდენიმე საქმეშია გაბნეული. მათ შორის, თბილისის საოლქო სასამართლოს პროკურატურის საგამოძიებო მასალებშიც, რომელიც ეხება თავად ნიკოლოზ ხიმშიევის(ხიმშიაშვილი) მკვლელობის საქმეს.(57) ყველაზე სრულყოფილად კი, იგი ასახულია კავკასიის რაიონული ,,ოხრანკის“ განყოფილების საქმეში - ,,18 მსჯავრდებულის გაქცევა მეტეხის ციხიდან“;(58) თბილისის ოლქის პროკურორის ზედამხედველობის საქმეში ,,1908 წლის 11 მაისს პატიმრების გაქცევა მეტეხის ციხიდან“;(59) ,,თბილისის სასამართლო პალატის პროკურორის კანცელარიის საქმეში’’;(60) და სხვ. რომლებიც შეიცავენ მეტეხის ციხიდან 1908 წლის 11 მაისს გაქცეულ პირებზე სხვადასხვა სახის ინფორმაციას.

        საქმე იმაშია, რომ, როგორც უკვე აღვნიშნე, ეს იმ ხანებში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული, რეზონანსული გაქცევა იყო. გაქცევა მოხდა ქალაქ თბილისის შუაგულში, თითქოსდა ძალიან კარგად დაცულ ციხეში. საბჭოთა პერიოდის დროს გამოცემული წიგნებიდან ჩანს, რომ აღნიშნული შემთხვევა ბოლშევიკების რევოლუციური საქმიანობის ამსახველ ერთ-ერთ ჰეროიკულ ეპიზოდად ითვლებოდა.

           რატომ გაიქცა სოციალ-დემოკრატიულ პარტიის შეიარაღებული რაზმების წევრებთან ერთად პავლე ფშავლიშვილი? საფიქრებელია, რომ ის სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკი ტერორისტების სანდო ადამიანი და გამოცდილი ,,კადრი“ იყო.  ჩანს პავლე ფშავლიშვილს, იმიტომ ენდობოდა ილიკო იმერლიშვილი, რომ მასთან სულ სხვა ერთობლივ საქმეებში მონაწილეობა აკავშირებდა. ამ დასკვნის დამადასტურებელ სხვა დოკუმენტურ მასალებს, ცოტა ქვემოთ უფრო დაწვრილებით განვიხილავ.

       დავუბრუნდეთ კვლავ მეტეხის ციხიდან გაქცევის ისტორიას. როგორც კავკასიის რაიონული ,,ოხრანკის“ უფროსის ა. ერიომინის მიერ, პეტერბურგში პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის სახელზე გაგზავნილი წერილიდან ჩანს, რომ ამ გაქცევამ ხელისუფლება საკმაოდ შეაშფოთა. წერილში მითითებულია ასევე გაქცეული პატიმრების ბრალეულობაც: ,,1908 წლის 11 მაისს საღამოს 6 საათზე გაიქცა ათი ძალიან სერიოზული პატიმარი, დაპატიმრებულები საფოსტო მატარებლის გაძარცვის საქმეზე სადგურ ყარაიაზთან. მათთან ერთად გაიქცა ექვსი პოლიტიკური მკვლელობის და ორიც სისხლის სამართლის დანაშაულის ჩამდენი პირი’’.(61) მეორე დოკუმენტის მიხედვით, რომელიც თბილისის სასამართლო პალატის პროკურორის მიერ, 1908 წლის 16 მაისს იუსტიციის მინისტრს ეგზავნება, მითითებულია გაქცევის იგივე დრო და დეტალურადაა აღწერილი გაქცევის ისტორია.

      ამ გაქცევის შესახებ ვრცელი ინფორმაცია დაგვიტოვა ისიდორე რამიშვილმა თავის ,,მოგონებებში’’. მასში იგი გაქცევის მონაწილეებს ,,მთაწმინდის ჯგუფის” წევრებად მოიხსენიებს - ,,მახსენდება ერთი ჯგუფი, რომელთაც ,,მთაწმინდის ჯგუფს” უწოდებდნენ და რომელსაც სათავეში ედგა ობოლაძე. ეს ჯგუფი თავგამოდებით იცავდა ტერორისტულ აქტებს და თავდახმებს’’.(62) ამ ადამიანებს იგი ე.წ. ,,ადმინისტრაციულებად” მოიხსენიებს და შესაბამისად სწორედ მათზე წერს, რომ ,,ადმინსიტრაციულებში ისხდნენ 18 ტუსაღი, რომელთაც მატარებელზე თავდასხმა ედოთ ბრალად და სასტიკ სასჯელს მოელოდნენ. მათ ისარგებლეს საპყრობილეში შექმნილი თავისუფლებით და გაქცევა მოაწყეს’’. (63) აქვე ისიდორე რამიშვილი ასახელებს გაქცევის მონაწილეებს, მათ შორის თაყაიშვილს.(64)

       ისიდორე რამიშვილის სიტყვებიდანაც ჩანს, რომ გაქცევა საგულდაგულოდ მზადდებოდა, რადგან მის მომზადებაში მხოლოდ ციხეში მყოფი პატიმრები არ იღებდნენ მონაწილეობას. საარქივო დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ პატიმრებს და ციხის გარეთ მყოფ პირებს სისტემატური, ხშირი კონტაქტი ჰქონდათ. სხვადასხვა მასალების შეჯერებიდან ჩანს, თუ პატიმრების გაქცევა როგორ მოხდა - გაქცევის დღეს, საღამოთი მეტეხის ციხის კარებთან მისულა ერთი პიროვნება და ზედამხედველისათვის უთქვამს, რომ უნდოდა პატიმარ გიორგი მაისურაძისთვის გადაეცა პურით და სანოვაგით დატვირთული კალათა. ასევე სურდა გ. მაისურაძისგან უკანვე მიეღო ცარიელი ჭურჭლიანი მეორე კალათა. ამ დროს, ეზოში ორასი პატიმარი სასეირნოდ ყოფილა გასული. მათ შორის ყოფილა ,,მთაწმინდის ჯგუფის” წევრების მეგობარი, ვინმე გიორგი მაისურაძეც. კარებში მდგომ ზედამხედველს, ვისაც გასაღებები ებარა მაისურაძისთვის დაუძახია, რომ ცარიელი კალათა წამოეღო. როგორც კი კარები გაუხსნიათ და პროდუქტის მომტანი უცნობისაგან მიუღიათ სანოვაგით სავსე კალათა, მეტეხის ციხის ეზოში და ციხის გარეთ ერთდროულად დაწყებულა სროლა. სროლის დროს მოუკლავთ მეგასაღებე ზედამხედველი, ციხის კარებთან მდგარი ორი ჯარისკაცი.

      პატიმრებს ციხის შიგნით სადარაჯო შენობასთან ბომბი უსვრიათ, რომელიც გამაყრუებელი ხმით გამსკდარა. ჩამოცვენილა მინები და დაჭრილან იქ მყოფი ჯარისკაცები. გაქცევაში მონაწილე შეიარაღებულ პატიმრებს დაუწყიათ იარაღიდან სროლა სადარაჯო შენობებისთვის, რის გამოც, თავის მხრივ, ამ შენობებში ჯარისკაცებს სროლა აუტეხიათ. შეშინებული ჯარისკაცების მიერ დაწყებული უმისამართო სროლა საკმაო ხანს გაგრძელებულა.

         ამ დროს, იმ ორასამდე პატიმრიდან, ვინც მეტეხის ციხის ეზოში გასასეირნებლად იყვნენ ჩასული, 18 ადამიანი გაიქცა ან. ხინთიბიძის წიგნში მითითებულია, რომ პოლიციამ გაქცეულ პატიმართაგან ორი კაცი მოკლა ავლაბარში და დანარჩენები გადარჩნენ, რაც ნაწილობრივ დასტურდება საარქივო დოკუმენტებით. გასაქცევად 18 ადამიანი წინასწარ  იყო შერჩეული და თითქმის ყველა მათგანი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბოლშევიკურ ფრთასთან იყვნენ დაკავშირებული. როგორც ჩანს, გაქცევაში მონაწილე ყველა პატიმარმა კარგად იცოდა საით უნდა გაქცეულიყო. გაქცევაში მონაწილეობის მიღება, რომელიმე მათგანის მხრიდან სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილება არ ყოფილა, რადგან ეზოში მყოფი პატიმარების დიდი მასიდან, მხოლოდ გარკვეული კატეგორიის პირები გაიქცნენ. როგორც ჩანს, გასაქცევი პატიმრების სია წინაწარ, კარგა ხნით ადრე იყო შედგენილი. ამას ადასტურებს გაქცეული პატიმრების ერთ-ერთ საკანში ნაპოვნი წერილი, ვინმე ნიკოლოზ ჭელიძის ხელმოწერით, რომელშიც ეწერა, რომ პატიმრებს მალე მიეცემოდათ გაქცევის საშუალება და გაქცევისათვის ყველაფერი მზად იყო.(65)

      ხინთიბიძის წიგნში მოყვანილი მასალებით: ,,მოხერხებულ წუთებში ილიკო იმერლიშვილმა ბომბები გადაყარა, ამან შიშის ზარი დასცა ციხის ადმინისტრაციას, პოლიციის დაბნევით ვისარგებლეთ, ილიკო იმერლიშვილმა კარისკაცები მოკლა. მეტეხის კარები გავტეხეთ და გამოვედით 17 კაცამდის’’.(66) ცნობილია, რომ, 1908 წლის 11 მაისს მეტეხის ციხიდან გაიქცნენ:

1.         გიორგი ივანეს ძე ღოღობერიძე - 32 წლის. აზნაური, [308]  (სხვა დოკუმენტით გლეხი) წარმოშობით ქუთაისის გუბერნიიდან, სწავლობდა (გაურკვეველად წერია - თ.ს.) სასწავლებელში, მცხოვრები ქუთაისის გუბერნიის სოფელი ტიდი (დიდი) ჩიტაეთი (არანასამართლები);

2.         პეტრე რობიზონის ძე შავშიშვილი. (ზოგ დოკუმენტში იხსენიება შავიშვილად) 27 წლის, წარმოშობით თბილისის მაზრის სოფელ დიდი თონეთიდან. მცხოვრები თბილისში ნახალოვკაში (არანასამართლები);

3.         ბარნაბა დიმიტრის ძე თოფურია. 27 წლის, წარმოშობით ქუთაისის გუბერნიის, ოზურგეთის მაზრის სოფელ ლიხაურიდან (არანასამართლები);

4.         სერგო ნიკიფორეს ძე თაყაიშვილი (ტოკაიშვილი). 23 წლის, აზნაური, წარმოშობით ქუთაისის გუბერნიის, ოზურგეთის მაზრის სოფელ ლიხაურიდან. სწავლობდა და გამოვიდა ოზურგეთის მაზრის სასწავლებლის მესამე კლასიდან. იყო სატვირთო სადგურის დარაჯი თბილისში (არანასამართლები);

5.         ეფიმ საველის ძე კუჩუკი. 23 წლის, რუსი, წარმოშობით მოგილოვის გუბერნიის სოფელ ლუბიანკიდან. იმჟამად მცხოვრები თბილისში, ნახალოვკაში ბასეინის ქუჩა # 67, დაამთავრა საქალაქო სასწავლებლის 2 კლასი, მუშაობდა ზეინკლად რკინიგზის სახელოსნოებში (არანასამართლები);

6.         ალექსანდრე ბესოს ძე შავლაძე. 22 წლის, გლეხი, წარმოშობით რაჭის მაზრის სოფელ ნიკორწმინდიდან. მცხოვრები თბილისში ნახალოვკაში, ენუქიძის სახლი, ზეინკალი (არანასამართლები);

7.         ილიკო იორდანეს ძე იმერლიშვილი. 22 წლის, გლეხი, წარმოშობით დუშეთის მაზრის სოფელ მცხეთიდან, მცირე განათლებით, დაქორწინებული, ჰყავს ქალიშვილი, 1907 წლის ოქტომბრამდე მსახურობდა ასოთამწყობად თავართქილაძის სტამბაში (არანასამართლები);

8.         ოგანეზ არუთინას ძე აგაბაბიანცი. 17 წლის, თურქეთის ქვეშევრდომი, ერზრუმიდან. სომეხი, იმჟამად მცხოვრები თბილისში (არანასამართლები);

9.         ვასილი ბესიკის ძე დათუნაიშვილი. 25 წლის, გლეხი, წარმოშობით ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის სოფელ მაკვანეთიდან. მცირეგანათლებული, მსახურობდა ბათუმის რკინიგზის სასაუზმეში ლაქიად (არანასამართლები);*სინამდვილეში ეს იყო ერასტი ჯორბენაძე - თ.ს.)

10.        აკიმ ივანეს ძე დოროშენკო. 25 წლის, გლეხი, წარმოშობით დონის ვოისკის მხარიდან, სოფელ კაგალნიკიდან. შავი მუშა (არანასამართლები);

11.        ზაქრო მიხეილის ძე თურქიანცი. 19 წლის, თბილისის მცხოვრები;

12.        მირდატ არჩილის ძე ჩიროკაძე. 18 წლის, აზნაური, წარმოშობით ქუთაისის გუბერნიის სოფელ გადაგანიდან;

13.        ალექსეი სამსონის ძე ქართველოვი. 22 წლის, გლეხი, წარმოშობით თბილისის გუბერნიის სოფელ ნუმიდან;

14.        სოსიკო გიორგის ძე ბედიაშვილი. 18 წლის, გლეხი, წარმოშობით თბილისის გუბერნიის, გორის მაზრის სოფელ კავთისხევიდან;

15.        გაბრიელ ეფრემის ძე მისიხელი. 30 წლის, გლეხი,  წარმოშობით თბილისის გუბერნიის, დუშეთის მაზრის სოფელ წიწკანიდან;

16.        მელქისედეკ ივანეს ძე ბურჭულაძე. 16 წლის, გლეხი, წარმოშობით ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის სოფელ ამაღლებიდან. იმჟამად მცხოვრები თბილისში, ნახალოვკაში, გურული, მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარ სახელოსნოებში (არანასამართლები);

17.        გიორგი ბართლომეს ძე მაისურაძე. 29 წლის, გლეხი, წარმოშობით თბილისის გუბერნიის, გორის მაზრის სოფელ კავთისხევიდან;

18.        პავლე გიორგის ძე ფშავლიშვილი. 25 წლის, გლეხი, თბილისის გუბერნიის დუშეთის მაზრის სოფელ ახალსოფლიდან (არანასამართლები). ამ პირთაგან: 

1. გიორგი ივანეს ძე ღოღობერიძე, 2. პეტრე რობიზონის ძე შავშიშვილი, 3. ბარნაბა დიმიტრის ძე თოფურია, 4. სერგო ნიკიფორის ძე თაყაიშვილი, 5. ეფიმ საველის ძე კუჩუკი, 6. ალექსანდრე ბესოს ძე შავლაძე, 7. ილიკო იორდანეს ძე იმერლიშვილი, 8. ოგანეზ არუთინას ძე აგაბაბიანცი, 9. ვასილი ბესიკის ძე დათუნაიშვილი(ერასტი ჯორბენაძე), 10. აკიმ ივანეს ძე დოროშენკო, 11. ზაქრო მიხეილის ძე თურქიანცი ბრალდებულები იყვნენ სადგურ ბეიუკ-კასიმთან (ანუ ყარაიაზთან ახლოს - თ.ს.) მატარებელზე თავდასხმაში გაძარცვის მიზნით და ბომბების (ჭურვების) შენახვაში. ერთ-ერთი საარქივო საქმის დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ამ საქმეზე წინასწარი ძიება დამთავრდა და საქმე სამხედრო პროკურორთან გასაგზავნად იყო მომზადებული.(67)

     რაც შეეხება დანარჩენ პირებს, მათგან: 1. მირდატ არჩილის ძე ჩიროკაძე, 2. სოსიკო გიორგის ძე ბედიაშვილი, 3. ალექსეი სამსონის ძე ქართველოვი ბრალდებულები იყვნენ მკვლელობაში, კონკრეტულად ვისზე გაურკვეველია. თუმცა, ბატონ ან. ხინთიბიძის წიგნში მითითებულია, რომ მეტეხის ციხიდან სხვა პატიმრებთან ერთად გაქცეულ ქართველიშვილს (ქართველოვს) ბრალდებოდა უბნის პოლიციის ზედამხედველის დაჭრა, რომელიც ზოგიერთი ცნობით გარდაიცვალა.(69) კავკასიის რაიონული ,,ოხრანკის“ საქმეში კი ზემოაღნიშნული სამი პირი ერთადაა დასახელებული და მითითებულია, რომ მათ მკვლელობაში ედებოდათ ბრალი. როგორც ჩანს, სწორედ უბნის პოლიციის ზედამხედველის ერთობლივ მკვლელობაზეა ლაპარაკი.(69)   

      პ. გუგუშვილი წერს: ,,1908 წლის 14 დეკემბერს, კუს ტბასთან ახლოს დააპატიმრეს ვ. ინაშვილი და კიდევ ცნობილი ყაჩაღი აკიმ დოროშენკო, რომელთაც დაატოვებინეს 29 ოტომბერს ყაჩაღების მიერ ნაძალადევიდან (ნახალოვკა) გატაცებული კონსტანტინე მირაქოვი’’.(70) მის წიგნში ასევე არის მოთავსებული თბილისის მაზრის უფროსის მიმართვის ასლი თბილისის საოლქო-სასამართლოს პროკურორის სახელზე, რომელიც დათარიღებულია 15 დეკემბრით. სწორედ ამ დოკუმენტშია აღნიშნული, რომ: ვანო ინაშვილთან ერთად დაპატიმრებულ იქნა გაქცეული პატიმარი აკიმ  დოროშენკო, რომელიც ამა წლის 11 მაისს გაიქცა იმ 17 კაცთან ერთად, რომლებიც ბრალდებული იყვნენ გასული წლის დეკემბერში საფოსტო მატარებელზე მომხდარ თავდასხმაში’’.(71)

     ამრიგად, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მონაწილეები არაპირდაპირ კავშირშიც არიან ერთმანეთთან. ჯერ ერთი ის, რომ აკიმ დოროშენკო გარბის ციხიდან სოციალ-დემოკრატ ტერორისტებთან და ,,წითელ რაზმელებთან“ - ილიკო იმერლიშვილთან და პავლე ფშავლიშვილთან ერთად; მეორე, ვანო ინაშვილი ყაჩაღობს, იტაცებს ადამიანს ფულის გამოძალვის მიზნით, სწორედ იმავე გაქცევაში მონაწილე ა. დოროშენკოსთან ერთად.

      ერთ-ერთი თანამედროვის ვანო ჩიტაიშვილის მოგონებაში საკმაოდ საინტერესო ინფორმაციებს ვხვდებით ამ საკითხთან დაკავშირებით. მისი სიტყვებით, როდესაც იგი მისულა ციხეში ერმილე დოლიძის სანახავად, საუბარია ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში ერთ-ერთ ეჭვმიტანილზე, რომელსაც რეალურად არანაირი კავშირი არ ჰქონდა ამ მკვლელობასთან, მას იქ გაუცნია - ,,ერთი კაცი გვარად ხიმშიაშვილი და იმან გვითხრა მკვლელები მე მყავს ჩამოყვანილი, ისინი არიან ინაშვილი, ფშავლიშვილი და ნაცვლიშვილი და აგრეთვე ილია ჭავჭავაძის მეეტლე, რომელიც მათთან ერთად მონაწილეობას ღებულობდაო. როდესაც მეტეხის ციხეში ბომბი გავარდა ეს მკვლელები თურმე ყველანი გაიქცნენ… შემდეგ კიდევ შევხვდი ხიმშიაშვილს. შევეკითხე როგორ არის საქმე მეთქი, მან მიპასუხა: ,,რაღა როგორ არის. მე დავაჭერინე მკვლელები და მაგათ კი გაუშვესო’’, ეს ხიმშიაშვილი ბოლოს მოკლეს… არ ვიცი ნამდვილად ვინ მოკლა, მაგრამ ჩემი აზრით ალბათ ის ჯგუფივე მოკლავდა’’.(72) ჩიტაიშვილი უარყოფით პიროვნებად ახასიათებდა ერმილე დოლიძეს - ,,ის იყო უბრალო, ავარა, ასე რომ ვთქვათ უსაქმური კაცი და არასოდეს ამისთანა საქმეს ხელს არ მოკიდებდა’’, ანუ გულისხმობს მკვლელობას. როგორც მოგონების ავტორი ამბობს, ერმილე დოლიძეს მისთვის ასევე უთქვამს - ,,ილია ჭავჭავაძის მკვლელები თურმე აქ იყვნენ და უარს ამბობდნენ მკვლელობაზეო. ეხლა უკვე გაიქცნენ ისინი. მე რომ წინათ მცოდნოდა აუცილებლად წავახრჩობდიო’’.(73) რას იზამდა ეს უკანასკნელი ახლა შეუძლებელია გავარკვიოთ, მაგრამ აქ მოყვანილი ინფორმაცია, გარკვეულწილად ადასტურებს მეტეხის ციხიდან ილია ჭავჭავაძის მკვლელების, ხაზს ვუსვამ არა ერთის, არამედ მინიმუმ ორის ერთად გაქცევას მეტყველებს, რომ ილიკო იმერლიშვილის და პავლე ფშავლიშვილის შესახებ სიმართლე, იმ დროს ადამიანთა გარკვეულმა წრემ უკვე იცოდა.

      ჩიტაიშვილის ნათქვამი ვფიქრობ დამაჯრებელია, რადგან ერმილე დოლიძის გარდა ის კარგად იცნობდა დიმიტრი ჯაშს და მისი სიტყვებით მეგობრობდა კიდეც. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელს ჩიტაიშვილი ძალიან უარყოფითად ახასიათებდა - ,,ისეთი იყო დიმიტრი ჯაში, რომ ფულის გულისთვის ყველაფერს იზამდა’’.(74)

     ახლა გავარკვიოთ თუ რა აკავშირებდათ ციხიდან გაქცეულებს ერთმანეთთან და ქრონოლოგიურად მივყვეთ ილიკო იმერლიშვილის და პავლე ფშავლიშვილის ,,მოღვაწეობას”. დოკუმენტებიდან ჩანს, რომ 1908 წლის 11 მაისის გაქცევის შემდეგ, ილიკო იმერლიშვილს დუშეთის მაზრაში გაუგრძელებია თავისი ,,საქმიანობა”. ან. ხინთიბიძის წიგნში მითითებულია: ,,პარტიზანები მეტეხის ციხიდან გაქცევის შემდეგ, წინასწარი შეთანხმების თანახმად, ხუდადოვის ტყეში წასულან, იქიდან კი დუშეთის ტყეში” და, რომ - ,,დუშეთში წასვლის ინიციატორი როგორც ირკვევა, ილიკო იმერლიშვილი უნდა ყოფილიყო, რადგან იგი პარტიული ორგანიზაციის დავალებით წინათ ამ რაიონში ყოფილა მივლინებული მუშაობის საწარმოებლად’’.(75)

     ინფორმაცია, რომ ,,მეტეხიდან გაქცევის შემდეგ ილიკო მცხეთაში, თავის ოჯახში ჩასულა”, დასტურდება საარქივო დოკუმენტებითაც. ერთი განსხვავებით, თუ ან. ხინთიბიძის წიგნში წერია, რომ: ,,სულ მალე ერთ-ერთი მოგონების მიხედვით, ის თანამებრძოლ ფარესიშვილთან ერთად კვლავ დუშეთის მაზრაშია. თავის გარშემო იკრებს რაზმელებს და ბრძოლას აგრძელებს რეაქციონერების, ჯაშუშების, ქურდების და ავაზაკების წინააღმდეგ”. ალ. სანადირაძის ინფორმაციით - ,,ვანო ფარესიშვილი ცნობილი წითელი პარტიზანია დუშეთის რაიონში. წარმოშობით გრემისხეველი, ღარიბი აზნაურის ოჯახიდან იყო’’.(76)     

           საარქივო დოკუმენტებში კი სულ სხვა პირზეა საუბარი. 1908-1909 წლით დათარიღებულ საარქივო დოკუმენტებში, ილიკო იმერლიშვილთან ერთად ვანო ფარესიშვილი საერთოდ არ იხსენიება. ის ადამიანი, ვისთან ერთადაც ილიკო იმერლიშვილმა ,,გააგრძელა ბრძოლა რეაქციონერების, ჯაშუშების, ქურდების და ავაზაკების წინააღმდეგ”, იყო მეტეხის ციხიდან მასთან ერთად გაქცეული, დუშეთის მაზრის მცხოვრები - პავლე გიორგის ძე ფშავლიშვილი.

     ამას ადასტურებს თბილისის ,,ოხრანკის” განყოფილების უფროსის მიერ, 1908 წლის 25 სექტემბერს თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსისადმი გაგზავნილ წერილი, სადაც წერია: ,,განყოფილებაში მივიღე საიდუმლო შეტყობინება, 1908 წლის 11 მაისს გაქცეულები: ბარნაბა დიმიტრის ძე თოფურია, პავლე გიორგის ძე ფშავლიშვილი და ილია (ილიკო) იორდანეს ძე იმერლიშვილი იმალებიან ამ უკანასკნელის სახლში მცხეთაში’’.(77)

          22 სექტემბერს პოლიციის ზედამხედველებმა ავალიანმა და პოლიანსკიმ, თბილისის ,,ოხრანკის” განყოფილების ფილერებთან - კრეხნოვთან და პერედირთან ერთად, ადგილობრივი მცხეთის ნაწილის (უბნის) პრისტავ მარკოვიჩის და მცველების (სტრაჟნიკების) რაზმის დახმარებით ალყა შემოარტყეს მცხეთაში, ილიკო იმერლიშვილის ახალ სახლს. ამ სახლში გაქცეული პატიმრები ვერ ნახეს, რადგან, როგორც აღმოჩნდა, მათ ღამე გაუთევიათ იმერლიშვილების ოჯახის კუთვნილ, იქვე მეზობლად მდებარე ძველ სახლში. ოქმის მიხედვით, პოლიციის მისვლისთანავე, როგორც ჩანს, ილიკო იმერლიშვილის მეუღლეს ელისაბედს (ლიზა) ქართულ ენაზე დაუძახია ილიკოს დედისათვის მართა იმერლიშვილისათვის (ილიკო იმერლიშვილის დედა წარმოშობით იყო საგურამოდან, ქალიშვილობის გვარი კი ჰქონდა ბაზალელი - თ.ს.), რომელიც ძველ სახლში იმყოფებოდა, რომ ჩხრეკდნენ მათ ახალ სახლს. ამ უკანასკნელს მაშინვე ძველ სახლში შიგნიდან კარები დაუკეტია. ამ სახლთან მიახლოებისას ამტყდარა სროლა და პოლიციის ინფორმაციით, ერთ-ერთი დამნაშავე დაუჭრიათ. ამ დროს მის დასახმარებლად დანარჩენები უკან მობრუნებულან და ,,მაუზერის” სისტემის პისტოლეტებით სროლა აუტეხიათ. დაუჭრიათ მცველი (სტრაჟნიკი) გ. მჭედლიშვილი და უსარგებლიათ რა პოლიციელების დაბნეულობით ყველანი გაქცეულან. პოლიციამ ვერავინ დააპატიმრა და შემთხვევის ადგილზე, მხოლოდ ეჭვმიტანილების კუთვნილი ნივთები და ,,მაუზერის” სისტემის პისტოლეტის გასროლილი ვაზნები და რამოდენიმე ტყვია იპოვეს.

         ვფიქრობ, სწორედ ამ ეპიზოდს აღწერს, თავის წიგნში ან. ხინთიბიძეც, მაგრამ რატომღაც არაფერს ამბობს ილიკო იმერლიშვილთან ერთად მყოფ სხვა პირებზე. იგი წერს - ,,ერთხელ, ავადმყოფი ილიკო თავის ოჯახში მივიდა. ავადმყოფს თავზე დედა დაადგა, ხოლო ძმა, დათიკო, წამლებისათვის წავიდა... პოლიციამ სახლს ალყა შემოარტყა. ილიკოს ცოლმა, ლიზამ, რომელიც გარეთ იდგა და ყარაულობდა, თავდასხმა დედას შეატყობინა... დედამ კარები ურდულით ჩაკეტა და ამით თავდამსხმელები შეაფერხა. ილიკო წამოხტა, იარაღი აისხა... მტერს სროლა დაუწყო. ორი მაუზერი ეჭირა ხელებში, ორივეთი ისროდა და ჩაფრების უფროსი დაჭრა. ილიკომ დრო იხელთა, მდინარე მტკვარი გაცურა და სამშვიდობოს გავიდა’’.(78)

      არადა, საარქივო მასალებით დასტურდება, რომ ამ დროს სწორედ პავლე ფშავლიშვილი იმყოფებოდა ილიკო იმერლიშვილთან ერთად მის სახლში. ერთ-ერთ საარქივო დოკუმენტში, ესაა 1909 წლის 20 მაისს ,,კავკასიის რაიონული ,,ოხრანკის’’ განყოფილების’’ უფროსის ერიომინის მიერ გაგზავნილი წერილი თბილისის გენერალ-გუბერნატორთან, ვკითხულობთ - ,,თბილისის მოქალაქე კონტანტინე არეშევი გასული წლის ოქტომბერში(ანუ ერთ თვეში ზემოაღწერილი პოლიციის თავდასხმიდან იმერლიშვილის სახლზე - თ.ს.) ფარული ცნობების მიხედვით, მოკლულ იქნა გერმანული სასაფლაოს სიახლოვეს, 1908 წლის 11 მაისს მეტეხის ციხიდან გაქცეული იმერლიშვილის და პავლე ფშავლიშვილის მიერ, რადგან ამ უკანასკნელებმა მასში ეჭვი შეიტანეს, როგორც გამცემზე, რის შედეგად ისინი კინაღამ არ იქნენ დაპატიმრებული იორდანე იმერლიშვილის სახლის ჩხრეკისას სოფელ მცხეთაში. აღნიშნული ჩხრეკა ტარდებოდა მცხეთის ნაწილის ბოქაულ მარკოვიჩის და თბილისის ,,ოხრანკის’’ განყოფილების პოლიციის ზედამხედველ თავად ავალოვის მიერ, კონტანტინე არშევის მითითებით, რომელმაც აცნობა, რომ მეტეხის ციხიდან გაქცეულები იმალებოდნენ სოფელ მცხეთაში იმერლიშვილის სახლში. ჩხრეკა უშედეგოდ დამთავრდა იმის გამო, რომ პოლიციას არ ჰყავდა მიყვანილი ბოროტმოქმედების დასაკავებლად შესაბამისი რაოდენობის ძალა და მათაც, ისარგებლეს რა სიბნელით და ადგილის ცოდნით, მიიმალნენ”.(79)

      სხვა საარქივო მასალაშიც დადასტურებულია, რომ ილიკო იმერლიშვილი და პავლე ფშავლიშვილი ერთად ახდენდნენ ტერორისტულ აქტებს. ერთ-ერთ საარქივო დოკუმენტში, ყოფილი ,,წითელ რაზმელის” ჩვენებაში, ვკითხულობთ, რომ ჯერ კიდევ 1907 წლის თებერვალში სხვა ბოლშევიკ ,,წითელრაზმელებთან" ამ პირებმა მონაწილეობა მიიღეს პორუჩიკ ლოლაძის მკვლელობაში - ,,1907 წელს თებერვალში მოკლულ იქნა პორუჩიკი ლოლაძე. ამ მკვლელობისთვის ზოგი გადაასახლეს, ზოგი თავისუფლად არიან: მირდატ ჩიროკაძე, მელქისედეკ ბურჭულაძე, ეფემ ქუჩუკი, გიორგი ხანაევი, პავლე ფშავლიშვილი, ილია იმერლიშვილი... ნახალოვკაში არსენ ხავთასის სახლში ცხოვრობს იმერლიშვილი’’.(80)

     ის, რომ ილიკო იმერლიშვილი და პავლე ფშავლიშვილი ძალიან ახლობელი ადამიანები იყვნენ, 1908 წლის 11 მაისის შემდეგ პერიოდში ერთად ჩადიოდნენ ტეორისტულ აქტებს და ანხორციელებდნენ თავდასხმებს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ 1908 წლის დეკემბერში, პავლე ფშავლიშვილთან ერთად მოკლული ვანო პეტრიაშვილი, ხელისუფლების წარმომადგენლებს ილიკო იმერლიშვილი ეგონათ - ,,ერთი მოკლული აღმოჩნდა ცნობილი ყაჩაღი, გაქცეული მეტეხის ციხიდან და თავად ჭავჭავაძის მკვლელი პ. ფშავლიშვილი, ხოლო მეორე მგონი ,,ვანო” იმერლიშვილი”.(81)

       აღნიშნული შეცდომა გამეორებულია სხვა დოკუმენტშიც. ესაა ,,თბილისის ოლქის პროკურორის თავად ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საქმეში’’ არსებულ თბილისის მაზრის უფროსის, 1908 წლის 18 დეკემბრის წერილი: ,,17 დეკემბერს ჩემი თანაშემწე ინალიშვილი და თბილისის ოლქის დაცვის (სტრაჟის) ოფიცერი ნათიევი, მცველების (სტრაჟნიკების) რაზმით წააწყდნენ ყაჩაღ-ტერორისტებს პავლე ფშავლიშვილს, მცხოვრებს დუშეთის მაზრაში, ბრალდებულს თავად ჭავჭავაძის მკვლელობაში და ვანო იმერლიშვილს, გაქცეულებს გასულ წელს მეტეხის ციხიდან. ამ პირებმა აუტეხეს სროლა და საპასუხო ცეცხლით ორივე ყაჩაღი მოკლეს. მათი გვამები თბილისის მიხაილოვის საავადმყოფოშია გადატანილი ამოსაცნობად”.(82) თითქმის იგივე შინაარსის წერილი დევს ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გამოძიების ერთ-ერთ სხვა საქმეში.(83) პოლიციის ჩინებმა მხოლოდ ორი თვის შემდეგ გაარკვიეს, რომ მეორე მოკლული იყო სულ სხვა პიროვნება. 1909 წლის 9 თებერვლის თბილისის მაზრის უფროსის წერილში თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსისადმი აღნიშნულია: ,,როგორც აღმოჩნდა, 1908 წლის 17 დეკემბერს ფშავლიშვილთან ერთად მოკლეს არა იმერლიშვილი, არამედ ცნობილი ყაჩაღი პეტრიაშვილი’’.(84) 

   1908 წელს ხელისუფლებას კარგად უნდა სცოდნოდა პავლე ფშავლიშვილის და ილიკო იმერლიშვილის ,,თანამებრძოლობის" შესახებ და არა მარტო ხელისუფლებას. 1908 წლის 13 მაისით დათარიღებულ საარქივო საქმეში ,,მეტეხის ციხიდან 1908 წლის 11 მაისს გაქცეულების შესახებ” დაცულია რუსულენოვანი გაზეთის ამონაჭერი, რომელშიც ვკითხულობთ - ,,ქართული გაზეთი ,,დროება” იუწყება, 1907 წელს სახელმწიფო საბჭოს წევრ თავად ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის შესახებ. ამ დღეებში თბილისში პოლიციის მიერ  სრულიად შემთხვევით დაკავებულ იქნა, ერთ-ერთი მთავარი ბრალდებული თავად ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში. ამავდროულად თბილისის მაზრის ადმინისტრაციამ მიიღო შეტყობინება, რომ სხვა ბრალდებული ამ საზიზღარ მკვლელობაში, დაპატიმრებული ივ. ინაშვილის მარჯვენა ხელი, ცნობილი ბოროტმოქმედი პავლე ფშავლიშვილი-აფციაური თავისი ამხანაგებით იმალებოდა თბილისის შემოგარენში, ქალაქგარეთ. თბილისის მაზრის ადმინისტრაციის ჩინებმა რამოდენიმე სტარაჟნიკთან ერთად გაუმართეს ბრძოლა ბოროტმოქმედებს სოფელ ნორიოს მიმართულებით… სტრაჟნიკებმა სროლის დროს მოკლეს ორი ბოროტმოქმედი. მათი ცხედრები მიიტანეს მიხაილოვოს საავადმყოფოში, ანატომიურ განყოფილებაში. გარდაცვლილებში ამოიცნეს პავლე ფშავლიშვილი(იგივე აფციაური), ყოფილი მუშა მიცვალებულ თავად ჭავჭავაძის, და იმერლიშვილი, ცნობილი მეტსახელით ,,მცხეთელი”. ორივე მათგანი 11 მაისს ამა წლის გაიქცნენ მეტეხის ციხიდან. მეტეხის ციხიდან გაქცევის შემდეგ ფშავლიშვილმა და იმერლიშვილმა შეადგინეს ყაჩაღების ბანდა და თბილისის, დუშეთის და თიანეთის მოსახლეობას შიშის ზარს ჰგვრიდნენ’’.(85)

       ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში მონაწილე პირების და მეტეხის ციხიდან, 1908 წლის 11 მაისს გაქცეული ბოლშევიკი-ტერორისტების ერთობლივ მოქმედებას ერთი ჯგუფის, თუ ბანდის რიგებში ადასტურებს სხვა საარქივო დოკუმენტებიც. მათ შორისაა საქართველოს ცენტრალურ საისტორიო არქივში არსებულ თბილისის გუბერნატორის კანცელარიის ერთ-ერთ საქმეში, რომელიც ეხება პასუხისგებაში მიცემული სხვადასხვა პირების დაპატიმრებებს დაცული დოკუმენტები, რომლებშიც პავლე ფშავლიშვილის ჩადენილ დანაშაულებებზეცაა საუბარი. საინტერესოა, რომ მათში იგი კვლავ დასახელებულია, როგორც ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მონაწილედ და განსაკუთრებით საშიში ხასიათის სხვა დანაშაულებების ჩამდენად. სახელდობრ, 1908 წლის 3-4 თებერვალს, დუშეთის მაზრის სოფლებში განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმების განმახორციელებელი ბანდის მეთაურად.

       როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, დუშეთის მაზრაში ამ ბანდის წევრებმა ჩაიდინეს ისეთი სახის დანაშაულებები, რაც იმ პერიოდში, სოფლად ,,წითელი რაზმების” ტერორისტული საქმიანობისათვის იყო დამახასიათებელი. დუშეთის მაზრის უფროსის მოხსენების თანახმად, ვიგებთ, რომ ბანდის წევრებმა სოფლებში: საგურამო, ზაქარო, ნავდარაანთკარი მოაწყეს ყაჩაღური თავდასხმები, გაძარცვეს მოსახლეობა და ერთ-ერთ სოფელში თავად ნიკოლოზ ხიმშიევის წისქვილს ცეცხლი წაუკიდეს.(86) დოკუმენტების მიხედვით, თავდამსხმელების ნაწილი მალევე დაუკავებიათ და გასასამართლებლად გადაუციათ სამხედრო-საოლქო სასამართლოსათვის.

     ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ერთ-ერთ საქმეში - ,,თბილისის გუბერნატორის კანცელარიის საქმე სახელმწიფო საბჭოს წევრ ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძის მკვლელობაზე”, გაზეთ ,,ტიფლისკი ლისტოკი”-ს, 1908 წლის 12 თებერვლის ნომრის ამონაჭერია მოთავსებული. მასში ვკითხულობთ: ,,გაზეთ ,,ისარის” ცნობით, 1908 წლის 9 თებერვლის ღამით შეძლეს ილია ჭავჭავაძის მკვლელების კვალზე გასვლა. ორი მათგანი დაჭერილია. როგორც გაზეთებიდანაა ცნობილი, მცხეთის ტერიტორიაზე და სოფელ საგურამოში დიდი ხანია ყაჩაღობდა ძალიან მამაცი და როგორც ჩანს, ყაჩაღების მრავალრიცხოვანი ბანდა. ისინი ყაჩაღობდნენ მცხეთის ტერიტორიაზე და სამხედრო გზაზე. საგურამოს მცხოვრებმა ანტონ ნავდარაშვილმა და სხვა მაცხოვრებლებმა, რადგან ძალიან იყვნენ შეწუხებული, გადაწყვიტეს ბოლო მოეღოთ ამ ძარცვებისათვის. ყაჩაღებმა ეს გაიგეს და გადაწყვიტეს გლეხებისათვის დაესწროთ. 3 თებერვლის ღამით ისინი 10-12 კაცის ოდენობით, შეიარაღებული ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით მიადგნენ ან. ნავდარაშვილის სახლს. მან მამაცური წინააღმდეგობა გაუწია და დაჭრა სამი მათგანი. როგორც ირკვევა, ან. ნავდარაშვილს ნაჯახით მოუგერიებია თავდამსხმელები’’.

      მოდით ახლა მეორე მხარის წარმომადგენელს, სოციალ-დემოკრატს, როგორც მასალებიდან ჩანს, იმ დროს მენშევიკური ფრთის წარმომადგენელ - გიორგი ტატიშვილს მოვუსმინოთ. 1936 წელს, კოტე გორდელაძის საგამოძიებო კომისიას მან შემდეგი ინფორმაცია მიაწოდა: ,,კრება ჩატარდა სოფელ ბიწმენდის ბოლოს, ივნისში (1906 წელი) წინამძღვრიანთკარის სკოლაში, რომელსაც დასწრნენ გლეხები სხვადასხვა სოფლებიდან და კრებამ გადაწყვიტა ჯაშუშ ანტონ ნავდარაშვილის, ტყის მცველ ალექსანდრე ცისკარიშვილის, სოფელ ნავდარაანთკარის მცხოვრებ სოლკა ჯავახიშვილის მოკვლა’’.(87)

        ანტონ ნავდარაშვილს, რომ სწორედ სოციალ-დემოკრატი ,,წითელ რაზმელები” დაესხნენ თავს, ადასტურებს გ. ტატიშვილის სხვა მოგონებაც. აღნიშნული ინფორმაციები ერთმანეთს ავსებენ და გვიზუსტებენ პავლე ფშავლიშვილის და მისი ამხანაგების პარტიულ კუთვნილებას და საქმიანობას. ზემომოყვანილი მასალების ანალიზიდან გამომდინარე აშკარაა, რომ ისინი სოციალ-დემოკრატიული პარტიის, დიდი ალბათობით ბოლშევიკური ფრთის გავლენის ქვეშ მყოფი ადგილობრივი ,,წითელი რაზმის” წევრები იყვნენ.  შესაბამისადაც სოციალ-დემოკრატიული პარტიის ადგილობრივი კომიტეტის დავალებებს ასრულებდნენ.

     სხვა საარქივო მასალებიდან ცნობილია სოფლებში - საგურამო, ზაქარო და ნავდარაანთკარი ზემოაღწერილი თავდასხმების შედეგები. ირკვევა, რომ სტრაჟნიკებს 1908 წლის 8-9 თებერვალს დაუკავებიათ ივანე (იგივე ფილიპე) მოძმანაშვილი, სოფელ კოტორაანთკარის მცხოვრები. ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გამოძიების ერთ-ერთ საქმეში დაცულია ამ პირის აღიარებითი ჩვენება ე.წ. ,,განმცხადებლის ოქმი”, დათარიღებული 10 თებერვლით. აქედან პირდაპირ ჩანს, რომ მან თანამშრომლობა დაიწყო გამოძიებასთან და სწორედ აცნობა ხელისუფლებას თბილისში პავლე ფშავლიშვილის და ლადო ფეიქრიშვილის საცხოვრებელი ადგილის მისამართი. დიახ, ამის შემდეგ მოხდა ამ უკანასკნელების დაპატიმრება და მათ მიერ, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მეოთხე მონაწილის ვინაობის, ანუ ,,იმერელის” დასახელება, რაზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ.

      ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გამოძიების ერთ-ერთ საქმეში დაცულია დუშეთის მაზრის უფროსის 1908 წლის 18 თებერვლით დათარიღებული მოხსენება. მასში მითითებულია, რომ ფილიპე (ივანე) სიმონის ძე მოძმანაშვილი დაკავებულია და პირველივე ეტაპით გაიგზავნება მეტეხის ციხეში. შემდეგ სთხოვს თბილისის ოლქის სასამართლოს პროკურორს, რომ ფ. მოძმანაშვილი მოათავსონ ილია ჭავჭავაძის მკვლელებისაგან ცალკე, საიმედოდ დაცულ საკანში, რადგან - „მან მოგვცა ფასეული მითითებები პავლე ფშავლიშვილის დასაკავებლად. ახლა შიშობს, რომ შურისძიების გამო შესაძლოა მოკლან. ისე კი კარგი იქნება თუ სხვა ციხეში ჩასვამენ, სადაც ზემოაღნიშნული მკვლელობის მონაწილეები პატიმრობაში არ იმყოფებიან’’.(88) სხვა საარქივო საქმიდან კი ვიგებთ, რომ საოლქო პროკურორის მოთხოვნით პავლე ფშავლიშვილი და ფილიპე მოძმანაშვილი თბილისში მეტეხის ციხეში გადაუყვანიათ, პირველი 26 თებერვალს და მეორე 10 მარტს.(89)

        ფ. მოძმანაშვილმა გამოძიებას მართლაც ნაყოფიერი ჩვენებები მისცა. მისი ერთ-ერთი ჩვენების მიხედვით, მასთან თბილისში მისულა ვინმე ჩართლელი, რომელიც მოკლულ იქნა 4 თებერვალს, სოფელ ნავდარაანთკარში ძარცვის დროს. ამ პირმა მას შესთავაზა ვიღაც ებრაელი ვაჭრის გასაძარცვავად სოფელ ზაქაროში წასვლა. ჩართლელთან ერთად ყოფილან პავლე ფშავლიშვილი, გიორგი ოზიევი, ლადო ფეიქრიშვილი. ფ. მოძმანაშვილის ჩვენების მიხედვით, ისინი შედიოდნენ ბანდაში, რომლის რაოდენობაც 100 კაცზე მეტი იყო. ისინი თბილისში ვაგზალთან და ნახალოვკაში ცხოვრობდნენ და მოძმანაშვილს შეეძლო იმ ადგილის ჩვენება, სადაც მათი იარაღი ინახებოდა. ფ. მოძმანაშვილი ასევე უთითებს, რომ გიგლა ბერბიჭაშვილი ცხოვრობდა ვერაზე, ხოლო ვანო ინაშვილი ამ დროისთვის წასული  ყოფილა თავის ძმასთან ბაქოში თუ ელიზავეტოპოლში.(90)

      აქვე ამ მასალებში, 1908 წლის 13 მარტით დათარიღებულ წერილში, ნახენები არიან ლადო ფეიქრიშვილი, როგორც ილია ჭავჭავაძის მკვლელი და ასევე გიგლა ბერბიჭაშვილი და ვანო (ივანე) ინაშვილი. დოკუმენტში მითითებულია, რომ: ,,ერთ-ერთი დაჭრილი თანამზრახველებმა წააათრიეს საგურამოში ილია ჭავჭავაძისეულ მამულში.“ მესამე დაჭრილი, როგორც ჩანს ვანო ინაშვილი იყო. ამ ინფორმაციას ადასტურებს კავკასიის რაიონული ,,ოხრანკის“ ერთ-ერთი საქმე, რომელშიც მოთავსებულია ამ ორგანოს ხელმძღვანელების სხვადასხვა შინაარსის მიმოწერა თბილისის ,,ოხრანკის“ განყოფილებასთან. მასში მითითებულია, რომ დაპატიმრებული ალექსეი მზემურის ჩვენებით, გლეხ ანტონ ნავდარაშვილზე თავდასხმისას ნაჯახით დაჭრილი ვანო ინაშვილი ელიზავეტოპოლში გასახლებულ თავის ძმასთან  იმყოფებაო.(91)  

      ზემოთ ნახსენები ფილიპე მოძმანაშვილის ჩვენებას მოსდევს, ლადო ფეიქრიშვილის დაკითხვის ოქმის ამონაწერი. მასში წერია, რომ ლ. ფეიქრიშვილი, როგორც ეჭვმიტანილი 3-4 თებერვალს საგურამოში, ზაქაროში და ნავდარაანთკარში ყაჩაღურ თავდასხმებში, თბილისში დაიჭირეს და დაჰკითხეს. მან უჩვენა, რომ ნახალოვკაში ნადიროვას მამულში ცხოვრობდა. თავისთან ღამე გაათევინა პავლე ფშავლიშვილს, რომელმაც უთხრა, რომ მან, გიგლა ბერბიჭაშვილმა, ვანო ინაშვილმა და კიდევ ერთმა იმერელმა მოკლეს ილია ჭავჭავაძე.(92) ეს არის ჩემს მიერ უკვე ნახსენები ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საქმეში არსებული ოქმის ამონაწერი, რომელშიც ილიას მკვლელებს შორის სულ პირველად იხსენიება ,,იმერელი”. აქვე ერთ-ერთ დოკუმენტში მითითებულია, რომ პავლე ფშავლიშვილი ვინმე ალექსეი მზემურის სახლში ლადო ფეიქრიშვილთან ერთად  9 თებერვალს, ღამის 2 საათზე დაუკავებიათ.(93)

      სხვა საარქივო საქმეების მასალებიც ადასტურებენ, რომ ზემოაღნიშნული თავდასხმის და ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მონაწილე პირები, ერთიან ჯგუფად მოიაზრებოდნენ. კერძოდ, დაპატიმრებულ იქნა  ა. მზემურიც და მისი ჩვენებით, ვანო (ივანე) ინაშვილს ნახალოვკაში ავჭალის ქუჩაზე საკუთარი სახლი ჰქონდა, ხოლო - ,,ყაჩაღი ბერბიჭაშვილი ასევე ცხოვრობდა თბილისში, ვერაზე’’.(94) მსგავსი ინფორმაციები დასახელებულ პირებზე სხვა საარქივო საქმეებშიც მეორდება.(95)

      1908 წლის 3-4 თებერვალს მოწყობილ თავდასხმებში მონაწილე, დაპატიმრებული და პასუხისგებაში მიცემული პირების სრული ჩამონათვალი ასეთია: პუხა ბედოშვილი, მიხა და იორდანე ძმანაშვილები, გიგო ნავდარაშვილი, ვანო ბოლოთაშვილი, ბაგრატ ოვანოვი, ლადო ფეიქრიშვილი(ჩირიკაშვილი), პავლე ფშავლიშვილი და ფილიპე მოძმანაშვილი.

     მათგან პირველი სამი ბრალდებული იყო თავად ნიკოლოზ ხიმშიევის წისქვილის დაწვაში, ხოლო დანარჩენი ექვსი კი 3-4 თებერვალს ზემოაღნიშნულ სოფლებში ჩადენილ ყაჩაღურ თავდასხმებში.(96) ვერ დააპატიმრეს ვანო ინაშვილი, რომელიც, როგორც ზემოთ ითქვა, ანტონ ნავდარაშვილმა დაჭრა და ჭრილობების ,,მოსაშუშებლად” თავის ძმასთან ელიზავეტოპოლში წასულა.

     ამრიგად, ზემოთ გაანალიზებული დოკუმენტებიდან გამომდინარე, ჩემი აზრით, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მონაწილე პავლე ფშავლიშვილი, იმიტომ გამოაქცია ციხიდან გამოცდილმა ბოლშევიკმა ტერორისტმა ილიკო იმერლიშვილმა, რომ ისიც მასავით ,,წითელ რაზმელი” და ბოლშევიკების ერთგული პირი იყო. თავის ,,წითელ რაზმელობას” პავლე ფშავლიშვილი არც კი მალავდა. 1908 წლის თებერვალში მიცემულ თავის ერთ-ერთ ჩვენებაში იგი უთითებდა, რომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შემდეგ იმალებოდა, რადგან მას როგორც ,,წითელ რაზმელს“ დუშეთის პოლიცია ეძებდა.(96)

      ამრიგად,  პავლე ფშავლიშვილი შემთხვევით გზააბნეული გლეხი არაა. მან ილია ჭავჭავაძეზე განხორციელებულ ტერორისტულ აქტში, როგორც ,,წითელ რაზმელმა” შეგნებულად მიიღო მონაწილეობა და მას ეს დავალებული ჰქონდა. ვინ დაავალა მას ამისი გაკეთება? ამ შემთხვევაში, როგორც იტყვიან, პასუხი ხელისგულზე დევს. დაავალა იმ ძალამ, ვინც შეუკვეთა ანტონ ნავდარაშვილზე თავდასხმის განხორციელება. უფრო მეტიც, ჩვენ თითქმის დაზუსტებით შეგვიძლია პასუხი გავცეთ კითხვასაც, თუ ვინ იყო ამ ძალის წარმომადგენელი კონკრეტული პიროვნება.

     ცხადია, იგი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ადგილობრივი კომიტეტის წევრი არ იქნებოდა. იმ პერიოდში მომხდარი მოვლენების თვითმხილველი და შემსწრე სოციალ-დემოკრატი მ. კლიმიაშვილი წერდა: „იმ დროს თვით მცხეთის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია თვლიდა, რომ ილიას მკვლელობა იყო პოლიტიკური ტერორისტული აქტი’’. ე.ი. დუშეთშიც და საგურამოშიც სოციალ-დემოკრატიული პარტიის ადგილობრივი კომიტეტის წევრებმა იცოდნენ, რომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობა იყო ტერორისტული აქტი, მაგრამ მათ ამის შესახებ დადგენილება არ მიუღიათ, არ გადაუწყვეტიათ.

     გ. ტატიშვილი შემდეგნაირად აღწერს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ ,,ტერორის დანიშვნის“ პროცესს: ,,როცა სოფლის მოხელე ან მემამულე ჯაშუშზე ტერორი ინიშნებოდა, პირველად ჯერ საკითხი სოფლის ორგანიზაციაში დაისმებოდა, შემდეგ კი რაიონში გაირჩეოდა, ხოლო როცა დაამტკიცებდა ცენტრალური კომიტეტი ამას, შემდეგ ხდებოდა ,,ტერორის დანიშვნა“ და მოხდენა შესაფერის ადგილას’’.(97)

    ილია ჭავჭავაძე არ იყო რიგითი ადამიანი, ამ შემთხვევაში ანტონ ნავდარაშვილის მსგავსი. ილია იმდროინდელი ქართული საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში ძალიან დიდი ავტორიტეტის მქონე, მწერალი, საზოგადო მოღვაწე და იმჟამად სახელმწიფო საბჭოს წევრი იყო. შესაბამისად, ჩემი აზრით, ასეთი რანგის ადამიანზე ,,ტერორის დანიშვნა” მხოლოდ აღნიშნული პარტიის ცენტრალურ ორგანოს შეეძლო. მისი წევრები, ლოგიკიდან გამომდინარე, ამ სახის ,,პოლიტიკური  ტერორისტული აქტის“ ორგანიზებას და შესრულებას თავის უერთგულეს, რევოლუციურ და ტერორისტულ საქმიანობაში გამოცდილ, თუ ,,ხელგაწაფულ“ წარმომადგენელს დაავალებდნენ. ასეთი ადამიანი კი, ვისაც სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერების თვალში ,,კარგი” ავტორიტეტი ჰქონდა მოპოვებული თბილისში ტერორისტული საქმიანობით, ვინც კარგად იცოდა რა ხდებოდა დუშეთის მაზრაში, მცხეთაში, საგურამოში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, კარგად იცნობდა იქ მოქმედ ,,წითელ რაზმელებს’’ და მათ შავბნელ საქმიანობას სწორედ ილიკო იმერლიშვილი იყო.

      ესე იგი, თუ ვივარაუდებთ, რომ ილია ჭავჭავაძეზე ტერორისტული აქტის ორგანიზება ილიკო იმერლიშვილს დაევალა, იგი ბუნებრივია მის განსახორციელებლად, თავის ერთგულ პირებს შეკრებდა. დიახ, სწორედ სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბოლშევიკების ცნობილ ტერორისტთან, ილიკო იმერლიშვილთან არიან პირდაპირ დაკავშირებული ილიას მკვლელობის დანარჩენი მონაწილეები: ძველი სოციალ-დემოკრატი, თბილისში ავჭალის ქუჩაზე მცხოვრები ვანო ინაშვილი, ,,წითელ რაზმელები“ - პავლე ფშავლიშვილი და გიგლა ბერბიჭაშვილი. ასევე მასთან იყო დაკავშირებული ტერორისტული აქტის სამიზნის შესახებ საჭირო ინფორმაციის მიმწოდებელი, ილიკო იმერლიშვილის  მეგობარი ილია ჭავჭავაძის მოურავი დიმიტრი ჯაში.

 

 

გიგლა ბერბიჭაშვილის პარტიული კუთვნილება და კავშირები

 

    ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შემდეგი მონაწილე გიგლა ბერბიჭაშვილიც კარგად ილიკო იმერლიშვილს. კერძოდ, 1905 წლიდან, როდესაც ორივე მათგანი სოციალ-დემოკრატიული პარტიის იმ შეიარაღებული რაზმების წევრები იყვნენ, ვინც 1905 წლის ნოემბერში, თბილისში ერევნის მოედანზე, სომხების და თათრების შეტაკების ასაცილებლად მათი შეიარაღებული რაზმების შუაში ჩადგნენ. ორივე იმ ათკაციან რაზმში შედიოდა, რომელსაც უშუალოდ საშა ობოლაძე ხელმძღვანელობდა.

     ეს მასალები თუ შემორჩენილი გვაქვს მოგონებების სახით, აღმოჩნდა საარქივო დოკუმენტებიც, სადაც ილიკო იმერლიშვილი და გიგლა ბერბიჭაშვილი ერთად დასახელებული არიან ყაჩაღებს შორის დუშეთის მაზრაში. ერთ-ერთ დოკუმენტში ვკითხულობთ - ,,პრისტავ ვირუბოვის მტკიცებით მან აგენტურული გზებით დაადგინა, რომ ალექსანდრე ვერძეულის მკვლელობა ჩადენილია ყაჩაღური ორგანიზაციის მიერ, რომელიც ოპერირებულია დუშეთის მაზრაში, შემდეგი შემადგენლობით - ვასილ ფარესოვი, ესტატე ჩუგუაშვილი, ილიკო იმერლიშვილი, სანდრო მამულაშვილი, ვასო ჩოჩელი და ბერბიჭაშვილი’’.(98) სხვა დოკუმენტში კი ვკითხულობთ, რომ 1913 წლის 2 მაისს, ალექსანდრე ვერძეული მოკლეს მიმალვაში მყოფმა ვასილ ფარესოვმა(ფარესიშვილი), ესტატე ჩუგუაშვილმა, ილიკო იმერლიშვილმა, სანდრო მამულაშვილმა, ვასო ჩოჩელმა და ბერბიჭაშვილმა’’.(99) რეალურად ამ პირებმა ჩაიდინეს თუ არა ზემოდასახელებული მკვლელობა ამის ანალიზი არ გაგვიკეთებია, მაგრამ 1913 წელს, სავარაუდო მკვლელობის ჩადენაში ეჭვმიტანილებად ბერბიჭაშვილის და ილიკო იმერლიშვილის ერთად დასახელება ძალიან საინტერესოა.

    სხვა საარქივო მასალაში სათაურით - ,,დუშეთის მაზრაში ოპერირებული ყაჩაღები”, 1911 წლით დათარიღებულ დოკუმენტში, სადაც ჩამოთვლილია დუშეთის მაზრაში მოქმედი ყაჩაღები, ჩამონათვალში ისინი ერთი-მეორის მიყოლებით არიან დასახელებული: ,,დუშეთის მაზრა - გიგლა ბერბიჭაშვილი, ილიკო იმერლიშვილი, ადამ ბედოშვილი, გიორგი(კურდღელა) ხიზანიშვილი’’. მათი ,,ოპერირების’’ ადგილად მითითებულია მცხეთა და სოფელი საგურამო. მათ გვარებს მიწერილი აქვს, რომ დასახელებულმა პირებმა მიღეს მონაწილეობა ნიკოლოზ ხიმშიევის მკვლელობაში, საბადურის უღელტეხილზე თავს დაესხნენ გორის ფოსტას, გაძარცვეს სტრაუგაიტისი-ბარათოვა, ასევე საგურამოში ადგილობრივი საკრედიტო ამხანაგობის სალარო. აქვე ამ დოკუმენტში ნახსენები არიან ვასილ ფარესიშვილი და ვასილ ჩოჩელი.(100)

     საბჭოთა ხელისუფლება მართალია მალავდა გიგლა ბერბიჭაშვილის და ილიკო იმერლიშვილის  კავშირებს, მათ პარტიულ კუთვნილებას, მაგრამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში აღმოჩნდა დოკუმენტები, რომლებიც ააშკარავებენ ათეული წლების განმავლობაში დაფარულ სინამდვილეს.

      სხვა საარქივო დოკუმენტებშიც, რომლებიც 1930-იანი წლების პირველი ნახევრით თარიღდება და რომლებიც უკვე ვახსენეთ, მაგალითად - ,,საგურამოს ცოცხლად მყოფი რევოლუციონერთა სია’’, რევოლუციონერებს შორის გიგლა ბერბიჭაშვილიცაა დასახელებული.(101) ამას ადასტურებს, გიორგი ტატიშვილის მიერ 1933 წელს დაწერილი მოგონება, რომლის მიხედვით გიგლა ბერბიჭაშვილი სოციალ-დემოკრატიული პარტიის აქტიური წევრი და ,,წითელ რაზმელი“ იყო: ,,დუშეთის მაზრის ერთ-ერთ სოფელში .... კომიტეტის სახელით რამოდენიმე შეიარაღებულმა ადამიანმა ფულის გამოძალვა დაუწყო გლეხებს. სოციალ-დემოკრატიული პარტიის ადგილობრივი კომიტეტის დავალებით გამომძალველების დაჭერა დაეკისრათ ლავრენტი ასათიანს, გიგლა ბერბიჭაშვილს, სანდრო მამულაშვილს და სანდრო ოძიშვილს”.(102)  

        გიგლა ბერბიჭაშვილის, როგორც სოციალ-დემოკრატიული პარტიის ,,წითელ რაზმელის“ საქმიანობა დასტურდება სხვა დოკუმენტითაც. მისი ავტორია, ზემომოყვანილ დოკუმენტში  გიგლა ბერბიჭაშვილთან ერთად ფულის გამომძალველების ერთ-ერთი დამკავებელად ნახსენები, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ,,წითელ რაზმელი“  სანდრო მამულაშვილი: ,,1906 წელს სოფლიდან ჩამოვიდა ჩემთან ზვიადაური ანიკო. მითხრა ხვალ სამი კაცი მოვა ჩვენს სოფელში და ერთობის კომიტეტისათვის კომლზე 40 მანეთი უნდა მოკრიფონ და წაიღონ. გუშინ იყვნენ და ხალხს ვადა მისცეს ხვალინდელი დღე, თუ არ მოგვცემთ ბომბებით მთელ სოფელს დავანგრევთო. ხალხსაც დავხოცავთ ვინც წინააღმდეგი გახდება. შეიარაღებული იყვნენ ბომბებიც ხელში ეჭირათ. მე წავედი მაშინვე შევატყობინე ლავრენტი ასათიანს და გიგლა ბერბიჭაშვილს, სანდრო ოძიაშვილს. დანიშნულ დღეს ოთხნი წავედით იარაღებით სოფელ დოვო(ა)თში. ის იყო ხალხი შეეგროვებინათ. სახლებიდან ფულს აზიდინებდნენ, ართმევდნენ. სანდრო ოძიაშვილმა თოფი ძირს ისროლა. ხალხი გაიფანტა. ჩვენ გარშემო შემოვურბინეთ ჩავსაფრდით .....ფულის გამომძალველები იარაღაყრილები წამოვიყვანეთ. ორი დღე და ღამე ჩემს გომურში მყავდა დატყვევებული“.(103)  

       1933 წლის 15 მარტს, გიორგი ტატიშვილის ხელით დაწერილ სანდრო მამულაშვილის ავტობიოგრაფიაში კვლავ დადასტურებულია გიორგი ბერბიჭაშვილის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრობა: ,,ღამე ტყეებში ვიკრიფებოდით და ვსწავლობდით როგორ გვებრძოლა თავისუფლების მოსაპოვებლად, ჩვენში მოდიოდნენ ხელმძღვანელი რევოლუციონერი ამხანაგები ისიდორე რამიშვილი, შაქრო უზნაძე, ლავრენტი ასათიანი და შემდეგ გიორგი ტატიშვილი, არსენ წითლაძე, ადგილობრივი სოფლიდან კოლა ოძიაშვილი, გიგლა ბერბიჭაშვილი, სანდრო ოძიაშვილი, ვანო ღარიბაშვილი და სხვები. ვმუშაობდით რ. ს. დემოკრ. მუშათა პარტიის ხაზით“.(104)

       აქვე ნათქვამია, რომ გიგლა ბერბიჭაშვილი იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის ,,წითელი რაზმის” წევრი და სწორედ ამიტომ დასდევდნენ ,,სტრაჟნიკები” მას დასაჭერად: ,,სოფელ წინამძღვრიანთკარის სასწავლებელში ფერმის თავზე კრება მოიწვიეს მთელი საგურამოს რაიონის ასისთავების და პარტიული ხელმძღვანელების საერთო კრება ... მეორე დღეს დუშეთიდან სტრაჟნიკების ურიადნიკი ვასილა მოვიდა ჩვენს სოფელში კაზაკებით. დამიჭირა და გიგლა ბერბიჭაშვილს და სანდრო ოძიაშვილსაც ძებნა დაუწყეს სოფელში. თქვენ გუშინ სკოლის თავზე წინამძღვრიანთკარში კრებაზე იყავითო’’.(105)

          გიგლა ბერბიჭაშვილის დუშეთის მაზრაში მოქმედი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ,,წითელი რაზმის” წევრობა დასტურდება იმ დროს დუშეთის მაზრაში სოციალ-დემოკრატიული პარტიის ,,პასუხისმგებელი მუშაკის’’ მიხეილ კლიმიაშვილის  მიერაც: ,,როგორც კი ილიას მკვლელობა მოხდა და საზოგადოება ალაპარაკდა ამ მკვლელობაში სოც.დემოკრატიული პარტიის მონაწილეობის შესახებ მაშინვე სოც. დემოკრატიული პარტიის კომიტეტმა დაავალა თავის სასოფლო კომისიას და მის თავმჯდომარეს ვასო ცაბაძეს დაუყოვნებლივ შეედგინათ სოფლად მუშაობასთან დაკავშირებული ამხანაგებისაგან კომისია ამ საქმის გამოსაძიებლად. ..... ჩემთვის მოულოდნელი იყო გიგლა ბებიჭაშვილის ამ მკვლელობაში მონაწილეობა. იმ ხანებში გიგლა ბერბიჭაშვილი და კოლა ოძიაშვილი (ანუ გიგლა  ბერიჭაშვილთან ერთად სოციალ-დემოკრატიული პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის აქტიური წევრებს შორის ზემოდასახელებული პირი - თ.ს.) მძვინვარე რეაქციისაგან თავისი სოფლიდან გამოდევნილები თბილისში ცხოვრობდნენ. გიგლა ბერბიჭაშვილი მთელ დღეებს თბილისში სანდრო გედევანიშვილთან და ავჭალაში პავლე ტუსიშვილთან ატარებდა’’.(106) სხვა საარქივო მასალებში სანდრო გედევანიშვილიც დასახელებულია ილიკო იმერლიშვილის დაჯგუფების წევრად0.

        საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული სხვა მასალებიც ადასტურებს გიგლა ბერბიჭაშვილის სოციალ-დემოკრატიული პარტიის რიგებში ყოფნას. იგი დაპატიმრებამდე, ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში მონაწილეობაში ეჭვიმატანილის სტატუსით  დაკითხვისას ამბობდა: ,,პარტიის წევრი ვარ 1905 წლიდან, ...პარტიაში ვარ მიღებული დუშეთის პარტიული ორგანიზაციის მხრიდან ... მაშინ როდესაც პარტიაში მიმიღეს ამ პარტიას ერქვა მუშათა სოციალ-დემოკრატიული პარტია“.(107) სხვა დაკითხვისას, გიგლა ბერბიჭაშვილი უფრო აკონკრეტებდა  პარტიულ კუთვნილებას: ,,1905 წელში თუ რომელი პარტიის რიგებში ვიყავი ჩემს მიერ დაშვებულია შეცდომა, რადგან იქ მე ვუჩვენე თითქოს 1905 წელს სოც.დმ. მუშათა პარტიაში არ ყოფილიყოს ბოლშევიკური და მენშევიკური მიმართულება. პირიქით ასეთი იყო და მე პირადად ვიბრძოდი ბოლშევიკების მხარეზე“.(108)

        ზემოთ უკვე აღვნიშნე, რომ გიორგი ტატიშვილი 1930-იანი წლების ბოლოდან უკვე უარყოფით კონტექსტში იხსენიებდა ივანე ინაშვილს, პავლე ფშავლიშვილს და გიგლა ბერბიჭაშვილს. ჩანს მან ვიღაცისგან არაოფიციალურად თუ ოფიციალურად ,,მიიღო” მითითებები ამ ადამიანების შესახებ. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია, ფაქტები კი ისაა, რომ გიორგი ტატიშვილი 1941 წლის გიგლა ბერბიჭაშვილის სასამართლო პროცესზე, ამ უკანასკნელის ილიას მკვლელობაში აქტიურ მონაწილეობაზე აქტიურად საუბრობდა და უარყოფითადაც ახასიათებდა.

           1940-იან წლების მეორე ნახევარში დაწერილ თავის მოგონებებში და წერილებში გიორგი ტატიშვილი უკვე სხვა რამეს ამბობდა. წერდა, რომ ,,პარტიის დავალებით” მას მოუხდენია რა ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შესახებ ,,მთელ რაიონში და მაზრაში კვლევა-ძიება”, ვერ მოუპოვებია იმისი დამადასტურებელი მასალა, თუ ილია ჭავჭავაძის და მისი მოურავის მოსე მემარნიშვილის მკვლელობის ჩადენის საკითხი, რომელ ადგილობრივ ორგანიზაციაში იყო დასმული. მეტიც, მისი სიტყვებით - ,,არსად არაფერი აღმოჩნდა, თუ მაზრის რაიონის რომელ პარტიაში იყვნენ ვანო ინაშვილი და გიგლა ბერბიჭაშვილი, არც მათ წითელ რაზმში ყოფნა, რომელიმე რაიონში ან მაზრაში. თვით საგურამოს რაიონის ორგანიზაციაში არ დადასტურდა მათ პარტიაში და წითელ რაზმში ყოფნა. ინაშვილი მაშინ მამასახლისად იყო, როცა გორის მაზრაში და დუშეთში წითელი რაზმი შედგა. გიგლა ბერბიჭაშვილიც ქურდბაცაცა მძარცველებთან დაბრძანდებოდა. მას პარტიაში ან წითელ რაზმში შესვლას ვინ აღირსებდა’’.(109) აი, ასე ხდებოდა საბჭოთა პერიოდში პარტიის ,,ხაზის” თუ ,,ზემოდან მითითების’’ თანახმად ადამიანების მიერ შეხედულებების და ისტორიული ,,მეხსიერების’’ შეცვლა.

       საბჭოთა ხელისუფლება მალავდა, არა მარტო ილია ჭავჭავაძის მკვლელების პარტიულ კუთვნილებას, არამედ მათ კავშირებს ბოლშევიკური პარტიის სხვადასხვა რანგის წევრებთან. მაგალითად, გიგლა ბერბიჭაშვილის კავშირს, 1900-იანი წლების დასაწყისში სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბოლშევიკური ფრთის აქტიურ პარტიულ ,,მოღვაწე” მარო ხუციშვილთან. ეს უკანასკნელი ცნობილ ბოლშევიკებთან - კამო (ტერ-პეტროსიანი), ვანო თარხნიშვილი, გიორგი ელისაბედაშვილი და სხვებთან ერთად, 1905-1907 წლების რევოლუციის ყოფილა დროს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრების არალეგალური შეკრებების აქტიური მონაწილე.

       ესაა ამონარიდი შინაგან საქმეთა სამინისტროს პარტიულ არქივში დაცული მარიამ ნიკოს ასული ხუციშვილის, 1934 წლის სექტემბერში დაწერილი ავტობიოგრაფიიდან. შაუბარი ეხება 1904 წელს - ,,თბილისში ... მე ვასრულებდი არალეგალური კრებების დარაჯობას ... მეთაურად ითვლებოდნენ ბათუმიდან: კოლია ლომთათიძე, თბილისში კი - თეოფილე ჩიჩუა, კიდევ მოდიოდა ბოლქვაძე ვანო და კამო პეტროსიანი ჩიკორა. წევრებად ითვლებოდნენ - ტრიფონ რამიშვილი, სოლომონ დოლიძე, იუსტინე ვადაჭკორია, მაკარა გოგუაძე, ბესო მაისურაძე, ვარლამ სიმონიშვილი, ვასო ზაქარიაშვილი, მიხა ჩოდრიშვილი, გიგო ხეჩუაშვილი, გიორგი ქუჩიშვილი, ბერბიჭაშვილი გიგლა, ანდრო დოლიძე, თედორე დოლიძე, ვანო გაგუა, ევგენი დვალი, კასპიდან მოდიოდა გამხიტაშვილი კოსტა, თბილისში - ჯორჯიაშილი არსენა, ბათუმიდან ჩამოდიოდა კობა ჯუღაშვილი, იგივე სტალინი’’.(110)

          გიგლა ბერბიჭაშვილის და იოსებ ჯუღაშვილის ერთად მონაწილეობა ბოლშევიკების არალეგალურ კრებებში, ირიბად დასტურდება თვითონ გიგლა ბერბიჭაშვილის მიერ ამ დოკუმენტზე გაკეთებული წარწერით: ,,ნამდვილად ვადასტურებ რომ ამხ. ხუციშვილი მარო ნიკოს ასული ღებულობდა მხურვალე მონაწილეობას 1905 წლიდან 1907 წლამდის ნიკოლოზის წესწყობილების წინააღმდეგ. ორჯელ იყო დაჭრილი. 1907 წლიდან მე წავედი პერსიაში. ბერბიჭაშვილი. პარტ. სტაჟი 1905 წ. პარტ. წიგნაკი # 0856831. წითელ პარტიზანთა წიგნაკი #188. ბერბიჭაშვილი’’.(111)

      საბჭოთა პერიოდში გიგლა ბერბიჭაშვილის სასამართლო პროცესზე 1905-1921 წლებში სოციალ-დემოკრატიული პარტიის აქტიური წევრის, გიორგი ტატიშვილის, დუშეთის მაზრის ყოფილი უფროსის ყარამან ფაღავას და სხვა მოწმეების ჩვენებები, თითქოსდა გიგლა ბერბიჭაშვილი  სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი კი არა, არამედ რიგითი სისხლის სამართლის დამნაშავე იყო ემსახურებოდა ერთ მიზანს, ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრების და კერძოდ, ამ პარტიის ბოლშევიკური ფრთის მონაწილეობის კვალი დაეფარათ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ილია ჭავჭავაძის მკვლელების მიერ ჩადენილი ერთობლივი დანაშაულებები

 

      ილიკო იმერლიშვილის და მისი თანამრახველების კავშირების უკეთ წარმოსაჩენად გთავაზობთ მასალას, რომელიც ძირითადად აღებული მაქვს ჩემი 2011 წელს გამოსული მონოგრაფიიდან.

     ილია ჭავჭავაძის მკვლელების მიერ ერთობლივად ჩადენილი დანაშაულებების შესახებ, საქართველოს ცენტრალურ ისტორიულ არქივში ბევრი დოკუმენტი მოვიძიე, ილიას მკვლელობასთან კავშირის არმქონე სულ სხვა საარქივო საქმეებში. მათ შორის ერთ-ერთია, ზემოთ უკვე ნახსენები, 1900-ან წლებში დუშეთის მაზრაში მცხოვრები, მსხვილი მემამულე, თავად ნიკოლოზ(ნიკა) ხიმშიევის (ხიმშიაშვილი) მკვლელობის გამოძიების საქმე. ისმება კითხვა, ვინ იყო თავადი ნიკოლოზ ხიმშიევი და რა საერთო აქვს მის მკვლელობას ილია ჭავჭავაძის მკვლელობასთან?

       როგორც მასალებიდან ჩანს, თავად ნიკოლოზ ხიმშიევს, 1905 წელს სოციალ-დემოკრატების ყოველკვირეული ლეგალური ჟურნალი ,,მოგზაურის” საგურამოელი კორესპონდენტი ვ.ნ. (ვასილ ნაცვლიშვილი) ილია ჭავჭავაძეზე დაწერილი წერილების მსგავსი პასკვილებით, ანალოგიურ ბრალდებებს უყენებდა და აბრალებდა ათასგვარი სისაძაგლის ჩადენას. 1906 წელს, როგორც ,,გლეხების შემწუხებელს” მოიხსენებდა ნ. ხიმშიაშვილს სოციალ-დემოკრატების ყოველდღიური გაზეთი ,,ტალღა”. ამასთან ერთად, დუშეთის მაზრაში ,,მოღვაწე” სოციალ-დემოკრატი აგიტატორების სიტყვიერი აგიტაცია და ,,წითელ რაზმელების” თავად ნიკოლოზ ხიმშიევის მამულზე თავდასხმები - ხეხილის, ვენახის აჩეხვა, წისქვილის დაწვა, 1905-1907 წლებში ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების ანალოგიური იყო.(112)

      სოციალ-დემოკრატების ორივე ფრთის წარმომადგენლები 1910-1920-იან წლებში თვლიდნენ, რომ ილია ჭავჭავაძე ,,აგრარულ ნიადაგზე” მოკლა ადგილობრივმა გლეხობამ. ისინი ნიკოლოზ ხიმშიევის მკვლელობასაც, ასევე ,,აგრარულ ნიადაგზე” ადგილობრივი გლეხების ჩადენილ მკვლელობად იხსენიებდნენ.

      ზემოთ უკვე აღვნიშნე, რომ ჩემი დასკვნით, ილიას მკვლელობა ,,უბრალო საგურამოელმა გლეხებმა” სპონტანურად კი არ ჩაიდინეს, არამედ ეს იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბოლშევიკური ფრთის მიერ კარგად ორგანიზებული ტერორისტული აქტი. მსგავსი ტერორისტული მეთოდების და ხერხების გამოყენებით, 1909 წელს მოკლულ იქნა ნიკოლოზ ხიმშიევიც. უფრო მეტიც, ორივე მკვლელობაში მონაწილე პირები, მცირე გამონაკლისის გარდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ,,წითელ რაზმელები” და როგორც მათ იმდროინდელი ხელისუფლება მოიხსენიებდა - ,,ყაჩაღ-ტერორისტების’’ და ,,შანტაჟისტების’’ ერთი ბანდის წევრები იყვნენ.(113)

     მსხვილი მემამულე, 1907 წლის შემოდგომაზე სახელმწიფო საბჭოს ამომრჩეველი (ხმოსანი), თავადი ნიკოლოზ ხიმშიევი საკმაოდ ცნობილი პიროვნება იყო. მისი მკვლელობის გამოძიების რამოდენიმე ტომი, სხვადასხვა საარქივო საქმეების სახით არსებობს საქართველოს საისტორიო ცენტრალურ არქივში. ერთ-ერთი მათგანია თბილისის სასამართლო პალატის პროკურორის საქმე - ,,დუშეთის მაზრის თავად ხიმშიევის მკვლელობა ილია იმერლიშვილის და სხვების მიერ’’.(114) 

      აქ მოთავსებულია უამრავი დოკუმენტი, რომელიც იძლევა ილია ჭავჭავაძის მკვლელობასთან პარალელების გავლების კარგ საშუალებას. მხოლოდ მათი უბრალო გადათვალიერებითაც კი, ცხადი ხდება ნიკოლოზ ხიმშიევის მკვლელობაშიც სწორედ ილია ჭავჭავაძის მკვლელები იღებდნენ მონაწილეობას ორი ადამიანის გამოკლებით - 1908 წლის 17 დეკემბერს მოკლული პავლე ფშავლიშვილი და ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში მონაწილეობის გამო გასამართლებული, 1909 წლის 21 აგვისტოს ჩამოხრჩობილი ვანო ინაშვილი.

      ზემოაღნიშნულ საქმეში გაერთიანებულია ნიკოლოზ ხიმშიევის მკვლელების ჯგუფის მიერ ერთობლივად ჩადენილი სამი დანაშაულის გამოძიება. მათგან, პირველი არის მარტყოფ-იორის მეტყევე გ. ბალტლონზე თავდასხმა.(115)

     დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 1909 წლის 9 სექტემბერს, საღამოთი, მეტყევე ბალტლონს ხუთმა ბოროტმოქმედმა იარაღის მუქარით მისი საცხოვრებელი სახლიდან გასტაცა: სამი ,,სმიტ-ვესონის” სისტემის რევოლვერი, სამი ,,ბერდანის” სისტემის შაშხანა, ფული და მისი მეუღლის კუთვნილი ოქროს ნივთები. მათ ასევე წაიღეს, 1909 წელს შედგენილი, ხის უკანონო ჭრის და საქონლის თვითნებური ძოვების აღკვეთის 150 აქტი.

      ამ თავდასხმაში მონაწილეობდნენ ილია (ილიკო) იმერლიშვილი, სოფელ ნორიოს მკვიდრი ლადო ფეიქრიშვილი(ჭრიკიშვილი, ჩირიკაშვილი), ვასილ დათუნაიშვილი(ერასტი ჯორბენაძე) და სხვები.(116) გამოძიების მასალაში აღნიშნულია, რომ ილია (ილიკო) იმერლიშვილმა მეტეხის ციხიდან გაქცეული პატიმრებიდან ყაჩაღების ბანდას გაუკეთა ორგანიზება.(117) აქვე მივუთითებ, რომ დოკუმენტში ნათქვამია ლადო ფეიქრიშვილის სიკოჭლის შესახებ, რაც დამატებით ადასტურებს, რომ იგი ილია ჭავჭავაძის მკვლელთა შორის არ იყო, რადგან ილია ჭავჭავაძის მკვლელებს შორის ასეთი ფიზიკური ნაკლის მქონე პირზე, არც ერთ დოკუმენტში არაა საუბარი.

      ილია(ილიკო) იმერლიშვილის მონაწილეობას ამ თავდასხმაში რამოდენიმე მოწმის ჩვენება ადასტურებს. თავდამსხმელთა შორის ილიკო იმერლიშვილი და ვასილი დათუნაიშვილი(ერსატი ჯორბენაძე) მათთვის წარდგენილ ფოტოებზე დაზარალებულმა მეტყევემ, მისმა მეუღლემ და მოახლემ ამოიცნეს. მოწმედ დაკითხული სოფელ ნორიოს ერთ-ერთი მცხოვრების ჩვენებით, 9 სექტემბერს, მეტყევის გაძარცვის შემდეგ, საღამოთი, მასთან წისქვილში ,,მაუზერებით” შეიარაღებული ხუთი პირი მისულა პურის სათხოვნელად. მათ შორის მისთვის კარგად ნაცნობი ლადო ფეიქრიშვილი. წარდგენილ ფოტოებზე მან ილია(ილიკო) იმერლიშვილიც ამოიცნო. შეგახსენებთ, რომ ან. ხინთიბიძის წიგნში მითითებულია: ,,ბათუმიდან 23 ,,მაუზერი” ჩამოიტანეს 1908 წლის 11 მაისს მეტეხის ციხიდან გაქცეულების შესაიარაღებლად”-ო ასე რომ, ჩანს, სწორედ ამ სისტემის იარაღით იყვნენ თავდამსხმელები შეიარაღებული.

    დაახლოებით ერთ თვეში, 1909 წლის 7 ოქტომბერს, დღის სამ საათზე, დუშეთის მაზრის სოფელ აბანოთხევში, ამავე ჯგუფის, თუ ბანდის ექვსმა წევრმა, შეარაღებულებმა ,,მაუზერის” სისტემის პისტოლეტებით და, როგორც ჩანს, მეტყევის სახლიდან გატაცებული ,,ბერდანის” სისტემის შაშხანებით, მოკლეს თავადი ნიკოლოზ ხიმშიევი. გამოძიების აზრით, ეს იყო ძალიან თავხედური, ყოველგვარ ზღვარს გადაცილებული თავდასხმა, რადგან დანაშაული ბოროტმოქმედებმა მაზრის ცენტრიდან, ქალაქ დუშეთიდან, სულ რაღაც 9 ვერსის დაშორებით ჩაიდინეს.(118)    

      თბილისის ოლქის პროკურორის 1909 წლის 28 ოქტომბრით დათარიღებულ წერილში, თბილისის სასამართლო პალატის პროკურორის სახელზე, დეტალურადაა აღწერილი მკვლელობის გარემოებები. მასში ნათქვამია, რომ: ,,ნ. ხიმშიევი ქოხში იჯდა, თვალყურს ადევნებდა მუშების მიერ ყურძნის კრეფას და ყურძნის წვენის ჩასხმას ჭურჭლებში. პარალელურად ღვინით მოვაჭრეებთან მოლაპარაკებას აწარმოებდა. მისი მოურავი ვასილ ოზიევი კი მუშების მიერ გადასხმული ღვინის რაოდენობას იწერდა. (იგულისხმება ყურძნის წვენი - თ.ს.) მოულოდნელად ქოხის გვერდზე დალაგებული ღვინის კასრების მხრიდან ექვსი პირი გამოჩნდა, რომლებიც შეიარაღებული იყვნენ სწრაფმსროლელი ცეცხლსასროლი იარაღით და რევოლვერებით. მათ ნ. ხიმშიევს სროლა დაუწყეს და თან იძახოდნენ - ,,ჩვენ აქ სამი დღეა გელოდებოდითო’’.(119) როგორც გამომძიებელი აღნიშნავს, მათ თავდასხმა ღიად და მოურიდებლად, მუშათა მთელი ჯგუფის თვალწინ ჩაიდინეს.(120) 

       აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით, 1910 წლის 20 ივლისით დათარიღებულ სხვა დოკუმენტში ნათქვამია, რომ პირველი ვინც დაუწყო სროლა ნ. ხიმშიევს და თან აგინებდა, იყო ილია იმერლიშვილი, რომელიც მოწმეებმა სახეზე ამოიცნეს.(121) ამასთან, ნ. ხიმშიევს ძირითადად ორი პირი ესროდა და მეორე იყო ვასილ დათუნაიშვილი, ანუ ერასტი ჯორბენაძე. დანარჩენი თავდამსხმელები კი ყოფილან: გიგლა ბერბიჭაშვილი, ესტატე ჩუგუაშვილი და ლადო ფეიქრიშვილი. ეს უკანასკნელი მისი ფიზიკური ნაკლის, ანუ რომ კოჭლობდა, ამ ნიშნითაც იქნა ამოცნობილი.(122) მეექვსე თავდამსხმელის ვინაობა დოკუმენტში არ წერია. აღნიშნულია მხოლოდ, რომ მათთან ერთად მყოფ მეექვსე პირს, დანარჩენი ხუთი თავდამსხმელისათვის მიუთითებია ნიკოლოზ ხიმშიევის მოურავ ვასილ ოზიევზე - მოკალით ესეც, რადგან თავადის  (ნ. ხიმშიევის) შვილია და გასულ წელს თავისი სახლის აივნიდან გვესროდაო. ვენახში მომუშავე  მუშებს ბოროტმოქმედები დაურწმუნებიათ, რომ ვ. ოზიევი მხოლოდ მოურავი იყო და თავდამსხმელებსაც მისთვის თავი გაუნებებიათ. თუმცა, სხვა დოკუმენტში უკვე ვარაუდია გამოთქმული, რომ ვ. ოზიევზე თვალის ასახვევის მიზნით დაიწყეს თავდამსხმელებმა ყურადღების გამახვილება, რადგან მთელი რიგი მასალების მიხედვით, იგი სწორედ მათგან იყო შეგზავნილი ნიკოლოზ ხიმშიევთან, როგორც მოურავი.

      ნ. ხიმშიევის მკვლელობის გამოძიების სხვა საქმეში, თბილისის საოლქო სასამართლოს განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებლის, 1910 წლის 30 მარტის წერილში თბილისის საოლქო სასამართლოს პროკურორისადმი აღნიშნულია, რომ ,,ორივე დანაშაული ილია(ილიკო) იმერლიშვილის ბანდის და ერთი და იგივე პირების - ილია იმერლიშვილის, ლადო ფეიქრიშვილის, ვასილ დათუნაიშვილის(ერასტი ჯორბენაძე) მიერ არის ჩადენილი. აღნიშნული დასკვნა გამოტანილია მოწმეების ჩვენებების და ნივთიერი მტკიცებულებების საფუძველზე’’-ო.(123) 

      მოწმეთა ჩვენებებით თავდამსხმელები მიუახლოვდნენ რა მოკლულ ნ. ხიმშიევის ცხედარს, თან აგინებდნენ და დასძახოდნენ: ,,შენ ჩვენ დიდხანს გვაწამებდი! შენ აწამებდი ფშავლიშვილს! შენს გამო მოკლულ ფშავლიშვილის ცხედარს ასანთით ანათებდი და ისე ათვალიერებდი! ახლა კი, ჩვენ შენ გათვალიერებთ!” და მიცვალებულს სხეულზე აყრიდნენ ასანთის ანთებულ ღერებს.

      ამის შემდეგ, თავდამსხმელების მეთაურმა, როგორც მასალებიდან ჩანს ილიკო იმერლიშვილმა, ვენახში მომუშავე მუშებს უბრძანა არ განძრეულიყვნენ. მან გაიხსნა ჯარისკაცის ფარაჯა, მიუთითა ,,მაუზერსა” და შავ ბლუზაზე, მუშებს მიმართა: ,,არ შეგეშინდეთ, ჩვენ ადგილობრივები არა ვართ, თბილისიდან ვართ, ამ ძაღლის მოსაკლავად მოვედით, მხოლოდ ეს უნდა მოგვეკლა, თქვენ ხელს არ გახლებთ’’-ო.(124) ილიკო იმერლიშვილი თანამედროვეების დახასიათებით: ,,შავგვრემანი იყო, იცვამდა შავ ხალათს, ფრენჩს, რუსულ შარვალს, იხურავდა ფაფახს’’.(125) ეს დასტურდება მისი რამოდენიმე ფოტოთიც, რომელიც ამ პერიოდშია გადაღებული.

            ნიკოლოზ ხიმშიევის მკვლელობაში სხვა ბოროტმოქმედებთან ერთად გიგლა ბერბიჭაშვილის მონაწილეობას გამოძიება, მოწმეთა ჩვენებების გარდა ადასტურებდა იმითაც, რომ მკვლელობის შემდეგ, ბანდის წევრების კვალმა ისინი დუშეთის მაზრის სოფელ ახატანთან მიიყვანა. მათი აზრით, ამ ბანდის წევრებიდან მხოლოდ გ. ბერბიჭაშვილმა იცოდა ტყის ბილიკი, რომლითაც ჩამოვიდნენ ბოროტმოქმედები სოფელ აბანოსხევში და მკვლელობის შემდეგ უკან გაბრუნდნენ.(126) ეს აზრი ნ. ხიმშიევის მეგობრის ბაზალეთის პრისტავ იოსებ ოზიევის ჩვენებაშიცაა გამოთქმული.(127) 

      გამოძიებამ სწრაფად შექმნა თავდასხმის და მკვლელობის სრული სურათი. თითქმის ორი ათეული მოწმის ჩვენებები ერთმანეთის იდენტურია და ავსებს ერთმანეთს. ძალიან საინტერესოა 1910 წლის 25 თებერვალს დაკითხული, დუშეთის მაზრის ბაზალეთის ნაწილის პრისტავის იოსებ სოლომონის ძე ოზიევის ჩვენება. იგი აღნიშნავს, რომ 1905 წელს, აგრარული მოძრაობის დაწყებას მოჰყვა უამრავი აგიტატორის გამოჩენა დუშეთის მაზრაში, რომლებიც ეწეოდნენ აგიტაციას როგორც ხელისუფლების, ასევე მემამულეების და თავადების: გრიგოლ ზანდუკელის, ილია ჭავჭავაძის და ნიკოლოზ ხიმშიევის წინააღმდეგ. ი. ოზიევის სიტყვებით, ამ პირების - გ. ზანდუკელი, ი. ჭავჭავაძე მკვლელობების შემდეგ, ნ. ხიმშიევი თვლიდა, რომ მასაც მოკვლას უპირებდნენ. სწორედ ამიტომ, საკუთარი სიცოცხლის უსაფრთხოების დაცვის მიზნით სურდა, ილია ჭავჭავაძის მკვლელების პოვნა და დაპატიმრება.(128)

       ნიკოლოზ ხიმშიევის და მარია ღლონტიც (ხიმშიევა) თვლიდა, რომ მისი ძმის მკვლელობა ილია ჭავჭავაძის მკვლელობასთან იყო დაკავშირებული. მარია ღლონტის ჩვენებით, ჯერ კიდევ 1906 წლის მარტში, მის ძმაზე, ნიკოლოზ ხიმშიევზე თავდასხმას შეეწირა მისი მეუღლე. იგი მიუთითებდა: ,,1906 წლის მარტში და 1908 წლის აგვისტოში ჩემს ძმაზე განხორციელებულ ორ თავდასხმაში, გავრცელებული ხმების მიხედვით მონაწილეობდნენ - ილია იმერლიშვილი, პავლე ფშავლიშვილი, გიგლა ბერბიჭაშვილი, ესტატე ჩუგუაშვილი და სხვები.”

      ამ ჩვენების შინაარსიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ 1906 წელს, ილია ჭავჭავაძის მკვლელობამდე ერთი წლით ადრე, ილია იმერლიშვილი, პავლე ფშავლიშვილი და გიგლა ბერბიჭაშვილი არა მარტო იცნობდნენ ერთმანეთს, არამედ ერთად ჩადიოდნენ დანაშაულებებს. ამავე ჩვენებაში მარია ღლონტი ამბობს, რომ სწორედ პავლე ფშავლიშვილის ბანდამ მოკლა თავადი ილია ჭავჭავაძე და მის გარდა ამ ბანდის სხვა წევრები იყვნენ: ილია იმერლიშვილი და გიგლა ბერბიჭაშვილი.(129) ანუ, როგორც მ. ღლონტის (ხიმშიევა) ჩვენებიდან ჩანს, მან და მისმა ახლობლებმაც 1909 წელს უკვე იცოდნენ, რომ პავლე ფშავლიშვილთან და გიგლა ბერბიჭაშვილთან ერთად, ილიკო იმერლიშვილი იყო ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მონაწილე.

      მ. ღლონტის სიტყვებით ,,დანამდვილებით არის ცნობილი, რომ ჩემი ძმის მკვლელობაში მონაწილეობდნენ: ილია იმერლიშვილი, ლადო ფეიქრიშვილი და გიგლა ბერბიჭაშვილი’’.(130) 

      ზემოდასახელებული ბაზალეთის პრისტავის ი. ოზიევის ჩვენებაში ნათქვამია, რომ 1908 წლის 11 მაისს, მეტეხის ციხიდან 18 პატიმრის გაქცევის შემდეგ, როდესაც გაიქცნენ ილიკო იმერლიშვილი და პავლე ფშავლიშვილი, ნიკოლოზ ხიმშიევს ძალიან შეშინებია. მას ბანდის მხრიდან შურისძიების ეშინოდა. ი. ოზიევის სიტყვებით, ციხიდან გაქცევის შემდეგ ფშავლიშვილი ბანდის მეთაური გამხდარა, მისი სიკვდილის შემდეგ კი, გიგლა ბერბიჭაშვილი ჩამდგარა ბანდის სათავეში.(131) 

      ამ ჩვენებებიდან და სხვა ინფორმაციებიდან გამომდინარე, ნ. ხიმშიევის მკვლელობის გამომძიებელმა თავიდანვე გეზი აიღო, რომ ეს დანაშაული ილია ჭავჭავაძის მკვლელობასთან დაეკავშირებინა. კერძოდ, ნიკოლოზ ხიმშიევის მკვლელობიდან ერთ თვეში, 1909 წლის 27 ოქტომბერს, კავკასიის სამხედრო საოლქო სასამართლომ მიიღო დადგენილება, ნ. ხიმშიევის მკვლელობის საქმის გამომძიებლისათვის გადაეგზავნა, სამხედრო საოლქო სასამართლოს საქმის წარმოებაში არსებული ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გამოძიების საქმე.(132) მე არ მინდა მკითხველს საქმის სხვა დეტალების გაცნობით დრო წავართვა. მხოლოდ მივუთითებ, რომ ნიკოლოზ ხიმშიევის მკვლელობის საქმეში მოთავსებულია ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საქმიდან ამოღებული სხვადასხვა პირთა ჩვენებების ასლები. მათ შორის, თვითონ ნიკოლოზ ხიმშიევის, მცხეთის ნაწილის(უბნის) პრისტავ მარკოვიჩის და სხვების.(133)

      მინდა აღვნიშნო, რომ როგორც ჩანს, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საქმის სწორად გამოძიებით და მკვლელების აღმოჩენით, თავადი ნიკოლოზ ხიმშიევი ილიას მკვლელობისთანავე დაინტერესდა. მისი სურვილი, დაედგინა ილია ჭავჭავაძის ნამდვილი მკვლელები გახმაურდა და ვფიქრობ, რომ ეს ილიას მკვლელობის საქმის გამომძიებელმაც კარგად იცოდა. სხვანაირად შეუძლებელია აიხსნას ის გარემოება, რომ 1907 წლის 11 სექტემბერს, ნ. ხიმშიევი საგანგებო საქმეთა გამომძიებელმა ნ. ილიაშენკომ დასაკითხად რომ დაიბარა.(134) 

      ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გამოძიების საქმეში სექტემბრის შუა რიცხვებით დათარიღებული დოკუმენტი და უწყებები ნ. ხიმშიევის გამოძახების შესახებ, ერთიმეორის მიყოლებითაა მოთავსებული. ოღონდ, ნ. ხიმშიევის დაკითხვა 1907 წლის 27 ოქტომბერს შემდგარა.ამაზე ადრე იგი გამომძიებელთან ვერ გამოცხადებულა, რადგან სახელმწიფო საბჭოს ამომრჩევლი(ხმოსანი) იყო და არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების გამო თბილისში ყოფილა წასული. მისი დაკითხვის ოქმი საკმაოდ საინტერესოა და შეიცავს ინფორმაციას ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ჩვენთვის ნაცნობი და უცნობი გარემოებების შესახებ. ნ. ხიმშიევის სიტყვებით - ,,თავად ილია ჭავჭავაძის მოსაკლავად შეთქმულება მოაწყეს ივანე ინაშვილმა, მოურავმა ჯაშმა და ასათიანმა’’.(135) იგი ასათიანს ასახელებს საგურამოს რაიონის უფროსად. ვფიქრობ, ნ. ხიმშიევი გულისხმობდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ, მაზრების რაიონულ პარტიულ ორგანიზაციებად დაყოფას. ანუ როგორც ჩანს, ასათიანი დუშეთის მაზრაში არსებული სოციალ-დემოკრატიული პარტიის საგურამოს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო.(136) ეს პირი, ლავრენტი ასათიანი, რომელიც შემდეგ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საქმესთან კავშირში დააპატიმრეს კიდეც, იხსენიება 1941 წლის ზაფხულში ყარამან ფაღავას დაკითხვის ოქმებში, როგორც ილია ჭავჭავაძის მკვლელობის  ერთ-ერთი ორგანიზატორი.

       ამ პიროვნების ბიოგრაფიას და მის კავშირს ილიას მკვლელობასთან დაწვრილებით შემდგომ სხვა ნაშრომში შევეხებით. ახლა კი ვნახოთ, თუ ვის ასახელებდა ილიას მკვლელობის ორგანიზატორებად გიგლა ბერბიჭაშვილი. იგი წინასწარი დაკითხვისას, 1941 წლის 13-14 ივნისს უჩვენებდა: ,,მთავარი ორგანიზატორები იყვნენ ინაშვილი და ჯაში, რომლებიც ავრცელებდნენ გაზეთებიდან ფ. მახარაძის და ინაშვილის წერილებს ილიას საწინააღმდეგოდ”, ხოლო 1941 წლის 25 დეკემბერს სასამართლო პროცესზე ამბობდა: ,,ჯაში იყო ხელმძღვანელი, ეგენი იყვნენ მეთაურები მკვლელობაში. ილიას მკვლელობა ჯაშისა და ინაშვილის მოწყობილია. ისინი იყვნენ მთავარი ორგანიზატორები.” საინტერესოა, რომ მისი ჩვენება გარკვეულწილად ადასტურებს ნ. ხიმშიევის მოსაზრებას, რომელსაც ეს უკანასკნელი გამოთქვამდა, ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გამოძიების საწყის ეტაპზე. ნიკოლოზ ხიმშიევის ჩვენებიდან ისიც ირკვევა, რომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობამდე რამოდენიმე დღით ადრე, მცხეთაში გამოჩენილა, დიდი ხნის წინ წასული ვანო ინაშვილი. ნ. ხიმშიევის სიტყვებით ,,ვ. ინაშვილი ,,გურულ ფორმაში” იყო გამოწყობილი, ანუ თავზე ყაბალახი გურულად ჰქონდა შემოხვეული’’.(137)

      ნიკოლოზ ხიმშიევის მცდელობა, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შემდეგ, დახმარებოდა ხელისუფლებას ვანო ინაშვილის, პავლე ფშავლიშვილის, გიგლა ბერბიჭაშვილის დაჭერაში, გამოიხატა ამ უკანასკნელების აქტიურ დევნაშიც. შესაბამისად, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ნ. ხიმშიევმა მონაწილეობა მიიღო მცხეთის ნაწილის (უბნის) პრისტავ მარკოვიჩთან ერთად, 1908 წლის 9 თებერვლის ღამით, პავლე ფშავლიშვილის და ლადო ფეიქრიშვილის დაკავებაში.(138) მეტიც, როგორც ვიცით, ნ. ხიმშიევმა გამოტეხვის მიზნით ორივე ძალიან სასტიკად სცემა.(139)

      ამრიგად, აშკარაა, რომ 1908 წლის 10 თებერვლის ჩვენებები, რომლებშიც ლადო ფეიქრიშვილი და პავლე ფშავლიშვილი ილია ჭავჭავაძის მკვლელებს შორის ,,იმერელს” პირველად ახსენებენ, ნ. ხიმშიევის მიერ, მათი ძალისმიერი მეთოდებით ,,დამუშავების” დროსაა მიღებული. ვფიქრობ, მის ცხედარს სწორედ ამას დასძახოდნენ მკვლელები და ცხადია, მათ შორის ლადო ფეიქრიშვილიც: ,,ჩვენ შენ დიდხანს გვაწამებდი! შენ აწამებდი ფშავლიშვილს!”.(140) 

            ნიკოლოზ ხიმშიევის მკვლელობის წინა თვეებში, ილიკო იმერლიშვილის ბანდის წევრებს, შირაქის ველიდან ცხვრის ფარით და ცხენების ჯოგით მომავალი, ვინმე იოსებ ქისტაური გაუტაციათ. ეს პირი ბაზალეთის პრისტავის ი. ოზიევის ჩვენებაში შეცდომით ბანდის წევრადაც კი არის დასახელებული, რადგან იგი ილიკო იმერლიშვილის, გიგლა ბერბიჭაშვილის, ვასილ დათუნაიშვილის(ერსატი ჯორბენაძე), პავლე ფშავლიშვილის და სხვების გვერდით 6-7 თვე იძულებით იმყოფებოდა. 

     არადა ამ უკანასკნელებს, ი. ქისტაური ფულადი გამოსასყიდის მიღების მიზნით მძევლად ჰყოლიათ აყვანილი და მას შემთხვევით მოუხერხებია გაქცევა. ი. ქისტაურის ინფორმაციით, ბანდას მარტყოფის, დიღომის, მანგლისის, მუხრანის, მუხათგვერდის და ავჭალის ზემოთ მახლობელ ტყეებში კარგად მოწყობილი თავშესაფრები (ბუნაგები) ჰქონდა.

      იოსებ ქისტაურის ჩვენებაში კარგადაა ასახული, თუ აღნიშნული პირები ნიკოლოზ ხიმშიევის მოსაკლავად როგორ ემზადებოდნენ. ამასთან, ი. ქისტაურის სიტყვებითაც დასტურდება, რომ ნ. ხიმშიევის მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ნ. ხიმშიევის მხრიდან ილია ჭავჭავაძის მკვლელების დევნა იყო. მისი მტკიცებით, ბანდის წევრებს დაუდგენიათ, რომ უნდა მოეკლათ თავადი ხიმშიევი, რადგან იგი ჯერ ერთი, ავიწროებდა თავის ხიზნებს და მეორე, სდევნიდა ილია ჭავჭავაძის მკვლელებს. ი. ქისტაურის ჩვენებით, 1908 წლის აგვისტოში, როცა ბანდა დიღომთან იმყოფებოდა, მათ კენჭი უყრიათ, თუ ვის მოეკლა თავადი ნ. ხიმშიევი. ქისტაურის სიტყვებით კენჭი შეხვედრია პავლე ფშავლიშვილს და ილია (ილიკო) იმერლიშვილს.(141) ანუ, ბანდის წევრებმა ნ. ხიმშიევზე თავდასხმა ,,დაადგინეს” და ეს გარკვეულწილად მიუთითებს, რომ მათ ამის უფლება და ვალდებულება ჰქონდათ. როგორც ჩანს, ,,დადგენილების” მიღება მკვლელობის ჩასადენად, სოციალ-დემოკრატების რაიონული პარტიული ორგანიზაციების ,,წითელი რაზმების” წევრების დამახასიათებელი ქმედება იყო.

      აქვე მინდა მივუთითო, რომ 1907 წლის 13 ივნისის ე.წ. ,,ერევნის მოედნის’’ ექსპროპრიაციის მონაწილე, ბოლშევიკი ტერორისტის ბაჭუა კუპრაშვილის მოგონებაში ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შესახებ, რომელიც, როგორც  დოკუმენტიდან ჩანს მან 1930-იანი წლების დასაწყისში დაწერა, საუბარია პავლე ფშავლიშვილზე, როგორც ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მონაწილეზე. თუმცა, ბაჭუა კუპრაშვილი ამ მოგონებაში ილიკო იმერლიშვილს, რომელიც როგორც ზემოთ ვნახეთ, ფშავლიშვილთან ძალიან დაახლოებული იყო, პავლე ფშავლიშვილის მკვლელად ,,გვასაღებს’’.

     ბაჭუა კუპრაშვილი ამ მოგონებაში საუბრობს, 1908 წლის 11 მაისს მეტეხის ციხიდან გაქცეულების შესახებაც. საინტერესოა, რომ იგი მათ, დარია ჯაშის მსგავსად ანარქისტებად მოიხსენიებს - ,,1908 თუ 1909 წლებში მეტეხის ციხეში იყვნენ დაპატიმრებული ანარქისტები. ეს ის ჯგუფი იყო, რომლებიც 1905 წელში ჩვენთან ან მენშევიკებთან იყვნენ, მაგრამ 1905 წლის დამარცხების შემდეგ, როცა მათ ჩამოვშორდით და ისინი ჩვენს გარეშე დარჩნენ, ყველა დაიღუპა ზნეობრივად და ფიზიკურადაც და შემდეგ გახდნენ ანარქისტთა ჯგუფი. მათ დაიწყეს უაზრო ტერორი სხვადასხვა გაძარცვის მიზნით. სწორედ ასეთი ხალხის მეგობრებმა ისროლეს ყუმბარა მეტეხის კარებში იმ დროს, როდესაც პატიმრები სასეირნოდ იყვნენ გამოსული. აქ იყვნენ ორი ილიას მკვლელთაგანი - ფშავლიშვილი და ლადო ფეიქრიშვილი. ესენი სოფლის ტლუ ხალხი იყვნენ, მათაც ისარგებლეს ამ შემთხვევით და გაიქცნენ. ეს ფშავლიშვილი ქალაქში ვერავისთან ვერ მივიდა. ქალაქგარეთ ავჭალის რაიონში იყო ერთი ყაჩაღი ილიკო იმერლიშვილი და ეს პავლე ფშავლიშვილი ამ ილიკოსთან მივიდა. მან ჰკითხა ვინ ხარო, ფშავლიშვილმა თურმე უპასუხა, რომ მე ილიას მკვლელი ვარო. ილიას მკვლელი ხარ და ჩემთან მოხვედიო, საშინლად გაბრაზდა თურმე, გამოიტანა თავისუფლად დადგენილება და დახვრიტა’’.(142)

      როგორც იტყვიან კომენტარი ზედმეტია, რადგან აქ მთლიანად შეცვლილი და არეულია საარქივო მასლებით უტყუარად დადასტურებული ფაქტები, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენთვის მთავარი არის,,ყაჩაღ იმერლიშვილის” მიერ დადგენილების გამოტანის ფაქტის კონტატაცია. ანუ, ეს კონკრეტული ფაქტიც მიუთითებს, რომ ილიკო იმერლიშვილი პარტიული ,,მუშაკი” იყო, ანუ სხვა შემთხვევაში რატომ დასჭირდებოდა ,,დადგენილების გამოტანა”.

     ვფიქრობ, ბაჭუა კუპრაშვილმა ძალიან კარგად იცოდა ილიკო იმერლიშვილის რეალური ვინაობა და დიდი ალბათობით ისიც, რომ ილიკო იმერლიშვილი იყო ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მონაწილე, რადგან იმ პერიოდში ბორჯომის ტყეებში ,,მოღვაწე” ცნობილი ტერორისტის ფორია(ალექსანრე ცაგურიშვილი) მოგონებებში საუბარია ილიკო იმელიშვილის შესახებ ინფორმაციის ,,კარგად” ფლობაზე ბაჭუა კუპრაშვილის მიერ.(143)

     სხვთა შორის, ბაჭუა კუპრაშვილი, რომელიც 1930-იანი წლების დასაწყისში ,,ფორიას” მოსანახულებლად, როგორც თავისი ძველი მეგობრის იყო ჩასული ბორჯომში, ზემომოყვანილ მოგონებაში სრულიად სხვაგვარად მოიხსენებს მას - ,,ლადო ფეიქრიშვილმა ბორჯომის ხეობას მიაღწია, ბორჯომის ხეობაში იყვნენ ცნობილი ყაჩაღები, მათ შორის ცენტრალური ფიგურა ფორია... ჩვენი ჯგუფი ფორიას იყენებდა მეგზურად. ის ადვილად ახერხებდა ოსმალეთში ხალხის გადაყვანას. ამ ფორიასთან მივიდა თურმე ფეიქრიშვილი, მაგრამ მან არ მიიღო’’.(144) ესეც არასწორია, ლადო ფეიქრიშვილი და ილიკო იმერლიშვილი 1909 წლის ზაფხულში ერთად სტუმრობდნენ ,,ფორიას’’ რაზმელებს, სწორედ ბორჯომის ტყეებში. ამას ადასტურებენ ნ. ხიმშიევის მკვლელობის მასალებში არსებული დოკუმენტები.

      მასალების მიხედვით, ნ. ხიმშიევი აქტიურად ცდილობდა ილიკო იმერლიშვილის ბანდის წევრების გადაადგილების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, რათა მომზადებული დახვედროდა ბოროტმოქმედების თავდასხმას. ამაში მას ნათესავები, ახლობლები და მეგობრები აქტიურად ეხმარებოდნენ. 1909 წლის 21 სექტემბერს, ნიკოლოზ ხიმშიევის დის ქმარს კონსტანტინე კავრიევს დაუწერია და გაუგზავნია გამაფრთხილებელი წერილი მისთვის. კ. კავრიევს მიუთითებია ლადო ფეიქრიშვილის მისამართი დუშეთის მაზრაში, რათა ნ. ხიმშიევს გაეტარებინა ღონისძიებები მის დასაპატიმრებლად. აი ეს წერილი: ,,ძმაო ნიკო! ეს არის ეხლა მოვიდა ყაზარა და თავს მადგია და ამ წერილს მაწერინებს. (ყაზარა, როგორც ჩანს იყო ყაზარა ვარნაზოვი, ცხვრების ფარების მფლობელი, ნ. ხიმშიევის ახლობელი ადამიანი - თ.ს.) ის შაიკა ყოფილა არ ვიცი ფშავლიშვილის ოჯახში თუ ცხვარიჭამიას ღვდლის შვილებთანა საცა ფეიქრიშვილს თავისავე თავი რევოლვერით ფეხში დაუჭრია და დაჭრილი წაუყვანიათ მოსარჩენად დასთან, რომელიც ყავს ვიღაცა კონდუქტორს, რომელიც ცხოვრობს ზაფხულობით ქმრის სოფელში, ლამისყანის ზევით პატარა სოფელი ყოფილა და იქ არის, ეცადე ეხლავე შაატყობინე პრისტავ ქუმსიაშვილს ის მალე იპოვნის იმასა, ძალიან დაუშურე ჯოხებით დადისო, თავის სახლში არა ჰყავს, ვიღაცა სახლიკაცთანა ყავს. ანუ იმას დაიჭერენ მეთაურებსაც (შემდეგ გაურკვეველია რამოდენიმე სიტყვა - თ.ს.) მალე გამოათქმევინებენ იმასა, იყავი ფრთხილათ, ცოტა ხანს საგურამოში წადი. ასე ჩემო ნიკო იყავი მშვიდობით.

შენი კ. კავრიევი‘‘.(145)  (წერილის სტილი დაცულია - თ.ს.)

      თუ ამ წერილს დავუჯერებთ ჩანს, რომ ლადო ფეიქრიშვილი ფეხში მძიმედ დაჭრილა. თუმცა ახლა, ამ გადასახედიდან არადამაჯერებლად ჩანს ეს ამბავი. 1909 წლის 9 სექტემბერს, მეტყევე ბალტლონზე თავდასხმისას ლ. ფეიქრიშვილი მართალია კოჭლობდა, მაგრამ სრულად ქმედითუნარიანი იყო და თავისუფლად შეეძლო გადადგილება.(146) 

      შესაძლოა, 1909 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში, ისევე როგორც ადრე, ბანდის მიერ ყალბი ინფორმაცია შეგნებულად გავრცელდა, რადგან ლ. ფეიქრიშვილი იმ დროს, ისედაც კოჭლობდა. ეს მისი ფიზიკური ნაკლი იყო. (ლადო ფეიქრიშვილი ითვლებოდა მეფის რუსეთის არმიის რეზერვში, როგორც რიგითი. ამიტომ, სავარაუდოდ იგი მეფის რუსეთის არმიაში სამსახურის გავლის შემდეგ დაკოჭლდა.(147) თვალნათელია ბანდის ხელმძღვანელის მოხერხებულობა და ეშმაკობა, ყველა შემთხვევა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, მდევარს და მტერს თავგზა აუბნიოს. ვფიქრობ, ამ ნახევრად მართალი ინფორმაციის მიზანმიმართულად გავრცელებამ და ნიკოლოზ ხიმშიევის ყურამდე მიტანამ, იგი შეაცდინა და მან მთელი ყურადღება დაჭრილი ლადო ფეიქრიშვილის ძებნაზე გადაიტანა.

      ჩემს ანალიზს ამყარებს ის გარემოებაც, რომ კონსტანტინე კავრიევის ზემოაღნიშნული წერილი ნიკოლოზ ხიმშიევმა, 1909 წლის 26 სექტემბერს მიიღო და თითქმის მაშინვე, 27 და 30 სექტემბერს დუშეთში, დაცვის (სტრაჟის) რაზმის ოფიცერს ალექსანდრე ნათიევს გაუგზავნა ორი წერილი. ამ წერილებში იგი აცნობებდა, რომ ლადო ფეიქრიშვილი დაჭრილი იყო, იწვა და მკურნალობდა, ხოლო მას კი, შეეძლო მიეთითებინა სად და როგორ შეიძლებოდა ლ. ფეიქრიშვილის დაჭერა. ამასთან ნ. ხიმშიევს თავისი ერთგული პირი გაუგზავნია ა. ნათიევის დასახმარებლად. თუმცა, ამ ადამიანებმა ბევრი ძებნის და დიდი მონდომების მიუხედავად ვერ შეძლეს ლ. ფეიქრიშვილის პოვნა.(148)

      ასეთი ყალბი, ნახევრადმართალი ,,სატყუარები”, ადრეც ,,მიუგდეს” ნ. ხიმშიევს. მაგალითად, ასეთ ,,სატყუარად” ვთვლი, ნ. ხიმშიევის მოკვლამდე, 1909 წელს ილიკო იმერლიშვილის ბანდის შეთავაზებას, რომ შეურიგდებოდნენ და მას სხვა ბოროტმოქმედებისგან თვითონ დაიცავდნენ.(149) ჩემი აზრით, მკვლელობის დღეს ნიკოლოზ ხიმშიევის დაცვის გარეშე გადადგილება, შესაძლოა ისეთი ,,სატყუარა” ინფორმაციის მიღებამ განაპირობა, რადგან იგი თავს უსაფრთხოდ გრძნობდა. თუ რა სახის ინფორმაცია იყო ეს დღეს უცნობია, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ იგი მოტყუვდა. ნიკოლოზ ხიმშიევი მოტყუვდა იმის მიუხედავად, რომ მას სხვა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციები გააჩნდა, რომლებიც ადასტურებდა ილიკო იმერლიშვილის ბანდის წევრის არა დაჭრას, ასე ვთქვათ, დროებით ,,მწყობრიდან გამოსვლას”, არამედ დუშეთის მაზრაში მათ ყოფნას და განზრახვას, კვლავ მოეხდინათ მასზე თავდასხმა. კერძოდ, იმავე 1909 წლის სექტემბერში, კონსტანტინე კავრიევს, თავისი საიდუმლო აგენტებისაგან მიუღია საიდუმლო ცნობები, რომ: ,,ილია იმერლიშვილის ბანდა ლადო ფეიქრიშვილთან ერთად, თავად ხიმშიევის მოსაკლავად თბილისიდან დუშეთის მაზრაში წავიდა’’. საუბარია ბორჯომთან მდებარე სოფელ აწყურის ტერიტორიიდან მათ  დუშეთში წასვლაზე. ბორჯომის და აწყურის მიმდებარე ტყეებში კი, ზემოაღნიშნული ,,ფორია” ბინადრობდა თავისი რაზმით.(150)

      საგამოძიებო მასალებში არსებული დოკუმენტებიდან ჩანს, ამ ინფორმაციის ერთ-ერთი წყარო საიდუმლო წერილი იყო, რომელიც ნიკოლოზ ხიმშიევის მკვლელობის გამოძიების საქმეში არსებულ, ნივთიერ მტკიცებულებათა კონვერტშია მოთავსებული. კონვერტზე ჩამოწერილია იმ დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელიც მასშია მოთავსებული. ჩამონათვალში ნომერი ექვსი მითითებულია აღნიშნული, 1909 წლის 2 სექტემბრით დათარიღებული წერილი, რომელიც ანონიმურია, ხელმოწერა არ აქვს. იგი დაწერილია თავად კოტეს, ანუ კონსტანტინე კავრიევის სახელზე: ,,კნიაზო კოტე, გუშინ შემთხვევით შევხვდი აწყურის ტყეში სამ ყაჩაღს, რომლებმაც თავისი გულის პასუხი ამიხსნეს, დაიწყეს ლაპარაკი თქვენ ნიკოზედა, რო უნდა წავიდეთო ჩვენ ქვეყანაშიო სამი ძაღლის ჩასაძღლებლადაო. ერთი ნიკოზე თქვეს შენც ძალიან გაგინებდნენ. ეხლა ისინი ბინას დაიდებენ წიწამურის მღვდელთან და იმის შვილებთანაო. მე ისე ვაჩვენე თავი ვითომ არ გიცნობდით მისწერე რომ ფრთხილად იყვნენ ნიკოცა და შენცა. უთუოდ დაეცემიან ნიკოსა შენცა ფრთხილათ იყავი, ეხლა შენ იცი მე მოვალეი ვსახამ ჩემ თავს რომ შაგატყობინოი. შენი პურმარილი მახსოვს. გვარს არ გწერ იმიტომ რომ შეიძლება სახათაბალო გახდეს.

ენკენისთვის 2, არდაგანი’’.(151) (წერილის სტილი დაცულია - თ.ს.)

      ანუ, ეს წერილი და ზემოაღნიშნული მასალა ადასტურებს, რომ, 1909 წლის სექტემბრის დასაწყისში, ილიკო იმერლიშვილის ხელმძღვანელობით მისი ბანდა, ლადო ფეიქრიშვილთან ერთად დუშეთის მაზრაში ჩავიდა. შესაბამისად ამ უკანასკნელის დაჭრის შესახებ ინფორმაციაც, ჩანს ილიკო იმერლიშვილის ბანდის წევრებმა თვალის ასახვევად გაავრცელეს. იქნებ სწორედ ლადო ფეიქრიშვილის დაჭრის ფაქტის, მისი ადგილსამყოფელის შესახებ დამატებითი სხვა დეტალები შეატყობინა ვასილ ოზიევმა ნიკოლოზ ხიმშიევს და მანაც დაიჯერა მისი ნათქვამი? ამ უკანასკნელმა, ხომ კონსტანტინე კავრიევისაგანაც იცოდა, რომ ლადო ფეიქრიშვილი დაჭრილი იყო. ეს მხოლოდ ვარაუდებია, მაგრამ კი ფაქტია, რომ ნიკოლოზ ხიმშიევის ახლობლები და ნათესავები აქტიურად ცდილობდნენ ილიკო იმერლიშვილის ბანდის წევრების ადგილსამყოფელის დადგენას. ამას ადასტურებს ზემოდასახელებულ ნივთმტკიცებათა კონვერტში მოთავსებული, ქართულ ენაზე დაწერილი სხვა წერილი, რომელიც ქრონოლოგიურად მოსდევს 2 სექტემბრის წერილს და 1909 წლის 12 სექტემბერითაა დათარიღებული. ნივთმტკიცებათა კონვერტზე დაწერილ კონვერტის შიგთავსის ჩამონათვალში ეს წერილი პირველ ნომრადაა მითითებული.

      აღნიშნული წერილი თავად გიგო ტუსიევისაგან, ნიკოლოზ ხიმშიევის ნათესავის და მეგობრისგან არის გაგზავნილი ნიკოს, ესე იგი, ნიკოლოზ ხიმშიევის სახელზე. წერილი ძალიან გაცვეთილია და მისი ბოლო გვერდიც საკმაოდ დასვრილია. წერილის შინაარსი ფაქტობრივად და სრულად ადასტურებს, კონსტანტინე (კოტე) კავრიევის სახელზე გაგზავნილ, 1909 წლის 2 სექტემბრის  ანონიმური წერილის შინაარსს, სადაც ლაპარაკია სამ ყაჩაღზე, ვინც ნიკო (ნიკოლოზ) ხიმშიევზე აპირებდნენ თავდასხმას. ეს არის 1909 წლის 12 სექტემბერით დათარიღებული წერილი: ,,ძმაო ნიკო! მაპატიე რომ ეგრე ვერ გამოვიარე ძრიელ გვიან იყო მეჩქარებოდა რაკი დათიკოც ესე ავათ იყო ეხლა კარქათ არის ადგა. ჩემი ჩოხა გამოგზავნე. კიდევ რა შეგატყობინო. წუხელის რომ გაავრდა სარიდანი ვენახიდან შინ მოდენილიყო (ღამე ვენახს ჰყარაულობს) ვლადიმერის ვენახის თავზედ რომ ეკლესია არის იქ დახვედრია სამი შეიარაღებული კაცი, ეკითხათ ვინ ხარო, ამასაც რადგან ემუქრებიან, სახელი გამოუცვლია და უთქვამს რაჟდენი ვარო. მერე იმ ყაჩაღებს უთქვამთ რომ წამოგვყე თანაო და ბიწმენდას გაგვაცილეო და გზაზედ რომ ვინმე შეგხვდეს შენ დაელაპარაკეო. ძრიელ შეშინებულა და ამ წვიმაში წაუყვანიათ თანა ვიდრე ბიწმენდას გააცილებდა ჭოპორტის მხრივ. ისიც უთქვამთ, რომ აქაურმა მოგვრეკაო. სამი დღე და ღამე არის რაც აქ ვართო. ერთი მელაპარაკებოდაო და თითქოს იმერელსა ჰგვანდაო და რადგანაც წვიმდა ბნელოდა და სახეები აფარებული ჰქონდათო ვერავინ ვიცანიო და ძრიელ შეშინებული არისო, ჩემთან მოვიდა შამატყობინა და მე შენ გატყობინებ რომ ნაჩალნიკს შეატყობინო, რომ ღონისძიება მოიხმარონ იმათ დასაჭერათ. მამასახლისს არ შევატყობინე იმიტომ რომ არაფერს მალავს და მაშინვე იტყვის ხოლმე. ფრთხილათ იყავი. ეხლა შენ იცი. მომიკითხე ბაბუცა. შენი ძმა გიგო ტუსიევი.12 ენკენისთვე 1909 წ.‘‘(152) (ბაბუცა, იგივე ბარბარე ერისთავი, რაფაელ ერისთავის ქალიშვილი. იგი ნიკოლოზ ხიმშიევის მეუღლე იყო - თ.ს.)

       ამრიგად, ყველაფერი ნათელია - სარიდანს ,,ერთი ვინც ელაპარაკებოდა” და რომელიც ,,თითქოს იმერელსა ჰგავდაო”, ვისთან შეხვედრამაც იგი ძალიან შეაშინა, ცხადია, ბანდის მეთაური, სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკი ტერორისტი ილიკო იმერლიშვილია. ანუ ამ დროს, 1909 წლის სექტემბერში გიგო ტუსიევმა, ნიკოლოზ ხიმშიევმა და წერილში სარიდანის სახელით მოხსენიებულმა პირმა, უკვე კარგად იციან, რომ ნიკოლოზ ხიმშიევზე თავდამსხმელთა ბანდის მეთაურის ილიკო იმერლიშვილის მეტსახელი ,,იმერელია”.

      დიახ, ეს ისაა, რომელსაც კენჭისყრისას წილად ერგო ნ. ხიმშიევის მოკვლა და სწორედ მან პირველმა დაუწყო სროლა; ეს ისაა, ვინც ნ. ხიმშიევის მოკვლის შემდეგ თავის ბრძანებლური ტონით გააჩერა დანარჩენი თავდამსხმელები და სიტყვით მიმართა გლეხობას; ეს ისაა, ვისი ბანდაც 1906 წლიდან დაწყებული ცდილობდა ნ. ხიმშიევის მოკვლას; სწორედ ისაა ვისზეც, 1909 წლის სექტემბერში კონსტანტინე კავრიევმა მიიღო საიდუმლო ცნობა, რომ: ,,ილია იმერლიშვილის ბანდა ლადო ფეიქრიშვილთან ერთად, თავად ხიმშიევის მოსაკლავად თბილისიდან დუშეთის მაზრაში წავიდა’’.(153)

    დავუბრუნდეთ კვლავ ნ. ხიმშიევის მკვლელობას. ზემოთ უკვე მივუთითე, რომ ილიკო იმერლიშვილის დაჯგუფებამ ნ. ხიმშიევზე რამოდენიმე თავდასხმა მოაწყო. საარქივო დოკუმენტების მიხედვით, 1908 წლის 6 აგვისტოს, პავლე ფშავლიშვილი, ილია (ილიკო) იმერლიშვილი, გიგლა ბერბიჭაშვილი, ლადო ფეიქრიშვილი, ვასილ დათუნაიშვილი(ერასტი ჯორბენაძე), პავლე ხიზანიშვილი და სხვა პირები, სოფელ ბულაჩაურში ნ. ხიმშიევის სახლს თავს დაესხნენ. ეს თავდასხმა ნ. ხიმშიევის ვაჟმა, როგორც მკითხველმა უკვე იცის მისი სრული სახელი და გვარი - გიორგი ხიმშიაშვილმა, სახლში მყოფ დაცვასთან ერთად მოიგერია. თავდამსხმელებს შორის, სხვებთან ერთად პავლე ფშავლიშვილი და გიგლა ბერბიჭაშვილი დაცვის რაზმის (სტრაჟნიკ) წევრმა არბუზოვმა ამოიცნო. თავად გ. ტუსიევის სიტყვებით, ამ თავდასხმის შემდეგ ნ. ხიმშიევმა მას უთხრა, რომ თავდასხმა მისი მოკვლის მიზნით, პავლე ფშავლიშვილმა და გიგლა ბერბიჭაშვილმა განახორციელეს, რადგან იგი მათზე პოლიციას უთითებდა, როგორც თავად ილია ჭავჭავაძის მკვლელებზე.(154)

      ეს ინფორმაცია მოთავსებულია 1909 წლის 28 მარტის თბილისის საოლქო სასამართლოს პროკურორის წარდგინებაში, თბილისის სასამართლო პალატის პროკურორის სახელზე. აღნიშნული დოკუმენტი საინტერესოა იმითაც, რომ მასში მითითებულია ნ. ხიმშიევის მკვლელობის ორი მოტივი. კერძოდ, პირველი ესაა, გლეხების მტრობა თავად ნ. ხიმშიევის მიმართ, რომელიც 1905 წელს ეკონომიკურ ურთიერთობათა ნიადაგზე წარმოიშვა და მეორე, შურისძიება ნ. ხიმშიევზე, რადგან იგი პოლიციას ილია ჭავჭავაძის მკვლელების დაჭერაში ხელს უწყობდა.(155)

      მოწმეთა დაკითხვების, საგამოძიებო მოქმედებების სრულყოფილად გატარების შემდეგ შედგენილ უფრო გვიანდელ,  1910 წლის 10 იანვრის თბილისის საოლქო სასამართლოს პროკურორის წარდგინებაში, თბილისის სასამართლო პალატის პროკურორის სახელზე, ნ. ხიმშიევის მკვლელობის მხოლოდ ერთი მოტივია მითითებული - ,,ნ. ხიმშიევის ქმედითი მონაწილეობა თავად ილია ჭავჭავაძის მკვლელების ძებნაში’’.(156)

      ი. ქისტაურის მტკიცებით, 1908 წლის დეკემბერის დასაწყისში, ზემოთ დასახელებული ბანდის წევრები კვლავ წასულან ბულაჩაურში ნ. ხიმშიევის მოსაკლავად, მაგრამ განზრახული ვერ მოიყვანეს სისრულეში, რადგან გაიგეს, რომ მამულში იმყოფებოდა დაცვა.(157)

      ნ. ხიმშიევის ახლობლის, ბაზალეთის პრისტავ ი. ოზიევის სიტყვებით, ,,თავადი ნ. ხიმშიევი ხშირად ამბობდა, რომ მას ეშინია ის არ მოკლან ილია იმერლიშვილმა, გიგლა ბერბიჭაშვილმა და ლადო ფეიქრიშვილმა, რადგან ის(ნ. ხიმშიევი - თ.ს.) მათ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საქმის გამო სდევნიდა’’.(158) ანუ, ნ. ხიმშიევი სიკვდილამდე არც თუ ისე დიდი ხნით ადრე სთვლიდა, რომ ილია(ილიკო) იმერლიშვილიც ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მონაწილე იყო. თბილისის მაზრის უფროსის კ. შანშიევის ჩვენებით კი, ნ. ხიმშიევის მკვლელობამდე ერთი წლით ადრე, ამ უკანასკნელის დის ქმარმა კონსტანტინე კავრიევმა მას განუცხადა, რომ: ,,ილია იმერლიშვილის და პავლე ფშავლიშვილის ბანდას განზრახული აქვს თავად ხიმშიევის მოკვლა, რადგან იგი ღიად დევნიდა თავად ჭავჭავაძის მკვლელებს’’.(159)

 

განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელ რომაშევის, 1910 წლის 20 ივლისით დათარიღებულ წერილში მოყვანილია ნიკოლოზ ხიმშიევის მკვლელობის საქმეზე დაკითხული, ილიკო იმერლიშვილის ბანდის მიერ ფულის გამოძალვის მიზნით გატაცებული კონსტანტინე მირაქოვის ჩვენება.(160) კონსტანტინე მირაქოვის ჩვენების შინაარსი, იოსებ ქისტაურის ჩვენების თითქმის იდენტურია. იგი მთლიანად ადასტურებს და ავსებს ამ პირის 1910 წლის 8 მაისით დათარიღებულ განცხადებაში მითითებულ ინფორმაციას.(161) საუბარია 1908 წლის დეკემბერში, თბილისის მაზრის უფროსის თანაშემწე ი. ინალიშვილის და თბილისის ოლქის დაცვის (სტრაჟის) რაზმის ოფიცერ ნათიევის მიერ ამ ბანდის ტყვეობიდან კ. მირაქოვის განთავისუფლებაზე. სწორედ აქ არის მითითებული, რომ ვანო ინაშვილთან, აკიმ დოროშენკოსთან ერთად ლადო ფეიქრიშვილი დააკავეს, მაგრამ ეს უკანასკნელი გაუშვეს.(162)

      ახლა რაც შეეხება კ. მირაქოვის ჩვენებებს. მისი სიტყვებით, როცა იგი გატაცებული ჰყავდათ: ,,ფშავლიშვილის ბანდამ კენჭი ყარა, თუ ვის უნდა მოეკლა თავადი ნ. ხიმშიევი. კენჭი შეხვდა პ. ფშავლიშვილს და კიდევ ერთ ყაჩაღს’’. კ. მირაქოვის ჩვენების მიხედვით, კენჭისყრიდან რამოდენიმე დღეში პ. ფშავლიშვილი თავის ამხანაგებთან ერთად წასულა ნ. ხიმშიევის მოსაკლავად. როგორც ჩანს, აქ საუბარია 1908 წლის დეკემბრის დასაწყისში, სოფელ ბულაჩაურში ნ. ხიმშიევის სახლზე თავდასხმის უშედეგო მცდელობაზე, რომელსაც თავის ჩვენებაში ი. ქისტაურიც ახსენებს.(163)

      ამრიგად, რამოდენიმე დამოუკიდებელი წყაროთი დასტურდება იმერლიშვილ-ფშავლიშვილის ჯგუფური საქმიანობა და მათ მიერ სხვადასხვა სახის დანაშაულის ჩადენის დროს, ტერორისტული  მეთოდების და ხერხების გამოყენება. გარდა ამისა, კ. მირაქოვის ჩვენებით, ხელმეორედ დასტურდება ნ. ხიმშიევის მოსაკლავად ბანდის მიერ კენჭის ყრა. მკითხველს შევახსენებ, რომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გამოძიების მასალებში არის მოთავსებული ა. გრეკოვის ჩვენება, თითქოსდა 1907 წლის ზაფხულში, გურიის სოფელ ბახვში მოხდა სოციალ-დემოკრატი ტერორისტების მიერ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დადგენილების გამოტანა.(164) ა. გრეკოვის ჩვენებით, სოციალ-დემოკრატ ტერორისტებს კენჭი უყრიათ, თუ ვის უნდა მოეკლა ილია ჭავჭავაძე. ჩემი აზრით, ეს ინფორმაცია, გარკვეულწილად ადასტურებს, რომ ტერორისტულ აქტზე წასვლის წინ წილისყრა, იმ ხანად სოციალ-დემოკრატ ტერორისტებში ტრადიციად ქცეულ რიტუალს წაროადგენდა და ამის შესახებ, როგორც ჩანს, ფართო საზოგადოებაც კარგად იყო ინფორმირებული.

      ზემოთ უკვე შევეხე თბილისის მაზრის უფროსის, 1908 წლის 18 დეკემბრის წერილს, სადაც 1908 წლის 17 დეკემბერს - ,,ყაჩაღ-ტერორისტების - პავლე ფშავლიშვილის, ბრალდებულის თავად ჭავჭავაძის მკვლელობაში და ვანო იმერლიშვილის, გაქცეულების მეტეხის ციხიდან”, ფიზიკურ ლიკვიდაციას შეეხებოდა. ამ წერილში მითითებულია, რომ მათი გვამები ამოსაცნობად თბილისის ,,მიხაილოვოს” საავადმყოფოში იქნა გადატანილი.

      იმავე ღამით, ნ. ხიმშიევი სწორედ მათ ამოსაცნობად თბილისში ჩასულა და ,,მიხაილოვოს” საავადმყოფოში მოთავსებული გვამები დაუთვალიერებია. მოწმეთა ჩვენებით, ნ. ხიმშიევის თქმით, იგი დათვალიერების მიზნით პ. ფშავლიშვილის სხეულს ასანთით ანათებდა და მიცვალებულისათვის ულვაში დაუწვია. მართლაც, საარქივო საქმეში არსებულ მოკლული პ. ფშავლიშვილის ფოტოსურათზე მას ულვაშის ნაწილი და ქვედა ტუჩიდან ნიკაპამდე წვერი თითქოს შეტრუსული აქვს. როგორც ირკვევა, ამ გარემოებას ნ. ხიმშიევი არ მალავდა და ღიად ლაპარაკობდა. ჩანს, ნ. ხიმშიევის ასეთი საქციელი მასზე შურისძიების კიდევ ერთი საბაბი იყო მისი მკვლელებისათვის.(165)

      საინტერესოა, რომ ზემოდასახელებული ანტონ ნავდარაშვილის ჩვენებით, რომელსაც თავის ანგარიშები ჰქონდა გასასწორებელი ამ ბანდის წევრებთან, ნიკოლოზ ხიმშიევის მკვლელობის შემდეგ ილიკო იმერლიშვილი, გიგლა ბერბიჭაშვილი, ლადო ფეიქრიშვილი მისულან პავლე ფშავლიშვილის დედასთან. მისთვის მიულოციათ, რომ ,,გაუსწორეს ანგარიში თავის და მის მტერს ნ. ხიმშიევს, რომელიც დაცინვით ანთებდა ასანთს მისი შვილის გვამზე’’.(166)

 

 

თავი III - ილიკო იმერლიშვილი და ილია ჭავჭავაძის მკვლელობა

 

         წინამდებარე ნაშრომის ზემომოყვანილი მასალების გაცნობის შემდეგ, სკეპტიკოსები ალბათ დასვამენ შეკითხვას, თუ რატომ არ აისახა ილიკო იმერლიშვილზე ინფორმაცია, თუნდაც მცირე მინიშნებების სახით, რუსეთის იმპერიის პერიოდში შექმნილ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გამოძიების საქმეებში?

      მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სხვა მრავალ დოკუმენტთან ერთად, არსებობს ამ სახის ინფორმაცია და ის მოთავსებულია ,,თბილისის სამძებრო პოლიციის ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გამოძიების საქმეში‘‘.(167)  ,,თბილისის სამძებრო პოლიციის ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გამოძიების საქმე”-ს აშკარად ეტყობა, რომ მასალების ნაწილი აკლია. ამას ადასტურებს საქმის ბოლოში თანდართული ოქმი. ოქმში მითითებულია, რომ საქმეში დანომრილი ყოფილა 72 ფურცელი და საქმეს აკლია ფურცლები - 2, 7, 9, 14, 28, 56, 61.

      ფურცლებზე წარწერილი ნომრები რომ არეულია, დოკუმენტებს ვიზუალურადაც ემჩნევათ. ფურცლებზე სხვადასხვა ფერის კალმით და ფანქრით დაწერილი ციფრებიდან აშკარად ჩანს, რომ გვერდები რამოდენიმეჯერაა გადანომრილი. საქმის მასალების გამომყენებელ პირთა შორის ჩამონათვალის ფურცელზე პირველი წერია - პ. გუგუშვილი, გამოყენების თარიღია - 14. 06. 1937. იქვე მის მიერ მითითებულია, რომ მან ისარგებლა ნომერი მე-9 ფურცლით. მისი ხელმოწერის ქვეშ მიწერილია, რომ, 1960 წლის 24 თებერვალს, ამ საქმით უსარგებლია ალექსანდრე კოჭლავაშვილს და ამოუწერია ნომერი - 7, 8, 9, 12, 22, 26, 29 ფურცლები. საქმით ასევე უსარგებლიათ გ. შარაძეს, დ. სტურუას, ლ. თოიძეს და სხვ.(169)

საქმის მე-9 გვერდზე არის თბილისის პოლიცმეისტერის სამმართველოს ძებნის განყოფილების უფროსის პეტრე ალექსანდრეს ძე ევტუშევსკის თბილისის პოლიცმეისტრთან გაგზავნილი, ერთ-ერთი ურიადნიკის ჩვენების შემცველი წერილი. აქ მითითებულია, რომ პ. ევტუშევსკის გაუჩნდა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები მოურავ ჯაშის წინააღმდეგ. იგი ძალიან მოხარული და მადლობელია, რომ პოლიცმეისტერმა სწრაფად გასცა განკარგულება დ. ჯაშის დაკავების შესახებ. ნათქვამია, რომ ღამის ორ სათზე დუშეთში ჩამოვიდნენ სტრაჟნიკები და დააპატიმრეს დ. ჯაში, რითაც წერილის ადრესატს თავიდან აურიდებია დაპატიმრებაში აქტიური მონაწილეობა. პ. ევტუშევსკი აღნიშნავს: ,,მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯაში პირადად არ დააპატიმრა.(170) ამ წერილიდან რამოდენიმე ფურცლის დაშორებით საქმეში მოთავსებულია, იმ დროს თბილისის პოლიცმეისტერის მოვალეობის შემსრულებლის პოლკოვნიკ ვიაჩესლავ ივანეს ძე ციხოცკის სავიზიტო ბარათი. მის მეორე გვერდზე რუსულად წაწერილია: ,,ვფიქრობ, უნდა დაპატიმრებულ იქნეს მოურავი. ანდა გაკეთდეს...” (შემდეგ კი რამოდენიმე სიტყვა გაურკვეველია - თ.ს.)(171) ამრიგად, დიმიტრი ჯაშის ილიას მკვლელობაში მონაწილეობაზე ეჭვი ერთ-ერთ პირველს, სწორედ პ. ევტუშევსკის ეპარებოდა და მის დაპატიმრებაზე შუამდგომლობაც მან დააყენა.

აღნიშნულ საქმეში ასევე დაცულია თბილისის გუბერნატორის კანცელარიის, 1907 წლის 18 ოქტომბრით დათარიღებული საიდუმლო წერილი თბილისის პოლიცმეისტერის სახელზე: ,,გუბერნატორის კანცელარია თქვენს განკარგულებაში გიგზავნით ფოსტით მიღებულ ანონიმურ წერილს, რომელშიც მითითებულია ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მონაწილეები”.(172) აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ძიების საქმეებში, რომლებიც დაცულია ცენტრალურ ისტორიულ არქივში ეს ანონიმური წერილები არ შემხვედრია. თუმცა, ისინი მოვიძიე ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გამოძიების იმ მასალებში, რომელიც წარმოდგენს დუშეთის მაზრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ყარამან ფაღავას სამსახურებრივ ბარათებს და მიმოწერას ილია მკვლელობაზე. 2011 წელს მე ვწერდი, რომ ,,ეს ანონიმური წერილი არ შემხვედრია. თუმცა შეიძლება შემდეგ სადმე აღმოჩნდეს კიდეც და ახლა უბრალოდ ვერ მივაგენი‘‘. ახლა კი შემიძლია დავადასტურო, რომ უკვე 2012 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის ერთ-ერთ ფონდში აღმოჩნდა, საარქივო საქმე სათაურით - ,,საქმე სახელმწიფო საბჭოს წევრის ილია ჭავჭავაძის მკვლელობის 1907 წელს“, რომელსაც ქართულად გაკრული ხელით აწერია შემდეგი - ,,ეს საქმე გამომიგზავნა დუშეთის ყოფილმა მაზრის უფროსმა ყარამან ფაღავამ, რომელსაც წაეკითხა ჩემი წიგნი: ილია ჭავჭავაძე როგორც პოეტი და პუბლიცისტი“ და აგრეთვე გაზეთში განცხადება: პეტრე გელეიშვილს ენდობა ისტორიულ დოკუმენტებს... ეს იყო 1914 წლის აგვისტოს 15. პ.. გელეიშვილი“. სწორედ აქაა დაცული დასახელებული ანონიმური წერილი და სხვა საინტერესო მასალები, რომელთა ანალიზს სხვა ნაშრომში შემოგთავაზებთ.

 ზემოაღნიშნულ დოკუმენტში არსებულ ურიადნიკის ჩვენებაში კი, ნათქვამია: ,,თავად ილია ჭავჭავაძის მკვლელების სხვისი დახმარების გარეშე მოძებნა და დაჭერა შეუძლებელია, განსაკუთრებით მათი, ვინც მთებს შეაფარეს თავი... არ ვკარგავ იმედს, მალე დავიჭერთ. ჩემი იმედი იმაზეა დამყარებული, რომ ძებნის ნაწილის ჩინოვნიკმა ფიცხელაურმა მოძებნა ცნობილი ყაჩაღი, გამოქცეული კატორღიდან და დაარწმუნა ის, ფულზე გასცეს დამნაშავეები. აღნიშნული ყაჩაღი დათანხმდა და მას პირადადაც ვესაუბრე. მე უნდა წავიდე საგურამოში, ამიტომ ფიცხელაური, როგორც თარჯიმანი, მე მჭირდება... მე ღრმად ვარ დარწმუნებული, თავადის მოსაკლავ შეთქმულებაში, მონაწილეობას იღებდა მოურავი ჯაში. ეს ყველაფერი გაირკვევა, თუ დაპატიმრებული იქნებიან ფაქტიური მკვლელები”.(173)

 სამძებრო პოლიციის ძებნის ნაწილის ჩინოვნიკი ფიცხელაური იხსენიება, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საქმის გამოძიების სხვა საქმეში. აქაც პ. ევტუშევსკი კვლავ მიუთითებს, რომ სწორედ დიმიტრი ჯაში შეიძლება იყოს დამნაშავე ილიას მკვლელობის ორგანიზებაში. აღნიშნავს, ,,ვითომდა ბოროტმოქმედების მიერ დ. ჯაშისადმი გაგზავნილი მუქარის წერილი, რომ მას თავი გაენებებინა ილიას მოურავობისათვის, ქართულიდან თარგმნა ჩინოვნიკმა ფიცხელაურმა‘‘.(174)

 ზემოაღნიშნულ ,,თბილისის სამძებრო პოლიციის ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გამოძიების საქმე“-ში სხვა მასალებთან ერთად გვხვდება ჩინოვნიკ ფიცხელაურის მიერ პ. ევტუშევსკისადმი მიწერილი რამოდენიმე წერილი.(175) 1907 წლის 5 სექტემბრით დათარიღებულ ფიცხელაურის წერილში ნათქვამია, რომ მან ბორჯომში ვინმე ნიჟარაძე დააკავა, რომელიც ეჭვმიტანილი იყო ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში და რომელსაც აღმოაჩნდა მოკლულის საათი.(176) ესე იგი ჩინოვნიკი ფიცხელაური, თანამედროვე ენაზე, რომ ვთქვათ სამძებრო პოლიციის ოპერატიული თანამშრომელი იყო. ანუ, მას ევალებოდა სხვადასხვა სახის ოპერატიული ღონისძიებების წარმოება. რვეულის ფურცელზე ფანქრით დაწერილი ეს წერილი მოთავსებულია საქმის 25-ე გვერდზე, ხოლო 26-ზე გვერდზე მას მოსდევს 4 სექტემბრით დათარიღებული, ფიცხელაურის მიერ ევტუშევსკისთან გაგზავნილი სხვა წერილი.

მინდა აღვნიშნო, რომ ამ ორი წერილის შემდეგ, გვერდ 16-ზე არის პ. ევტუშევსკის მიერ შედგენილი ოქმი დათარიღებული 16 სექტემბრით. მასში აღწერილია ერმილე დოლიძის და მისი თანამზრახველის დაჭერის მიზნით პ. ევტუშევსკის გურიაში წასვლის დრო და სხვა ინფორმაცია. ამავე ოქმით ცხადი ხდება, თუ ვინ გააგზავნა იგი გურიაში. ოქმში წერია: ,,სასამართლოს გამომძიებლის პირადი დავალებით წავედი გურიაში... სადაც სოფელ ბახვში ორი ეჭვმიტანილი გაემგზავრა.” ანუ, სწორედ საოლქო სასამართლოს გამომძიებელის ნ. ილიაშენკოს პირადი დავალებით გაემგზავრა პ. ევტუშევსკი გურიაში.(177) ამით ნ. ილიაშენკომ პ. ევტუშევსკი ფაქტობრივად ჩამოაშორა საქმის რეალურ ძიებას და ცრუ კვალზე გაუშვა. აქ კვლავ მინდა აღვნიშნო, რომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ძიების პროცესში არსებულ ე.წ. ,,თეთრ ლაქებზე” და მკვლელობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე, უფრო ფართოდ ვისაუბრებ სხვა ნაშრომში.

4 სექტემბრით დათარიღებული წერილი, რომელიც დროით ცხადია წინ უსწრებს 16 სექტემბრით დათარიღებულ ოქმს, ფიცხელაურის მიერ სხვა წერილების მსგავსად ფანქრითაა დაწერილი. ეს წერილიც ეგზავნება პეტრე ალექსანდრეს ძე ევტუშევსკის: ,,ძვირფასო პეტრე ალექსანდრეს ძევ! როგორც მე საიდუმლოდ მოვიკვლიე, ამჟამად მიცვალებულ თავად ჭავჭავაძეზე დანაშაულის ჩადენის შესახებ უნდა იცოდეს, დუშეთის მაზრის სოფ. მცხეთის მცხოვრებმა სახელით ,,ილია მცხეთელი”. ის თუ არ მონაწილეობდა დანაშაულში, მაშინ მან მაინც ყველაფერი იცის ვინ ჩადის მსგავს ყველანაირ დანაშაულს, ამიტომ ვვარაუდობ რომ ის დავიჭიროთ. ამის გარდა აუცილებელია დაჭერა ასევე მეფაიტონის, რომელიც, როგორც მოვიკვლიე, იცნობს პირებს, ვინც ჩაიდინა თავად ჭავჭავაძის მკვლელობა. უღრმესი პატივისცემით თქვენი გ. Fიცხელაური. 4 სექტემბერი 1907 წელი. ქ. ტიფლისი.” (წერილის სტილი დაცულია)(178)

ამრიგად, 1907 წლის 4 სექტემბერს უკვე ცნობილი ხდება, რომ ,,ილია მცხეთელი” შესაძლოა ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მონაწილე იყო. გამოძიებამ კი მხოლოდ ამ წერილში ნახსენები მეფაიტონე, ანუ მეეტლე თ. ლაბაური დააპატიმრა. შემდეგშიც ,,ილია მცხეთელი”-ს ვინაობის დადგენის მიმართულებით არავითარი კვლევა-ძიება არ უწარმოებიათ. არადა ,,ილია მცხეთელი” იმ დროს თბილისში ,,მოღვაწე” სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკი ტერორისტის, რევოლუციონერის ილიკო იმერლიშვილის, იგივე ,,მცხეთელის” მეტსახელი რომ იყო, ამის დადგენა გამოძიებას სულ იოლად შეეძლო. თუმცა, ამაში ვერ დავადანაშაულებთ პ. ევტუშევსკის, როგორც ვნახეთ, იგი წერილის მიღებიდან რამოდენიმე დღეში ილიას მკვლელების საძებნელად ქუთაისის მაზრაში მიავლინეს. ჩემს მიერ ზემოთ მოყვანილი ბატონ ალექსანდრე შუშანაშვილის აზრი, რომ: ,,ამ საქმეში არსებული... საგამოძიებო პოლიციის მიერ მოპოვებული ყოველგვარი ცნობა გამოძიებას გადაეცემოდა“, ადასტურებს საოლქო სასამართლოს საგანგებო საქმეთა გამომძიებელ ნ. ილიაშენკოს მიერ პ. ევტუშევსკის მიზანმიმართულად მცდარ ,,კვალზე“ გაგზავნას.

      ვფიქრობ, სწორედ ,,ილია მცხეთელზე“ მიღებული ინფორმაცია გახდა იმის მიზეზი, რომ ნ. ილიაშენკომ თბილისის ,,ოხრანკის“ განყოფილების მითითებით, პ. ევტუშევსკის ყურადღება სხვა მხარეს გადაიტანა. ალბათ, იმ დღეებში ახლად დაპატიმრებული დ. ჯაში უკვე ,,დააგენტურების“ პროცესში იყო და საიდუმლო პოლიციაც ცდილობდა, ამ საქმიდან მის ,,სუფთად გამოყვანას‘‘ და ილია ჭავჭავაძის მკვლელებთან ჯაშის პირდაპირი კავშირების მიჩქმალვას. ამ ვარაუდს მიმტკიცებს ის გარემოება, რომ თუ ილიას მკვლელობის პირველსავე დღეებში, მისი მკვლელობის შესახებ პეტერბურგში გაგზავნილ ცნობილ დეპეშაში, სწორედ სოციალ-დემოკრატები იყვნენ დასახელებული ილიას მკვლელობის წამქეზებლებად, ამ პარტიის ხსენება შემდეგ ნელ-ნელა გაქრა ძიების საქმიდან. პ. ევტუშევსკის მიერ დიმიტრი დ. ჯაშის ნათქვამს დაკითხვისას, რომ იგი სოციალ-დემოკრატიულ პარტიას ეკუთვნოდა, მაგრამ მისმა პარტიამ არავითარი მონაწილეობა არ მიიღო ილიას მკვლელობაში, ნ. ილიაშენკოს მხრიდან არავითარ რეაგირება, გადამოწმება არ მოჰყოლია. არადა, პოლიციის მიერ ელემენტარული ე.წ. ,,საიდუმლო გამოკითხვითაც“ კი შესაძლებელი იყო გაერკვიათ, თუ ვისთან ახლობლობდა დიმიტრი ჯაში. საუბარია სოციალ-დემოკრატიული ოპარტიის ბოლშევიკური ფრთის წარმომადგენელ ილიკო იმერლიშვილზე და ალექსანდრე ობოლაძეზე.

      აქვე აღვნიშნავ, რომ ფიცხელაურის მიერ პ. ევტუშევსკისათვის მიწერილი 4 სექტემბრით დათარიღებული წერილი, მოთავსებულია აღნიშნული საარქივო საქმის გვერდ 26-ზე. ამ საქმის ბოლოში თანდართულ ოქმში, ალექსანდრე კოჭლავაშვილის მიერ ეს ფურცელი მითითებულია, როგორც მის მიერ ნახული და გამოყენებული.(179)

       უფრო მეტიც, ამ საარქივო საქმის დასაწყისში ასევე არის, 1928 წელს საქმის არქივში დაბრუნებისას შედგენილი, მასში არსებულ დოკუმენტებში მოხსენიებული პირების რამოდენიმე გვერდიანი სია. სიაში პირველ ფურცელს აწერია - ,,ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში აქტიური მონაწილეები“ და ჩამოთვლილი არიან: გიგლა ბერბიჭაშვილი, ივანე ინაშვილი, პავლე ფშავლიშვილი, ერმილე დოლიძე, ეფ. დოლიძე. ამ ჩამონათვალს მოსდევს - ,,ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირები“-ს სია და ჩამოთვლილია: ვიქტორ ავალიანი, დიმიტრი ჯაში, ,,ილია მცხეთელი” და სხვები.(180) ვიქტორ ავალიანი დაპატიმრებული იქნა ერმილე დოლიძესთან კავშირში. ზემოთ უკვე მოვიხსენიე ეს უკანასკნელი, რომ სხვადასხვა ინფორმაციით იგი მონაწილეობდა ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში. ერმილე დოლიძეზე საკმაო მასალა საარქივო და თანამედროვეთა მოგონებების სახით მოვიძიე. არც ერთ მათგანში, რაიმე რეალურად ხელმოსაჭიდი ინფორმაცია ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში ერმილე დოლიძის მონაწილეობაზე ვერ ვნახე. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ თბილისის პოლიცმეისტერის მოვალეობის დროებით შემსრულებლის პოლკოვნიკ ციხოცკის, 1907 წლის 9 ოქტომბრის დადგენილებაში, ვიქტორ დოლიძე აგენტურული ცნობებიდან გამომდინარე სოციალ-დემოკრატიული პარტიის მოლარედ, თუ ხაზინდარად არის დასახელებული.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ როგორც იტყვიან კომენტარი ზედმეტია - ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გამოძიების ამ საქმეში პირდაპირაა მითითებული თავდასხმაში მონაწილე მეოთხე ბოროტმოქმედის მეტსახელი. შესაბამისად ერთ-ერთი კითხვა, რაც ამ დოკუმენტის ნახვისას დამებადა იყო ის, თუ რომ რატომ არავინ დაინტერესდა ვინ იყო ეს იდუმალი ,,ილია მცხეთელი”? დოკუმენტური მასალების გადამუშავების და ანალიზის შემდეგ, ამჟამად ძალიან მარტივი პასუხი მაქვს. იმიტომ, რომ არ სურდათ მისი ვინაობის გამჟღავნება.

მეფის რუსეთის დროს გასაგებია, თუ როგორ დაფარეს ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მეოთხე მონაწილე. ჯერ კიდევ გამოძიების დასაწყისში ნიკოლოზ ილიაშენკომ, სავარაუდოდ თბილისის ,,ოხრანკის” განყოფილების უფროსის მითითებით პ. ევტუშევსკი გურიაში გააგზავნა, თითქოს იქ მყოფი ილია ჭავჭავაძის მკვლელების აღმოსაჩენად. მან კი ვერავითარი დამამტკიცებელი საბუთი, რომ ერმილე დოლიძე ილიას მკვლელობაში იღებდა მონაწილეობას, ვერ იპოვა. მეტიც, როგორც ვანო ჩიტაიშვილი წერს ერმილე დოლიძეზე სულ ტყუილად ჰქონდათ ეჭვი შეტანილი, რადგან მას ილიას ნივთები არ ჰქონია - ,,ერ. დოლიძე დაიჭირეს სოფელში, ურიადნიკს ენახა დაპატიმრების დროს ერთი წერილი, რომელიც ვიქტორ ავალიანის სახელზე იყო დაწერილი... დაპატიმრების დროს მას უპოვეს ერთი პორტსიგარი, რომელიც ვითომდა ილიას პორტსიგარი იყო, ამბობდა გამომძიებელი ილიაშენკო. ეს პორტსიგარი, რომელიც დოლიძეს დაპატიმრების დროს ჩამოართვეს უბრალო პორტსიგარი იყო, რომელიც ჩემს თვალწინ ილიაშენკომ ჩააბარა დოლიძის დედას‘‘.(181) რაც შეეხება თითქოსდა, ერმილე დოლიძის სახლში აღმოჩენილ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შემდეგ ეტლიდან გატაცებულ ყვითელი ფერის ჩემოდნებს, აქაც გამომძიებელი ილიაშენკო ცდებოდა - ე. დოლიძის სახლში აღმოჩენილი ჩემოდნები შავი ფერის იყო და მათში ილია ჭავჭვაძის ოჯახის კუთვნილი ნივთები არ აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ საბჭოთა პერიოდშიც ილია ჭავჭავაძის მკვლელობასთან კავშირში ,,ილია მცხეთელს” არსად იხსენიებდნენ. ეს იმის მიუხედავად, რომ, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, 1928 წელს შექმნილ საარქივო დოკუმენტში, იგი დიმიტრი ჯაშის გვერდით სწორედ ერთ-ერთ ეჭვმიტანილად არის მოხსენიებული.

გ. ბერბიჭაშვილის სასამართლო პროცესის წინასწარი ძიების მასალებში ილიას მკვლელობაში მონაწილე ,,იმერელი”, ანუ ილიკო იმერლიშვილის მეორე მეტსახელი, რითაც მას იცნობდნენ არა თბილისის, არამედ დუშეთის მაზრაში, საკმაოდ ხშირადაა ნახსენები. მაგალითად, მათში არის დაცული ბ. ცაგურიას წერილი, საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ცენტრალური კომიტეტის მდივნის კანდიდ ჩარკვიანის სახელზე, სადაც აღნიშნულია, რომ დიმიტრი ჯაშს მოურავობისაკენ გზის გასაკაფად სჭირდებოდა ილიას მოურავის მოსე მემარნიშვილის მოკვლა, რაც ილიას მომავალმა მკვლელებმა, 1907 წლის 7 ივნისს პ. აფციაურის (ფშავლიშვილი) მეთაურობით სისრულეში მოიყვანეს. ბ. ცაგურიას წერილში მოჰყავს ლადო ფეიქრიშვილის და პავლე ფშავლიშვილის, 1908 წლის 10 თებერვლის დაკითხვის ოქმების ამონაწერები, სადაც ლაპარაკია მკვლელობის მეოთხე მონაწილე ,,იმერელზე”. ამ წერილში იგი ასევე, მოიხსენიებს გიორგი ხიზანა(ი)შვილის ჩვენების იმ ნაწილს, რომელშიც გ. ხიზანა(ი)შვილი ილიას მკვლელობის მეოთხე მონაწილედ ,,იმერელს” ასახელებდა. ბ. ცაგურია მიუთითებს, რომ აღნიშნული მასალები ამოღებულია, მთავარი საისტორიო არქივის, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ფონდში დაცული, თბილისის საოლქო სასამართლოს ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ძიების საქმეების მასალებიდან. წერილის ბოლოს ავტორი ასკვნის: ,,კარგი იქნება ჭეშმარიტების დასადგენად ეს საქმეები შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს გადაეცეს‘‘.(182)

ფაქტია, საბჭოთა ხელისუფლებას და მმართველ კომუნისტურ პარტიას ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ნამდვილი გარემოებების დადგენა არ სურდა. ვფიქრობ, რომ თუ მოინდომებდნენ ილია ჭავჭავაძის მკვლელების და მათ შორის - ,,იმერელის“ ვინაობის შესახებ დაცულ სხვა მასალებსაც იოლად მოიძიებდნენ იმდრინდელ საისტორიო არქივში, რადგან ჩემთან შედარებით, მათ თითქმის ულევი მატერიალური და ადამიანური რესურსი გააჩნდათ.

       ამას ადასტურებს ჩამს მიერ მოძიებული საარქივო მასალები. მათში, ქრონოლოგიურად მინდა გამოვყო 1908 წლით დათარიღებული დოკუმენტები. კერძოდ, საისტორიო არქივში მოვიძიე, დუშეთის მაზრის ტერიტორიაზე მოქმედი ,,წითელ რაზმელების“ დამხმარე პირების დაპატიმრების საქმე. 1908 წლის 25 დეკემბრით დათარიღებული, აბესალომ გიორგის ძე ფაღავას, (სავარაუდოდ ყარამან გიორგის ძე ფაღავას ძმა - თ.ს.) დუშეთის მაზრის პოლიციის ჩაფრების (სტრაჟნიკები) უფროსი ურიადნიკის მიერ დაწერილ ოქმში ვკითხულობთ: ,,პავლე ფშავლიშვილთან ერთად მის ბანდაში იმყოფებოდნენ ი. იმერლიშვილი, ვ. ინაშვილი, გ. ბერბიჭაშვილი და სხვები‘‘.(183)

       ერთ-ერთ დოკუმენტში კი, პირდაპირაა ნათქვამი ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში ილიკო იმერლიშვილის, გიგლა ბერბიჭაშვილის, ივანე ინაშვილის და პავლე ფშავლიშვილის მონაწილეობის შესახებ. კერძოდ, 1908 წლის 25-31 დეკემბრით დათარიღებული რამოდენიმე გვერდიანი ოქმში, რომელიც შეუდგენია დუშეთის მაზრის ბაზალეთის ნაწილის პრისტავ ოზიევს, სადაც პავლე ფშავლიშვილთან და მის ,,თანამებრძოლებთან“ კავშირში ეჭვმიტანილი ზემონახსნები ი. ქისტურის დაკითხვაა ასახული, სიტყვა-სიტყვით წერია შემდეგი: ,,დაკითხვისას დაკავებულმა თქვა, რომ ამა წლის მაისში(1908) ის შემთხვევით შეუერთდა ფშავლიშვილის ბანდას, რომელშიც მონაწილეობენ თვით ბანდის მეთაური ფშავლიშვილი, ილია ჭავჭავაძის მკვლელები: ივანე ინაშვილი და გიგლა დარჩოს ძე ბერბიჭაშვილი და სოფ. მცხეთის მცხოვრები ილიკო იმერლიშვილი და მრავალი სხვა, რიცხვით 13 კაცამდე“.(184)

        ამგვარად, ამ დოკუმენტში კონკრეტულად ამ ნიშნით - ,,ილია ჭავჭავაძის მკვლელები’’ პირდაპირაა გამოყოფილი ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში მონაწილე პირები სხვებისგან. ამასთან ეს ხდება იმ დროს, როდესაც თბილისში ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საქმის გამომძიებლები უშედეგოდ ცდილობდნენ მკვლელობაში მონაწილე უცნობი ,,იმერელი“-ს ვინაობის გარკვევას, დუშეთის მაზრის პოლიციის ჩინებისთვის იგი, როგორც ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მონაწილე კარგად იყო ცნობილი, თან სრული სახელით და გვარით - ილიკო იმერლიშვილი.

     ილიკო იმერლიშვილი ასევე დასახელებულია ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მონაწილედ, 1914 წლით დათარიღებულ საარქივო მასალაში. კერძოდ, თბილისის სამძებრო პოლიციის ერთ-ერთ საქმეში, რომელიც ეხება ილიკო იმერლიშვილის დაკავების ოპერაციას აღმოჩნდა საარქივო დოკუმენტები, სადაც პირდაპირაა ნათქვამი, რომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში ილიკო იმერლიშვილი და მისი რაზმელები მონაწილეობდნენ.

    მათგან გამოვარჩევ ორ დოკუმენტს, პირველი ესაა - 1914 წლის 15 იანვრით დათარიღებული თბილისის სამძებრო პოლიციის განყოფილების უფროსის მიერ, თბილისის პოლიცმეისტერის სახელზე გაგზავნილი ორ გვერდიანი მოხსენება, მეორე კი 1914 წლის 1 თებერვლით დათარიღებული, ასევე თბილისის სამძებრო პოლიციის განყოფილების უფროსის მიერ თბილისის საოლქო სასამართლოს საგანგებო საქმეთა გამომძიებლის სახელზე გაგზავნილი სამ გვერდიანი მოხსენება, სადაც სიტყვა-სიტყვით წერია შემდეგი: ,,ილიკო იმერლიშვილმა თავისი დაჯგუფების წევრებთან ერთად ჩაიდინა უამრავი მკვლელობა კერძო და თანამდებობრივი პირების, სოფლის მამასახლისების, სტრაჟნიკების, მემამულე თავად ილია ჭავჭავაძის (ქართველი მწერლის)”.(185)  

     მსგავსი, რამოდენის დღის შემდეგ დათარიღებული დოკუმენტის შინაარსი, პირველისგან განსხვავდება იმით, რომ მასში მითითებულია ინფორმაციის წყაროც - ,,ილიკო იმერლიშვილმა თავისი დაჯგუფების წევრებთან ერთად ჩაიდინა უამრავი მკვლელობა კერძო და თანამდებობრივი პირების, სოფლის მამასახლისების, სტრაჟნიკების, მემამულე თავად ილია ჭავჭავაძის (ქართველი მწერლის) და აღნიშნული ინფორმაცია მოპოვებულია აგენტურული შეტყობინებების საფუძველზე’’-ო.(186)

     ილიკო იმერლიშვილი სწორედ სოციალ-დემოკრატიული პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელადაა დასახელებული ამავე საქმეში არსებულ დოკუმენტში, რომელსაც 1914 წლის 28 იანვარს ამიერკავკასიის რკინიგზის ჟანდარმთა საპოლიციო სამმართველოს უფროსი უგზავნის თბილისის პოლიცმეისტერს - ,,ჩემთან შემოსული აგენტურული ცნობებით, სროლის დროს 13 იანვარს ნამდვილად მოკლეს ყაჩაღური ბანდის ხელმძღვანელი იმერლიშვილი – ყაჩაღთა ბანდის და სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელი.(187)

     სხვა საარქივო საქმეში, რომელიც კავკასიის მთავარმმართებლის კანცელარიის პოლიციის ნაწილის საიდუმლო განყოფილების ფონდებში, და ეხება 1914 წლის იანვარში ილიკო იმერლიშვილის და ვასილ ფარესოვის დაკავების მიზნით ჩატარებულ პოლიციის ოპერაციას თბილისში აღმოჩნდა მსგავსი შინაარსის დოკუმენტები. აქ იმ დროს თბილისის პოლიცმეისტერ ზასიპკინის მიერ, თბილისის სამძებრო პოლიციის უფროს გაგიევის საქმეში გაკეთებულია შემდეგი შინაარის ჩანაწერი - ,,სოციალ-დემოკრატი ტერორისტის ილიკო  იმერლიშვილის მონაწილეობით ჩადენილ იქნა სახელმწიფო საბჭოს წევრის ილია ჭავჭავაძის მკვლელობა’’.(188)       

             კავკასიის მთავარმმართებლის კანცელარიის პოლიციის ნაწილის საიდუმლო განყოფილების მასალებში არსებულ სხვა საარქივო საქმეშიც მოვიძიე თბილისის პოლიცმეისტერ ზასიპკინის მიერ დაწერილი სამსახურებლივი ბარათიც, სადაც ვკითხულობთ: ,,ცნობების მიხედვით ილიკო იმერლიშვილის მონაწილეობით ჩადენილ იქნა სახელმწიფო საბჭოს წევრის ილია ჭავჭავაძის მკვლელობა“. ეს ინფორმაცია სიტყვა-სიტყვით მეორდება რამოდენიმე სხვა საარქივო საქმეში, რის გამოც მათ შინაარსს აღარ გავიმეორებ.(189) ალბათ, მკითხველისთვის ცხადია, რომ რუსეთის იმპერიის ადგილობრივმა ჩინებმა შესანიშნავად იცოდნენ თუ ვინ იყო ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მეოთხე მონაწილე. თუ რატომ ფარავდნენ, ეს სხვა საკითხია, რომელსაც დაწვრილებით საარქივო მასალებზე დაყრდნობით მომდევნო ნაშრომში გავაანალიზებ.

       ახლა კი, შევეხოთ საბჭოთა პერიოდს, როდესაც, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე - ერთადერთი ადამიანი, ვინც საბჭოთა პერიოდში ილია ჭავჭავაძის მკვლელად ილიკო იმერლიშვილი დაასახელა, იყო ილია ჭავჭავაძის მოურავის დიმიტრი ჯაშის მეუღლე დარია ჯაში. მან საბჭოთა ხელისუფლების მიერ 1941-1942 წლებში, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ერთ-ერთი მონაწილის გიგლა ბერბიჭაშვილის სასამართლო პროცესის გამოძიების წინა პერიოდში, 1941 წლის 6 ივნისს წინასწარი დაკითხვისას მიცემულ ჩვენებაში, გამომძიებლის კითხვაზე - ,,ვინ ღებულობდა მონაწილეობას ილიას მკვლელობაში?” გასცა შემდეგი პასუხი: ,,როგორც შემდეგ გავიგე ილიას მკვლელობაში მონაწილეობას ღებულობდნენ ინაშვილი ყოფილი მამასახლისი, იმერლიშვილი, რომელსაც კარგად იცნობდა დიმიტრი, ფშავლიშვილი გრიგოლა, როგორც მახსოვს ფეიქრიშვილი იყო გაქცეული ყაჩაღად ტყეში“.(190)

      მეტიც, დარია ჯაშმა 1941-1942 წლებში, გიგლა ბერბიჭაშვილის სასამართლო პროცესის დროს მოსამართლე ოდიშვილის კითხვაზე - ,,თქვენს ქმარს არასოდეს უხსენებია ბერბიჭაშვილის გვარი? უპასუხა ისე რომ არავინ ეკითხებოდა შემდეგი პასუხი გასცა: ,,არა, არასოდეს. ის იცნობდა კარგად ილიკო იმერლიშვილს’’.(191) მის ამ პასუხზე არც მოსამართლეს, არც დამსწრე საზოგადოებას არანაირი კითხვა არ გასჩენია.

     1950-იან წლებში დარია ჯაშთან კითხვები გაუჩნდა, ზემოთ უკვე ნახსენებ ალექსანდრე კოჭლავაშვილს, რომელმაც ჯერ კიდევ 1941 წელს, წინასწარი ძიების დროს, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებული გიგლა ბერბიჭაშვილი დაჰკითხა. საქმე იმაშია, რომ გიორგი ლეონიძის თხოვნით, როგორც თვითონ წერს ალექსანდრე კოჭლავაშვილი, მან 1950-იანი წლებში დაიწყო ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შესახებ ინფორმაციების მოძიება. მართლაც, ალექსანდრე კოჭლავაშვილმა 1957-1962 წლებში უნიკალური მასალები და დოკუმენტები მოიძია, დაარქივა და შეუდგა ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შესახებ წიგნის წერას. წიგნის ,,შავი” ნაწერის ნახვის შემდეგ გამიჩნდა მოსაზრება, რომ ჩანს ალექსანდრე კოჭლავაშვლიც ილიკო იმერლიშვილზე, როგორც ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მეოთხე მონაწილის კვალზე ,,გავიდა”. თუმცა, შემდეგ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შესახებ არაფერი გამოაქვეყნა. მიზეზი კი ალბათ მდგომარეობდა იმაში, რომ საბჭოთა უშიშროებაში წლების განმავლობაში მომუშავე ალექსანდრე კოჭლავაშვილმა, მოძიებული მასალების ანალიზის შედეგად დაასკვნა, რომ ილიკო იმერლიშვილი უშუალოდ იყო დაკავშირებული, როგორც რიგით, ასევე ცნობილ ბოლშევიკებთან, თუმცა ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია.

      ჭეშმარიტება კი ის არის, რომ გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში, ალექსანდრე კოჭლავაშვილის პირად ფონდში, დაცულია უამრავი საინტერესო დოკუმენტი, რომლებიც პირდაპირ და ირიბად ადასტურებენ ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში, არა მარტო  გიგლა ბერბიჭაშვილის, ივანე ინაშვილის, პავლე ფშავლიშვილის, არამედ ილიკო იმერლიშვილის მონაწილეობასაც.

       1957 წელს, დეკემბერში, ალექსანდრე კოჭლავაშვილი ჩასულა ბათუმში, სადაც იმჟამად იქ მცხოვრები, მცხოვანი დარია ჯაში გამოუკითხავს და ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შესახებ დაუსვამს კითხვები. მისი სიტყვებით, იმავე დღეს სასტუმროში დაბრუნებულს შეხვედრისას დასმული კითხვებიც და დარია ჯაშის პასუხებიც ჩაუწერია. ალექსანდრე კოჭლავაშვილის პირად ფონდში დაცულ სწორედ ასეთ ჩანაწერში ვკითხულობთ: ,,კითხვა - ვინ იყვნენ ილიას მკვლელობის მონაწილენი?’’; ,,პასუხი – თქვენს მიერ დასახელებულ პირთა გარდა მკვლელობაში მონაწილეობდა დათიკო იმერლიშვილი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ჩემს მოტაცებაში. მკვლელთა შორის ასახლებდნენ ,,იმერელს" და ეს იყო იყო დ. იმერლიშვილი". აშკარაა, რომ აქ საუბარია სწორედ ილიკო იმერლიშვილზე, რომელმაც ალექსანდრე ობოლაძესთან ერთად მიიღო მონაწილეობა დარია ჯაშის მოტაცებაში, ვისზეც ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ გიგლა ბებიჭასვილის სასამართლო პროცესამდე და მისი მსვლელობისას ამბობდა. სავარაუდოდ მხცოვან დარია ჯაშს მახსოვრობამ უმტყუნა და ილიკო იმერლიშვილის სახელი შეეშალა, ანდა ალექსანდრე კოჭლავაშვილმა ის შეგნებულად შეცვალა, თუმცა აღნიშნული ოდნავადაც არ ამცირებს ამ დოკუმენტის მნიშვნელობას.

    ამრიგად, ზემოდასახლებული და გაანალიზებული - 1907, 1908, 1910, 1914, 1941 და 1957 წლებით დათარიღებული დოკუმენტები, სადაც ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მეოთხე მონაწილედ ილიკო იმერლიშვილი, მეტსახელით ,,იმერელი” არის დასახელებული, ვფიქრობ სხვა მასალებთან ერთად ერთობლიობაში ერთმანეთს ავსებენ და ადასტურებენ, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მეოთხე მონაწილის ვინაობას.

 

P.შ.

იმედი მაქვს ჩემს მოსაზრებებს მკითხველი გაიზიარებს. ამასთან აღვნიშნავ, რომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შესახებ ჩემს მიერ მოძიებული მასალების დიდ რაოდენობიდან გამომდინარე და კვლევის პროცესში წარმოშობილ კითხვებზე პასუხის გასაცემის მიზნით ვგეგმავ, მომავალში მათი ანალიზი ეტაპობრივად შევტავაზო მკითხველს.

 

 

 

 

დოკუმენტები და მასალები

 


 

 

 

 

 

 

 





























1.         სიმაშვილი, თ., ,,ნიკო ხიზანაშვილი (ურბნელი) ბიოგრაფიის ერთი საკითხის გამო’’, ჟურნალი ,,ცისკარი”, #5, 1988 წელი

2.         სიმაშვილი, თ., ,,სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკი ტერორისტები ილიას მკვლელობის შემსრულებლები“, ჟურნალი ,,ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები’’, თბილისი, ტ. I(3), 2008 წელი

3.         სსცა (საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი), ფონ.(ფონდი) 116, აღ.(აღწერა) 1, საქ.(საქმე) 13363

4.         სსცა, ფ. 116, აღ. 1, საქ. 13364, გვ. 255-258

5.         ,,Новости Закавказья’’, #25, 02.12.1908

6.         სიმაშვილი, თ., ,,ილია ჭავჭავაძის გარემოცვა”, ,,საარქივო მოამბე“ #14, 2015 წელი

7.         შინაგან საქმეთა სამინისტროს პარტიული არქივი (შსსპა), ფონ.(ფონდი), აღ.(აღწერა), საქ.(საქმე) ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საგამოძიებო კომისიის მასალები, საქაღალდე # 7, გვერდი 113

8.         შსსპა, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საგამოძიებო კომისიის მასალები, საქაღალდე #7, გვერდები 113-114

9.         სსცა, ფ. 94, აღ. 1, საქ. 21, გვ. 123; სსცა, ფ. 94, აღ. 1, საქმე 21, გვ. 231; სსცა, ფ. 153, აღ.1, საქ. 793, გვ. 34; სსცა, ფ. 94, აღ. 1, საქ. 70, გვ. 2

10.        შსსპა, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საგამოძიებო კომისიის მასალები, საქაღალდე # 19, გვერდები 355-356; ლიტერატურის და ხელოვნების ცენტრალური არქივი, ფონდი 215, აღწერა 1, საქმე 17, გვ. 401

11.        საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი,  ფონდი 8, აღწერა 25, საქმე 683, გვ. 112-125; შსსპა, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საგამოძიებო კომისიის მასალები, საქაღალდე # 7, გვერდი 123

12.        ლხცსა, ფონდი 215, აღწერა 1, საქმე 17, გვ. 150; შსსპა, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საგამოძიებო კომისიის მასალები, საქაღალდე # 19, გვერდი 150

13.        ოდიშვილი, ი., ,,წიწამურის ტრაგედია”, თბილისი, სახელმწიფო გამომცემლობა, 1953, გვ. 60

14.        აღნიშნული ბანკი მართლაც გაძარცვეს 1906 წლის აპრილის დასაწყისში და მოკლეს ბანკის გამგეობის თავმჯდომარე გ.ს. განძიელი

15.        სიმაშვილი, თ., ,,სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკი ტერორისტები ილია ჭავჭავაძის მკვლელები”, 2011 წელი. Iაღნიშნული მასალა სრულად მაქვს გამოყენებული ჩემს ამ კვლევაში, ამიტომ პირდაპირ ნაშრომს ვუთითებ, სადაც საარქივო წყაროებიცაა მითითებული)

16.        სიმაშვილი, თ., ,,სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკი ტერორისტები ილია ჭავჭავაძის მკვლელები”, 2011 წელი

17.        სიმაშვილი, თ., ,,დიმიტრი ჯაშის - თბილისის ,,ოხრანკის'' განყოფილების აგენტ ,,სლუჩაინის'' გამჟღავნების ისტორია’’, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტ. VII, 2013 წელი

18.        საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არქივი,  ფონდი 8, აღწერა 25, საქმე 683, გვ. 122

19.        სსცა, ფ. 1854, აღ. 1, საქ. 25; სსცა, ფ. 1854, აღ. 1, საქ. 205, გვ. 22

20.        საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი,  ფონდი 8, აღწერა 25, საქმე 683, გვ. 125

21.        ლიტერატურის და ხელოვნების ცენტრალური არქივი, ფონდი 215, აღწერა 1, საქმე 17

22.        ლიტერატურის და ხელოვნების ცენტრალური არქივი, ფონდი 215, აღწერა 1, საქმე 17; შსსპა, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საგამოძიებო კომისიის მასალები, საქაღალდე # 7, გვერდი 116

23.        სსცა, ფ. 116, აღ 1, საქ. 13363, გვ. 65-66

24.        საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი,  ფონდი 8, აღწერა 25, საქმე 683 

25.        საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი,  ფონდი 8, აღწერა 25, საქმე 683, გვ. 42

26.        სსცა. ფ. 94, აღ. 1, საქ. 124, გვ. 30

27.        შსსპა, ფონ. 93, აღ. 2, საქ.897, გვ. 8

28.        სსცა, ფ. 94, აღ. 1, საქ. 584, გვ. 30

29.        შსსპა, ფონ. 93, აღ. 2, საქ.897, გვ. 8

30.        ილია რუხაძე: საგურამოში (ნახული და გაგონილი) 1908-1911 წლები, 2011.11.01. ჰტტპ://წწწ.ოპენტეხტ.გე/ინდეხ.პჰპ?მ=68&ყ=2001&არტ=212

31.        ლიტერატურის და ხელოვნების ცენტრალური არქივი, ფონდი 215, აღწერა 1, საქმე 17

32.        შსსპა, ფონ. 93, აღ. 2, საქ.897, გვ.2

33.        შსსპა, ფონ. 93, აღ. 2, საქ.931

34.        შსსპა, ფონ. 93, აღ. 2, საქ.897, გვ.3,6

35.        შსსპა, ფონ. 93, აღ. 2, საქ.1116; შსსპა, ფონ. 93, აღ. 2, საქ.1111

36.        სანადირაძე, ალ. ,,ცხრაასხუთელი პარტიზანები”, ,,საბჭოთა საქართველო”, 1986, გვ. 64-73

37.        ხინთიბიძე, ან., ,,1905-1907 წლების რევოლუციისა და რეაქციის პერიოდის მებრძოლები” (ქართული ფოლკლორის მიხედვით), ,,საბჭოთა საქართველო”, გვ. 64-66

38.        შსსპა, ფონ. 93, აღ. 2, საქ.555

39.        შსსპა, ფონ. 93, აღ. 2, საქ.855

40.        ლიტერატურის და ხელოვნების ცენტრალური არქივი, ფონდი 267, აღწერა 2, საქმე 10, გვ.31

41.        შსსპა, ფონ. 93, აღ. 2, საქ.1116; შსსპა, ფონ. 93, აღ. 2, საქ.1111

42.        თ. სიმაშვილი, უახლესი დოკუმენტები და ილია ჭავჭავაძის მკვლელობა(ილიას მკვლელობიდან გასული 105 წელი), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტომი VI, თბილისი, გამომცემლობა, ,,მერიდიანი“, 2012 წელი

43.        ლიტერატურის და ხელოვნების ცენტრალური არქივი, ფონდი 303, აღწერა 1, საქმე 1059, გვ.2

44.        ლიტერატურის და ხელოვნების ცენტრალური არქივი, ფონდი 267, აღწერა 1, საქმე 112, გვ.102

45.        სსცა. ფ. 97, აღ. 1, საქ. 294, გვ. 15

46.        შსსპა, ფონ. 93, აღ. 2, საქ.376, გვ.1-3

47.        შსსპა, ფონ. 8, აღ. 2(1), საქ.11, გვ.97-100

48.        შსსპა, ფონ. 8, აღ. 2(1), საქ.11, გვ.97-100

49.        შსსპა, ფონ. 93, აღ. 2, საქ.376, გვ.3

50.        სსცა, ფ. 116, აღ. 1, საქ. 13364, გვ. 17

51.        სსცა, ფ. 115, აღ. 1, საქ. 2356

52.        ხინთიბიძე, ან., ,,1905-1907 წლების რევოლუციისა და რეაქციის პერიოდის მებრძოლები” (ქართული ფოლკლორის მიხედვით), ,,საბჭოთა საქართველო”, 1989, გვ. 57

53.        სსცა, ფ. 115, აღ. 1, საქ. 2356, გვ. 28-29

54.        ხინთიბიძე, ან., ,,1905-1907 წლების რევოლუციისა და რეაქციის პერიოდის მებრძოლები” (ქართული ფოლკლორის მიხედვით), ,,საბჭოთა საქართველო”, 1989, გვ. 58

55.        სსცა, ფ. 115, აღ. 1, საქ. 2356, გვ. 28-29

56.        სსცა, ფ. 115, აღ. 1, საქ. 2356, გვ. 28-29

57.        სსცა, ფ. 115, აღ. 2, საქ. 429, გვ. 33

58.        სსცა, ფ. 94, აღ. 1, მეტეხის ციხიდან 18 მსჯავრდებულის გაქცევის საქმე 124

59.        სსცა, ფ. 115, აღ. 1, 1908 წლის 11 მაისს მეტეხის ციხიდან პატიმრების გაქცევის საქმე 2393

60.        სსცა, ფ. 114, აღ. 1, მეტეხის ციხიდან პატიმრების გაქცევის საქმე 969

61.        სსცა, ფ. 94, აღ. 1, საქ. 124, გვ. 2

62.        ისიდორე რამიშვილი, ,,მოგონებები’’, 2012, გვ.455

63.        ისიდორე რამიშვილი, ,,მოგონებები’’, 2012, გვ.458

64.        ისიდორე რამიშვილი, ,,მოგონებები’’, 2012, გვ.457-458

65.        სსცა, ფ. 114, აღ. 1, საქ. 969, გვ. 7

66.        ხინთიბიძე, ან., ,,1905-1907 წლების რევოლუციისა და რეაქციის პერიოდის მებრძოლები” (ქართული ფოლკლორის მიხედვით), ,,საბჭოთა საქართველო”, 1989, გვ. 59

67.        სსცა, ფ. 114, აღ. 1, საქ. 969, გვ. 7

68.        ხინთიბიძე, ან., ,,1905-1907 წლების რევოლუციისა და რეაქციის პერიოდის მებრძოლები” (ქართული ფოლკლორის მიხედვით), ,,საბჭოთა საქართველო”, 1989, გვ. 60

69.        სსცა, ფ. 94, აღ. 1, საქ. 124, გვ. 39

70.        გუგუშვილი, პ., ,,ილია ჭავჭავაძის მკვლელობა”, ,,სახელგამი,” 1938, გვ. 23

71.        გუგუშვილი, პ., ,,ილია ჭავჭავაძის მკვლელობა”, ,,სახელგამი,” 1938, გვ. 99-100

72.        ლიტერატურის და ხელოვნების ცენტრალური არქივი, ფონდი 215, აღწერა 1, საქმე 37, გვ.1-4

73.        ლიტერატურის და ხელოვნების ცენტრალური არქივი, ფონდი 215, აღწერა 1, საქმე 37, გვ.1-4

74.        ლიტერატურის და ხელოვნების ცენტრალური არქივი, ფონდი 215, აღწერა 1, საქმე 37, გვ.1-4

75.        ხინთიბიძე, ან., ,,1905-1907 წლების რევოლუციისა და რეაქციის პერიოდის მებრძოლები” (ქართული ფოლკლორის მიხედვით), ,,საბჭოთა საქართველო”, 1989, გვ. 60

76.        სანადირაძე, ალ. ,,ცხრაასხუთელი პარტიზანები”, ,,საბჭოთა საქართველო”, 1986, გვ. 64-73

77.        სსცა, ფ. 94, აღ. 1, საქ. 124, გვ. 53

78.        ხინთიბიძე, ან., ,,1905-1907 წლების რევოლუციისა და რეაქციის პერიოდის მებრძოლები” (ქართული ფოლკლორის მიხედვით), ,,საბჭოთა საქართველო”, 1989, გვ. 60

79.        სსცა, ფ. 94, აღ. 1, საქ. 53, გვ. 51

80.        სსცა, ფ. 94, აღ. 1, საქ. 196, გვ. 107

81.        სსცა, ფ. 20, აღ. 1, საქ. 293, გვ. 86

82.        სსცა, ფ. 116, აღ. 1, საქ. 13364, გვ. 188

83.        სსცა, ფ. 115, აღ. 2, საქ. 399, გვ. 151

84.        სსცა, ფ. 94, აღ. 1, საქ. 124, გვ. 84

85.        სსცა, ფ. 26, აღ. 2, საქ. 9770, გვ. 36

86.        სსცა, ფ. 17, აღ. 1, საქ. 5842, გვ. 80, 110, 124; სსცა, ფ. 17, აღ. 1, საქ. 5888, გვ. 35

87.        ლხცსა, ფონდი 215, აღწერა 1, საქმე 26, გვ. 12

88.        სსცა, ფ. 115, აღ. 2, საქ. 399, გვ. 84

89.        სსცა, ფ. 17, აღ. 1, საქ. 5842, გვ. 110

90.        საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივი, თბილისის გუბერნატორის კანცელარიის ფონდი 17, აღწერა 1, სახელმწიფო საბჭოს წევრ თავად ი. გ. ჭავჭავაძის მკვლელობის საქმე 5888, გვერდი 37

91.        სსცა, ფ. 94, აღ. 1, საქ. 37, გვ. 7

92.        სსცა, ფ. 17, აღ. 1, საქ. 5888, გვ. 38

93.        სსცა, ფ. 17 აღ. 1, საქ. 5888, გვ. 35

94.        სსცა, ფ. 17, აღ. 1, საქ. 9222, გვ. 1

95.        საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივი, კავკასიის სარაიონო დაცვის განყოფილების ფონდი 94, აღწერა 1, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის და სხვა საკითხებზე მიმოწერის საქმე 37

96.        სსცა, ფ. 17, აღ. 1, საქ. 5842, გვ. 110

97.        ლხცსა, ფონდი 215, აღწერა 1, საქმე 18, გვ. 93

98.        სსცა, ფ. 115, აღ. 1, საქ. 3828, გვ. 14

99.        სსცა, ფ. 115, აღ. 1, საქ. 3828, გვ. 27

100.      სსცა, ფ. 17, აღ. 1, საქ. 7217, გვ. 22

101.      შსსპა, ფონ. 93, აღ. 2, საქ.1116, გვ. 3-5

102.      შსსპა, ფონ. 93, აღ. 2, საქ.858, გვ. 8

103.      შსსპა, ფონ. 93, აღ. 2, საქ.166, გვ. 7-8

104.      შსსპა, ფონ. 93, აღ. 2, საქ.166, გვ. 6

105.      შსსპა, ფონ. 93, აღ. 2, საქ.166, გვ. 8

106.      შსსპა, ფონ. 8, აღ. 2(1), საქ. 617

107.      შსსპა,  ფონდი 8, აღწერა 25, საქმე 683, გვ. 12-111

108.      შსსპა,  ფონდი 8, აღწერა 25, საქმე 683, გვ. 12-111

109.      ლხცსა, ფონდი 303, აღწერა 1, საქმე 1059, გვ. 15

110.      შსსპა, ფონ. 93, აღ. 2, საქ. 948, გვ. 2

111.      შსსპა, ფონ. 93, აღ. 2, საქ. 948, გვ. 5

112.      ,,გლეხების ნაამბობი“, ჟურნალი ,,მოგზაური“, ივნისი, # 22, გვ. 349; ,,დუშეთის მაზრიდან“ (სოფლელთა გამწარება ყაჩაღთა ბრბოებისაგან. მემამულე ნიკო ხიმშიაშვილისაგან გლეხების შეწუხება), „გაზეთი ,,ტალღა“, 26 ნოემბერი, #33, გვ. 2; სსცა, ფ. 114, აღ. 1, საქ. 1099, გვ. 7

113.      საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივი, თბილისის საოლქო სასამართლოს პროკურორის ფონდი 115, აღწერა 1, ნ. ხიმშიევის მკვლელობის გამოძიებაზე ზედამხედველობის საქმე 2889, გვერდი 221

114.      საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივი, თბილისის სასამართლო პალატის პროკურორის ფონდი 114, აღწერა 1, დუშეთის მაზრის თავად ხიმშიევის მკვლელობა ილია იმერლიშვილის და სხვების მიერ, საქმე 1099

115.      სსცა, ფ. 114, აღ. 1, საქ. 1099, გვ. 1

116.      სსცა, ფ. 114, აღ. 1, საქ. 1099, გვ. 3

117.      სსცა, ფ. 115, აღ. 2, საქ. 429, გვ. 341

118.      სსცა, ფ. 115, აღ. 2, საქ. 429, გვ. 342

119.      სსცა, ფ. 114, აღ. 1, საქ. 1099, გვ. 6

120.      სსცა, ფ. 115, აღ. 2, საქ. 429, გვ. 342

121.      სსცა, ფ. 115, აღ. 2, საქ. 429, გვ. 342

122.      სსცა, ფ. 114, აღ. 1, საქ. 1099, გვ. 6; 9

123.      სსცა, ფ. 115, აღ. 1, საქ. 2889, გვ. 26

124.      სსცა, ფ. 114, აღ. 1, საქ. 1099, გვ. 6

125.      ხინთიბიძე, ან., ,,1905-1907 წლების რევოლუციისა და რეაქციის პერიოდის  მებრძოლები” (ქართული ფოლკლორის მიხედვით), ,,საბჭოთა საქართველო”, 1989, გვ. 72

126.      სსცა, ფ. 115, აღ. 2, საქ. 429, გვ. 345

127.      სსცა, ფ. 115, აღ. 2, საქ. 429, გვ. 56

128.      სსცა, ფ. 115, აღ. 1, საქ. 2889, გვ. 203-204

129.      სსცა, ფ. 115, აღ. 2, საქ. 429, გვ. 54

130.      სსცა, ფ. 115, აღ. 2, საქ. 429, გვ. 69-71

131.      სსცა, ფ. 115, აღ. 2, საქ. 429, გვ. 69-71

132.      სსცა, ფ. 115, აღ. 2, საქ. 429, გვ. 54

133.      სსცა, ფ. 116, აღ. 1, საქ. 13365, გვ. 128

134.      სსცა, ფ. 115, აღ. 1, საქ. 2889, გვ. 234-243

135.      სსცა, ფ. 116, აღ. 1, საქ. 13363, გვ. 142

136.      სსცა, ფ. 116, აღ. 1, საქ. 13363, გვ. 150

137.      სსცა, ფ. 116, აღ. 1, საქ. 13363, გვ. 148; ფ. 115, აღ. 1, საქ. 2889, გვ. 235

138.      სსცა, ფ. 114, აღ. 1, საქ. 1099, გვ. 7

139.      სსცა, ფ. 115, აღ. 2, საქ. 429, გვ. 343

140.      სსცა, ფ. 114, აღ. 1, საქ. 1099, გვ. 6

141.      სსცა, ფ. 115, აღ. 2, საქ. 429, გვ. 343

142.      ლხცსა, ფონდი 215, აღწერა 1, საქმე 34, გვ. 4-5

143.      ლხცსა, ფონდი 215, აღწერა 1, საქმე 34, გვ. 4-5

144.      ლხცსა, ფონდი 215, აღწერა 1, საქმე 34, გვ. 5

145.      სსცა, ფ. 115, აღ. 1, საქ. 2889, გვ. 133

146.      სსცა, ფ. 115, აღ. 2, საქ. 429, გვ. 341-342

147.      სსცა, ფ. 115, აღ. 2, საქ. 429, გვ. 348

148.      სსცა, ფ. 115, აღ. 2, საქ. 429, გვ. 346

149.      სსცა, ფ. 115, აღ. 2, საქ. 429, გვ. 69

150.      სსცა, ფ. 115, აღ. 2, საქ. 429, გვ. 346

151.      სსცა, ფ. 115, აღ. 1, საქ. 2889, გვ. 133

152.      სსცა, ფ. 115, აღ. 1, საქ. 2889, გვ. 133

153.      სსცა, ფ. 115, აღ. 2, საქ. 429, გვ. 346

154.      სსცა, ფ. 114, აღ. 1, საქ. 1099, გვ. 7; 9

155.      სსცა, ფ. 114, აღ. 1, საქ. 1099, გვ. 7-8

156.      სსცა, ფ. 114, აღ. 1, საქ. 1099, გვ. 9

157.      სსცა, ფ. 115, აღ. 2, საქ. 429, გვ. 344

158.      სსცა, ფ. 115, აღ. 2, საქ. 429, გვ. 345

159.      სსცა, ფ. 115, აღ. 2, საქ. 429, გვ. 345

160.      სსცა, ფ. 115, აღ. 2, საქ. 429, გვ. 344

161.      სსცა, ფ. 17 აღ. 1, საქ. 9245, გვ. 3, 12

162.      სსცა, ფ. 115, აღ. 2, საქ. 429, გვ. 344

163.      სსცა, ფ. 115, აღ. 2. საქ. 429, გვ. 344

164.      საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივი, თბილისის საოლქო სასამართლოს ფონდი 116, აღწერა 1, სახელმწიფო საბჭოს წევრ თავად ი. გ. ჭავჭავაძის მკვლელობაზე საგანგებო საქმეებზე გამომძიებლის საქმე # 13633; 2. სსცა, ფონდი 116, აღწერა 1, სახელმწიფო საბჭოს წევრ თავად ი. გ. ჭავჭავაძის მკვლელობაზე საგანგებო საქმეებზე გამომძიებლის საქმე # 13364; 3. სსცა, ფონდი 116, აღწერა 1, სახელმწიფო საბჭოს წევრ თავად ი. გ. ჭავჭავაძის მკვლელობაზე საგანგებო საქმეებზე გამომძიებლის საქმე # 13365

165.      სსცა, ფ. 115, აღ. 2, საქ. 429, გვ. 345

166.      სსცა, ფ. 115, აღ. 2, საქ. 429, გვ. 345

167.      საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივი, თბილისის პოლიცმაისტერის სამმართველოს სამძებრო განყოფილების ფონდი 97, აღწერა 2, თბილისის სამძებრო პოლიციის ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გამოძიების საქმე 35

168.      სსცა, ფ. 97, აღ. 2, საქ. 35, გვ. 2

169.      მკითხველისათვის, რომ უფრო გასაგები იყოს მინდა განვუმარტო, რომ საბჭოთა პერიოდში მკვლევარების და დაინტერესებული პირების კონტროლის მიზნით, როცა ისინი გაეცნობოდნენ საარქივო საქმეს აუცილებელი იყო მიეთითებინათ - ვინ გამოიყენა აღნიშნული საარქივო საქმე, რომელი გვერდებიდან გააკეთა ამონაწერები, თუ მხოლოდ გაეცნო მის შინაარსს

170.      სსცა, ფ. 97, აღ. 2, საქ. 35, გვ. 9

171.      სსცა, ფ. 97, აღ. 2, საქ. 35, გვ. 14

172.      სსცა, ფ. 97, აღ. 2, საქ. 35, გვ. 50

173.      სსცა, ფ. 97, აღ. 2, საქ. 35, გვ. 9

174.      სსცა, ფ. 116, აღ. 1, საქ. 13363, გვ. 80

175.      სსცა, ფ. 97, აღ. 2, საქ. 35, გვ. 15

176.      ვრცლად ამ თემაზე შეგიძლიათ იხილოთ ჩემი კვლევა - სიმაშვილი, თ., ,,იოსებ ჯუღაშვილი(სტალინი) და ნიჟარაძის იგივეობის შესახებ‘‘, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტ. IX, 2015 წელი

177.      სსცა, ფ. 97, აღ. 2, საქ. 35, გვ. 16

178.      სსცა, ფ. 97, აღ. 2, საქ. 35, გვ. 26

179.      1930-იანი წლების ბოლოს ა. კოჭლავაშვილი იყო ,,შინსახკომის“ კონტრდაზვერვის განყოფილების უფროსი, სახელმწიფო უშიშროების მაიორი. 1941 წელს იგი აწარმოებდა გიგლა ბერბიჭაშვილის წინასწარ, სასამართლომდე დაკითხვებს. სტალინის გარდაცვალების შემდეგ  დატოვა სამსახური და გახდა ისტორიკოსი

180.      სსცა, ფ. 97, აღ. 2, საქ. 35, გვ. 3

181.      ლხცსა, ფონდი 215, აღწერა 1, საქმე 37, გვ. 1-4

182.      საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 8, აღწერა 25, საქმე 683, გვ. 32-34

183.      სსცა, ფ. 17, აღ. 2, საქ. 6339, გვ. 7

184.      სსცა, ფ. 17, აღ. 2, საქ. 6339, გვ. 13

185.      სსცა, თბილისის პოლიცმეისტერის სამძებრო განყოფილების ფონდი 97, აღწერა 1, საქმე 294, გვ. 3

186.      სსცა, თბილისის პოლიცმეისტერის სამძებრო განყოფილების ფონდი 97, აღწერა 1, საქმე 294, გვ. 19

187.      სსცა, თბილისის პოლიცმეისტერის სამძებრო განყოფილების ფონდი 97, აღწერა 1, საქმე 294, გვ. 15

188.      სსცა, ფონდი 84, აღწერა 2, საქმე 3094, გვ. 120

189.      სსცა, ფონდი 84, აღწერა 2, საქმე 5072, გვ. 11

190.      საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 8, აღწერა 25, საქმე 683

191.      ლიტერატურის და ხელოვნების ცენტრალური არქივი, ფონდი 303, აღწერა 1, საქმე 1052, გვ.38